USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რუსული სანქცირებული პროდუქცია მერიის სამსახურში
дата:  

2022 წელს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა საქართველოს მთავრობა რუსეთითვის სანქციების თავის არიდების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. საქართველოს მთავრობა საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს, თუმცა თბილისის მერიის კუთვნილი კომპანიის სახელმწიფო შესყიდვები დამატებით ეჭვებს აჩენს. ამ ტენდერით მერიამ რუსული კომპანიების დასანქცირებული ავტოსანტრანსპორტო საშუალებები შეისყიდა, რაც ₾ 4 მილიონზე მეტი დაუჯდა.

2023 წლის აპრილში, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ახალი ინიციატივა გააცნო - თბილისის ქუჩების ინტენსიური დასუფთავება და მორეცხვა. ფეისბუკმიმართვის დროს მერმა აღნიშნა, რომ ამ სამუშაოების შესასრულებლად განახლებულ ტექნიკას გამოიყენებენ, ხოლო სამუშაოებს თბილისის მერიაში შემავალი კომპანია “შპს თბილსერვის ჯგუფი” შეასრულებს. ინიციატივის დაანონსებას წინ შპს თბილსერვისის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი უძღვოდა 10 ერთეული სპეციალური დანიშნულებისთვის განკუთვნილი (კომბინირებული მარილმომყრელი და ქუჩების მომრწყავი მანქანების) ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად.

შპს “ბიზნეს ჯგუფი 2010” აღმოჩნდა ერთადერთი კომპანია, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიიღო და შესაბამისად, სატენდერო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, უკონკურენტო პირობებში გაიმარჯვა. შპს “თბილსერვის ჯგუფმა” აღნიშულ კომპანიასთან 4,442,244 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2022 წლის 15 ოქტომბერს გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების ბაზაში განთავსებული დოკუმენტაციიდან ცნობილი გახდა, რომ მერიის შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ სპეციალური დანიშნულების მანქანები რუსული კომპანიებისგან შეიძინა. კონკრეტულად, მანქანების ძირითადი ნაწილის, მზიდი ჩარჩოს, ანუ ე.წ “შასის” მომწოდებული კომპანია სს “კამაზი” (ПАО КАМАЗ) იყო, ხოლო დანადგარები სს “კურგადნორმაშისგან” (АО КУРГАНДОРМАШ) შეიძინეს. 

შპს ბიზნეს ჯგუფ 2010-მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ამ გზით შეასრულა. 4 ერთეული სპეცმანქანა თბილსერვის ჯგუფმა 2023 წლის 7 აპრილს მიიღო (MD-532, KAMAZ-65115 შასიზე) და ღირებულებამ 1,776, 897.60 ლარი შეადგინა. დარჩენილი 6 მანქანა, რომლის ჯამური ღირებულებაც 2,665,346.40 ლარს შეადგენდა, თბილისის მერიას 29 მარტს ჩაბარდა. შესაბამისად, როდესაც თბილისის მერი და შპს თბილსერვისის ხელმძღვანელი ახალ ტექნიკაზე საუბრობენ, რომლითაც დედაქალაქის ქუჩები უნდა მოირეცხოს, სავარაუდოდ, ამ შესყიდვით მიღებულ სპეცდანიშნულების მანქანებს გულისხმობენ.

აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათ კერძო კომპანიისთვის კონკრეტული ქვეყნიდან (ამ შემთხვევაში რუსეთიდან) შესყიდვის აკრძალვის დაწესების უფლება არ გააჩნდათ, თუმცა, სახელწიფო შესყიდვების კანონის იძლეოდა საშუალებას, რომ მერიას ტენდერი გაეუქმებინა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-7 მუხლის თანახმად: “სახ. შესყიდვის პროცედურა შეიძლება შეჩერდეს ხელშეკრულების დადებამდე, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე”. 

სურვილის შემთვევაში, თბილისის მერიას შეეძლო, რუსეთიდან შემოყვანილი სპეციალური დანიშნულების მანქანების შესყიდვის პროცედურა გაეუქმებინა. ხოლო რაც შეეხება კომპანიის შერჩევას, თბილისის მერიის თქმით, მათ ბაზრის კვლევა ჩაატარეს, რაშიც შპს ბიზნეს ჯგუფ 2010-ის გარდა კიდევ შვიდმა კომპანიამ იმონაწილევა. თუმცა უშუალოდ ტენდერში მხოლოდ სს კამაზის ოფიციალური დილერი მონაწილეობდა. 

“საქართველო არ უერთება სანქციებს, არამედ ყიდულობს სანქცირებულ მანქანებს”

ეს ტენდერი სხვა მსგავსი შესყიდვებიდან განსხვავებული არ იქნებოდა, რომ არა ერთი მთავარი ფაქტორი - უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე, შეძენილი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებია დაწესებული. საუბარია სს კამაზისა (ПАО КАМАЗ) და სს კურგანდორმაშის (АО КУРГАНДОРМАШ) შესახებ:

 

სს კამაზი

რუსული კოპანია KAMAZ-ი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა რუსეთის ბაზარზე, რომელიც სატვირთო მანქანების წარმოების მოცულობით მსოფლიოს პირველ ოცეულში შედის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შედეგ KAMAZ რუს სამხედროებს ჯავშანტექნიკას აწვდის. ამის შესახებ ინფორმაცია 2022 წლის მარტში გავრცელდა, როდესაც ბელარუსში KAMAZ-ის სატვირთო მანქანები შეამჩნიეს, რომელსაც რუსი სამხედროები მართავდნენ. მანქანებს სპეციალური სარაკეტო სისტემა გადაჰქონდათ, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებული JSC NPO High Precision Systems-ის მიერ იყო წარმოებული. მოგვინებით Bellingcat-ის ცნობილმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ იყენებენ რუსეთის სამხედროები “KAMAZ”-ის სატვირტო მანქანებს უკრაინის ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აფილირებულია რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია Rostec-თან, რადგან მისი წილების 50 პროცენტი სწორედ Rostec-ის საკუთრებშია. შესაბამისად, არ არის მოულოდნელი, რომ 2022 წლის მარტში რუსული კომპანია KAMAZ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დაასანქცირა. კომპანია დაასანქცირა ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმაც, ესენია: დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია ახალი ზენლანდია, შვეიცარია. საინტერესოა, რომ OFAC-მა ასევე დაასანქცირა KAMAZ-თან დაკავშირებული ყველა კომპანია, რომელიც კონტროლდება KAMAZ-ის მიერ ან მისი სახელოთ ოპერირებს ბაზარზე. 

 

რა ვიცით ამ კომპანიის შესახებ

შპს “ბიზნეს ჯგუფი 2010” 1995 წლის 29 დეკემბერს დაფუძნდა. კომპანიის თავდაპირველი სახელწოდება შპს “საქკამაზავტოცენტრი” იყო. კომპანია 2009 წლიდან არის სს „კამაზის“ ოფიციალური დილერი საქართველოში. შპს “ბიზნეს ჯგუფი 2010” სარგებლობს სს “კამაზის” ავტორიზაციით და როგორც თავად სს “კამაზის” ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ - “2009 წლიდან დღემდე იცავს ყველა პირობას და ერთ-ერთი საუკეთესო და განვითარებული სერვის-ცენტრია სამხრეთ კავკასიის რეგიონში”.

შპს ბიზნეს ჯგუფი 2010 სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად 2011 წლის იანვრიდან მონაწილეობს. 2011-2023 წლებში კომპანიამ 105 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებაც 20,595,000 ლარია. აღსანიშნავია, რომ 105 ტენდერიდან კომპანია 74-ში უკონკურენტოდ, ხოლო 6-ში კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გახდა გამარჯვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგებული ტენდერების 76%-ში ის სავარაუდოდ მორგებული პირობებით სარგებლობდა. ამას ადასტურებს სხვა კომპანიების მიერ შესყიდვების პროცესში ტენდერების საიტზე დატოვებული კომენტარები, რომლითაც სახელმწიფოს უშედეგოდ მოუწოდებდნენ, სატენდერო პირობები ხელოვნურად შემზღუდავი და მხოლოდ რუსული წარმოების ავტომანქანებზე მორგებული არ ყოფილიყო. 2021 წლიდან შეინიშნება რამდენიმე ტენდერი, რომლითაც კომპანიამ შემსყიდველს თურქული ან ჩინური წარმოების ავტომანქანები მიაწოდა, თუმცა ისინი მთლიანი ტენდერების 5-7%-ს არ აღემატება.

დოკუმენტების თანახმად კომპანიის დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირები სიმონ მეფარიძე, ოთარ ქუნთელია, თამაზ ჭანტურია და იურიდიული პირი - რუსული კომპანია სს კამაზტექმომსახურება. სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი 381,510 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება წილების გადანაწილებას, სადამფუძნებლო დოკუმენტის მიხედვით კომპანიის 51% სწორედ რუსული კომპანიის, სს კამაზტექმომსახურებას ეკუთვნოდა. თავდაპირველი მონაცემებით, კომპანიის საქმიანობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, კამაზის მარკის სატვირთოების რეალიზაციას, ნაწილების უზრუნველყოფას და სერვისს მოიცავდა. 

დაფუძნებიდან დღემდე კომპანიამ არაერთი ცვლილება განიცადა, მათ შორის შეიცვალა სახელწოდება, მესაკუთრეთა სია და წილების გადანაწილება. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, კომპანიის წესდება ბოლოს 2017 წელს შეიცვალა. მიმდინარე მონაცემებით, კომპანიის 100% წილების მესაკუთრე სიმონ მეფარიძეა, ხოლო კომპანიის საქმიანობის საგანია: სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობა, ავტო-მოტო ტრანსპორტის ყიდვა გაყიდვა, ექსპორტი-იმპორტი, საწარმოო-სამრეწველო საქმიანობა. ამავე დოკუმენტში კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციად მითითებულია შემდეგი ელ.ფოსტა: Kamaz.ge@mail.ru 

შპს ბიზნეს ჯგუფი 2010-ის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში მითითებულია, რომ კომპანია არის მსოფლიოში ცნობილი ისეთი მსხვილი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი და დილერი, როგორებიცაა:

• სს კამაზი

• სს მაზი

• სს ამკოდორი

• შპს უაზი

• მანქანათმშენებლობის კომპანია „ვიტებსკიე პოდიომნიკი“

• ივანოვოს მანქანათმშნებელი ქარხანა „ავტოკრანი“

ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებიდან სს კამაზი-ს მსგავსად სხვადასხვა ქვეყნების მიერ დასანქცირებულია: სს ამკოდორი (ბელარუსი კომპანია) და შპს უაზი (რუსული კომპანია). შესაბამისად, შპს ბიზნეს ჯგუფი 2010 დასანქცირებული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი და დილერია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ მისი მფლობელი სიმონ მეფარიძე 2001-2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 

დასკვნა

მაშინ როდესაც საერთაშორისო საზოგადოება რუსულ კომპანიებს და მით უფრო, სამხედრო საქმეში ჩართულ “კამაზს” სანქციებს უწესებს, საქართველოს სახელმწიფო მუნიციპალიტეტების მომსახურებისთვის ამ კომპანიისგან მანქანებს ყიდულობს. თბილისში რუსული კამაზის ფუნქცია არა მისი ქუჩების სისხლით მორწყვა, არამედ გასუფთავება იქნება.

 

წყაროები: 

1. სახელმწიფო შესყიდვის კოდი : NAT220019585;

2. საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ- მუხლი 7, გ-პრიმა: https://bit.ly/3VrSa3y

მიყევით ბმულს - მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати