USD
EUR
RUB
თბილისი
რუსული ავტოკრატიის მარცხი უკრაინაში – გიორგი კობერიძე
თარიღი : 05.29.2022 14:47  357

ომს იგებენ როგორც სახელმწიფოები ისე ლიდერები. თუმცა იგივეა მარცხის დროსაც. ავტოკრატი მმართველების ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ისაა, რომ ისინი ებრძვიან განსხვავებულ აზრს და თავისდაუნებურად ქმნიან ფილტრს, რომელშიც მხოლოდ სასურველი ინფორმაცია მოედინება. არავის უნდა კრიტიკული ინფორმაციის მიმტანი იყოს “მეფის კარზე”, რადგან ეს არამხოლოდ ავტოკრატის გარემოცვის წევრების კომპეტენციას აყენებს ეჭვქვეშ ქვეშ, არამედ თავად ერთპიროვნული მმართველის უნარსაც. ავტოკრატიებში ხომ ყოველთვის ყველაფერი კარგადაა და თუკი ეს ასე არაა, ესე იგი ვიღაცის ბრალია ქვეყნის გარეთ ან ვიღაცის ბრალია ქვეყნის შიგნით, მაგრამ არასდროს მმართველი ელიტისა. თუმცა ეს არაა ყველაფერი. რეალური სირთულეები იწყება სწორედ მაშინ, როდესაც პრობლემაზე თვალს ხუჭავს გარემოცვა, პრობლემის შესახებ არაფერი იცის მმართველმა და პრობლემის გადაჭრის მზაობაც ყველასაგან დავიწყებულია. ეს კი პრობლემას არათუ არ აქრობს, არამედ ეტაპობრივად ზრდის კიდეც მას. ერთგვარი პარადოქსია – შენმა მოწინააღმდეგემ არაფერი იცის შენივე პრობლემის შესახებ და ჰგონია რომ უმწიკვლოდ ძლიერი ხარ. ამიტომ თავს არ ზოგავს იგი გაძლიერებისათვის. მაგრამ როგორც კი რეალურად ეჯახებით ერთმანეთს შენი მოწინააღმდეგე ბევრად უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება – მან ხომ შენი უძლეველობის მითი მცირედით მაინც დაიჯერა და მოემზადა იმაზე მეტად, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოემზადებოდა. როდესაც რუსეთმა დაიჯერა რომ კიევს სამ დღეში აიღებდა აი ზუსტად აქ წააგო ომი – მისი მიზანი გაექრო უკრაინის სახელმწიფოებრიობა რიტორიკის დონეზეც კი დავიწყებას მიეცა. 

24 თებერვალს კრემლი თავისივე უძლეველობის მითის ტყვეობაში აღმოჩნდა. როდესაც არაფერი იცი შენს მოწინააღმდეგეზე ან მხოლოდ ის იცი, რისი მოსმენაც გინდა ომს ყოველთვის წააგებ. სუნ ძისეული ეს ფორმულა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ ჩინეთში კარგად იცოდნენ, რადგან თავის მოტყუება ომს  ვერ მოგაგებინებს.  რუსული პროპაგანდა როგორც ჩანს არამხოლოდ დასავლეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ საკუთარი თავის მოსატყუებლადაც. როდესაც სასურველს რეალურად წარმოიდგენ და ამას წარმოსახვით აფორმებ ეს მხოლოდ დამარცხების გზას გაკვალავს. 

კრემლის პრობლემას მმართველი ელიტაც – ე.წ. “სილოვიკებიც” დაემატნენ რომლებმაც პრეზიდენტ პუტინთან ერთად სასურველი რეალობად წარმოაჩინეს. გარემოცვა დიქტატორების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. სწორედ გარემოცვაა, რომელიც ლიდერს ყველა გადაწყვეტილებას უწონებს მაშინაც კი, როდესაც ამას დამღუპველი შედეგი შეიძლება ჰქონდეს. 

დღეს, როდესაც რუსეთი მის მიერვე წამოწყებულ აგრესიულ ომში მარცხდება სწორედ საკუთარ თავზე შექმნილი ტყუილისა და არაკომპეტენტური მართვის კომბინაციის შედეგია. ავტოკრატ მმართველებს თავისზე უფრო ნიჭიერების ბუნებრივად ეშინიათ, განსაკუთრებით კი იქ, სადაც სამხედრო ძალაა. შეიარაღებული გონიერი ყოველთვის არ დაემორჩილება შეუიარაღებელ უგუნურს, რომელიც მას უეჭველ დაღუპვას უქადის. მაკიაველი ლიდერთა რამდენიმე ტიპს გამოყოფს, მაგრამ მისთვის ყველა წარმატებულ ლიდერს ერთი საკვანძო თვისება აქვს – უსმენს და იყენებს თავისზე კომპეტენტურს, რადგან როგორი გონებამახვილურიც არ უნდა იყოს ლიდერი, თუკი ის არავის არ უსმენს მაინც გამოეპარება შეცდომა ან განდიდების მანია დააბრმავებს მას. კრემლში კი იშვიათად უსმენდნენ ვინმეს. 

ეს არაა ყველაფერი. კიდევ ერთი საინტერესო რამ მაშინ დგება, როდესაც მართლაც ვიღაც გონიერი, ავტოკრატი ლიდერის სამსახურში პატიოსნად დგება. აი მას კი ნამდვილად არ აქვს მოტივაცია საკუთარი ცოდნა გაუზიაროს სხვას. როდესაც შენ ისეთი რამ იცი, რაც სხვამ არ იცის მაშინ შეუცვლელი ხარ. სწორედ ეს ხდება საუდის არაბეთში, რომლის არმია მილიარდებს ხარჯავს შეიარაღებაზე, მაგრამ იემენის ომში გამარჯვებას ვერ ახერხებს. რატომ? ის სამხედრო გენერლები, რომლებიც მართლაც რაიმე ცოდნასა და გამოცდილებას ფლობენ არც საკუთარ ქვეშევრდომებსა და არც ზემდგომებს რეალურ ცოდნას არ უზიარებს, რადგან ამით მისი საჭიროება გაქრება ან კიდევ უარესი – ისინი ჩანაცვლდებიან. ამიტომაც ავტოკრატი ლიდერები იმ სიცრუის პირამიდაში იმკვიდრებენ ადგილს, რომელთაც თავიანთი მმართველობის ფორმა უმყარებს ზურგს.

თუკი შენ ირგვლივ ყველა კარგ ექიმს თავიდან მოიშორებ, რომელსაც კრიტიკული აზრი ექნება შენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, და დაიტოვებ მხოლოდ მათ, ვინც კარგ ამბავს გახარებენ – მოკლე ხანში ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდები. ესაა გაკვეთილი, რომელიც ყველა დიქტატორმა თეორიულად კარგად იცის, თუმცა პრაქტიკაში ამის დანახვა რთულდება. როდესაც გგონია, რომ ყველას აჯობე და საკუთარი თავის უძლეველობის რწმენა გიპყრობს დამარცხება უკვე ახლოსაა. ხოლო, როდესაც ისეთ წინააღმდეგობას ხვდები, რომელსაც არ ელოდი ბავშვური მუქარა იწყება – რომელიც დაახლოებით ჟღერს ასე: “სახე შემანარჩუნებინეთ თორემ”. ამ დროს უკვე დამარცხდი.


გიორგი კობერიძე
 – GIPA-
ს ასისტენტ-პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი
სხვა
ინდოეთის ტყის კაცი ჯადავ პაიენგი, ვინც 550 ჰექტარ უნაყოფო მიწაზე მარტომ გააშენა ტყის მასივი

ოთხი ათწლეულის წინ, 16 წლის ჯადავ „მოლაი“ პაიენგმა მდინარე ბრაჰმაპუტრაზე მდებარე, მსოფლიოში უდიდეს კუნძულ მაჯულისზე უამრავი გვალვის გამო დახოცილი გველი ნახა.  მაშინ, ჯერაც ბავშვს, დააინტერესა, ერთ დღეს ადამიანებსაც იგივე ბედი ხომ არ ელოდათ.

ნანახმა იმდენად შეძრა, რომ საკუთარ სახლთან ახლოს მან ნერგების დარგვა დაიწყო. ამ საქმეს მან თავისი სიცოცხლის 40 წელზე მეტი მიუძღვნა; ტყის კაცმა, დაახლოებით 550 ჰექტარ ტერიტორიაზე, სრულიად მარტომ დარგო ხეები.

ჯადავ პაიენგმა თავი დაანება სწავლას, რათა მთელი დრო და ენერგია ტყეების განაშენიანებისთვის დაეთმო. კამეჩებით მოვაჭრის ოჯახში დაბადებული ჯადავი წარმოშობით ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში, ასამში მცხოვრები თემიდანაა.

მან მდინარე ბრაჰმაპუტრას მშრალ, ქვიშიან სანაპიროზე დაიწყო მცენარეების თესლების და ნერგების დარგვა. ადგილობრივები ურჩევდნენ, რომ ისეთი ხის ჯიშები დაერგო, რომლებიც მკაცრ კლიმატურ პირობებს გაუძლებდნენ. თავიდან ჯადავმა 25 ნერგითა და მცირე ოდენობით თესლებით დაიწყო.

ჯადავის ამბავი პირველად 2010 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ჯითუ კალიტამ, ველური ბუნების ფოტოგრაფმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა მისი საქმიანობის შესახებ დაწერა. ამ ფაქტს მალევე საერთაშორისო აღიარება მოჰყვა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ხალხმა მისი ტყის მოსანახულებლად ჩამოსვლა დაიწყო, სადაც 120-ზე მეტი ფრინველის სახეობა ბინადრობს, მათ შორის მრავალი გადამფრენი ჩიტიც.

ამ ადამიანის ხელით გაშენებულ ტყეში კაზირანგას ტყის ნაკრძალიდან ხშირად ისეთი დიდი ცხოველებიც გადმოდიან, როგორიცაა ვეფხვები და სპილოები. ტყის კაცის თქმით, სპილოების დიდი ჯოგი აქ ყოველწლიურად 3 თვეს ატარებს.

პაიენგი ხეების ნერგების დარგვას ტროპიკული წვიმების დადგომამდე 3 თვით ადრე იწყებს, რომელიც, როგორც წესი ყოველწლიურად, ივნისში იღებს სტარტს. წლის დანარჩენ დროს იგი ტყიდან თესლების შეგროვებას უთმობს.  მისი თქმით, ბრაკონიერები კვლავ რჩებიან მისი ტყის მთავარ საფრთხედ, თუმცა ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტი მას ტყის დაცვაში ეხმარება. ჯადავი ამბობს, რომ აუცილებელია, მომავალ თაობებს ვასწავლოთ ტყის მასივების შემცირებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ. მათ უნდა უყვარდეთ ბუნება. მისი თქმით, ტყეს უკვე შეუძლია საკუთარი თავის მოვლა, თუკი მას ადამიანები არ შეეხებიან.

ტყის მცველს თავისი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული აქვს ინდოეთის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, პადმა შრი. მის საყვარელ ტყეს მის პატივსაცემად „მოლაი“ უწოდეს. ამ ადამიანის ისტორია შეტანილია ეკოლოგიურ სასკოლო პროგრამებში, მათ შორის, აშშ-შიც. იგი მიწვეულია მექსიკაში, რათა დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციას Fundacion Azteca, რომლის მიზანია ქვეყანაში 7 მილიონი ხის დარგვა. ის თავის მდიდარ გამოცდილებას მექსიკელებს გაუზიარებს.

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.