წმიდა ანთიმოზ ივერიელი (+1716)
13 (26) ივნისი
წმიდა ანთიმოზ ივერიელი თავისი დროისათვის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო, ფლობდა მრავალ უცხო ენას: ბერძნულს, რუმინულს, ძველ სლავურს, არაბულს, თურქულს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით მხატვრობას, გრავირებას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას. ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი კალიგრაფი, დახელოვნებული ხეზე მჭრელი და ნიჭიერი მოქანდაკე. ის იყო რეფორმატორი სალიტერატურო რუმინული ენისა, ბრწყინვალე მწერალი და აღიარებული ორატორი.
ანთიმოზ ივერიელმა სიცოცხლე შესწირა მეორე სამშობლოდ ქცეულ ვლახეთის გათავისუფლებას თურქთა და ფანარიოტთა უღლისაგან. ცნობები ამ საოცარი ადამიანის სიყრმისა და სიჭაბუკის შესახებ მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის იყო სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ჭაბუკი არჩილ მეფეს ახლდა რუსეთში და დიდად ეხმარებოდა ქართული სტამბის ჩამოყალიბებაში. საქართველოში დაბრუნებული ანთიმოზი კავკასიელმა მთიელებმა შეიპყრეს და მონად გაყიდეს. ტყვეობიდან ის გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი ანთიმოზმა თავისი განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა. უკვე სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი დაახლოებით 1690 წელს ვლახეთის მეფის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიწვევით ვლახეთში წავიდა. ანთიმოზი ვლახეთში ჩასვლისთანავე სათავეში ჩაუდგა სასტამბო საქმეს. ბეჭდვითმა საქმიანობამ მთელს ქვეყანაში არნახული გაქანება ჰპოვა და უმაღლეს დონეს მიაღწია. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და ამაგდარი იყო საქართველოდან გადახვეწილი ქართველი ოსტატი, რომელიც ყველგან და ყველაფერში ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ „ძირით ქართველი“ იყო. ანთიმოზ ივერიელმა შეძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა.
1694 წელს ანთიმოზი დანიშნეს სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად. მან აქ საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა“. მას ხელს აწერს იპოდიაკონი მიხაილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი მიხეილ იშტვანოვიჩი.
1705 წელს ანთიმოზს, „რჩეულს ვლახეთის რჩეულ წინამძღვართა შორის“, ხელი დაასხეს რიმნიკის ეპისკოპოსად, ხოლო 1708 წელს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად. ანთიმოზის მიტროპოლიტად დადგინება მთელი ქვეყნისთვის უდიდესი ბედნიერება იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: „მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბრძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად“.
წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა“ მონასტერი ქალაქ ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მიტროპოლიტმა ტიპიკონიც შეუდგინა ყოველთა წმიდათა მონასტერს. ანთიმოზი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრის დამოუკიდებლობის საკითხს, სახელდობრ, მან ყოველთა წმიდათა მონასტერი ბერძნული ეკლესიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.
მიტროპოლიტად დადგინების დღიდან წმიდა ანთიმოზმა დაუცხრომელი ბრძოლა დაიწყო ვლახი ხალხის განთავისუფლებისათვის უცხოელ დამპყრობთა ჩაგვრისაგან. პირველსავე დღეს მრევლის წინაშე წარმდგარმა ანთიმოზმა თქვა: „მართლმადიდებლობა თქვენ შეინარჩუნეთ წმიდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით აურაცხელ გასაჭირსა და უბედურებას, რაც ყოველთვის გამომდინარეობს იმათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე. თუმცა მე ვიყავი უღირსი და უმცროსი სხვათა შორის, ვითარცა დავითი იყო უმცროსი თავის ძმებს შორის, ღმერთმა არ შეხედა ჩემს სიღარიბეს და უცხოელობას. დაე, თქვენთან ერთად მე თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს ჩვენ დრო და ჟამი“.
მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1714 წელს თურქებმა სიკვდილით დასაჯეს ვლახეთის მთავარი კონსტანტინე ბრინოკვიანუ, ხოლო 1716 წელს - უკანასკნელი ვლახელი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი და სამეფო ტახტზე აიყვანეს ფანარიოტი ნიკოლო მავრიკორდატი, რომლის მთელი საქმიანობა მიმართული იყო თურქეთის ინტერესების დასაცავად ვლახეთში.
ამ მძიმე დღეებში ანთიმოზ ივერიელმა თავის გარშემო შემოიკრიბა ვლახელ ბოიართა ჯგუფი, რომლის მიზანი იყო გაენთავისუფლებინა ვლახეთი როგორც თურქთა, ასევე ფანარიოტთა ბატონობისაგან. კონკრეტული ღონისძიებებიც დაისახა, მაგრამ ნიკოლო მავროკორდატიმ ანთიმოზს უბრძანა, ნებაყოფილობით უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე. ანთიმოზმა კატეგორიული უარი შეუთვალა. მაშინ მავროკორდატიმ დახმარებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქ იერემიას მიმართა. ეპისკოპოსთა კრებამ, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, „შეთქმული და რევოლუციისკენ წამქეზებელი მეამბოხე“ ანთიმოზი შეაჩვენა, განკვეთა ეკლესიიდან და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო „ღირსებაახდილად“, მაგრამ ნიკოლო მავროკორდატისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა ანთიმოზ ივერიელის უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტობიდან გადაყენება, ამიტომ გადაწყვიტა, მოეშორებინა ვლახეთიდან. მან მიაღწია იმას, რომ წმიდა ანთიმოზი საბოლოოდ გააძევეს სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში. რუმინელი ხალხის ერთგული და მოსიყვარულე მიტროპოლიტი შუაღამისას გაიყვანეს ქალაქიდან, რადგან მოსახლეობის მღელვარების შეეშინდათ, მაგრამ სინას მთამდე ანთიმოზ ივერიელს არ მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე თურქმა ჯარისკაცებმა ასო-ასო აკუწეს ანთიმოზ ივერიელი და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.
ასე დამთავრდა სიცოცხლე კიდევ ერთი ქართველი წმიდანისა, რომელმაც მთელი თავისი დაუშრეტელი ცოდნა, ნიჭი, ენერგია ვლახი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს მოახმარა.
1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე. ქართული ეკლესია მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.
წმიდა მოწამე აკვილინა (+293)
13 (26) ივნისი
წმიდა მოწამე აკვილინა (+293) კეთილმორწმუნე ფინიკიელთა ოჯახში იზრდებოდა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მშობლები ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ შვილს. აკვილინასაც გულწრფელად უყვარდა ღმერთი, ეცოდებოდა სულიერ ნათელს მოკლებული თანატოლები და ურჩევდა მათ, შესდგომოდნენ ქრისტეს. მეფისნაცვალ ვოლუსიანეს ერთმა მსახურმა ბატონთან დაასმინა აკვილინა - ამხანაგებს მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო. მაშინ წმიდა ყრმა 12 წლისა იყო. ვოლუსიანემ გადაწყვიტა, ტკბილი შეგონებებით, ალერსით მოენადირებინა ბავშვის გული და წარმართობისკენ გადაედრიკა, მაგრამ აკვილინამ საოცარი სიმტკიცით აღიარა მის წინაშე თავისი სარწმუნოება. როცა ვერანაირმა მზაკვრობამ ვერ გაჭრა, მტარვალმა თავისი ნამდვილი ბუნება გამოაჩინა და ბავშვის წამება ბრძანა. ჯალათებმა ჯერ სასტიკად სცემეს აკვილინა, შემდეგ კი გააშიშვლეს და საშინლად აწამეს. ვოლუსიანემ დაცინვით მიმართა ნორჩ მოწამეს: „სად არის შენი ღმერთი? მოვიდეს და გამომგლიჯოს შენი თავი ხელიდან!“ აკვილინამ უპასუხა: „ჩემი ღმერთი უხილავად ყოველთვის ჩემთანაა და რაც უფრო მეტად ვიტანჯები, მით უფრო მეტ ძალასა და მოთმინებას მანიჭებს!“
ქრისტეს ტარიგს გახურებული შამფურები გაურჭვეს ყურებში და თავი გაუხვრიტეს. იგი მკვდარივით დაეცა მიწაზე. მტარვალმა ბრძანა ბავშვი ქალაქგარეთ დაეგდოთ ძაღლების დასაგლეჯად. შუაღამისას უფლის ანგელოზი მიეახლა აკვილინას, ხელის შეხებით განკურნა, წამოაყენა და უთხრა: „წადი, ამხილე ვოლუსიანე და უჩვენე, რა უძლურია მისი ძალა უფლის წინაშე!“ მოწამემ ადიდა უფალი, მეფისნაცვლის სასახლისკენ გაემართა და ვოლუსიანეს წინაშე წარდგა. შიშით ზარდაცემულმა მტარვალმა მსახურებს უხმო და უბრძანა, კრძალულად დაეცვათ გოგონა, დილით კი მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, როგორც ჯადოქარსა და მეფის ურჩს. როცა წმიდანი დასასჯელად მიჰყავდათ, ის ლოცულობდა და მადლობას სწირავდა უფალს, რომ მისთვის წამების ღირსი გახდა. პასუხად გაისმა ხმა, რომელიც აკვილინას ზეციური სასუფევლისკენ მოუწოდებდა, და მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+293). ჯალათს მმართველის ბრძანების შეუსრულებლობის შეეშინდა და უკვე მიცვალებულ მარტვილს მოჰკვეთა თავი. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი იგი კონსტანტინეპოლში, მის სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს.
წმიდა ტრიფილე კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 370)
13(26) ივნისი
წმიდა ტრიფილე ლევკუსიის ეპისკოპოსი (დაახლ. 370) კონსტანტინეპოლში დაიბადა, განათლება კი ბირითში (ბეირუთი, სირია) მიიღო. ღრმად განსწავლულმა და საოცარი მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე წმიდანმა მოძღვრად თავმდაბალი და სიწმიდით გამორჩეული მოსაგრე - სპირიდონ ტრიმიფუნტელი (+348, ხს. 12 დეკემბერს) აირჩია. ერთხელ იმპერატორი კონსტანცი II (337-340) მძიმედ დაავადდა - ვერც ერთმა წამალმა და ვერანაირმა მკურნალმა ვერ უშველა. სახიერმა ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოხედა სნეულს და ძილში ხილვა მოუვლინა: ანგელოზმა ეპისკოპოსთა კრებულში მდგარ ორ მამაზე მიუთითა და უთხრა: მხოლოდ მათ შეუძლიათ შენი განკურნებაო. იმპერატორმა მთელს იმპერიაში დაგზავნა წერილები და ყველა მღვდელმთავარს თავისთან უხმო. ჩამოსულთა შორის ადვილად ამოიცნო წმიდა სპირიდონი და მისი მოწაფე, ტრიფილე, ქედი მოიდრიკა მათ წინაშე და სთხოვა, ელოცათ მისთვის. მღვდელმთავარმა სპირიდონმა თავზე ხელი დაადო იმპერატორს და განკურნა. წმიდა ტრიფილე ძალიან მოიხიბლა სასახლის სილამაზით, იმპერატორის დიდებული გარეგნობით და სამეფო კარის მდიდრული ცხოვრებით. მოძღვარმა უთხრა: „ასე რამ აღგაფრთოვანა? განა ეს ბრწყინვალება მეფეს უფრო მართალს გახდის? გავიწყდება, რომ ყველანი - მეფეებიც და დიდებულებიც - უკანასკნელი გლახაკებივით მიიცვალებიან და მათთან ერთად წარდგებიან უფლის წინაშე? ჩვენ მარადიული სიკეთე და ზეციური დიდება უნდა ვეძიოთ“.
მალე წმიდა ტრიფილეს კვიპროსის ქალაქ ლევკუსიის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. ერთხელ ეპისკოპოსი თავის მოძღვართან ერთად ერთ მეტად თვალწარმტაც მხარეში მოხვდა. იგი ახლა ბუნების მშვენიერებამ და ნაყოფსავსე ბაღ-ვენახების სიუხვემ აღაფრთოვანა და ამ მიწის შესყიდვაზე დაიწყო ფიქრი. სპირიდონმა განჭვრიტა მისი აზრები და უთხრა: „რატომ ფიქრობ ყოველთვის ამქვეყნიურზე და ამაოზე? ჩვენი საუნჯე და სამკვიდრებელი ზეცაშია და მისკენ უნდა ვისწრაფოთ!“
ტრიფილემ სახელი გაითქვა თავისი წიგნიერებითა და მჭევრმეტყველებით, ამიტომ როცა კვიპროსზე მღვდელმთავართა კრება შედგა, ამბიონიდან ხალხის დამოძღვრა მას დაავალეს. მაცხოვრის მიერ დავრდომილის განკურნებაზე საუბრისას ტრიფილემ სიტყვა „ცხედრის“ ნაცვლად „სარეცელი“ იხმარა. წმიდა სპირიდონმა ვერ აიტანა სახარების ტექსტის არაზუსტი გადმოცემა და რისხვით მიმართა სულიერ შვილს: „ნუთუ შენ აღემატები მას, ვინც სიტყვა „ცხედარი“ იხმარა? მაცხოვრის სიტყვების გამეორების გრცხვენია?“ ეს მორჩილებისა და თავმდაბლობის გაკვეთილი იყო წმიდა ტრიფილესთვის. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა იგი მოძღვარს სულიერი სრულყოფილებისაკენ.
მღვდელმთავარი ტრიფილე ბრძნულად განაგებდა თავის სამწყსოს. იგი გამოირჩეოდა გულმოწყალებით, სიმშვიდით, მართლმადიდებლური რწმენის სიმტკიცით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით და მრავალი სხვა სათნოებით. დედისგან ნაანდერძევი ქონებით წმიდანმა ლევკუსიაში მონასტერი ააგო, გარდაიცვალა ღრმად მოხუცი, დაახლოებით 370 წელს.
წმიდა მოწამე ანტონინა (+284-395)
13(26) ივნისი
წმიდა მოწამე ანტონინა (+დაახლ. 284-305) იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამა ქალაქ ნიკეაში. მტარვალები ათასგვარი სატანჯველით ეცადნენ მის მოდრეკას: ცეცხლის ალზე წვავდნენ, გახურებულ ტაფაზე აგდებდნენ, შემდეგ ცხელი შამფურებით გაუხვრიტეს ხელ-ფეხი და დილეგში ჩააგდეს, სადაც ორი წელი იტანჯებოდა. წამებამ ვერ მოდრიკა ანტონინას ახოვანი სული: ბოლოს წმიდა მოწამე ზღვაში ჩააგდეს.
ღირსი ანა (+826) და ძე მისი იოანე
13 (26) ივნისი
ღირსი ანა და ძე მისი, იოანე, ბიზანტიაში ცხოვრობდნენ. ანა კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძრის მოძღვრის ასული იყო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ძესთან, წმიდა იოანესთან ერთად, ევფემიანეს სახელით, მამათა ერთ-ერთ სავანეში დაემკვიდრა, ოლიმპოს მახლობლად. ღირსი ანა კონსტანტინეპოლში მიიცვალა 826 წელს. მისი ხსენება აღინიშნება ორჯერ: 14 ივნისს და 29 ოქტომბერს.
წმიდა მოწამენი: დიოდორე ემესელი, ევსტრატი. წმიდა ანტიპატრი, არაბეთის ბოსტრიის ეპისკოპოსი (V)