USD 2.8101
EUR 3.0082
RUB 3.3032
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 26 ივნისს?
Date:  123

წმიდა ანთიმოზ ივერიელი (+1716)

13 (26) ივნისი

წმიდა ანთიმოზ ივერიელი თავისი დროისათვის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო, ფლობდა მრავალ უცხო ენას: ბერძნულს, რუმინულს, ძველ სლავურს, არაბულს, თურქულს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით მხატვრობას, გრავირებას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას. ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი კალიგრაფი, დახელოვნებული ხეზე მჭრელი და ნიჭიერი მოქანდაკე. ის იყო რეფორმატორი სალიტერატურო რუმინული ენისა, ბრწყინვალე მწერალი და აღიარებული ორატორი.

ანთიმოზ ივერიელმა სიცოცხლე შესწირა მეორე სამშობლოდ ქცეულ ვლახეთის გათავისუფლებას თურქთა და ფანარიოტთა უღლისაგან. ცნობები ამ საოცარი ადამიანის სიყრმისა და სიჭაბუკის შესახებ მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის იყო სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ჭაბუკი არჩილ მეფეს ახლდა რუსეთში და დიდად ეხმარებოდა ქართული სტამბის ჩამოყალიბებაში. საქართველოში დაბრუნებული ანთიმოზი კავკასიელმა მთიელებმა შეიპყრეს და მონად გაყიდეს. ტყვეობიდან ის გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი ანთიმოზმა თავისი განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა. უკვე სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი დაახლოებით 1690 წელს ვლახეთის მეფის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიწვევით ვლახეთში წავიდა. ანთიმოზი ვლახეთში ჩასვლისთანავე სათავეში ჩაუდგა სასტამბო საქმეს. ბეჭდვითმა საქმიანობამ მთელს ქვეყანაში არნახული გაქანება ჰპოვა და უმაღლეს დონეს მიაღწია. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და ამაგდარი იყო საქართველოდან გადახვეწილი ქართველი ოსტატი, რომელიც ყველგან და ყველაფერში ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ „ძირით ქართველი“ იყო. ანთიმოზ ივერიელმა შეძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა.

1694 წელს ანთიმოზი დანიშნეს სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად. მან აქ საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა“. მას ხელს აწერს იპოდიაკონი მიხაილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი მიხეილ იშტვანოვიჩი.

1705 წელს ანთიმოზს, „რჩეულს ვლახეთის რჩეულ წინამძღვართა შორის“, ხელი დაასხეს რიმნიკის ეპისკოპოსად, ხოლო 1708 წელს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად. ანთიმოზის მიტროპოლიტად დადგინება მთელი ქვეყნისთვის უდიდესი ბედნიერება იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: „მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბრძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად“.

წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა“ მონასტერი ქალაქ ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მიტროპოლიტმა ტიპიკონიც შეუდგინა ყოველთა წმიდათა მონასტერს. ანთიმოზი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრის დამოუკიდებლობის საკითხს, სახელდობრ, მან ყოველთა წმიდათა მონასტერი ბერძნული ეკლესიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.

მიტროპოლიტად დადგინების დღიდან წმიდა ანთიმოზმა დაუცხრომელი ბრძოლა დაიწყო ვლახი ხალხის განთავისუფლებისათვის უცხოელ დამპყრობთა ჩაგვრისაგან. პირველსავე დღეს მრევლის წინაშე წარმდგარმა ანთიმოზმა თქვა: „მართლმადიდებლობა თქვენ შეინარჩუნეთ წმიდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით აურაცხელ გასაჭირსა და უბედურებას, რაც ყოველთვის გამომდინარეობს იმათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე. თუმცა მე ვიყავი უღირსი და უმცროსი სხვათა შორის, ვითარცა დავითი იყო უმცროსი თავის ძმებს შორის, ღმერთმა არ შეხედა ჩემს სიღარიბეს და უცხოელობას. დაე, თქვენთან ერთად მე თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს ჩვენ დრო და ჟამი“.

მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1714 წელს თურქებმა სიკვდილით დასაჯეს ვლახეთის მთავარი კონსტანტინე ბრინოკვიანუ, ხოლო 1716 წელს - უკანასკნელი ვლახელი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი და სამეფო ტახტზე აიყვანეს ფანარიოტი ნიკოლო მავრიკორდატი, რომლის მთელი საქმიანობა მიმართული იყო თურქეთის ინტერესების დასაცავად ვლახეთში.

ამ მძიმე დღეებში ანთიმოზ ივერიელმა თავის გარშემო შემოიკრიბა ვლახელ ბოიართა ჯგუფი, რომლის მიზანი იყო გაენთავისუფლებინა ვლახეთი როგორც თურქთა, ასევე ფანარიოტთა ბატონობისაგან. კონკრეტული ღონისძიებებიც დაისახა, მაგრამ ნიკოლო მავროკორდატიმ ანთიმოზს უბრძანა, ნებაყოფილობით უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე. ანთიმოზმა კატეგორიული უარი შეუთვალა. მაშინ მავროკორდატიმ დახმარებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქ იერემიას მიმართა. ეპისკოპოსთა კრებამ, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, „შეთქმული და რევოლუციისკენ წამქეზებელი მეამბოხე“ ანთიმოზი შეაჩვენა, განკვეთა ეკლესიიდან და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო „ღირსებაახდილად“, მაგრამ ნიკოლო მავროკორდატისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა ანთიმოზ ივერიელის უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტობიდან გადაყენება, ამიტომ გადაწყვიტა, მოეშორებინა ვლახეთიდან. მან მიაღწია იმას, რომ წმიდა ანთიმოზი საბოლოოდ გააძევეს სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში. რუმინელი ხალხის ერთგული და მოსიყვარულე მიტროპოლიტი შუაღამისას გაიყვანეს ქალაქიდან, რადგან მოსახლეობის მღელვარების შეეშინდათ, მაგრამ სინას მთამდე ანთიმოზ ივერიელს არ მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე თურქმა ჯარისკაცებმა ასო-ასო აკუწეს ანთიმოზ ივერიელი და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.

ასე დამთავრდა სიცოცხლე კიდევ ერთი ქართველი წმიდანისა, რომელმაც მთელი თავისი დაუშრეტელი ცოდნა, ნიჭი, ენერგია ვლახი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს მოახმარა.

1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე. ქართული ეკლესია მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.

 

წმიდა მოწამე აკვილინა (+293)

13 (26) ივნისი

წმიდა მოწამე აკვილინა (+293) კეთილმორწმუნე ფინიკიელთა ოჯახში იზრდებოდა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მშობლები ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ შვილს. აკვილინასაც გულწრფელად უყვარდა ღმერთი, ეცოდებოდა სულიერ ნათელს მოკლებული თანატოლები და ურჩევდა მათ, შესდგომოდნენ ქრისტეს. მეფისნაცვალ ვოლუსიანეს ერთმა მსახურმა ბატონთან დაასმინა აკვილინა - ამხანაგებს მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო. მაშინ წმიდა ყრმა 12 წლისა იყო. ვოლუსიანემ გადაწყვიტა, ტკბილი შეგონებებით, ალერსით მოენადირებინა ბავშვის გული და წარმართობისკენ გადაედრიკა, მაგრამ აკვილინამ საოცარი სიმტკიცით აღიარა მის წინაშე თავისი სარწმუნოება. როცა ვერანაირმა მზაკვრობამ ვერ გაჭრა, მტარვალმა თავისი ნამდვილი ბუნება გამოაჩინა და ბავშვის წამება ბრძანა. ჯალათებმა ჯერ სასტიკად სცემეს აკვილინა, შემდეგ კი გააშიშვლეს და საშინლად აწამეს. ვოლუსიანემ დაცინვით მიმართა ნორჩ მოწამეს: „სად არის შენი ღმერთი? მოვიდეს და გამომგლიჯოს შენი თავი ხელიდან!“ აკვილინამ უპასუხა: „ჩემი ღმერთი უხილავად ყოველთვის ჩემთანაა და რაც უფრო მეტად ვიტანჯები, მით უფრო მეტ ძალასა და მოთმინებას მანიჭებს!“

ქრისტეს ტარიგს გახურებული შამფურები გაურჭვეს ყურებში და თავი გაუხვრიტეს. იგი მკვდარივით დაეცა მიწაზე. მტარვალმა ბრძანა ბავშვი ქალაქგარეთ დაეგდოთ ძაღლების დასაგლეჯად. შუაღამისას უფლის ანგელოზი მიეახლა აკვილინას, ხელის შეხებით განკურნა, წამოაყენა და უთხრა: „წადი, ამხილე ვოლუსიანე და უჩვენე, რა უძლურია მისი ძალა უფლის წინაშე!“ მოწამემ ადიდა უფალი, მეფისნაცვლის სასახლისკენ გაემართა და ვოლუსიანეს წინაშე წარდგა. შიშით ზარდაცემულმა მტარვალმა მსახურებს უხმო და უბრძანა, კრძალულად დაეცვათ გოგონა, დილით კი მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, როგორც ჯადოქარსა და მეფის ურჩს. როცა წმიდანი დასასჯელად მიჰყავდათ, ის ლოცულობდა და მადლობას სწირავდა უფალს, რომ მისთვის წამების ღირსი გახდა. პასუხად გაისმა ხმა, რომელიც აკვილინას ზეციური სასუფევლისკენ მოუწოდებდა, და მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+293). ჯალათს მმართველის ბრძანების შეუსრულებლობის შეეშინდა და უკვე მიცვალებულ მარტვილს მოჰკვეთა თავი. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი იგი კონსტანტინეპოლში, მის სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს.

 

წმიდა ტრიფილე კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 370)

13(26) ივნისი

წმიდა ტრიფილე ლევკუსიის ეპისკოპოსი (დაახლ. 370) კონსტანტინეპოლში დაიბადა, განათლება კი ბირითში (ბეირუთი, სირია) მიიღო. ღრმად განსწავლულმა და საოცარი მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე წმიდანმა მოძღვრად თავმდაბალი და სიწმიდით გამორჩეული მოსაგრე - სპირიდონ ტრიმიფუნტელი (+348, ხს. 12 დეკემბერს) აირჩია. ერთხელ იმპერატორი კონსტანცი II (337-340) მძიმედ დაავადდა - ვერც ერთმა წამალმა და ვერანაირმა მკურნალმა ვერ უშველა. სახიერმა ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოხედა სნეულს და ძილში ხილვა მოუვლინა: ანგელოზმა ეპისკოპოსთა კრებულში მდგარ ორ მამაზე მიუთითა და უთხრა: მხოლოდ მათ შეუძლიათ შენი განკურნებაო. იმპერატორმა მთელს იმპერიაში დაგზავნა წერილები და ყველა მღვდელმთავარს თავისთან უხმო. ჩამოსულთა შორის ადვილად ამოიცნო წმიდა სპირიდონი და მისი მოწაფე, ტრიფილე, ქედი მოიდრიკა მათ წინაშე და სთხოვა, ელოცათ მისთვის. მღვდელმთავარმა სპირიდონმა თავზე ხელი დაადო იმპერატორს და განკურნა. წმიდა ტრიფილე ძალიან მოიხიბლა სასახლის სილამაზით, იმპერატორის დიდებული გარეგნობით და სამეფო კარის მდიდრული ცხოვრებით. მოძღვარმა უთხრა: „ასე რამ აღგაფრთოვანა? განა ეს ბრწყინვალება მეფეს უფრო მართალს გახდის? გავიწყდება, რომ ყველანი - მეფეებიც და დიდებულებიც - უკანასკნელი გლახაკებივით მიიცვალებიან და მათთან ერთად წარდგებიან უფლის წინაშე? ჩვენ მარადიული სიკეთე და ზეციური დიდება უნდა ვეძიოთ“.

მალე წმიდა ტრიფილეს კვიპროსის ქალაქ ლევკუსიის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. ერთხელ ეპისკოპოსი თავის მოძღვართან ერთად ერთ მეტად თვალწარმტაც მხარეში მოხვდა. იგი ახლა ბუნების მშვენიერებამ და ნაყოფსავსე ბაღ-ვენახების სიუხვემ აღაფრთოვანა და ამ მიწის შესყიდვაზე დაიწყო ფიქრი. სპირიდონმა განჭვრიტა მისი აზრები და უთხრა: „რატომ ფიქრობ ყოველთვის ამქვეყნიურზე და ამაოზე? ჩვენი საუნჯე და სამკვიდრებელი ზეცაშია და მისკენ უნდა ვისწრაფოთ!“

ტრიფილემ სახელი გაითქვა თავისი წიგნიერებითა და მჭევრმეტყველებით, ამიტომ როცა კვიპროსზე მღვდელმთავართა კრება შედგა, ამბიონიდან ხალხის დამოძღვრა მას დაავალეს. მაცხოვრის მიერ დავრდომილის განკურნებაზე საუბრისას ტრიფილემ სიტყვა „ცხედრის“ ნაცვლად „სარეცელი“ იხმარა. წმიდა სპირიდონმა ვერ აიტანა სახარების ტექსტის არაზუსტი გადმოცემა და რისხვით მიმართა სულიერ შვილს: „ნუთუ შენ აღემატები მას, ვინც სიტყვა „ცხედარი“ იხმარა? მაცხოვრის სიტყვების გამეორების გრცხვენია?“ ეს მორჩილებისა და თავმდაბლობის გაკვეთილი იყო წმიდა ტრიფილესთვის. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა იგი მოძღვარს სულიერი სრულყოფილებისაკენ.

მღვდელმთავარი ტრიფილე ბრძნულად განაგებდა თავის სამწყსოს. იგი გამოირჩეოდა გულმოწყალებით, სიმშვიდით, მართლმადიდებლური რწმენის სიმტკიცით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით და მრავალი სხვა სათნოებით. დედისგან ნაანდერძევი ქონებით წმიდანმა ლევკუსიაში მონასტერი ააგო, გარდაიცვალა ღრმად მოხუცი, დაახლოებით 370 წელს.

 

წმიდა მოწამე ანტონინა (+284-395)

13(26) ივნისი

წმიდა მოწამე ანტონინა (+დაახლ. 284-305) იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამა ქალაქ ნიკეაში. მტარვალები ათასგვარი სატანჯველით ეცადნენ მის მოდრეკას: ცეცხლის ალზე წვავდნენ, გახურებულ ტაფაზე აგდებდნენ, შემდეგ ცხელი შამფურებით გაუხვრიტეს ხელ-ფეხი და დილეგში ჩააგდეს, სადაც ორი წელი იტანჯებოდა. წამებამ ვერ მოდრიკა ანტონინას ახოვანი სული: ბოლოს წმიდა მოწამე ზღვაში ჩააგდეს.

ღირსი ანა (+826) და ძე მისი იოანე

13 (26) ივნისი

ღირსი ანა და ძე მისი, იოანე, ბიზანტიაში ცხოვრობდნენ. ანა კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძრის მოძღვრის ასული იყო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ძესთან, წმიდა იოანესთან ერთად, ევფემიანეს სახელით, მამათა ერთ-ერთ სავანეში დაემკვიდრა, ოლიმპოს მახლობლად. ღირსი ანა კონსტანტინეპოლში მიიცვალა 826 წელს. მისი ხსენება აღინიშნება ორჯერ: 14 ივნისს და 29 ოქტომბერს.


წმიდა მოწამენი: დიოდორე ემესელი, ევსტრატი. წმიდა ანტიპატრი, არაბეთის ბოსტრიის ეპისკოპოსი (V)

 

 

 

world
«The Washington Post» (აშშ): „ათი ვარიანტი იმისათვის, თუ დემოკრატებს ნამდვილად სურთ ჯო ბაიდენის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება“

„მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული ტელედებატები ჯო ბაიდენისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა, მისი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის შეცვლა რთული იქნება“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ათი ვარიანტი იმისათვის, თუ დემოკრატებს ნამდვილად სურთ ჯო ბაიდენის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება“ (ავტორი - აარონ ბლეიკი). პუბლიკაციაში განხილულია ის ათი პოლიტიკოსი, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს, ტელედებატების დროს ფაქტიურად დამარცხებული ჯო ბაიდენის ნაცვლად.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი დრო დახარჯა იმაში, რომ სირაქლემასავით „თავი ქვიშაში ჰქონდა ჩაყოფილი“ - თითქოსდა ჯო ბაიდენის მდგომარეობის გამო, ასაკთან დაკავშირებით, არც არაფერი ესმოდა და არც არაფერს ხედავდა. იმის ნაცვლად, რომ პრობლემა როგორმე მოეგვარებინა, პარტიის გავლენიანი პირები გაიძახოდნენ, რომ პრეზიდენტი თავს ნორმალურად გრძნობს, არაფერი არ აწუხებს და პრესაში რაც იწერება, გადაჭარბებული და გაბერილი ამბებიაო.

მაგრამ როცა ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ტელედებატებში შეხვდნენ, როცა პრეზიდენტის დაბნეული და გაუგებარი გამოსვლის შემდეგ კრიტიკოსებმა  ნეგატიური შეფასებები გააკეთეს, დემოკრატებმა უცებ ამოჰყვეს თავი ქვიშიდან, გამოფხიზლდნენ და ჯო ბაიდენს გადადგომისაკენ მოუწოდეს - ასე აცხადებენ ისინიც კი, ვინც მას ბოლო დრომდე ლოიალურად უყურებდა.

ასეთი ელვისებური რეაქცია ბევრ რამეზე მეტყველებს. პარტია თავს არიდებდა მსგავს ტელეგამოსვლებს, მაგრამ დგება მომენტი, როცა ტელედებატები აბსოლუტურად აუცილებელი ხდება. დემოკრატები მძიმე სიტუაციაში არიან ჩავარდნილნი: ისინი აცნობიერებენ, რომ თუ ჯო ბაიდენი კიდევ ასე გამოვა ამერიკელების წინაშე,  „მისი საქმე წასულია“.  თვით პარტიის წევრები და მხარდამჭერები პირდაპირ და ირიბად აცხადებენ, რომ სამომავლოდ პრეზიდენტი მის წინაშე მდგარ ამოცანებს ვერ გაუმკლავდება.

ჯო ბაიდენის როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის გადადგომისათვის, ალბათ, მისივე თანხმობაც არის საჭირო - სწორედ ის აგროვებს ყველა დელეგატს დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობისათვის, აგვისტოში, როცა მისი კანდიდატურა ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი კანდიდატის შეცვლა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. კაცმა რომ თქვას, არავინ იცის, ალტერნატიული კანდიდატი რით იქნება ჯო ბაიდენზე უკეთესი.

თუ დემოკრატიული პარტია ამ გზით გადაწყვეტს სვლას, ჩვენ, რასაკვირველია, გავიგებთ. ამიტომ მოდით, ზოგიერთი სავარაუდო კანდიდატის ირგვლივ ვიმსჯელოთ, მათი პლუსებისა და მინუსების გათვალისწინებით.

  1. კამალა ჰარისი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

ძნელი წარმოსადგენია, რომ 60 წლის კამალა ჰარისი უარს იტყვის თავისი ბოსის ჩანაცვლებაზე, თუ, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით არ გადადგება მასთან ერთად (ჯო ბაიდენს კამალა ჰარისი სამომავლოდ ისევ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჰყავს განზრახული). ბოლოს და ბოლოს, კამალა ჰარისი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია, პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში და თანაც შავკანიანი. კამალა ჰარისის როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის უარყოფა დემოკრატიული პარტიისათვის სარისკო იქნება - დემოკრატებს ხომ ბევრი შავკანიანი მხარდამჭერი ჰყავთ, ისინი პარტიის ელექტორალური ბაზის საფუძველს წარმოადგენენ.

პრობლემა იმაშია, რომ კამალა ჰარისი ზოგადად არაპოპულარულია - ისევე როგორც ჯო ბაიდენი. ამას წინათ მომუტისა(ნიუ-ჯერსი) და სუფოლკის (მასაჩუსეტსი) უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ იგი საშუალოდ მხოლოდ 18%-იანი პოპულარობით სარგებლობს. დემოკრატები ეჭვობენ, რომ  კამალა ჰარისი ჯო ბაიდენზე უკეთესი იქნება..

რესპუბლიკელებმა, თავის მხრივ, ღიად განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლება მათთვის ხელსაყრელია. დონალდ ტრამპის შტაბმა ინფორმაციაც კი გაავრცელა, რომ რაღაც მომენტში ჩანაცვლება საჭირო გახდებაო. ტრამპისტებს აწყობთ, რომ სუსტი და აარაპოპულარული მეტოქე ჰყავდეთ.

  1. გრეტხენ უიტმორი, მიჩიგანის შტატის გუბერნატორი.

უახლოეს დღეებში 52 წლის გრეტხენის სახელი ხშირად იქნება მასმედიაში. მიჩიგანის შტატის გუბერნატორი ნდობას იწვევს და ქაღალდზე თითქმის იდეალურად გამოიყურება. მართალია, იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „მოყოყმანე“ შტატის გუბერნატორს წარმოადგენს, მაგრამ, შეიძლება გასაკვირიც იყოს, რომ მისი რეიტინგი 54-61%-ს აღწევს. გრეტხენ უიტმორს, სხვა თავის დემოკრატ კოლეგებთან შედარებით, ფედერალური დონის გამოცდილება აქვს.

  1. პიტ ბუტიჯიჩი, აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრი.

ალბათ, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ 42 წლის პიტ ბუტიჯიჩმა 2020 წელს, როცა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, აიოვასა და ნიუ-ჰემპშირის შტატებში თითქმის პირველი ადგილი აიღო. იგი კარგად ფლობს ორატორულ ხელოვნებას. და თუ დემოკრატები ჯო ბაიდენის ჩანაცვლებას შეეცდებიან, პიტ ბუტიჯიჩის კანდიდატურა მათთვის ხელსაყრელია. მაგრამ... იგი ის კაცი არ არის, რომელიც დემოკრატების მრავალრიცხოვანი ამომრჩევლისათვის - შავკანიანი ელექტორატისათვის იქნება მისაღები. გარდა ამისა, შესაძლოა ნეგატიური როლი შეასრულოს იმ ფაქტმა, რომ იგი ღიად აცხადებს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას. საეჭვოა, რომ ამერიკელებმა პრეზიდენტად ასეთი პოლიტიკოსი აირჩიონ.

  1. ჯოშუა შაპირო - პენსილვანიის გუბერნატორი

51 წლის ჯოშუა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავს წარმოადგენს. იგი ძალიან პოპულარულია დემოკრატებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან შტატში. ახლახან ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჯოშუა შაპირო დონალდ ტრამპის მომხრეებშიც კი გარკვეული სიმპათიებით სარგებლობს. მაგრამ გუბერნატორს დემოკრატები 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის „ინახავენ“, თანაც იგი მხოლოდ წელიწადნახევრის წინ დაინიშნა ამ პოსტზე.

  1. ჯარედ პოლისი, კოლორადოს გუბერნატორი

იგი ყოფილი კონგრესმენია. მას ნამდვილად სურს საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტად იხილოს. მართალია, იგი პოპულარულია, მაგრამ... 49 წლის ჯარედ პოლისი პირველი გუბერნატორია, რომელიც ღიად აცხადებს თავის არატრადიციული ორიენტაციას.

  1. გევინ ნიუსომი, კალიფორნიის გუბერნატორი

იგი ადრე სან-ფრანცისკოს მერი იყო და ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარმატებით მუშაობდა, რისთვისაც თანაპარტიელებში დადებითი ავტორიტეტის და რეპუტაცია აქვს. მაგრამ ძალიან ძნელია წარმოიდგინო ის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატად 56 წლის გევინ ნიუსომი დაამტკიცოს. იმიტომ, რომ მთლიანად კალიფორნიაში კრიმინოგენური სიტუაცია ძალიან მძიმეა. შესაბამისად, მისი სახელი ხელსაყრელი იქნება რესპუბლიკელებისათვის,  კრიტიკის თვალსაზრისით.

  1. რაფაელ უორნოკი, სენატორი ჯორჯიის შტატიდან

55 წლის შავკანიანმა ბაპტისტმა მღვდელმა და პოლიტიკოსმა ორჯერ ზედიზედ მოიგო კონგრესის არჩევნები. ანუ მისი შანსები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვა შავკანიანი  კანდიდატებისა, რომლებთაც ადრე კონგრესმენობის სურვილი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, იგი სასარგებლო პიროვნება აღმოჩნდებოდა დემოკრატებისათვის.

  1. მიშელ ობამა, ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას ცოლი

60 წლის ქალბატონი დემოკრატებისათვის ფანტასტიკური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი კანდიდატის სტატუსს დათანხმდეს. მიშელ ობამა ყველაზე პოპულარულ ყოფილ პირველ ლედად ითვლება ამერიკაში, ბიორდ ჯონსონის - პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის ცოლის შემდეგ. მიშელი ყოველთვის მოსწონდა ამერიკელთა უმრავლესობას, რასაც ვერ ვიტყვით ბევრი პირველი ლედის მიმართ.

მაგრამ მას, რომელსაც არავითარი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, ჯერ ერთი, რომ საერთოდ არ განუცხადებია პრეზიდენტად ბალოტირების სურვილი და რომც განაცხადოს, ახლა საპრეზიდენტო კამპანიის ფაქტიურად ნოლიდან დაწყება, ისევე როგორც სხვებისთვის, მიშელ ობამასთვისაც რთული იქნება. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, აშშ-ის 49-ე პირველ ლედის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონია ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბთან. მოკლედ, მიშელ ობამას ვარიანტზე ფიქრი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევისთვის შეიძლება.

  1. ემი კლობუშარი, სენატორი მინესოტის შტატიდან

მისი კანდიდატურის წამოყენება ყველაზე ლოგიკური იქნებოდა იმ შემთხვევისათვის, თუ დემოკრატები ბაიდენის თვისებების მქონე პიროვნების (ფაქტიურად - „ტყუპისცალის“) ძებნას დაიწყებენ, ასაკის გამოკლებით. 64 წლის ქალბატონი პრაგმატულია და ზოგადად სიმპათიებს იწვევს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით თითქმის არ იცნობენ. ემი კლობუშარის გაშვება დონალდ ტრამპის  წინააღმდეგ? არა, იგი აბსოლუტური მარცხისთვის იქნება განწირული.

  1. ენდი ბაშირი, კენტუკის გუბერნატორი

არცერთ სხვა ჩამოთვლილთაგანს ბოლო თვეებში შანსები არ გაზრდია, როგორც ეს 46 წლის გუბერნატორს გაეზარდა. ენდი ბაშირის წარმატება დაკავშირებულია იმასთან, რომ იგი გუბერნატორად 2023 წლიდან მეორედ აირჩიეს და თანაც ისეთ შტატში, რომელიც ხმას ტრადიციულად რესპუბლიკელებს აძლევს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ხშირად გუბერნატორები ისე საქმიანობენ, რომ მათი პოზიციები მათივე პარტიის პოლიტიკის საწინააღმდეგოა ხოლმე, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ ენდი ბაშირი ორივე პარტიას აწყობს.

წყარო: https://www.washingtonpost.com/politics/2024/06/28/democrat-options-replace-biden/

--------------

შენიშვნა: ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენტმა დაარწმუნა დემოკრატიული პარტიის დონორები, რომ მას შეუძლია რესპუბლიკელი მეტოქის დონალდ ტრამპის დამარცხება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენის კანდიდატურის ირგვლივ ეჭვები ძლიერდება - ტელედებატებით ნათელი გახდა, რომ იგი წარუმატებლად გამოვიდა.

ჯო ბაიდენმა 30 ივნისს ნიუ-იორკში ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობის დროს აღიარა, რომ ტელედებატები მისთვის სასიამოვნო არ იყო, მაგრამ იქვე დაამატა: „არც დონალდ ტრამპისთვის იყო უკეთესი“. „გპირდებით, რომ ჩვენ ამ არცევნებს მოვიგებთ:, - განაცხადა პრეზიდენტმა (წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cn07mmyyg8no).

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way