როგორი ეკონომიკური ზრდაა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკების სტატისტიკები:
სომხეთი:
სომხეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მაისში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა 57%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, რამაც მაისში 957 მილიონი დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანი:
აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნულ კომიტეტს სომხეთისგან განსხვავებით, ივნისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პირველ 6 თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა. მათ შორის, სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ამჟამად არასანავთობო სექტორია, რომელშიც ზრდა 6.9%-ს შეადგენდა.
მთლიანობაში 2024 წლის პირველ 6 თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკის ზომამ 59.5 მილიარდი მანათი შეადგინა.
თურქეთი:
თურქეთი ეკონომიკური ზრდის შედეგებს ყოველთვიურ ჭრილში არ აქვეყნებს, თურქეთის სტატისტიკის სამსახური ზრდას ითვლის კვარტალურ ჭრილში, შესაბამისად ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ 2024 წლის პირველი კვარტალის შედეგი, რაც 5.7%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდას ასახავდა.
სტატისტიკის სამსახურის თანახმად, 2024 წლის მაისში თურქეთმა უცხოეთში 24.7 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით 11.3%-ით მეტი იყო, ხოლო იმპორტმა 30.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.4%-ით ნაკლები იყო.
ამასთან, თურქეთში მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ნარჩუნდება, რამაც 2024 წლის ივნისში 71.6% შეადგინა.
საქართველო:
2024 წლის პირველ 5 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა, ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა IT სექტორის ბრუნვის, ასევე საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში, მშენებლობასა და ლოგისტიკაში არსებულმა მატებამ.
საქსტატი 2024 წლის ივნისის და მიმდინარე წლის პირველი 6 თვის ეკონომიკური ზრდის ამსახველ ანგარიშს 31 ივლისს გამოაქვეყნებს.
წყარო:https://bm.ge/
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.