USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Profil» (ავსტრია): „კოშმარი საქართველოში“ (ანალიზი)
 1263

„ისინი პარლამენტის წინ არიან შეკრებილები და „სიხარულის ოდას“ - ევროპის ჰიმნს -  ასრულებენ. საქართველოში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულ ათასობით ადამანი ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მათი პროტესტი ძალიან ჰგავს უკრაინულ მაიდანს. ქართველები საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული სადაო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან“, - ნათქვამია ავსტრიული ჟურნალის „პროფილის“ (Profil) 20-25 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში, სათაურით „კოშმარი საქართველოში“ (ავტორი - ფრანცისკა ჩინდერლი).

პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდაა მოცემული ქართული კანონპროექტის - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - დებულებები და მოთხოვნები. „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ბიუჯეტი 20%-ზე მეტად უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით ივსება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ისინი უცხოური ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციებიად დაფიქსირდებიან და ხელისუფლებას მათი კონტროლი გაუადვილდება“, - წერს ავტორი.

„ქართული კანონპროექტი ვლადიმერ პუტინის „სულისკვეთებით არის გაჟღენთილი“ და „კრემლის არომატს აფრქვევს“. რუსეთში მსგავსი კანონი 2012 წელს შევიდა ძალაში, რომლის თანახმად, საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღები სუბიექტი შესაბამის ორგანოში „უცხოურ აგენტად“ უნდა დარეგისტრირდეს. კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩხრეკა ორი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩაატარეს, მათ შორის, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდში, რომელიც გერმანიიდან ფინანსდება. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ რუსი სამართალდამცველები კანონს კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებენ და მათ „პირს უკრავენ“. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტიურად უკვე აღარ არსებობენ, ან უმკაცრესი ზეწოლისა და  კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

„კაცმა რომ თქვას, მაგალითისათვის შორს წასვლა არ გვჭირდება. ევროკავშირის წევრ უნგრეთში რამდენიმე თვის წინათ ძალაში შევიდა კანონი „სუვერენიტეტის შესახებ“, რომელიც მოწოდებულია დაიცვას უნგრეთი „ისეთი დაუშვებელი პოლიტიკური ჩარევებისაგან, რომელიც  უცხოელი პირებისა და ჯგუფების მხრიდან შეიძლება განხორციელდეს“. საერთოდ, უნგრეთში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მასობრივი მედიის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უკვე რამდენიმე წელია იზღუდება, აღნიშნულმა კანონმა კი ამ მხრივ სიტუაცია უფრო გაამწვავა - მათ ცილს სწამებენ და ისინი „მოღალატეებად და უცხოეთის ინტერესების გამტარებელ აგენტებად“ იწოდებიან. ვიქტორ ორბანმა ჯერ კიდევ 2019 წელს გააძევა ქვეყნიდან „ცენტრალურევროპული უნივერსიტეტი“, რომელსაც ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდი აფინანსებდა. ამჟამად „უნივერსიტეტი“ ნაწილობრივ ვენაშია გადატანილი“.

 „რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი მოვლენები საქართველოსაც დაემუქროს? ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს. გასული წლის დეკემბრის ბოლოს სამხრეთკავკასიურმა ქვეყენამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ერთი მხრივ, ქართველთა უმრავლესობა ევროფილები არიან, ევროკავშირის წევრობა სურთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის დებულებები ევროკავშირის დემოკრატიულ პრინციპებს და ფასეულებებს ეწინააღმდეგებიან, ანუ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საეჭვოდ ხდის.

კრემლი სიტუაციას სხვაგვარად უყურებს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედება სამართლიანია და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენაა მიმართული. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით საქართველო ისეთი სახელმწიფოების გვერდით დგება, როგორებიც არიან უნგრეთი, თურქეთი, სერბეთი... ანუ იმ ქვეყნების გვერდით, რომლებშიც არასამტავრობო ორგანიზაციები  წლების განმავლობაში ხელისუფლების წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი  და მათი „უცხოეთის აგენტებად“ სტიგმატიზაცია ხდება - თითქოსდა ისინი სახელმწიფო გადატრიალების ამზადებენ მოქმედი მთავრობის დასამხობად.

ქართველების 80%-ს ევროტლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება სურთ. უკრაინის მწარე მაგალითმა მათ აჩვენა, რომ რუსეთისაგან თავდაცვა მხოლოდ ნატოში გაწევრიანებით არის შესაძლებელი. ამავე დროს, ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე ძალიან ნელა მიდის - ისევე როგორც ზოგიერთი ბალკანური ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უკვე 20 წელია ელოდებიან და თავს ბრიუსელისაგან მიტოვებულად გრძნობენ.

აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოება ძირითადად დასავლური ფონდების, საელჩოების დაფინანსებით და ევროპული გრანტებით არსებობს. ძალიან ხშირად ეროვნულ მთავრობებს ამგვარი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტებში გათვალისწინებული არ აქვთ. თავის მხრივ, ოლიგარქები მედიაკომპანიებს ყიდულობენ და ამგვარად, პოლიტიკაში ჩარევას იწყებენ, შედარებით უფრო თავისუფლად და დამოუკიდებლად მოქმედებენ და მთავრობისაგან განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. რასაკვირველია, რომელ ხელისუფლებას მოსწონს კრიტიკა? შესაბამისად, ხელისუფლება ასეთი მასმედიის დევნას და შეზღუდვას იწყებს. მაგალითად, ვიქტორ ორბანმა ქვეყნიდან გააძევა ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდი „ღია საზოგადოება“.

აშკარად ჩანს, რომ ქართული კანონპროექტის ძალაში შესვლა ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციებს ბოლოს მოუღებს. თუმცა საქმე უფრო მნიშვნელოვან საკითხს ეხება: ბევრი ადამიანს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, ეშინიათ, რომ ერთ დღეს ისეთ საქართველოში გაიღვიძებენ, რომელიც რუსეთის მსგავსი იქნება, ან უფრო უარესი - მისი ნაწილი გახდება. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% (აფხაზეთისა და ე.წ. ‘სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები) რუსეთის ჯარების  მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოში რუსული ტანკები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იდგნენ. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკა  ძალიან არის დამოკიდებული მოსკოვთან კავშირებზე. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ბევრ ქართველს კითხვა ებადება: „ჩვენ ხომ არ ვიქნებით შემდგომი ქვეყანა, რომელშიც რუსეთის ჯარი შეიჭრება?“.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, კანონპროექტის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას გამჭვირვალედ გახდის და ამით პოლარიზებაც შემცირდებაო, თუმცა დღეს პირიქით ვხედავთ - სამოქალაქო საზოგადოება ორად არის გაყოფილი - „ჩვენიანებისა“ და „მათიანების“ სახით. სხვათაშორის, ვიქტორ ორბანმა წარმატებით ისარგებლა მსგავსი ნარატივით და საზოგადოების ყურადღება კორუფციისა და თანამდებობების ბოროტად გამოყენების ფაქტებიდან სხვა მოვლენებზე გადაიტანა. სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი კი, რომელიც მტრულად უყურებს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოსულ კრიტიკას, აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები საზღვარგარეთიდან კონტროლდებიან.

ქართველთა საპროტესტო აქციებში იმედებს აღვიძებს ის ფაქტი, მათ მამოძრავებელ ძალას ახალგაზრდები წარმოადგენენ. საქარტველოს პრეზიდენტი მკაფიპდ დადგა ახალგაზრდების მხარეზე და კანონპროექტს ვეტო დაადო. ევროპის კომისიამ ახლა უნდა შეისწავლოს კანონპროექტის გავლენა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და თუ აუცილებელი იქნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაუუქმოს. ასეთ სიტუაციაში საქართველოს მთავრობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ალბათ, დამსახურებულ „კომპენსაციას“ მიიღებს. წყარო: https://www.profil.at/meinung/georgiens-alptraum/402900566

შენიშვნა: საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ამერიკული ჟურნალის „ფორინ პოლისის“ (Foreign Policy) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიაც სათაურით „ევროპა მზად არის საქართველოს მკაცრად მოექცეს: „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის მიღების გამო ევროკავშირმა შეიძლება საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გაუუქმოს“ (ავტორი - ჯოვანი ლეგორანო). წყარო: https://foreignpolicy.com/2024/05/21/georgia-eu-europe-foreign-agents-law-protests/

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати