USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
როდის გაივლის მატარებელი კახეთის რკინიგზაზე
თარიღი:  2962

ბოლო დროს კახეთში  სარკინიგზო ხაზის აღდგენის და რეაბილიტაციის საკითხი აქტიურად განიხილება. ადგილობრივი ხელისუფლება  აქცენტს  სტრატეგიული პროექტის ტურისტულ  მნიშვნელობასა და მევენახეების დახმარების  შესაძლებლობაზე აკეთებს. 

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში  აცხადებენ, რომ რკინიგზის აღდგენა ამ ეტაპზე  მხოლოდ მოსაზრების დონეზე განიხილება.

აღდგება თუ არა    კახეთის სარკინიგზო ხაზი, რის შესახებაც  განცხადება  ,,ქართული ოცნების“  ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, წინასაარჩევნო დაპირებების ფორმატში, ჯერ კიდევ  2012 წელს გააკეთა?  მოგვიანებით ეს დაპირება, სხვა პროექტებთან ერთად, სხვა ლიდერებმაც  გაიმეორეს. მაგალითად, როგორც  საქართველოს  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობდა, კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდებოდა და აეროპორტთან ერთად, რეგიონში სარკინიგზო ხაზის აღდგენაც აუცილებელი იყო:

„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი.  კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს, რომ ეს რკინიგზა აღდგეს“,- აცხადებდა კვირიკაშვილი.

რეგიონში  რკინიგზის რეაბილიტაცია და სარკინიგზო ხაზის აღდგენა რომ  იგეგმებოდა, ამის შესახებ   კახეთის გუბერნატორმა ჯერ კიდევ  2019 წლის ოქტომბერში განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილის   ინფორმაციით, ამ საკითხზე შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის მისი მონაწილეობით არაერთხელ  ჩატარდა.

,,სამინისტროებთან და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველთვის ვსაუბრობდი რეგიონში რკინიგზის რეაბილიტაციასა და სარკინიგზო ხაზის აღდგენის აუცილებლობაზე და მის დადებით შედეგებზე. ჩემი დიდი სურვილია, აღდგეს სარკინიგზო ხაზი, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ, ტურისტებსაც მოემსახურება.

ამ ეტაპზე კახეთის რკინიგზის რეაბილიტაციის ხედვა გაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში, რათა მათი დახმარებით ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ბანკს რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვს გამოტანილი და ვფიქრობ, ამ პროექტს სწორედ ის დააფინანსებს. რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, გაგრძელდება შეხვედრები, როგორც დონორ ორგანიზაციასთან, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სადაც აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ და მას ერთიან პროექტად დავამუშავებთ’’,- ამბობდა  გუბერნატორი.

კახეთში რკინიგზის აღდგენის იდეას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა და დღესაც წინასაარჩჩევნო პიარის ნაწილად აფასებს ოპოზიცია. ,,ლეიბორისტული პარტიის“ ადგილობრივი ლიდერი ნიკოლოზ ვარდოშვილი თვლის, რომ თუ ,,პროექტი რეალურად განხორციელდება, ეს  მნიშვნელოვანი იქნება ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, რაც მოსახლოებას დაეხმარება,  რომ თავისი პროდუქცია დედაქალაქამდე იაფად მიიტანოს და მისი   რეალიზაცია გაუიოლდეს.

ასევე, დედაქალაქიდან- კახეთამდე, დისტრიბუციის სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე,  მაგრამ რკინიგზის რეაბილიტაციას სჭირდება ძალიან დიდი თანხები. ადგილზე კი,  ყველაფერი გაფუჭებულია და დამპალია,  მათ შორის  ,,შპალები“, რაზეც ლიანდაგები ეწყობა. მთელი  ინფრასტრუქტურა გამოსულია მწყობრიდან და გაძარცვულია.  ამიტომ  ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ შემოგდებული მორიგი ტრიუკი არჩევნებისთვის“.

ვარდოშვილი  გუბერნატორის  მიერ აეროპორტის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც იხსენებს და ირწმუნება, რომ ,,როგორც აეროპორტის თემამ ჩაიარა, ასევე, ჩაივლის რკინიგზის თემაც, რადგან   ამ ხელისუფლებას ელემენტარული პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია, არათუ, -ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება“.

თუ  ,,ლეიბორისტები“  ხელისუფლების მიერ ჩაგდებული პროექტების თვალსაჩინოებითვის თელავის აეროპორტის თემას  იშველიებენ,  ,,სამოქალაქო მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გელა გელაშვილი საქართველოს პარლამენტის თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის, ,,ცივიდან“-თელავამდე საბაგირო გზის გაყვანის შესახებ, ჯერჯერობით, შეუსრულებელ  დანაპირებს იხსენებს და ამბობს, რომ ,,ხელისუფლებამ თვითონ არ იცის, რას ამბობს და რას აკეთებს“.  თუმცა გელაშვილი აქვე  დასძენს, რომ ,,თუ პროექტი  რეალურად განხორცილდება, ეს  იქნება  უმნიშვნელოვანესი, როგორც მოქალაქეების  იაფი და კომფორტული მგზავრობისთვის და  ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე, ღვინის კულტურისა და მეცხვარეობის დარგის წინსვლისთვის“.

ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.  არჩილ თხლაშიძე დარწმუნებულია, რომ არ არსებობს   საკითხი, რომელსაც ოპოზიციონერები  სკეპტიკურად არ   შეხედავენ.  ადგილობრივი თვითმმართველობის  ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ამბობს, რომ  ისინი ნებისმიერ  თემას ,,კარიერული პოლიტიკური თვალსაზისით“ აფასებენ.

,,-ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო თელავისთვის, არამედ, -მთლიანად კახეთისთვის. იცით, რომ ფაქტიურად, რკინიგზა აღარ მუშაობს და გაჩერებულია,  ჯართის რამდენიმე ვაგონის გადაადგილებას თუ არ ჩავთვლით?  ამ ბოლო წლების მანძილზე მხოლოდ მაგ დანიშნულებით მუშაობს რკინიგზა. ხომ წარმოგიდგენიათ, კახელი გლეხებისთვის რამხელა შვება იქნება. ეს ხომ  ყველაზე იაფი სანტრანსპორტო საშუალებაა?  შესაბამისად,  პროდუქტების გასაყიდად ჩატანა თბილისში, თუ საქართველოს რეგონებში მათთვის ეს რამდენად შეღავათიანი იქნება?  მოკლედ, ცალსახაა, რომ ეს მხოლოდ წაადგება კახეთის მოსახლეობას და არა მარტო მოსახლეოებას, ეკონომიკური თვალსაზრისითაც,  აშკარად წინგადაგმული ნაბიჯი იქნება“.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციების  და  ნაადრევად დაანონსებული   პროექტის ფონზე,   კახეთის რკინიგზის აღდგენის მოლოდინშია რეგიონის  მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორიც.

თამარ ბოტკოვოლი, რომელიც  არასამთავრობო ორგანიზაციას- ,,თელავი ჩემი  ქალაქია“ -ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ  პროექტი კახეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან  რკინიგზა მოსახლეობისთვის  მგზავრობის  იაფი საშუალება იქნება. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია სტრატეგიული, ტურისტული და   ეკონომიკური ფაქტორიც.

სანამ ადგილობრივი  საზოგადოება კახეთის რკინიგზის აღდგენის ავ-კარგიანობაზე მსჯელობს და  რკინიგზის გადაბმის წერტილებს და მასშტაბებს ზომავს, ირკვევა, რომ   ჯერ არც შესაბამისი პროექტი  არსებობს და არც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულა.

კახეთის გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძე ამბობს, რომ ,,როდესაც  კახეთის რკინიგზის შესახებ სამხარეო ადმინიტრაციაში განცხადება გაკეთდა, ეს იყო  მხოლოდ მოსაზრება და ინიციატივა.   ეს მოსაზრება ,,აზიის განვითარების ბანკს“ გაეგზავნა, რომ  მისი მიზანშეწონილობა,   რენტაბელურობა, მიმდინარე ხარჯები და ბენეფიციართა რაოდენობა შეესწავლა.  ამ ბანკს მივმართეთ იმიტომ,  რომ სწორედ ამ დონორი ორგანიზაციის   პრიორიტეტული  მიმართულებაა რკინიგზა,  რომელსაც აფინანსებს. მაგრამ ეს ფონდი არ იღებს გადაწყვეტილებას, თუ არ მოხდა  ყველა იმ საკითხის  და  შემადგენელი საზომი ერთეულის შესწავლა, რისი საშუალებითაც საბოლოო ჯამში პროექტის მიზანშეწონილობის საკითხი წყდება.

 აღნიშნულ საკითხს კი,  პროექტის ფორმა არც ჰქონია, ეს იყო  მხოლოდ ხედვა.   ამ ეტაპზე ,,აზიის განვითარების ბანკიდან“ რაიმე კონკრეტული პასუხი არ არის მიღებული და, შესაბამისად,  არ შეგვიძლია ჯერ იმის თქმა, პროექტი დაიწყება, თუ არა“.

კახეთის რკინიგზის შესახებ მონაცემებს  ,,ვიკიპედია“ და საქართველოს ისტორია ინახავს, რომლის მიხედვით, რეგიონში  რკინიგზა 1915 წელს აუშენებიათ. იყო დრო, 90-იან წლებამდე,  როდესაც ქვეყნის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტზე სატვირთო და  სამგზავრო მატარებლები აქტიურ რეჟიმში მოძრაობდა. ახლა კი, აქ  მხოლოდ მიტოვებული, აბალახებული ტერიტორია,  გაძარცვული შენობა-ნაგებობის ნარჩენებია და მწყობრიდან გამოსული სარკინიგზო ხაზია,   რომელსაც იშვიათი ინტერვალებით  ჯართის გადამზიდავი რამდენიმე ვაგონი  ახმაურებს.

 ავტორი: ნატო მეგუთნიშვილი

წყარო:https://knews.ge/?p=44460

 

საზოგადოება
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.