რიონის ხეობაში, სადაც დღეს ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური ტექნიკაა შეყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი.
აქციის მონაწილეებს, ჰესის მშენებლობის ადგილზე არ უშვებენ. სამოქალაქო აქტივისტები გუმათის დასახლებაში არიან შეკრებილი.
ცნობისთვის, წუხელ სამართალდამცველებმა 12 აქტივისტი 2000-2000 ლარით ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.