USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
რიჩარდ ბერონსი, გადამდგარი გენერალი: „უკრაინას არ შეუძლია რუსეთზე გამარჯვება ამჟამად, მაგრამ 2025-ში ნამდვილად შეძლებს“
дата:  291

„უკრაინის არმიის ამჟამინდელი კონტრშეტევა, მიუხედავად კიევის განცხადებებისა - წარმატებებს ვაღწევთო - რუსეთს უკან ვერ დაახევინებს. პრინციპში, ამას არც არავინ ელოდება. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთრის მოახლოების კვალობაზე უკრაინამ ოკუპირებული მიწების ნახევარი მაინც გაათავისუფლოს, რაც თავისთავად, რა თქმა უნდა, საკმაოდ იმედის მომცემი და ოპტიმისტური იქნებოდა. მაგრამ წინა პერიოდის მოვლენებმა ისიც გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება დამარცხდეს რუსეთი პერსპექტივაში - არა 2024 წელს, არამედ 2025-ში: რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი გააგრძელებს კიევისადმი მხარდაჭერას „იმდენით, რამდენიც მას ჭირდება“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) დრევანდელი, 4 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინას არ შეუძლია რუსეთზე გამარჯვება ამჟამად, მაგრამ 2025-ში ნამდვილად შეძლებს“ (ავტორი - რიჩარდ ბერონსი, გადამდგარი გენერალი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ზაფხულში მიღწეული მოკრძალებული პროგრესი იმას მიგვანიშნებს, რომ კარგად გამაგრებული თავდაცვის ზღუდის გარღვევა ძალიან ძნელი და სისხლისმღვრელია, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიღწევადია. ახლახან უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ზაპოროჟიეს ფრონტზე, სამხრეთში, სოფელ რობოტინოსთან რუსების თავდაცვის პირველი ზღუდე - დანაღმული მინდვრები - გადალახეს და მეორეს მიადგნენ, რომელიც შედარებით ნაკლებად არის დაცული. შეტევის დაწყებიდან მთლიანობაში უკრაინელებმა წინ 12 კილომეტრზე მეტით (8 მილით) წაიწიეს, მაგრამ აზოვის ზღვამდე კიდევ 90 კილომეტრამდეა (55 მილი) დარჩენილი, რომელიც სამ თავდაცვის ზღუდეს მოიცავს. რაც შეეხება ხარკოვის ფრონტს, ჩრდილოეთში, წინსვლა 8 კილომეტრით (5 მილით) გამოიხატება, რუსეთის მთავარ გამაგრებულ ხაზამდე 15 კილომეტრია დარჩენილი, ხოლო სახელმწიფო საზღვრამდე  - 95 კილომეტრი.

ავიაკატასტოფაში „ვაგნერის“ ხელმძღვანელისა და დაქირავებულთა სხვა მეთაურების დაღუპვას (თუ მკვლელობას) საომარ მსვლელობაზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია - გარდა იმისა, რომ მოიმატა ვლადიმერ პუტინისადმი არმიის ერთგულების დონემ. რუსეთის არმია ამჟამად ფრონტის გრძელ ხაზზეა დისლოცირებული, დაქანცულნი არიან და რეზერვების უკმარისობას განიცდიან, მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვთ შენარჩუნებული ძალა და უკან ნამდვილად არ დაიხევენ. და თუნდაც უკანდახევა ან დანებება გადაწყვიტონ, ეს საკმაოდ გრძელი პროცესი იქნება.

უკრაინას დღეისათვის აქვს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებები, რომელთა მეშვეობით კიევს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით მესამედის დაფარვა შეუძლია. საარტილერიო საბრძოლო მასალების უკმარისობა ამას წინათ კასეტური ჭურვების მიწოდების შედეგად აღმოიფხვრა, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი ზომაა. უკრაინას დრო, ალბათ, 2024 წლის შუახანებამდე დაჭირდება, რომ სამხედრო-საჰაერო ძალები ნატოს ქვეყნების მიერ დაპირებული „ფალკონებით“ (F-16-ებით) შეავსოს, ხოლო სახმელეთო არმია - ამერიკული ტანკებით - „აბრამსებით“. კიევს დაჭირდება განნაღმველი ტექნიკაც... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ომი, როგორც მინიმუმი, მომავალი წლის ბოლომდე მაინც გაგრძელდება.

კატასტროფა იქნებოდა იმის განმეორებით დაშვება, რაც უკრაინის არმიის მე-10 კორპუსს მოუვიდა, რომელიც ძალიან დაზარალდა კონტრშეტევის დაჩქარებული გრაფიკის გამო. დიდი ომების წარმოება (როცა ფრონტის ხაზი 1000 კილომეტრზე მეტია) დიდ სიფრთხილესა და დაფიქრებას მოითხოვს.

მიმაჩნია, რომ რუსეთზე გამარჯვება ხუთ მნიშვნელოვან ნაბიჯზეა დამოკიდებული:

პირველი - კიევი არ უნდა ეცადოს ბრძოლის ველზე არსებითი წარმატების მიღწევას მანამ, სანამ არ იქნება მისი მისაღწევი საშუალებები. ომი არასდროს არ უნდა აწარმოო ახლო მანძილიდან. უკრაინა უნდა გაძლიერდეს, რუსეთი კი უნდა დასუსტდეს, თორემ სხვანაირად პატური სიტუაცია შეიქმნება;

მეორე - აუცილებელია ზამთარშიც გაგრძელდეს რუს ოკუპანტებზე ზეწოლა. ეს ნიშნავს, რომ ტერიტორიის დაკავების პრინციპი „მოკბიჩე და შეინარჩუნე“ (მოკლე მანძილებით წინსვლა მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და იმავდროულად არტილერიის ჩრდილქვეშ ყოფნა), ცოცხალი ძალის რეზერვებისა და საბრძოლო მასალების დროული მიწოდებით, საკმაოდ მომგებიანია. როცა ხედავ, რომ რუსული „წითელი“ არმიის მორალური სულისკვეთება დაბალია, ის კიდევ უნდა გააუარესო;

მესამე - უკრაინამ უნდა გააფართოვოს რუსეთზე შეტევა საკუთარი ტერიტორიის მიღმა, ანუ რუსეთის სიღრმეში. ასეთი ტაქტიკით ბევრად უფრო დაჩქარდება რუსეთის არმიის მომარაგების ჩაშლა და ზურგის ქარხნების, სამხედრო კომუნიკაციების მწყობრიდან გამოყვანა. ცნობილია, რომ მოკავშირეები კიევს უკრძალავენ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას დასავლური იარაღით, ამიტომ თვითონ უკრაინამ მეტი იარაღი უნდა შექმნას და საკუთარი ძალებით მიაყენოს მტერს ძლიერი დარტყმა;

მეოთხე - ნეიტრალიზებული უნდა იქნას რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომლის ხომალდები უკრაინას ფრთოსან რაკეტებით ბომბავენ და ხელს უშლიან მარცვლეულის ექსპორტს. კიევმა მეტი რაოდენობით უნდა აწარმოოს „საზღვაო დრონები“, რომლებსაც რუსული გემების დაზიანება შეუძლიათ. 2024 წლისათვის შავი ზღვის ფლოტს შავ ზღვაზე რაიმე მნიშვნელოვანი როლის შესრულების თავი აღარ უნდა ჰქონდეს;

მეხუთე, ყველაზე მნიშვნელოვანი - ჭეშმარიტებაა, რომ ამ ომში დასავლეთის თავდაცვით-სამრეწველო პოტენციალის გარეშე უკრაინა ვერაფერს ვერ შეძლებს. კიევი მთლიანად არის დამოკიდებული მოკავშირეებზე. ამიტომ პირველ რიგში უნდა გაფართოვდეს შეიარაღების დროული და ეფექტური მიწოდება, რაც შემობრუნებითი მომენტი გახდება კიევის შეტევით ღონისძიებებში.

უკრაინამ ბრძოლის ველზე უნდა გაიმარჯვოს, რათა თავისი სახელმწიფოებრიობა გადაარჩინოს. ეს გამარჯვება სასიცოცხლოდ არის აუცილებელი ნატოს ინტერესების რეალიზებისათვის, ჩინეთის ამჯამინდელ და სამომავლო ავანტიურებზე ზეწოლისათვის. დღევანდელი კონტრშეტევა გვაჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინის საოკუპაციო რეჟიმზე გამარჯვება შესაძლებელია. ეს დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ იმედი არსებობს. და იმედი რომ არ გაცრუვდეს, ამისათვის დასავლეთმა მეტი ვალდებულება უნდა აიღოს უკრაინის პერსპექტიული გამარჯვებისათვის.

წყარო: https://www.ft.com/content/be5d133b-e757-4615-881f-256337f05b6c

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати