USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
რეზო ჩხიკვიშვილი- გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი
Date:  2545
1992-1993 წწ, ქართულ-გერმანული თეატრალური პროექტი უნდა განხორციელებულიყო თბილისში. გერმანელ რეჟისორს ქართველ მსახიობებთან ერთად უნდა დაედგა სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”, სადაც მთავარ როლზე ვიყავი მიწვეული. გერმანელებმა ეს პროექტი სამოქალაქო ომისა და პოლიტიკური დაძაბულობის გამო გერმანიაში, ქალაქ ესენში “გრილოს” სახელმწიფო თეატრში გადაიტანეს. ამ სპექტაკლით გამიცნო თეატრის მმართველმა იურგენ ბოსემ და რამდენიმე თვეში ერთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემს წარმოდგენაში ვიყავი უსაზღვროდ ბედნიერი, რადგან იმ ქვეყანამ, რომელსაც სიგიჟემდე ვაფასებდი და მიყვარდა, გერმანულ სცენაზე მუშაობა შემომთავაზა. რეალობა იყო ის, რომ ქართველმა მსახიობმა, რომელსაც ექსპერიმენტის სახით ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, გერმანული ენა არ იცოდა. ეს რეალობა იყო უკიდურესი გამოწვევა, რომელიც ჩემთვის მწვერვალის დაპყრობის ტოლფასი იყო, მე კი მინდოდა ამ მწვერვალის დაპყრობა.
 
ჩემთვის გერმანია აბსოლიტურად სხვა სამყარო და სხვა განზომილება აღმოჩნდა. მითუმეტეს იმ დროინდელ საქართველოში არსებული პირობების შემდეგ- სხვანაირი თეატრი, სხვანაირი მიდგომა, სხვანაირი რიტმი, სხვანაირი მენტალიტეტი - ყველაფერი სხვანაირი ქართულთან შედარებით. გერმანიამ დამარწმუნა იმაში, რომ ძლიერ ნებისყოფას და სიმტკიცეს, დიდ მონდომებას და თავდაუზოგავ შრომას ყოველთვის აქვს აზრი და მიზანსაც მიაღწევ. ქართული სცენის შემდეგ დამატებით კიდევ მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება.
 
გერმანიაში პროფესია “მსახიობი”, თავის აქტუალურობას და პოპულარობას არ კარგავს. 80 მილიონიან ქვეყანაში ძალიან ბევრ ქალაქში არის თეატრალური უნივერსიტეტი. უნარები და მოთხოვნები იგივეა, რაც ადრე იყო. აქ მსახიობი უნდა იყოს ერუდირებული, განათლებული, პლასტიკური, მუსიკალური, კარგი მეტყველებით, ძალიან მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ და რაც მთავარია, თავისუფალი კომპლექსებისგან. უნდა ცდილობდეს საკუთარი თავის გაუმჯობესებას და გარკვეული უნარების განვითარებას. ანუ საჭიროა: კარგი მეტყველება, დიქცია, გამბედაობა, შიშის დაძლევის უნარი, კარგი მეხსიერება.
 
თუ ეს პროფესია სისხლში არ გაქვს, ანუ სიგიჟემდე არ გიყვარს და მზად არ ხარ მას ბევრი რამ შესწირო (უფულობა, იმედგაცრუება, გაწბილება და ა.შ.), ისე ვერაფერს მიაღწევ. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემი ბიჭები, სანდრო და ლევანი, მამის გზას არ გაყვნენ.
 
თუ ადამიანმა ეს პროფესია აირჩია, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, ბოლომდე უნდა მიუძღვნას თავი, ყოველდღიურად უნდა განვითარდეს, წარუმატებლობას არ შეუშინდეს. მოკლედ, მუდმივი ბრძოლის რეჟიმში უნდა იყოს ყველანაირი მოდუნების გარეშე. სწორედ ეს არის ძალიან რთული. ძალიან დიდი შრომის ფასად თუ დაიმკვიდრებ თავს უცხოეთში, რასაკვირველია ცოტა იღბალიც უნდა გქონდეს.
ამდენი წლის შემდეგ, დღესაც მიჭირს გერმანულ სამსახიობო სკოლასთან შეგუება. მე მართლაც სხვანაირი, კარგი სკოლა გავიარე საქართველოში, ქართულ თეატრში. აქ დიდი დრო ეთმობა სამაგიდო მუშაობას, ხასიათების ძიებას, მიგნებას, იმპროვიზაციას. ძალიან ბევრია რეჟისორზე დამოკიდებული.
 
გერმანიაში მეტი დემოკრატიაა, მეტი თავისუფლება აქვს მსახიობს და მსახიობი თვითონ ქმნის და ძერწავს თავისი გმირის სახეს. რეჟისორს სთავაზობს თავის ხედვას და თამაშის ხერხს, სხვადასხვა ვარიანტებს. შემდეგ რეჟისორი წყვეტს, თუ რა მოეწონება და რას დატოვებს მსახიობის შემოთავაზებული ვარიანტებიდან. გერმანიაში, რეპეტიციის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, ყველა ტექსტი მყარად უნდა გქონდეს ნასწავლი. არ არსებობს მსახიობი მოვიდეს თეატრში და ტექსი არ იცოდეს - ეს არის გერმანელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ტექსტის უცოდინრობით სხვები, ანუ პარტნიორები არ უნდა შეაწუხო. ყველამ ყველას რომ დაუცადოს, ვინ როდის ისწავლის ტექსტს, ბევრი დრო დაიკარგება. ახალი სპექტაკლი კი 4-5 კვირაში მზად უნდა იყოს. გერმანიაში მომზადებული სპექტაკლი, ეს იქნება პირველი თუ მე-100 წარმოდგენა , მნიშვნელობა არ აქვს, ზუსტად ერთნაირად უნდა იყოს - რიტმით, შეგრძნებებით და დროით. გერმანულ სცენაზე, განსხვავებით ქართული თეატრისგან, მსახიობის იმპროვიზაცია არ არის მიღებული.
 
ყოველ სპექტაკლს ესწრება რეჟისორის ასისტენტი, რომელიც პატარა გადახვევას სპექტაკლიდან არ გაპატიებს და სპექტაკლის შემდეგ მიგითითებს, თუ არ შედგა სპექტაკლი ისე, როგორც ეს პრემიერის დღეს იყო, როგორც დადგა რეჟისორმა. ყველა მსახიობი, ზუსტად იმ უკვე გაკეთებულ “ჩარჩოებში” უნდა იყოს მოქცეული. ასეთი მიდგომით სპექტაკლი არასოდეს დუნდება, ფუჭდება თუ იშლება. ყველას საკუთარი, ინდივიდუალური გამოცდილება აქვს თავის თავზე მუშაობის. ჩემს შემთხვევაში ეს აისახება ფორმაში ყოფნით, სწორი კვებით, სპორტით, გონების ვარჯიშით, კითხვით, დაკვირვებით, განცდილის და ნანახის დამახსოვრებით. მე, როგორც გამოცდილი მსახიობი, გერმანელ მსახიობებსაც მივცემდი რჩევას და შენიშვნასაც. ბევრი დამწყები მსახიობი სასცენო მეტყველებას დიდ ყურადღებას არ აქცევს და ფიქრობს, რომ მისი მეტყველება სცენაზე პრობლემებს არ ქმნის. ბევრჯერ ქებაც მიმიღია მაყურებლისგან, სხვა გერმანელ მსახიობებთან შედარებით, რომ ჩემი გერმანული მეტყველება, ყველაზე მკაფიო და გამართული იყო. საკუთარ მეტყველებაზე ხმის ტემბრზე, მკაფიოდ და გასაგებად საუბარზე მუშაობა, ყველა მსახიობისთვის არის ძალიან დიდი და აუცილებელი პროცესი. მახსოვს, თეატრში გვყავდა მეტყველების პედაგოგი. ყველას შეეძლო, 45 წუთი ჰქონოდა მეცადინეობა, სხვებს რომ ეზარებოდათ, მე 2 -ჯერ ან 3-ჯერ 45 წუთს ვესწრებოდი ხოლმე.
მსახიობობა ძალიან მიყვარს. მაქსიმალისტი ვარ და შევეცადე ჩემს ცხოვრებაში მაქსიმუმი გამეკეთებინა. იმას ვაკეთებდი, რა შესაძლებლობაც მომეცა, მაგრამ უფრო მეტს დავამატებდი შემოქმედებითი თვალსაზრისით.
 
საჭიროა მიზანდასახულობა, მოთმინება, ყოველდღიური განვითარება და მუშაობა საკუთარ თავზე! თუ რამე შანსი მოგეცემათ, აუცილებლად გამოამჟღავნეთ! მომთხოვნი იყავით საკუთარი თავის მიმართ! ნუ დამშვიდდებით დღევანდელი მიღწევებით. ადამიანი თვითონ არის თავის ბედის მჩარხავი.
 
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way