USD 2.7283
EUR 3.1553
RUB 3.4711
Tbilisi
რეზო ჩელებაძე: სომხეთის „გმირი“ ვარ, „არარატთან“ ცარიელ კარებში ავაცილე და 75 ათასი სომეხი გადავარჩინე სიკვდილს
Date:  3274

რეზო ჩელებაძე ქართული ფეხბურთის გამორჩეული მოთამაშეა - საფეხბურთო  რეგალიები და ტიტულები ნამდვილად არ აკლია, თუმცა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ის დარჩა ჩელედ - პენალტების უბადლო ოსტატად, რომელმაც  თავის სპორტულ კარიერაში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე  წარმატებულ ბომბარდირს შეიძლებოდა  ეოცნება და დარჩა ფეხბურთის ისტორიაში, როგორც  წარმომადგენელი ვარსკვალავური  თაობის, რომელმაც  ქართული ფეხბურთის ლეგენდა შექმნა..  

- ბატონო რეზო, როგორი იყო თქვენი ემოციები ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წარმატებულ გამოსვლაზე  ევროპის ჩემპიონატზე  და როგორც პროფესიონალი, როგორ შეაფასებთ ჩვენი ფეხბურთელების თამაშს?

- სიტყვებით ვერ გამოვხატავ იმ განცდებს, რაც მქონდა იმ დღეებში. გულში აღარ ეტეოდა სიხარული, ლამის გამისკდა გული. განსაკუთრებით  ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ქვეყანაში ფეხბურთი გაცოცხლდა. 1981 წელს, როდესაც თბილისის „დინამომ“  თასი ჩამოვიტანეთ ევროპიდან, ყველას ახსოვს ის საყოველთაო სიხარული და ზეიმი, რაც ამ გამარჯვებას ახლდა. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი, გადავიდა ახალ რელსებზე, ახალ გზაზე, ეს თითქოს  იყო გამოძახილი იმ დიდი სიხარულისა, რაც მოგვყვებოდა წარსულიდან, რადგან მგონია, რომ იმ გამარჯვებით არის ის, რომ ასე მოდის ქართული ფეხბურთი. მართალია მაშინ გამარჯვება თბილისის „დინამომ“ მოიპოვა, მაგრამ მაშინდელი თბილისის „დინამო“ საქართველოს ნაკრები იყო,  ეს არის ნამდვილი, დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები და მისი დიდი წარმატება  ევროპის ჩემპიონატზე.  ხუმრობით ვამბობდი, კიდევ კარგი ესპანელებმა მოგვიგეს, თორემ ნახევარ საქართველოს გული გაუსკდებოდა ბედნიერებისა და სიხარულისგან (იცინის)  ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე წავედით, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა მიგვეღო და არა თუ მხოლოდ მერვედფინალამდე მივედით, ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. წავაგეთ უდიდეს გუნდთან, რომელიც დამსახურებულად გახდა ევროპის ჩემპიონი. თურქეთის გუნდივით, ჩვენც რომ  ავსტრია შეგვხვედროდა, ჩვენი გუნდი ისეთ „დუხზე“ იყო, ჩვენც გადავლახავდით ამ  ბარიერს, მაგრამ ესპანეთი  საოცარი გუნდია - ისე ლამაზად სწორად თამაშობენ, დაფრინავენ ეს პატარა ბავშვები, ასეთ გუნდთან თამაში იოლი არაა, თუმცა რაღაც შანსი მაინც გვქონდა. ანგარიში 1-0  იყო, როდესაც  დაიმტვრა კიტეიშვილი, სწორედ ამ დროს გავიდა გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან. მსაჯს რომ ის გოლი არ ჩაეთვალა, ამ ანგარიშით შევდიოდით გასახდელში და ვინ იცის, მეორე ტაიმში რა სასწაული  მოხდებოდა?!

original

- გჯერათ სპორტული იღბალის და ასეთი სასწაულების საფეხბურთო მოედანზე?

-  როგორ არ მჯერა. ჩვენი ბიჭები ყველა თამაშში ომობდნენ, ბოლომდე იბრძოდნენ, სული და გული ჩადეს თამაშში, რისთვისაც მინდა მათ გადავუხადო  უდიდესი მადლობა. იყო გუნდში ერთი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია და მეორე ვარსკვლავი, მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ლომივით იდგა კარში. ბრწყინვალე და შეუდარებელი იყო ქოჩორაშვილი, ბიჭი თავის თავს გადაახტა. ეს იყო  ნამდვილი მეომარი მოედანზე.  ძალიან კმაყოფილი ვარ მიქაუტაძის თამაშით, მას კიდევ უნდა ბევრი შრომა და მისი სახით საქართველოს უძლიერესი ცენტრფორვარდი ეყოლება.  დანარჩენებიც, ყველა კარგად თამაშობდა, კაცს უკან დასახევი გზა რომ არ გაქვს, იცი,  რომ უკან ოჯახია, ცოლ-შვილი, სამშობლო. ასეთი მოტივით იყო გასული გუნდი მოედანზე და შეუძლებელი შეძლეს. ნახეთ, რა კლუბებში თამაშობენ ისინი და ორი -სამი გამონაკლისის კვარაცხელიას, მამარდაშვილის, კიტეიშვილის გარდა, სად თამაშობენ  ჩვენები. რაც შეეხება საფეხბურთო ფორტუნას, როგორ არ არსებობს, ხომ შეიძლებოდა ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ავსტრიის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ტრავმირებული არ  შეხვედროდა  ამ ჩემპიონატს? როგორ დაალაგა თამაში პორტუგალიასთან, გამოვიდა და ქოჩორაშვილთან ერთად ჩაკეტა ყველაფერი. ფეხბურთში კლასი  რა თქმა უნდა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთი ფორტუნის და ყისმათის გარეშეც არ არსებობს. შეიძლება მთელი 90 წუთი „მიახრჩო“ გუნდი, ბოლოს მოგიტრიალდება, ერთ გოლს გაგიტანს და დაგიმთავრებს თამაშს. ჩეხებთან ღმერთმა და მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშმა დაგვიფარა, თორემ ჩვენ ვერ გავიდოდით ფლეიოფში.  მეკარემ 7 ისეთი ბურთი აიღო, მინიმუმ 4 ასპროცენტიანი გოლი უნდა ყოფილიყო.  

1980 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელშიც ჩვენი ბიჭებიდან ჩივაძე, სულაქველიძე თამაშობდნენ,  მოსკოვის ოლიმპიადაზე დავმარცხდით გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდთან  ანგარიშით 1 -0, მაშინ როდესაც ჩვენს გუნდს მოგებული გვქონდა ბრაზილიის, საფრანგეთის: პლატინის, ჟირესის, ტიგანას ნაკრებებთან, მოვუგეთ შვეციის დიდ ნაკრებს 5 -1 ანგარიშით და უცებ, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდმა ნახევარფინალში დაგვამარცხა ერთი გოლით. ოქროს მედალი დავკარგეთ, თორემ გელა კეტაშვილივით კიდევ  სამი ოლიმპიური ჩემპიონი გვეყოლებოდა, ჩემი, ჩივაძის და სულაქველიძის სახით.  ფორტუნა იყო აბა რა იყო!  

- ოლიმპიური ჩემპიონობა შეიძლება ვერ გამოგივიდათ, თუმცა ქართული ფეხბურთის ისტორიაში შეხვედით, როგორც საუკეთესო პენალტისტი. თქვენი ისტორიის  დასაწყისი „ფეოლას“ პერსონაჟების ისტორიას ჰგავს. თამაშობდით კალათბურთს და გახდით ფეხბურთელი ერთი  თამაშის წყალობით, როდესაც ბიძებმა სოფლის სპორტული ღირსების დაცვა გთხოვეს.    

- კი, ეს ასე იყო.  ეს იყო ჩემი ბედისწერა. ოჩხამურში დაიწყო ყველაფერი (იცინის) ფიზკულტურის ინსტიტუტში თითქმის უკვე მოწყობილი ვიყავი და ალბათ ვიქნებოდი კარგი კალათბურთის, ფიზკულტურის მასწავლებელი, რომ არა ჩემი ბიძების დაჟინება. მამაჩემის ძმამ  და ბიძაშვილმა  მთხოვეს, ფეხბურთის სათამაშოდ გავყოლოდი სოფლის ღირსების დასაცავად.   

ჩვენი სოფლის კვირიკეს გუნდი მონაწილეობას იღებდა რაიონულ ჩემპიონატში,  გამოგვადექიო-მთხოვეს. ორივე ბიძა ფეხბურთის გიჟები იყვნენ, ხათრი ვერ გავუტეხე და წავყევი. ოჩხამურში სოფელ ალამბარის გუნდს ვეთამაშეთ და 11 – 0 მოვუგეთ, 7 გოლი მე გავიტანე. ფეხბურთს ბავშვობაში კი ვთამაშობდი, მაგრამ მაშინ რას  წარმოვიდგენდი, რომ მე ფეხბურთს ვითამაშებდი და სლავა მეტრევლის, მიშა მესხის, იამანიძის, ბარქაიას, დათუნაშვილის თბილისის „დინამოში“ მოვხვდებოდი.  რაიონულ ჩემპიონატში ყველა თამაში მოვიგეთ და მივედით ფინალამდე. ფინალში ოჩხამურმა მოგვიგო 3-0. დღემდე მახსოვს ეგ დღე და თამაში. ანგარიში 2-0 იყო,  ოჩხამურის კარებში პენალტი დაინიშნა. რადგან გუნდის ლიდერი ვიყავი და ყველა თამაშში 2 გოლი მაინც მქონდა გატანილი, მოვკიდე ბურთს ხელი, დავდე და დავარტყი. კარში ოჩხამურის უბნის ინსპექტორი იდგა და არ ამიღო პენალტი?!  რას ვერ აიღებდა, პირდაპირ მუცელში გავარტყი (იცინის)  ასე დაიწყო ჩემი პენალტების  ისტორია, მაგრამ  ეს პირველი პენალტი რომ გავაფუჭე და ოჩხამურის მილიციელმა ამიღო, ეგ არ მავიწყდება. წაგების მიუხედავად, ყველა, პირველ რიგში ბიძაჩემი ბიჭიკო მიხვდა, რომ ფეხბურთს კარგად ვითამაშებდი და მთხოვა, დაანებე თავი ფიზკულტურის ინსტიტუტს, სამი წელი მაჩუქე, ჯარში არ გავაშვებინებ შენს თავს, ითამაშე ფეხბურთი, თუ სამ წელიწადში შენ „დინამოში“ არ წახვალ და მეოთხე წელიწადს ნაკრებში არ ითამაშებ, სიტყვას გაძლევ, მე თვითონ ჩაგაბარებინებ   ნებისმიერ ინსტიტუტში, სადაც მეტყვიო. ქობულეთის „შუქურაში“ დავიწყე თამაში,  მწვრთნელმა ბიძას ხათრი ვერ გაუტეხა, თორემ  ძალიან კი არ მოვწონდი. „შუქურადან“ ერთ წელიწადში გადავედი ბათუმის „დინამოში“, 1976 წელს უკვე თბილისის „დინამოში“ ვიყავი, 1977 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ბიძაჩემის ყველა სიტყვა ახდა, ვადებში აცდა მხოლოდ, ისიც  ნახევარ წელში (იცინის) 

- თქვენი განსაკუთრებული პენალტები ახსოვს ყველა იმ თაობის ფეხბურთის მოყვარულს, ვისაც თქვენი თამაშისთვის უყურებია. რა იყო თქვენი საფირმო პენალტების „საიდუმლო“?

- არაფერი განსაკუთრებული. ცენტრ ფორვარდი ვიყავი, მიყვარდა გოლების გატანა, თერთმეტმეტრიანი კი გოლების გატანის საუკეთესო საშუალებაა.  ვარჯიშის დროს პენალტის დარტყმა ადვილია, თამაშის დროს ძნელი. ვარჯიშის დროს კარს გახედავ და 7 მეტრიანია, აქ როგორ ვერ უნდა გავიტანოო, ფიქრობ, თამაშის დროს  კარი  თითქოს „პატარავდება“ და 3 -4  მეტრიანი ხდება. ერთხელ ვარჯიშის დროს დავით  გოგიას ხუთი დარტყმიდან ხუთივეჯერ მოვატყუე, ასე დაარტყი თამაშის დროსო - მითხრა. გაგიჟდი, ასე თამაშში რა დამარტყმევინებს მეთქი.  ხელს შეგიწყობო, მითხრა. ყველა ვარჯიშის შემდეგ დგებოდა  ხოლმე კარში და 20  - 25 პენალტს ვარტყავდი. დათო გოგიას დონის მეკარეს 25 დარტყმიდან 20-ს რომ გაუტან, ეს ბევრს ნიშნავს.  თამაშში ვურტყავდი ერთ პენალტს, მაქსიმუმ ორს. მეკარე,  გინდა არ გინდა, როდესაც ფეხბურთელს  ფეხს მოიქნევს, მოძრაობას იწყებს ერთ კუთხეში.  გამორბენის დროს მე ბურთს არ ვუყურებდი ხოლმე, თვალებით ვუყურებდი მეკარეს. ფეხის მოქნევის დროს, ის ირჩევდა ერთ კუთხეს და მე ბურთს მეორე კუხეში ვუშვებდი. თუ ადრე იცვლიდა მეკარე მდგომარეობას და ადრე გადახტებოდა, აი მაშინ იყო კარგი, გორავ -გორავით შედიოდა ბურთი კარში, თუ მეკარე მელოდებოდა და ბოლო მომენტში აიწეოდა, იქ უკვე ძლიერად ვარტყამდი.

როდესაც  „ზარიასთან“ თამაშში პირველი პენალტი ისე დავარტყი, მეკარე ტკაჩენკო  საერთოდ „დაიკარგა“ კარებიდან, დარასელიამ  გაოცებულმა მითხრა, ეს რა  დაარტყი, ეს რა გააკეთეო. მეორე თამაში ალმა -  ათას „ყაირათთან“ 88 წუთზე დაინიშნა პენალტი,  წამებში გამიარა ფიქრმა, დავარტყა ასე თუ არ დავარტყა, დავარტყი და მოვატყუე, მეკარე ისევ   „დაიკარგა“  კარში.  მერე უკვე ფსიქოლოგიურადაც გავმაგრდი, წავიდა და წავიდა პენალტები.

scale_1200

- თბილისის „დინამოს“ გამორჩეულ თაობაში მოგიწიათ თამაში,  როგორ გახსოვთ დღეს ის წლები, თქვენი თანაგუნდელები? 

- ეს იყო საუკეთესო წლები პირადად ჩემთვის და რა თქმა უნდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ფეხბურთს ვთამაშობდი იყვნენ ძალიან ძლიერი, ჭკვიანი, დიდი მოთამაშეები. გაგვიმართლა რომ გვყავდა  ნოდარ ახალკაცი - უდიდესი  ადამიანი, საუკეთესო მწვრთნელი. მოხდა ისე, რომ   ქვეყნის მასშტაბით ერთად შეიკრიბა ფეხბურთის ყველა ვარსკვლავი. 14-15 ფეხბურთელმა ვითამაშეთ საბჭოთა კავშირის პირველ ნაკრებში, ვიღაცამ ბევრი, ვიღაცამ -ნაკლები, მაგრამ ყველა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი ვიყავით საბჭოთა კავშირის პირველ ნაკრებში. წარმოიდგინეთ, 270 მილიონიანი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებში ჩვენი თაობის  15 ფეხბურთელი  თამაშობდა, გაბელია, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, მე, ყიფიანი,  ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, მანუჩარ მაჩაიძე, შენგელია, ჩივაძე, ქორიძე. ნოდარ ახალკაცს ლომის წილი ჰქონდა გუნდის წარმატებაში, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: მარტო საბჭოთა  კავშირის ჩემპიონატით ვერაფერს მივაღწევთ და საერთაშორისო ტურნირები ხშირად უნდა დავგეგმოთო, გვყავდა იმპრესარიო, რომელიც ახერხებდა თავისი კავშირებით, რომ  თბილისის „დინამო“ გასულიყო  კლუბურ შეხვედრებზე.  ძალიან წარმატებული თამაშები გვქონდა. კარგად მახსოვს ჩვენი თამაშები  სპარტაკიადებზეც. მაშინ „დინამოს“ ძალიან მაღალი რეპუტაცია ჰქონდა. გულშემატკივრები თავისი გუნდის შემდეგ ჩვენ, თბილისის „დინამოს“ „გვბალეშჩიკობდნენ“, ჩვენს თამაშებზე ანშლაგი იყო, გადაჭედილი იყო სტადიონები. ყიფიანის, დარასელიას, მაჩაიძის, გუცაევის, შენგელიას თამაშის საყურებლად მოდიოდა და მოდიოდა გულშემატკივარი.   

- განსაკუთრებით რომელი თამაში გახსოვთ თქვენი პროფესიული კარიერიდან?

- ეს იყო 1976 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე თამაში ერევანში, ერევნის „არარატთან“. მე სომხეთის გმირი ვარ, ცარიელ კარებში ავაცილე  და 75 ათასი სომეხი გადავარჩინე სიკვდილს (იცინის)  სომხები ერთით ნოლს გვიგებდნენ,  85  -ე წუთზე გავათანაბრე ანგარიში,  87 - ე წუთზე ერთი-ერთზე გასულს ამიღო აბრამიანმა, 90 -ე წუთზე ცენტრიდან დავიძარი,  აბრამიანმა ფეხი ააცილა, ცენტრში მოვატყუე,  ცარიელ კარში დავარტყი და ავაცილე - ჩავუქროლე კარებს გვერდით. მთელი საქართველო დედას მაგინებდა, სომხები მლოცავდენენ, დამწუხრებული, ატირებული მოვდიოდი თბილისში, თვალზე ცრემლი არ შემშრობია. ერევნის „არარატთან“ ყოველთვის დაძაბული თამაში გვქონდა ხოლმე. ისე კი ვართ მეგობრები, მაგრამ თამაშში ვჭამდით ერთმანეთს. ხომ იცით მეზობლების ამბავი, უკეთესი რომ უნდა იყო მეზობელზე, ეს ყველგან და ყველაფერში არსებობს. როგორც გუნდი, ჩვენ უფრო  ძლიერი ვიყავით, თუმცა მათაც კარგი ფეხბურთელები ჰყავდათ. 1974 წელს ერევანი საბჭოთა კავშირის  ჩემპიონი გახდა, თასიც კი აიღო.  ჩვენ 1978 წელს მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონების ტიტული.     

- განსაკუთრებული დამოკიდებულება რომელი ქვეყნის გუნდთან გქონდათ?

- ყველაზე კარგი ურთიერთობა გვქონდა უკრაინელ ფეხბურთელებთან, კიევის „დინამოს“ მაგარი ფეხბურთელები ჰყავდა,  ბევრ მათგანთან ცხონებულ ბალთან,  ბესონოვთან, ბელანოვთან, ბურიაკთან  ახლო ურთიერთობა მქონდა.  დღემდე კვირა არ გავა, ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ, ძალიან გულნატკენები არიან დღევანდელ ცხოვრებაზე,  ყველაფერზე, რაც უკრაინაში ხდება.  1976 მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა საბჭოთა კავშირის ნაკრები, სადაც ფეხბურთელების უმეტესობა უკრაინელები იყვნენ, ჩვენგან გუნდში მიწვეული იყვნენ საშა ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე.  ჩერნობილის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო.  ერთ დღეს დამირეკა  ვოვა ბესონოვმა და მთხოვა, სანამ ჩვენ  მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიქნებით, იქნებ ჩვენი ოჯახები ქობულეთში მიიღო, გამოვარიდებთ აქაურობასო.  რასაკვირველია უარს არ ვეტყოდი. ჩამოვიდნენ  ვლადიმერ ბესონოვის მეუღლე ორი ბავშვით, ანდრეი ბალის მეუღლე  სვეტა, რომელიც ფეხმძიმედ იყო,  კიდევ ორი ფეხბურთელის ცოლ-შვილი. ოთხ ოჯახს ვუმასპინძლე ორი თვე, სანამ მათი ქმრები  დაბრუნდებოდნენ  მსოფლიო ჩემპიონატიდან. ბალის მეუღლეს,  რიტას ვუთხარი, თუ ბიჭი დაიბადება, ნათლია მე ვიქნები მეთქი, აგვისტოში დაიბადა დანილა, რომლის ნათლია მე ვარ. გავიდა 2-3 თვეა და ოქტომბერში გვქონდა თამაში კიევის „დინამოსთან“, რომელიც  ევროპის თასის მფლობელი გუნდია, სასწაულად თამაშობენ.  ისეთ ფორმაში არიან სასწაული. თამაშის წინა დღეს დუბლის თამაშზე წავედით ბიჭები.  ჩემთან ერთად არიან უკრაინელი ფეხბურთელები, ანდრეი ბალი და სხვები. ანდრეის  ვუთხარი: აგერ რამდენიმე დღეში ბავშვს გინათლავ და  რა იქნება ფრე გვეთამაშეთ მეთქი. გაგიჟდიო - მითხრა, დაგვხოცავენ, ევროპის თასის მფლობელები ვართ, ფრე როგორ გეთამაშოთო. მაშინ მე ვუთხარი, ერთით ნოლი თუ იყო ვთამაშობთ, ორით ნოლი თუ იყო, გაჩერდით და სადღაც თამაშის მიწურულს ერთ პენალტს შევაგდებ მეთქი. კარგიო, დამეთანხმა. იქვე მათი მოთამაშე იყო, ორმეტრიანი მცველი კუზნეცოვი, სასწაული ძალის პატრონი იყო. ანდრეის ვთხოვე,  კუზნეცოვს უთხარი,  ფეხი არ მომარტყას, ლამაზად მეთამაშოს, ეკლესიაში კოჭლი ხომ არ შემოვალ-მეთქი. ანდრეიმ დაუძახა კუზნეცოვს და უთხრა: თამაშში ამას  რამე რომ დაუშავო,  მოგკლავო. კარგიო დაეთანხმა ისიც და მართლაც ნარნარით მეთამაშა.  3-1 მოვიგეთ ის თამაში, ორი გოლი გავიტანე. რატომ არ მოგტეხა კუზნეცოვმა ის ფეხიო, ხუმრობდა  ანდრეი  ( იცინის)

rZxik7-MBsM

-  თქვენი ბიოგრაფიის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი მინდა გაგახსენოთ, როდესაც თქვენ ვერ მოხვდით გუნდში, რომელმაც  1981 წელს დიუსელდორფში დიდი გამარჯვება მოიპოვა. როგორ მოხდა ეს ამბავი?

- ეს ჩემი ცხოვრების უმძიმესი მოგონებაა. ამ ამბავმა გული სამუდამოდ მატკინა.  უკვე ავტობუსში ავდიოდი ჩანთით, გამაჩერა გივი ნოდიამ და მითხრა: ჩვენ ვრჩებითო.  ბიჭები გაოგნებულები დარჩნენ, ვერ მიხვდნენ, მე რატომ არ მივდიოდი მათთან ერთად. 2 წლის ბავშვივით ვიტირე. მოგვიანებით გავიგე, რომ ცხონებული კახი ასათიანის პირადი გადაწყვეტილება იყო ეს, თუმცა არასდროს არაფერი მითქვამს მისთვის.  ნოდარ ახალკაცი  უკვე მოსკოვში იყო, იქ ელოდებოდა „დინამოს“ ჩასვლას, მან  არ იცოდა, რომ მე არ  მივდიოდი და ჩემს ნაცვლად ჟვანია ჩასვეს, პირიქით,  მოსკოვში მეც  მელოდა.  მოგვაინებით გავიგე რაც მოხდა. იყო ერთი კაცი, ქართლოს სვანიძე, „ბელადოს“ ეძახდნენ. კიროვის პარკში, გულშემატკივართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. თურმე ის მისულა კახისთან  და უხვეწნია, ჩელე მაინც არ თამაშობს ძირითადში და მაგის ნაცვლად  ჟვანია წაიყვანე, მაინც ჩვენებური კაციაო. ცოტა ჩემი ბრალი იყო. ტრავმის გამო მთელი წელი ფორმაში ვერ ვიყავი, თუმცა დიუსელდორფისთვის უკვე კარგად ვიყავი მომზადებული. ქართლოს სვანიძის დამსახურებით  მოხდა ეს ამბავი. ყველას შეუნდოს უფალმა, თუმცა მე ამის გახსენება დღემდე ისევ  გულს მტკენს.   

- ამას მოჰყვა ის ამბავი, გუნდიდან წასვლას და ხილ -ბოსტნის   სამმართველოს უფროსობას რომ აპირებდით?

- ხილ-ბოსტნის ამბავი არ გამახსენოთ. იყო ასეთი ამბავი ოღონდ სხვა დროს, მაგრამ საბოლოოდ მაინც  ფეხბურთმა გადაწონა. ხილ-ბოსტნის დირექტორები მიდიან და მოდიან, ფეხბურთი კი რჩება  (იცინის)  მაშინ ბათუმის „დინამოში“ ვთამაშობდი, რატომღაც  ვფიქრობდი, რომ უნდა დამესრულებინა კარიერა, თუმცა ის ბოლო ტური აუცილებლად უნდა მეთამაშა. ვთხოვე უფროსობას, ამ სეზონს ჩავამთავრებ და   ერთი კარგი სამსახური მიშოვეთ მეთქი. მთავარი იყო  ჩვენი გუნდი მოხვედრილიყო გუნდების  ექვსეულში, თუ ვერ მოვხვდებოდი, წლის ბოლომდე უნდა დავრჩენილიყავი, რომ გუნდი არ გავარდნილიყო. ყველა თამაში მოვიგეთ,  7 ქულა ავიღეთ. მე გავიტანე გოლები და ჩემი სიტყვა შევასრულე,  დადგა პირობის შესრულების დრო. ერთი კი შემომთავაზეს, ხომ არ გააგრძელებდი ფეხბურთსო, არა მე  პირობა შევასრულე, გუნდი გავიყვანე, ახლა ჯერი თქვენზეა მეთქი, ვუთხარი უფროსობას. აჭარის ხილ-ბოსტანის სამმართველოს დირექტორად უნდა დავინიშნო, მაგრამ სად მე და სად ხილ-ბოსტანი, ამიტომაც სხვა დირექტორები უნდა დამეხმარონ და  საქმიანობა შემასწავლონ.  უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და რეკავს ტელეფონი, ცხონებული კახი ასათიანი მკითხულობს - ჩელე ჩაალაგე შენი ბარგი, დილას ლესელიძეში უნდა იყოო. ნოდარ ახალკაცი დაბრუნდა „დინამოში“ და შენც უნდა დაბრუნდე, გადაწყვეტილია ეს ამბავიო. მე ვუთხარი, რას ამბობ, ხილ-ბოსტნის მმართველად  დამნიშნეს - მეთქი. გაგიჟდი, შენ მანდ რა გინდა, დაგიჭერენ, შე საწყალოო - მითხრა შალვოვიჩმა, ასე დამაბრუნა „დინამოში“, მეორე დილას უკვე ლესელიძეში ვიყავი  (იცინის)   

-  რა გენატრებათ წარსულიდან და რა დაგიტოვათ ფეხბურთში გატარებულმა წლებმა?

- ძალიან მენატრება თამაში, მინდა მოედანზე ვიყო და პენალტები გამქონდეს.  იმ წლებმა დამიტოვა დიდი სიყვარული, სითბო, რასაც ვგრძნობ ყველა ფეხის ნაბიჯზე. იმ ბედნიერებას, რაც იმ წლებმა მოგვიტანა, დღემდე ვიმკით. ფეხბურთელები  განსაკუთრებით  ვუყვარდით ხალხს. როდესაც ფეხბურთს ჩამოვშორდი, 31 წლის ვიყავი. ძალიან მძიმედ გადავიტანე. მუხლის ტრავმა, რის გამოც თამაში ვეღარ გავაგრძელე, აქამდე მაქვს გამოყოლილი და დღესაც მაწუხებს.თავიდან ძალიან გამიჭირდა ფეხბურთის გარეშე ყოფნა, მაგრამ  ცხოვრება იმან შემაძლებინა რომ დავრჩი ფეხბურთში და დღემდე ვცოცხლობ ფეხბურთით. მიხარია, რომ დღეს  ჩემს ქალაქში არის ჩემი სახელობის სტადიონი, გახსნილია და მუშაობს საფეხბურთო აკადემია „ჩელე“, ვარ გუნდის დირექტორი.სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ძალიან ცუდი პერიოდი გაიარა  ჩემი წინამორბედის ხელში, უმაღლეს ლიგაში მყოფ გუნდს საერთოდ აეკრძალა ფეხბურთის თამაში. ახლა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. აჭარის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, მადლობა მას ამისთვის, მალე დაიწყება „ჩელე არენას“  სრული რეაბილიტაცია, გაკეთდება სამი მოედანი, რაც მომავალი თაობის გაზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვთა ფეხბურთს  განვითარებისთვის გაღებული თანხები აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. დღეს ბავშვებში ფეხბურთის ბუმია, რაც ძალიან მახარებს. თუ მეტად არ განვითარდა ბავშთა ფეხბურთი, დიდ არენაზე გასვლა გაუჭირდებათ ჩვენს ახალგაზრდებს.მათ უნდა ითამაშონ მაგარ გუნდებში, რომ  საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდნენ, როგორც ვარსკვლავები. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რა სიხარულის მოტანა შეუძლია ფეხბურთს ჩვენი ხალხისთვის. ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. სათამაშოდ წავედით ევროპაში და არა მოსაგებად,  და ლამის მოვიგეთ. რომ მოგვეგო ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში (იცინის) 

თამუნა ნიჟარაძე  

ჩელე-1

analytics
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ისრაელს იმედი აქვს, რომ ირანელები მმართველ რეჟიმს აუჯანყდებიან. რამდენად შესაძლებელია ასეთი სიტუაცია?“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ისრაელს იმედი აქვს, რომ ირანელები მმართველ რეჟიმს აუჯანყდებიან. რამდენად შესაძლებელია ასეთი სიტუაცია?“. პუბლიკაციაში განხილულია საინტერესო ვერსიები იმისა, თუ ვინ შეიძლება მოვიდეს ირანის ხელისუფლებაში და საერთოდ, არიან თუ არა ირანის თეოკრატიული ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები ქვეყანაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ირანის წინააღმდეგ ისრაელის შეტევების მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისრაელის მიზანს არამარტო ბირთვული საფრთხის ლიკვიდაცია  წარმოადგენს, არამედ ისლამური რესპუბლიკის მმართველი რეჟიმის შეცვლაც. მაგრამ რამდენად რეალისტურია სიტუაციის ასეთი განვითარება? რამდენად შესაძლებელია ირანში აიათოლების ხელისუფლების დასრულება?

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მრავლისმეტყველი განცხადება გააკეთა - ირანელებს ვიდეოგამოსვლით ფაქტიურად თავიანთი ლიდერების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებისა და თეოკრატიული რეჟიმის დამხობისაკენ მოუწოდა: „ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზანია თავიდან აიცილოს ირანიდან მომდინარე ბირთვული და რაკეტული საფრთხე. ჩვენი მიზნების რეალიზებით თქვენ, ირანელ ხალხს, გზა გეხსნებათ თავისუფლებისაკენ“.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ირანზე ისრაელის შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ქვეყნის თეოკრატიული მმართველი რეჟიმის დამხობა და მისი ახლით შეცვლა წარმოადგენს. „ისრაელს სურს, რომ ირანელი ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდეს და დაამხოს - ისე, როგორც შაჰის მთავრობის დროს მოხდა“, -  განუცხადა სააგენტო „როიტერს” (Reuters) მაიკლ სინგხმა ვაშინგტონის ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ინსტიტუდან, რომელიც ჯორჯ ბუშ - უმცროსის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იყო.

„ისრაელს იმედი აქვს, რომ მისი დარტყმებით ირანის მმართველები დასუსტდებიან, ხალხი აჯანყდება და მთავრობას დაამხობს... მაგრამ ეს ძალიან სარისკო სცენარს წარმოადგენს“, - აღნიშნავს ამირ აზიმი, „ბიბისის“ სპარსული სამსახურის რედაქტორი, - „არავინ ზუსტად არ იცის, დაიწყება თუ არა რეალურად მსგავსი ჯაჭვური რეაქცია“.

როგორც „ბიბისის“ ახლოაღმოსავლური სამსახურის კორესპონდენტი ჰიუგო ბაჩეგა აღნიშნავს, ბუნებრივია, რომ ირანის ხელისუფლება დღეს სერიოზულ ზეწოლას განიცდის: საზოგადოება უკმაყოფილოა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, ქალების უფლებათა დარღვევით და სხვა ბევრი პრობლემით.

ისრაელის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ირანს დიდი ზიანი მიაყენა - ფიზიკურად განადგურდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სარდლობა, არმიის გენშტაბის ზოგიერთი წევრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანს კიდევ უფრო მეტი ზარალს მიაყენებს და არა არის გამორიცხული ქვეყნის უმაღლესი ლიდერის - აიათოლა ალი ჰამენეის ფიზიკური ლიკვიდაციაც.

მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია: შესაძლებელია თუ არა, რომ მომხდარმა ამბებმა შიდაპოლიტიკური არეულობა და ფართო ანტისამთავრობო პროტესტები გამოიწვიოს? ამ ეტაპზე არ არსებობს დამარწმუნებელი მონაცემები იმისა, რომ შიდა მადესტაბილიზებელი პროცესები უკვე დაიწყო, ან იმის ნიშნები, რომ დაიწყება. სიტუაცია არაპროგნოზირებადია.

ირანში რეალური ძალაუფლება იმათ ხელშია მოქცეული, ვინც არმიასა და ეკონომიკას აკონტროლებს, ანუ პირველ რიგში - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სტრუქტურებსა  და ზოგიერთ არაარჩევით ორგანოებში. როგორც „ბიბისის“ სპარსული სამსახურის რედაქტორი ამირ აზიმი აღნიშნავს, ამ ძალებს სახელმწიფო გადატრიალება არ ჭირდებათ, ისინი უკვე დიდი ხანია ხელისუფლებაში არიან და თავიანთი სურვილის მიხედვით, შეუძლიათ ქვეყანა უფრო კონფრონტაციული მიმართულებით წაიყვანონ.

ბენიამინ ნეთანიაჰუსათვის, ალბათ, სასურველი იქნება მოხდეს სახალხო აჯანყება, რომლის შედეგად ირანის ხელისუფლებაში ისრაელისადმი მეგობრულად განწყობილი ძალა მოვა... მაგრამ იბადება საკვანძო კითხვა: ვინ შეიზლება იყოს ამჟამინდელი რეჟიმის რეალური ალტერნატივა?

ირანის ოპოზიცია ბოლო წლებში დაქუცმაცებული და დაშლილი რჩება. 2022 წლის მღელვარების შემდეგ მოძრაობა „ქალი. სიცოცხლე. თავისუფლება“, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილს მოიცავდა, შეეცადა კოალიციის ჩამოყალიბებას ანტიისლამურ და რესპუბლიკურ აქტივისტებთან ერთად, მაგრამ შიდა უთანხმოებამ - მათ შორის ლიდერობის საკითხის გამო - გაერთიანების ძალისხმევას ძირი გამოუთხარა.

იმ ფიგურებს შორის, რომლებსაც ისრაელისთვის სავარაუდო ალტენატივის როლის შესრულება შეუძლიათ, არის ყოფილი მემკვიდრე პრინცი მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ბოლო შაჰის ვაჟი. იგი დევნილობაში ცხოვრობს, ცდილობს დასავლეთის ქვეყნების ნდობის მოპოვებას და ამ მიზნით ისრაელშიც კი ჩავიდა... მაგრამ მიუხედავად მისი გარკვეული პოპულარობისა ირანელთა შორის, ჯერ-ჯერობით არანაირი ნიშანი არ არის, რომ მისი ფიგურა შეიძლება ოპოზიციური მოძრაობისათვის მიმზიდველი გახდეს.

არის აგრეთვე დაჯგუფება „მოჯაჰედინ ჰალკი“ (MEK) - მემარცხენე რადიკალური ოპოზიცია დევნილობაში, რომელიც ისლამური მმართველობის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ის ასევე წინააღმდეგია, რომ მონარქიის რესტავრაცია მოხდეს. „მოჯაჰედინებმა“ 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, მხარი დაუჭირეს სადამ ჰუსეინს, რითაც ძალიან შეილახეს თავიანთი რეპუტაცია ირანელების თვალში. დაჯგუფებას ჰყავს მომხრეები აშშ-ში, რომლებიც ახლოს არიან დონალდ ტრამპის ბანაკთან, მაგრამ მათი გავლება ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე საკმაოდ დაბალია.

„არსებობენ კიდევ სხვა პოლიტიკური ძალებიც - საერო დემოკრატიის მომხრეებიდან საპარლამენტო მონარქიის მხარდამჭერებამდე - მაგრამ დღეს არცერთს ამ ჯგუფებიდან არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა ხელისუფლებაში მოსასვლელად“, - ამბობს ამირ აზიმი.

მაიკლ სინგჰის აზრით, დღეისათვის არავინ არ იცის, თუ როგორი პირობებით არის შესაძლებელი ოპოზიციის გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად.

ჯერ-ჯერობით ნაადრევია ისრაელის სეტევების ყველა შედეგზე საუბარი და პროგნოზების გაკეთება. გასული წლის ირან-ისრაელის დაპირისპირების ესკალაციის დროს ირანულ საზოგადოებაში რაიმე მნიშვნელოვანი ანტისამთავრობო განწყობები არ შემჩნეულა, თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელი სიტუაცია შარშანდელს არ შეედრება - დღეს უფრო მეტი საფუძველი არსებობს, რომ ირანელმა ხალხმა უკმაყოფილება უფრო ძლიერად გამოხატოს.

და მაინც, როგორც მაიკლ სიგჰი ამბობს, ირანისათვის მიყენებული ზიანის მიუხედავად, ისლამური ხელისუფლების მიერ ათწლეულობით წარმოებულმა ანტიებრაულმა და ანტიისრაელურმა პროპაგანდამ და რიტორიკამ - არამარტო ხელისუფლებაში, არამედ ირანის შიიტური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში - ისეთი განწყობა შექმნა, რომ საეჭვოა მოსახლეობის ფართო მასები საკუთარი თეოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდეს.

კიდევ ერთი სავარაუდო სცენარი - „ისრაელის დარტყმები იწვევს მმართველი რეჟიმის კრახს, რომლის შედეგად ქაოსი დაიწყება“. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ისეთ რელიგიურ ქვეყანაში, როგორიც ირანია და რომლის მოსახლეობა 90 მილიონს აღწევს, ქაოსი კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისათვის. 

სამხედრო ექსპერტის მიკ რაიანის აზრით, ირანის რეჟიმისათვის ხელისუფლების შენარჩუნება, როგორც ჩანს, რუსეთს და ჩინეთს შეუძლიათ. „თუ გავითვალისწინებთ ირან-რუსეთის ურთიერთობის დონეს და კომუნისტური ჩინეთის ინტერესებს, მოსკოვს და პეკინს შეუძლიათ მხარდაჭერა გამოუცხადონ ირანის მმართველ რეჟიმს. არც ვლადიმერ პუტინს და არც სი ძინპინს არ სურთ, რომ მათი თანამოქალაქეები მოწმენი გახდნენ იმისა, თუ როგორ ემხობიან ავტორიტარული რეჟიმები“, - ამბობს მიკ რაიანი.

რჩება კითხვა: როგორია თვითონ ირანის მიზნები მიმდინარე ეტაპზე? ობიექტურად რომ ვთქვათ, თეირანს მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ აქვს.

ერთ-ერთი ვარიანტია აშშ-სთან მოლაპარაკებისა და დეესკალაციის კურსის გაგრძელება, მაგრამ თეირანის ხმამაღალი ანტიდასავლური და ანტიისრაელური განცხადებების ფონზე ასეთი ნაბიჯი სისუსტის აღიარების მაჩვენებელი იქნება, განსაკუტრებით დონალდ ტრამპის მოთხოვნების სემდეგ. ასეთი უკანდახევა ირანის ხელმზღვანელებს ზალიან ძვირი დაუჯდებათ, - აღნიშნავს ამირ აზიმი.

ალტერნატივა - შეტევების გაგრძელებაა. სწორედ ამას პირდებიან ირანელი ლიდერები თავიანთ მომხრეებს. მაგრამ ირანის ყოველ შეტევას ისრაელის პასუხი (და ბევრად უფრო ძლიერი) მოჰყვება.

ირანი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ დარტყმები შეიძლება შეეხოს აშშ-ის ბაზებს, საელჩოებს და სხვა ამერიკულ ობიექტებს რეგიონში, მაგრამ მათი განხორციელება იოლი არ იქნება - ირანს ძალები არ ეყოფა, რადგან საელჩოებისა და ბაზების დაცვა გაძლიერდება. გარდა ამისა, აშშ-ის კუთვნილ ობიექტებზე თავდასხმა ნიშნავს იმას, რომ ამერიკა პირდაპირ ჩაებმება ომში, რაც ირანს ყველაზე ნაკლებად სურს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way