USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
რეპორტაჟი 1921 წლის ბათუმიდან
Date:  1461
დაიწყო ეს ამბავი ამგვარად: იყო მარტი. 1921 წელი. ქალაქ ბათომში.
ამ დღეს ბათომი გასხვანაირდა. ესე იგი ეს იყო უკანასკნელი დღე. ამ დღეს წავიდა მთავრობა (მენშევიკები), ამ დღეს დაიშალა დამფუძნებელი კრება (საქართველოსი), ამ დღეს დააპირეს ბათომის აღება თათრებმა. ამ დღეს მოხდა კიდევ მრავალი სხვა და სხვა მნიშვნელოვანი და არა მნიშვნელოვანი ამბავი და როდესაც გათენდა შემდეგი დღე (მეორე დღე) - ქალაქში დაჯდა რევკომი. ანუ: ქალაქი ბათომი დაიკავეს ბოლშევიკებმა. მოვიდნენ ბოლშევიკები:
მათ დარჩათ ტფილისი. მათ დარჩათ ქუთაისი. და მრავალი ხალხი, რომელიც მოაწყდა ბათომს (ლტოლვილები) გრძნობდა:
დარჩებოდა ბოლშევიკებს ქალაქი ბათომიც.
გრძნობა იყო კიდევ ასეთი:
ძველად ღელავდა ზღვა. ასკდებოდა წყალი ნაპირს, ნაპირი იყო საზღვარი ატეხილი სტიქიონის, ეხლა შეტრიალდა კანონები უკუღმა. ესე იგი: - აღელდა ეხლა ხმელეთი, პირველი ტალღა გაქანდა მიწაზე ოქტომბერში პეტერბურგიდან (შეიძლება - მარტში, თუ თებერვალში), როდესაც დაიწყო რევოლუცია რუსეთის. ოქტომბერში ტალღა გაიშალა. ატორტმანდა რუსული მინდორი. მოაწყდა ეს ტალღა კავკასიონს და შეჩერდა (მაღალია კავკასიონი), შეინძრა, კიდევ ერთხელ აზვირთდა. აქაფდა. გადმოასხა მთებზე ღვრია წყალი და გაიბნა. ტალღა დაეჯახა ნაპირს (ზღვას), ზღვასთან გაჩერდა.
ტალღა გადაიქცა ოკეანედ. ოკეანე - მიწა, ზღვიდან ზღვამდე.
აქ იყო ნაპირი იმ ოკეანესი. და გრძნობდა ადამიანი (მრავალი) - ჩაიძირა ტფილისი.
ჩაიძირა ქუთაისი.
ჩაიძირებოდა (უთუოდ) ბათომიც. ბათომიდან კი იყო გზა ორნაირი:
გზა ზღვისაკენ - ეს იყო სიკვდილი. დახრჩობა. გადაშენება. ამოძირვა და მეორე გზა:
გაჩერება ზღვასთან, მიწაზე (მიწაზე მაინც). შეიძლება გზა სიკვდილის, მაგრამ სიკვდილის მიწის სიყვარულით გამართლებულის.
ორივე გზა კი საშიში.
ორივე გზა - უფსკრულებზე. სიარული დანის პირზე.
ეს იყო ამ დღეს - მარტში.
მარტი ყველგან სტრისი ყოველთვის. ბათომში უცნაურად.
ამ დღეს მარტი სტიროდა უარესად.
ბათომი კი სავსე იყო. აივსო ბინები. აივსო სასტუმროები. აივსო ვაგონები. ქუჩები. ხალხი მორბოდა: აღმოსავლეთით: იმერეთით. გაურბოდა - წითელ საშიშროებას. წითელი ფრთა კი მოდიოდა: გაშლილი ბადესავით ეფარებოდა ლტოლვილს. ეხვეოდა აღმოსავლეთიდან.
იმერეთიდან.
ამინდი (ცუდი) ვერ აკავებდა ვერავის. ქუჩად იყო გამოსული მრავალი. ბათომში სახეები იყო დაღვრემილი. გაუპარსავი. აწურული.
იდგა სვეტივით გულზე:
შიში. სიცივე. წვიმა.
დაჩოჩავდა ქუჩებში მოწყენილი ავტომობილები. ცხენიანი ურმები. (მიქონდათ ცხელი მჭადი ჯარისთვის).
დადიოდნენ - პატრულები, ანუ ჯარისკაცები სოველი და ტალახში გასვრილი.
განსაკუთრებული რაზმის ხალხი (ყაბალახი. ბლუზა. მოკლე პალტო. მესტები. მაუზერი).
დამფუძნებელი კრების წევრები.
და მრავალი სხვა - საეჭვო და უეჭველი.
მოქალაქეც დადიოდა აფუყული. იდგა ჯვარედინზე, ჰგავდა: სოველ ბეღურას, სარის წვეროზე რომ შემოჯდება ზამთარში.
ზოგი ცხარობდა ჯგუფში. და ილანძღებოდა უსათუოდ. ზოგი უსაქმოდ დადიოდა. ატარებდა მღვრიე გულით მსოფლიოს სევდას. გაჩერდებოდა აქ. შედგებოდა იქ. დასტოვებდა მაგარ სიტყვას ერთ ქუჩაზე. დაღვრიდა შხამს მეორეზე. წავიდოდა.
ზოგი დარბოდა საქმეზე და საქმიანად.
ხაზინაში. პორტში. სადგურზე. საწყობებში.
ლაპარაკობდნენ:
მთავრობაზე - წავა თუ არ წავა (უცხოეთში), გაუშვებს ჯარი, თუ დახოცავს ყველას.
ამას ლაპარაკობდნენ ჩუმად, სანდო პირებში. საშიში იყო ხმის აწევა.
მენშევიკებზე - დაღუპეს ქვეყანა მაგ მამაძაღლებმა. მაგათი დედა...
გვარდიაზე - უდიერად იხსენიებდნენ „მაგ ყაჩაღებს“.
არკვევდნენ მთავარსარდალის კვინიტაძის ტაქტიკას - აძაგებდნენ პარტიული კაცები (მენშევიკები), აქებდნენ მოქალაქენი, ქართველები: მაგ რომ არ ყოფილიყო, სულ მოგვეჭრებოდა თავი...
სტრატეგიას ენაცვლებოა საკითხი ანტანტის უსინდისობისა და სფერო მაღალი პოლიტიკის იჭერდა ადგილს ამაღელვებელს.
ვაჭრობდნენ სარეკორდოდ და უჩვეულოდ: - ქუჩის ფოტოგრაფები და რესტორნები.
იდგა სამფეხიანი აპარატი ყველა მოსახვევში. ბაღის მხრივ უფრო მეტად: ბაღთან წვიმაში არავინ დადიოდა. იქ მყუდრო ადგილი იყო. ვერავინ დაინახავდა ამ საიდუმლო საქმეს. სურათის გადაღება კი საჭირო იყო (აუცილებლად) საგარეო პასპორტისათვის.
სავსე იყო სამიკიტნო „მოდი ნახე“. ცხოვლად ვაჭრობდა რესტორანი „არტელი“. თავგამოდებით უკრავდა იქ სიმებიანი ორკესტრი ბერძნების და რუმინელების. ბერძენი მაესტრო ხშირად ასრულებდა „სამშობლოს“ („გამაგონე ეგ ხმა ტკბილი“) და „ვენიზელოსის მარშს“...
ღვინო ისმოდა რიგზე მეტი: სიმღერა კი არ იყო. „მრავალჟამიერიც“ კი. ეს იყო საკვირველი, მაგრამ ეს ასე იყო. შესაძლებელი შემთხვევა (ქვეყანაზე ყველაფერია შესაძლებელი), მაგრამ იშვიატი მეტად.
ფასი დაედო ძალზე - ჩემოდნებს. შეიქნა მოთხოვნილება ატმოსფერული. ვიღაცა ამას მიხვდა - გაჩნდა მაღაზიებში ძველი და ახალი ჩემოდნები. სისხლის ფასად. მაგრამ ჩემოდნები საღდებოდა მაინც. ყიდულობდნენ (ყოველი შემთხვევისთვის. ვინ იცის რა მოხდება. ეშმაკს თვალი არ უჩანს).
შემდეგ - იყო სადღაც კრებები. თათბირი და ბჭობა. ვიღაცა ელაპარაკებოდა ვიღაცას. ვიღაცა სწყვეტდა საქმეს მნიშვნელოვანს და ამას აცხადებდა. ვიღაცა არ აცხადებდა არაფერსაც. ვიღაცა მოითხოვდა ხელთათმანებს, თივას და აბჟანდებს.
ვიღაცა იჯდა ვაგონში და არავის არ ღებულობდა.
სადღაც კი არიგებდნენ - ფეხსაცმელებს. პალტოებს. შაქარს. შედედებულ რძეს. ვიღაცანი ყველაფერ ამას ღებულობდა. ვიღაცა ყიდდა. ვიღაცა ყიდულობდა (ყველაზე საკვირველი იყო ეს უკანასკნელი ამბავი, მაგრამ ასე ხდებოდა: მყიდველი იყო).
იტვირთებოდა გემი რაღაც ნივთებით.
სადღაც ეძებდნენ რაღაცა სიას და სია არ სჩანდა. სადღაც ქაღალდზე აკრავდნენ ბეჭედს და ვიღაცა ღებულობდა ფულს. ზოგს მიღებული ჰქონდა. ზოგიც მიღებას აპირებდა, ეძებდა გზებს. გზები ჩნდებოდა.
მიღოღავდა ქუჩაზე: ეტლები, ფურგონები, საბარგო მანქანები. მიჰქონდათ: ნოხები. სკამები. კალა. ჟესტის ყუთები. თბილი საბნები ბარდანებად შეკრული. ყველაფერს ათოვდა. და სტიროდა გზებზე წვირიანი თოვლი.
ქუჩაზე ყიდნენ დარცხვენილი ხმით „ერთობას“.
გაზეთის კითხვა დავიწყებოდა ყველას.
გაზეთში ეწერა საინტერესო ამბები.
„ამბოხება კრონშტადტში. პოლკოვნიკი კოზლოვსკის მოწოდება. აღება პეტერბურგის და მოსკოვის დაცლა ბოლშევიკების მიერ“.
შემდეგ - სწერდა საკუთარი კორესპონდენტი ამბავს თუ როგორ დამყარდა ტფილისში ახალი ძალაუფლება.
კიდევ ეწერა გაზეთში მრავალი საინტერესო ამბავი. მაგრამ მოქალაქემ იცოდა მეტი და უკეთესი. თვითეულ მოქალაქეს ქონდა შემონახული საკუთარი სენსაცია. ზოგი კი ღრუბელივით სავსე იყო სენსაციით.
ქუჩაზე იყო კიდევ ასე:
შეხვდებოდა ორი კაცი ერთმანეთს.
მიხვალ, თუ რჩები, - იყო კითხვა (ესე იგი - მიდიხარ საზღვარგარეთ თუ რჩები, შე საწყალო, ბოლშევიკების ხელში).
- ვრჩები.
- შენ.
- მეც.
გააქნევდნენ თავს. გაშლიდნენ ხელებს. უხმოდ ასჩეჩავდნენ მხრებს და უხმოდვე შეაქცევდნენ ერთი მეორეს მოდრეკილ ზურგებს. ეს ნიშნავდა: არის ბედნიერი ხალხი, რომელნიც მიდიან საზღვარგარეთ. მე და შენ კი ასეთ რისკს ვეწევითო.
გულში კი ფიქრობდა:
ერთი: მე კი ავიღე საგარეო პასპორტი და შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი, რა ჩემი საქმეაო.
მეორე: მე პასპორტი მზად მაქვს გენერალ-გუბერნატორის კანცელარიაში. მივალ და ავიღებ. რას მარგებს სხვისი ყურებაო. და მიდიოდა. პასპორტს მიიღებდა უთუოდ.
ქალაქში დადიოდა ბღავილით აჭარლების მანიფესტაცია. იძახდა - „იაშასუნ ქემალ ფაშა“-ო. ახსენებდნენ აგრეთვე ქეზიმბეის. მიდიოდნენ ანგორის დროშით. აჭარელი მოღვაწეები მოსჩანდნენ იშვიათად. დადიოდენ ჩუმად. თუ ვინმე ქრისტიანი ქართველი გამოელაპარაკებოდა - ეტყოდნენ: ჭკუაა საჭირო, ჭკუაო და ასწევდნენ კუდს. რაღაცას მალავდენ. რაში იყო საქმე არ ამხელდენ.
არავინ არ იცოდა, თუ რა იქნებოდა ხვალ.
ყველა კი გრძნობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო და ეს რაღაც იქნებოდა მეტად არასასიამოვნო მოქალაქისათვის. დაახლოებით ყველა დარწმუნებული იყო, რომ მოხდებოდა პოგრომი. დაარბევდენ მაღაზიებს, საწყობებს და მოქალაქეებს.
შემდეგ დახვრეტდნენ -
ოფიცრებს (უთუოდ ყველას).
განსაკუთრებულ რაზმს (პირწმინდათ).
პარტიულ ხალხს (ზორბა-ზორბა და მცირეს).
მენშევიკებს (ვინ დააკავებს) და სპეკულიანტებს (უეჭველად).
შემდეგ -
უთუოდ დაჯდებოდა ჩეკა და ყოველდღე თითო-ოროლა კაცს (ვის - ეს შემთხვევის და გარემოების საქმეა) დახვრეტდა, ან ჩამოახრჩობდა მოედანზე სამაგალითოდ და ჭკუის სასწავლებლად. დაახლოებით ასე ფიქრობდა ყოველივე მოქალაქე. (არავინ ხმამაღლა ამას არ იყოდა. ფიქრობდა: რისთვის უნდა გავაფრთხილო სხვა. თუ წავხდით, წავხდეთ ბარემ ერთად). დანამდვილებით კი სინამდვილე არავინ არ იცოდა. ცხადი იყო, რომ იდგა შიში, სვეტივით ჩასობილი გულში.
სციოდა. სწვიმდა. ღამდებოდა.
ეს კი საკმარისი არ იყო და ხალხი მიეშურებოდა ქალაქის საბჭოს შენობისაკენ. იქ რაღაც დიდი კრება იყო განზრახული. ელოდენ მთავრობას და მთავრობის თანასწორ ხალხს. გაიგებდა კაცი რაიმე ამბავს.
ეს იყო ქალაქ ბათომს ზამთარში. მარტის დღეს.
ამ დღეს წავიდნენ მენშევიკები (მთავრობა). ამ დღეს დაიშალა დამფუძნებელი კრება (საქართველოსი). ამ დღეს დააპირეს ბატომის დაჭერა თათრებმა. მოხდა ამ დღეს კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი და არა მნიშვნელოვანი ამბავი და როდესაც გათენდა შემდეგი დღე (მეორე დღე) - ქალაქში დაჯდა რევკომი. ანუ - ქალაქ ბათომი დაიკავეს ბოლშევიკებმა. მოვიდნენ ბოლშევიკები.
ამ დღეს ცუდი ამინდი იყო ბათომში. და ამ დღეს ადამიანს არავისი არ სჯეროდა.
 
 
"თებერვალი" - ნიკოლო მიწიშვილი
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way