რაულ ჩილაჩავას მრავალმხრივი და საინტერესო ბიოგრაფია აქვს - პოეტის, ჟურნალისტის, მეცნიერის, მთარგმნელის, დიპლომატის პროფესიული კარიერის მიღმა საინტერესოა რაულ ჩილაჩავას პირადი ცხოვრებაც - 19 წლის ასაკში იპოვა მეორე სამშობლო, რომელმაც იმაზე მეტი სიკეთე მისცა, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს და რომლის დატოვებაც 55 წლის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში სასტიკი ომის დაწყების გამო, იძულებით მოუხდა.
გზა მონატრებული საქართველოსკენ და წიგნი საყვარელი ძაღლის “ჩაპასგან”, რომლითაც რაულ ჩილაჩავამ უკრაინის ომის ქრონიკა აღწერა - 2022 წლის 24 თებერვლის დღე, რომელმაც მისი ცხოვრება ორ ნაწილად, ოჯახი კი სამად გაყო - ბატონი რაული საკუთარი ცხოვრების და შთაბეჭდილებების შესახებ გვიამობობს..
რაულ ჩილაჩავა: 2022 წლის 24 თებერვალმა ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო. რა დამავიწყებს ამ დღეს, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში და როგორც შემდეგ აღმოჩნდა არა მარტო ჩემს, თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში. უზარმაზარი რუსეთის იმპერია ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა მეზობელ, მონათესავე ქვეყანას, ამისი წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. ჩვენ პრაქტიკულად აღმოვჩნდით ომის ქარცეცხლში. პუტინმა გაიმეორა ჰიტლერის მაგალითი, რომელმაც ასევე დილის 4 საათზე დაბომბა კიევი, როდესაც დაიწყო ე.წ. დიდი სამამულო ომი. ის რაც კიევში 24 თებერვალს ხდებოდა, რა თქმა უნდა, იყო უზარმაზარი შოკი. ჩვენ ველოდით რუსეთის აგრესიას, მაგრამ თუ ეს ასეთი მასშტაბური იქნებოდა და პირდაპირ კიევზე დარტყმით დაიწყებოდა თავდასხმა, ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა. უკრაინის მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ ომი მასშტაბური არ იქნებოდა, გვეუბნებოდნენ, არ დატოვოთ უკრაინა, იყავით მშვიდად და ა.შ. მე მესმის, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დათესოს პანიკა და არ უნდა მოუწოდოს მოსახლეობას გაქცევისკენ, მაგრამ ხალხს უნდა სცოდნოდა, რომ საფრთხე რეალური იყო. ომის დაწყების პირველ დღეს, როცა დილის 4 საათზე დაიწყო სარაკეტო თავდასხმა და ქუჩაში, როგორც აღმოჩნდა წინასწარ შემოსული დივერსიული რაზმები გამოჩნდა, რასაც მოჰყვა ხელჩართული შეტაკებები, გაგვიჩნდა განცდა, რომ გადარჩენის არანაირი გარანტია არ არსებობდა, ჩვენ აღმოვჩნდით საკუთარი თავის და შესაძლებლებლობების ამარა. კიევში არ იყო მოწყობილი საკმარისი რაოდენობით თავშესაფრები, სადაც ადამიანი დიდი ხნით შეძლებდა დარჩენას, მაღალ შენობებში ყოფნა იყო სახიფათო. ჩვენი ბინა არის ბორისპოლის აეროპორტის გზაზე, ეს არის სტრატეგიული, ხარკოვისკენ მიმავალი ცენტრალური გზა. თუ კიევში შემოიჭრებოდა რუსეთის ჯარი ტანკებით და მძიმე ტექნიკით, ეს ამ გზით მოხდებოდა.
ღამის 4 საათზე უფროსმა შვილმა დამირეკა და გამაგებინა, რომ ომი დაიწყო. ქუჩიდან უკვე ისმოდა სროლის, სირენების ხმა, რადიო -ტელევიზიები გადმოსცემდნენ ინფორმაციას, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. წარმოუდგენელი სიტუაცია იყო. ჩემს უფროს ვაჟიშვილს ჰყავს პატარა შვილი, 2 წლის გოგონა, რომელსაც ამხელა საფრთხის წინაშე ვერ დავტოვებდით. მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეტოვებინა კიევი. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. ამ დღემ ჩვენი ოჯახი სამ ნაწილად გაყო: კიევში დარჩა ჩემი უფროსი ვაჟი, რაული, რომელიც ჟურნალისტია და თავისი პროფესიიდან გამომდინარე, აქტიურად არის ჩართული პროცესში, ჩემი რძალი და პატარა შვილიშვილი ამჟამად არიან ლისაბონში, საქართველოში ჩამოვედით მე და ჩემი უმცროსი შვილი. ჩვენ უკრაინის საზღვრამდე მოგვაცილა რაულმა, ერთი კვირა გავატარეთ დასავლეთ უკრაინის პატარა ქალაქ ბროდში, რის შემდეგაც გადმოვკვეთეთ უკრაინა -პოლონეთის საზღვარი, სადაც მთელი დღე მელოდებოდა ჩემი პოლონელი მეგობარი რომელიც იმ დროს, როდესაც მე რიგაში ვმუშაობდი დიპლომატიურ მისიაში, პოლონეთის ელჩი იყო.
როდესაც კიევიდან წამოვედით, ისეთი სტრესის ქვეშ ვიყავით, არ ვფიქრობდით არაფერზე. არ ვიცოდით, რამდენი ხნით მოგვიწევდა კიევის დატოვება, არც იყო ამაზე ფიქრის დრო. ხელი მოვკიდეთ ქურთუკებს,პიჯაკებს, რაც ეკიდა შესასვლელში, ჩავდეთ რამდენიმე აუცილებელი ნივთი, რაც ხელში მოგვხდა, პირადი მოხმარების საგნები, ამის მეტი არც არაფერი წამოგვიღია. ჯიბეში მედო სახლის გასაღები, რომელიც, არ ვიცოდი, კიდევ როდის დამჭიდებოდა. წინასწარ იმის განჭვრეტა, თუ რა მოხდებოდა და რა გველოდა წინ, შეუძლებელი იყო. სამწუხაროდ, ახლაც ასეა. მალე ორი წელი შესრულდება რაც ეს სასტიკი ომი დაიწყო, მაგრამ მისი დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს. რუსეთი შეიძლება თანახმა იყოს ცეცხლის შეწყვეტაზე, ვინაიდან უკრაინის დიდი ტერიტორია აქვს უკვე მიტაცებული, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინა არ იქნება თანახმა დათანხმდეს ზავზე, რუსეთის პირობებზე. ამ სიტუაციაში უკვე ბევრი ინტერესია გადაკვეთილი, როგორც უკრაინის, ასევე მეზობელი, ევროკავშირის სახელმწიფოების, ამიტომ ცოტა წარმოუდგენელია პროგნოზი, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ ომის დასასრული. უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რაზე შეიძლება დათანხმდეს, რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს. უკრაინისთვის კომპრომისი არის ტერიტორიები. არის ქვეყანა ამისთვის მზად? არა! ალბათ, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინას ექნება მინიმალური რესურსი და შესაძლებლობა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები.
- თქვენთან ერთად დევნილობის გზა გამოიარა თქვენმა ძაღლმა ჩაპამ, რომელიც მოგვიანებით თქვენი წიგნის მთავარი პერსონაჟი გახდა.
- დიახ, ჩაპამ ჩვენთან ერთად გამოიარა ეს რთული გზა კიევიდან საქართველომდე. ჩვენ მოვდიოდით ადამიანების დიდ ნაკადთან ერთად, რომელიც კიევიდან საზღვრისკენ მიდიოდა. არ გვინდოდა უკრაინის დატოვება, თითქმის ათი დღე გავჩერდით ქალაქ ბროდში, მაგრამ შემდეგ იქ გაჩერებაც უკვე სახიფათო აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ საზღვრისკენ გაგვეგრძელებინა გზა. მანქანა დავტოვეთ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან, რადგან მანქანების უზარმაზარ ნაკადში მანქანით გზის გაგრძელება რთული იყო. ზღვა ხალხი მოდიოდა. ამის შემდეგ ჩვენ რამდენიმე კილომეტრი ფეხით მოგვიწია სიარული. ჩაპა სირენების ხმაზე ყეფდა და სამალავს ეძებდა, მე მეკვროდა შეშინებული, გაიყინა, მას ქუჩაში არასდროს უცხოვრია,თუ არ ჩავთვლით 15 წუთს, როდესაც ის სასეირნოდ გაგვყავდა ხოლმე.
ჩაპა სრულიად მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. ზამთრის ერთ დღეს ჩემმა უმცროსმა ვაჟმა თემურმა მომიყვანა სახლში პაწაწინა, ჯერ კიდევ თვალგაუხელელი ლეკვი და მითხრა, რომ თავისი სახლის კიბეზე იპოვა მუყაოს ყუთში ჩასმული. იმ დღიდან ჩაპა ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. იქამდე ერთი წლით ადრე მომიკვდა საყვარელი ძაღლი და დაფიცებული მქონდა, რომ სხვა ძაღლი აღარ მეყოლებოდა, მაგრამ თემურმა ისე მოულოდნელად დამაყენა ფაქტის წინაშე, ვერაფერი ვთქვი. ჩაპა ძალიან უყვარდა ჩემს მეუღლესაც, როდესაც ის გარდაიცვალა, როგორც შვილებზე, ჩაპაზეც ისე მთხოვა, რომ მიმეხედა. ჩაპა ჩემთან ერთად იყო დღე და ღამე, კიევში როგორ დავტოვებდი?! ვარშავაში შემოქმედთა სახლში მოგვიწია გაჩერება, იქ გვითხრეს, პირველი შემთხვევაა, როდესაც მობინადრე ცხოველთან ერთად შემოვუშვითო. ისეთი პატივი დამდეს, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტის, თადეუშ რუჟევიჩის საყვარელ ოთახში შეგვასახლეს, იქ მისი პორტრეტიც იყო. ჩაპა ღირსეულად მოიქცა, დიდი პოეტის ოთახში არანაირი კვალი არ დაუტოვებია (იცინის) სწორედ იმ დღეებში ვიფიქრე, რომ ამ ომზე და ემოციებზე, რაც ამ დღეებს ახლდა, ჩაპაზე უკეთ ვერავინ “მოყვებოდა”, ჩაპას პირით ვილაპარაკე იმაზე, რაზეც იმ დღეებში ვფიქრობდი. ასე დაიბადა წიგნი “ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს”, რომლის პირველი წერილი, მსოფლიოს 15 ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდა. მსოფლიო მწერლობაში არის ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც ცხოველების მიერ არის გადმოცემული ავტორის სათქმელი, მაგრამ როგორც მითხრეს, არავის ახსოვს, მთლიანად წიგნი, ერთი ცხოველის სახელით იყოს დაწერილი და გადმოცემული. ეს არის ერთგვარი წინაისტორია რუსულ -უკრაინული ურთიერთობებისა ომამდე და შემდეგ ომის ქრონიკა, ომის, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენ თვალწინ. პატარა ფინია ძაღლის გულით, თვალებით, ემოციებით აღქმული და გადმოცემული სიტუაცია, რომელიც შეიქმნა მთელ მსოფლიოში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.
- როგორი იყო ამდენი წლის შემდეგ სამშობლოში, საქართველოში დაბრუნების ემოციები?
- საქართველოში თითქმის 55 წლიანი განშორების შემდეგ დავბრუნდი. ხშირად ჩამოვდიოდი, 2-3 თვეც ვრჩებოდი, აქაურობასთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია, მაგრამ ამდენ ხანს 1967 წლის შემდეგ აქ არ მიცხოვრია. როდესაც ომი დაიწყო ბევრი ჩემი ნაცნობი ქართველი, ვინც უკრაინაში ცხოვრობდა, ევროპაში გადავიდა. იქ უკეთესი პირობები და შეღავათებია უკრაინის მოქალაქეებისთვის. მეც იმ დღესვე მომივიდა შეტყობინება ლატვიიდან, ჩემი მეგობრებისგან, როგორმე აქამდე ჩამოდი და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ შენს აქ ცხოვრებასო, იგივე შემოთავაზება მქონდა პოლონეთიდანაც. ვიფიქრე, მე ვარ ქართველი მწერალი, ავდგე ახლა და სადღაც სხვაგან როგორ შევაფარო თავი, როდესაც მაქვს ჩემი სამშობლო, სადაც ამდენი ხანი არ ვყოფილვარ მეთქი. მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოში ჩამოვსულიყავი. ბოლო წლები უმძიმესი იყო ჩემთვის - ამ პერიოდში გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ერთბაშად, დროის მოკლე პერიოდებში დამეღუპა და და ორი ძმა. ჩემი დის დაკრძალვის დღეს გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ნახევარ წელიწადში დამეღუპა ერთი ძმა, შემდეგ კი - მეორე ძმა. ეს დაემთხვა პანდემიის პერიოდს, როდესაც ქვეყნიდან გასვლა არ შეიძლებოდა. ისე დაიკრძალნენ ჩემი და-ძმები, ვერც ერთი ვერ დავიტირე, რაც ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. არ ვიცი გულმა მიგრძნო თუ რა იყო, დიდი ხანი არაა, რაც გავაკეთე სახლი ზუგდიდის რაიონის ძველ აბასთუმანში, ჩემს მშობლიურ სოფელში, სადაც ვცხოვრობდი ბაბუასთან, სადაც დავამთავრე სკოლა. იქაურობას ვთვლი ჩემს ძირად, ფუძედ, სახლად. იქ სულ ბოლოს ჩემი მარტოხელა და ცხოვრობდა ქმრის სიკვდილის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილობაში.
წლები იყო ჩვენი ეზო -კარი გამოკეტილი. როგორ შეიძლება ნასახლარად იქცეს ადგილი, რომელიც შენთვის ძვირფასია, მით უმეტეს, რომ იმ ეზოში 6 საფლავი მაქვს, მათ შორის ჩემი შვილის. ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე შევუთანხმდი ჩემს უმცროს ძმას, რაკი მე ვერ ჩამოვდივარ, რაც საჭიროა გამოვაგზავნი და სახლი გავაკეთოთ მეთქი. მისმა მეგობარმა ბინის პროექტი გაგვიკეთა და ნახევარ წელიწადში ავაშენეთ ძალიან ლამაზი კოპწია სახლი, რომელიც ჩემი ცხოვრების ოცნება იყო. იქამდე თბილისში შევიძინე სახლი, როდესაც ელჩობიდან დავბრუნდი. ყოველთვის ვფიქრობდი ხოლმე, სიბერეში საქართველოში დავბრუნდები, სოფელში სახლი მექნება, ზაფხულს სოფელში გავატარებ, თბილისში გამოვიზამთრებ, ეტყობა გული მიგრძნობდა, რომ ეს დრო უფრო ადრე დადგებოდა. ვხატავდი ოცნებებს სურათებად, ფანტასმაგორიად მექცა, როგორ ვხვდებოდი ჩემს მეგობრებს, მწერლებს. როდესაც ომის დაწყების მძიმე მომენტი დადგა, ვიფიქრე, რომ ადგილი, სადაც არ ვიქნებოდი მიუსაფარი, იყო საქართველო, ამიტომაც გადავწყვიტე აქეთ წამოსვლა. აქ ვარ უკრაინის მოქალაქე, როგორც უცხელი, მაგრამ ვარ ჩემს სამშობლოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ალბათ აქ დავრჩები საცხოვრებლად, მაგრამ ჩავალ ხოლმე იქ შვილებთან. ასე ვხედავ ჩემს სიბერეს.
- როგორ აღმოჩნდით წლების წინ უკრაინაში და როგორ შეძელით უცხო ქვეყნაში ასე წარმატებული კარიერის შექმნა?
- უკრაინაში წასვლა იყო ჩემი ბედისწერა. ეს ახლა უკვე ზუსტად ვიცი, თუმცა სტუდენტობის დროს იქ წასვლა თითქოს იყო რომანტიკა. არასდროს მიფიქრია, რომ სადმე სხვა ქვეყანაში მომიწევდა ცხოვრება. ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეული მიზანი მქონდა უკრაინისთვის დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება, მით უმეტეს, რომ არავითარი შეხება არ მქონია ამ ქვეყანასთან, არც ბიოგრაფიით, არც ოჯახით. 19 წლის ვიყავი, როდესაც კიევში წავედი სტაჟირებაზე, კიევი ითვლებოდა ერთ-ერთ წამყვან კულტურულ ცენტრად, მოსკოვის და ლენინგრადის შემდეგ, შესაბამისად იქ სტაჟირება იყო გარკვეული შანსი. ამას გარდა, ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ უკრაინა არის ჩვენი მოძმე ქვეყანა, გვახსენებდნენ ისეთ სახელებს როგორიცაა დავით გურამიშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ლესია უკრაინკა, მიკოლა ბაჟანი, “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელი უკრაინულ ენაზე. როცა კიევში ჩავედი, მქონდა პატარა ამბიციური ჩანაფიქრი, გამეგრძელებინა ეს ხაზი, ალბათ მაინც მოვახერხე ჩემი მცირე წვლილის შეტანა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. სტუდენტების გაცვლის პროგრამაც, რომლითაც მე მოვხვდი კიევში, ამ ურთიერთდამოკიდებულების გამოხატულება იყო. როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, უკვე ვიცნობდი მიკოლა ბაჟანს, უკრაინის ერთ-ერთ უპირველეს პოეტს, რომელიც ასევე იყო უკრაინის საბჭოთა ენციკლოპედიის ხელმძღვანელი. მას როგორც სიმონ ჩიქოვანის ახლო მეგობარს, განსაკუთრებული სენტიმენტები ჰქონდა სამეგრელოს მიმართ. ის ნამყოფი იყო სამეგრელოში. როდესაც ჩავედი კიევში, სიმონი უკვე გარდაცვლილი იყო. ბაჟანმა ჩემში, როგორც ახალგაზრდა ბიჭში, დაინახა გარკვეული ნიჭი და ალბათ შესაძლებლობა, გაგრძელებულიყო სიმონის მოღვაწეობის კვალი. ბაჟანმა წამიყვანა თავისთან სამუშაოდ. აქ უკეთ ისწავლიო. მან ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა ჩემს ცხოვრებაში უკრაინაში. მომცა რეკომენდაცია უკრაინის მწერალთა კავშირში, თარგმნა ჩემი ლექსები უკრაინულ ენაზე. ეს იცით რას ნიშნავდა?! “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელი რომ შენი, პატარა ბიჭის ლექსებს თარგმნის, წარმოუდგენელი ამბავია.
მე კიევში არც ბინა მქონდა, არც ჩაწერილი ვიყავი. საბჭოთა კავშირში ასეთი მოჯადოვებული წრე იყო - თუ ჩაწერილი არ იყავი, სამსახურს ვერ იშოვიდი, თუ სამსახური არ გქონდა, არ ჩაგწერდნენ. ბაჟანმა სამსახურში ამიყვანა ჩაწერის გარეშე, პასპორტსაც კი უკვე ვადა ჰქონდა გასული. ის იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, უკრაინის ცეკას წევრი, აკადემიის აკადემიკოსი, უზარმაზარი გავლენის მქონე, საერთოდ არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ არც ჩაწერილი ვიყავი და არც ბინა მქონდა. მერე გაგზავნა წერილი სადღაც, ძალიან მალე ბინაც მომცეს. როდესაც ორდერის ასაღებად მივედი და პასპორტი მთხოვეს, ვუთხარი, არ მაქვს პასპორტი -მეთქი, გაგიჟდნენ, წარმოუდგენელი ამბავი იყო - უპასპორტო კაცს ბინას აძლევდნენ. როდესაც ბინა მივიღე, ბაჟანს ძალიან გაუხარდა, - მე ბებერ ბაჟანს კიდევ პატივს მცემენო - მითხრა. მეორე საღამოს ბინაში გვეწვია თავის მეუღლესთან და უკრაინელ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარულ პოეტთან ივან დრაჩთან და მის მეუღლესთან ერთად. მე და ჩემს მეუღლეს სახლში არაფერი გვქონდა, ბაწრით შეკრული წიგნების კონებზე დავსვით სტუმრები. ბაჟანი ეზოში შავი ვოლგით მოვიდა, მას ხომ ყველა ცნობდა, მანქანიდან რომ გადმოვიდა, მეზობლებმა დაინახეს, რის გამოც უნდა გენახათ მეორე დღიდან როგორი პატივით მხვდებოდნენ (იცინის)
ბაჟანთან ერთი წელი ვიმუშავე. ენციკლოპედია მოსაწყენი სამუშაო აღმოჩნდა ჩემთვის. სამუშაო ბევრი გვქონდა, უკრაინის ენციკლოპედია იყო მეორე ენციკლოპედია საბჭოთა კავშირში. ქართული ენციკლოპედია უფრო მოგვიანებით შეიქმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო.
უკრაინამ მომცა ყველაფერი, რაც შეიძლება მისცეს ქვეყანამ ადამიანს. რაც კი ცხოვრებაში გავაკეთე, რა ნაბიჯიც გადავდგი, ეს ყველაფერი უკრაინასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა გახდა ჩემი მეორე სამშობლო. იქ დაიბადნენ ჩემი შვილები, იქ გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელთან ერთადაც 50 წელი ვიცხოვრე, სამწუხაროდ, ოქროს ქორწინებამდე რამდენიმე თვე დაგვაკლდა. უკრაინაში დაიბეჭდა და გამოიცა ყველა ჩემი წიგნი, დისერტაცია. მე ვიყავი უკრაინის ელჩი ლატვიაში, რაც უნიკალური შემთხვევა იყო. მე რომ ვყოფილიყავი უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი ქართული გვარის უკრაინელი, რომელსაც საქართველოსთან მხოლოდ გვარი აკავშირებდა, არ იქნებოდა რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ მე ვიყავი ქართველი მწერალი, მოქმედი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, ქართველობა ყოველთვის ყველგან მომყვებოდა. როდესაც რიგაში ჩავედი, იქ დიდი უკრაინული დიასპორა იყო, 100 000 მდე უკრაინელი ცხოვრობდა მაშინ ლატვიაში. მოდიოდნენ ჩემს გასაცნობად, აინტერესებდათ, ვინ ვიყავი, რომ ამხელა ქვეყანამ ქართველი გაგზავნა ელჩად. რაც ეპატიებოდა უკრაინელს, მე ის არ მეპატიებოდა. თავიდან გუგლით და ვიკიპედიებით იკვლევდნენ ჩემს პიროვნებას, შემდეგ “ჭოგრიტით” მაკვირდებოდნენ. დასაწყისში რაღაც ეჭვები ჰქონდათ, მაგრამ როდესაც შევხვდით და გავიცანით ერთმანეთი, მათთვის იმდენად ახლობელი გავხდი, 15 წელი გავიდა, რაც მისია ამოვწურე და დღემდე ახსოვთ ის უზარმაზარი ყურადღება, რასაც მათ მიმართ ვიჩენდი. ჩემი მისია 4, 5 წელი გაგრძელდა, დიპლომატიური სამსახური მაშინ დავტოვე, როდესაც ხელისუფლებაში იანუკოვიჩი მოვიდა, მე არ ვიყავი მისი მომხრე და დავბრუნდი უკრაინაში.
- უკრაინის ომმა და პოლიტიკურმა პროცესებმა ძალიან ცუდად იმოქმედა ტრადიციულ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო. ეს თქვენთვის, როგორც ამ ორი ქვეყნის შვილისთვის, ალბათ, განსაკუთრებით რთულია.
- ეს საკითხი ისე მაწუხებს, გამოხატვაც კი მიჭირს. ამ თემაზე საუბარიც კი არ მინდა, არიან ადამიანები, ვინც ჩემს აზრს იზიარებს და ჩემი პოზიციით, არ მინდა რამე მეტად დავაზიანო. წარმოუდგენელია უფრო კარგი ურთიერთობა ორ ერს შორის, რაც ჰქონდა ტრადიციულად საქართველოს და უკრაინას. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს უკრაინელებს და ქართველებს ჰქონდათ ერთნაირი დამოკიდებულება, იმის გამო, რომ ერთ ბედქვეშ იყვნენ საბჭოთა იმპერიის მარწუხებში. უკრაინელები ამას ჩვენზე მეტად გრძნობდნენ, რადგან უკრაინაში რუსების იმპერიას ბატონობის 400 წლიანი ისტორია ჰქონდა, ჩვენ - უფრო ნაკლები. ქართველებს და უკრაინელებს შორის კარგი ურთიერთობა ჯერ კიდევ კიევის რუსეთიდან დაიწყო, კიევის რუსეთს საქართველოს სამეფოსთან გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა. კიევის სოფიის ტაძარში არის ღვთისმშობლის მოზაიკა, რომელიც გაკეთებულია ქართველი ოსტატების მიერ. ამას აღიარებენ უკრაინელი ხელოვნებათმცოდნეები. ეს მოზაიკა ძალიან ჰგავს გელათის ღვთისმშობლის მოზაიკას. ქართველი ოსტატები კიევში ჩაყვნენ ქართველ დედოფალს რუსუდან დემეტრე მეფის ასულს, რომელიც იყო კიევის დიდი მთავრის იზიასლავ მსტისლავის ძის მეუღლე, წარმოიდგინეთ, კიევის რუსეთის დედოფალი იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილი. უკრაინელი კაზაკები ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქედან მიდიოდნენ სალაშქროდ თურქეთში. უფრო მოგვიანებით უკრაინაში მოხვდა დავით გურამიშვილი, რომელიც მოსკოვში ვახტანგ მეექვსის ამალაში იყო. ვახტანგ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ბევრი ქართველი, მათ შორის დავით გურამიშვილიც დარჩა რუსეთში და ქართველ ჰუსართა პოლკის მეომარი გახდა, მოგვიანებით, როდესაც დავით გურამიშვილი გავიდა პენსიაზე უკრაინაში მიიღო მამულები და იქ დასახლდა. პოლტავის მხარეში მთელი კოლონია იყო, იქ დაიწერა “ვეფხისტაოსნის” შემდეგ ყველაზე დიდი ქართული წიგნი “დავითიანი”. მე-19 საუკუნეში ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი სწავლობდა ხარკოვის, კიევის, ოდესის უნივერსიტეტებში, კიევის სამედიცინო ინსტიტუტში, კიევის სასულიერო აკადემიაში. კიევში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა აკაკი ხორავა, კორნელი კეკლიძეს კიევის სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, პეტრე მელიქიშვილი ოდესის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა თბილისის უნივერსიტეტის რექტორად. მეორეს მხრივ, უკრაინის პირველი სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი გრუშევსკი სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. ჩვენ შორის მრავალმხრივი ძაფები იყო გაბმული, რაც რა თქმა უნდა იწვევდა ურთიერთსიმპატიას, ამაზე იყო დაფუძნებული ამ ორი ერის დიდი მეგობრობაც, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა და გაძლიერდა ლიტერატორების მიერ მე-20 საუკუნეში, ეს იყო ურთიერთობა კონსტანტინე გამსახურდიას და მიკოლა ბაჟანს, პავლო ტიჩინას და სიმონ ჩიქოვანს შორის, რამაც შეკრა ეს დიდებული წრე.
ჩემთვის ძალიან საწყენი და მტკივნეულია, ის რაც ბოლო ორ წელიწადში მოხდა უკრაინას და საქართველოს შორის. მე ვგრძნობ, რა მძიმე კვალი დატოვა ამ ყველაფერმა ჩვენს ურთიერთობებში, უმძიმესი იყო ელჩის გაწვევის ფაქტი, ის რომ თითქმის ორი წელია უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს. ამას ახლდა არც თუ დიპლომატიური განცხადებები უკრაინის პირველი პირების მხრიდან. ეს ყველაფერი არ უწყობს ხელს, შევინარჩუნოთ ის დიდი სიმპატიები, რაც იყო საქართველოში უკრაინის მიმართ. მე ძალიან მომწონს ჩვენი ხალხის სიბრძნე, რომ არ ავყევით პროვოკაციულ განცხადებებს, ვინარჩუნებთ მხარდაჭერას და სიმპატიას მეომარი უკრაინის მიმართ და არ ვამახვილებთ ყურადღებას არა სასიამოვნო, საჩოთირო საკითხებზე. ეს ჩვენი ქვეყნების მომავალი ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- თქვენი შრომითი ბიოგრაფია მრავალმხრივია, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იმ საქმეებს შორის, რასაც ემსახურეთ მთელი ცხოვრება?
- ეს არის პოეზია. საქართველოში იოლი არაა საუბარი იმაზე, რომ ხარ პოეტი. ეს დიდი ტვირთი და განაცხადია ქვეყანაში, რომელსაც ბევრი საოცარი პოეტი ჰყავს. პირადად ჩემთვის პოეზია არის ჩემი ცხოვრება, ამით დავიწყე და ამით მოვდივარ. რაც არ უნდა ვყოფილიყავი,ლექტორი, მეცნიერი, კათედრის გამგე, მინისტრის მოადგილე, თუ ელჩი პოეზია იყო და რჩებოდა ის, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. პოეზია იყო ჩემი თანამგზავრი. მე ვარსებობდი, როგორც ლიტერატორი და ასე დარჩება ბოლომდე.
- როგორ წამოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება მომავალში - საქართველოში თუ უკრაინაში?
- მადლობელი ვიქნები ყველაფრისთვის, რასაც ამ ასაკში ბედი მაჩუქებს. ჩემი ოცნება იყო საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა, რაც უფრო ადრე ვერ მოვახერხე, სამწუხაროდ ამაზე პუტინმა იზრუნა. გულწრფელად გეტყვით, ორი წელია საქართველოში ვარ, მაგრამ ვერ გავძეხი ქართული ჰაერით, აქაურობით. როცა სოფელში ვარ არ მინდა დაღამდეს, არ მინდა გათენდეს, სულ მინდა მოგონებებში ვიტრიალო. სამწუხაროდ, თითქმის არავინ დარჩა აქ, ვისაც ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა ახსოვს. ჩემი შვილები, ალბათ, აქ ვერ ჩამოვლენ, კიევი იქნება მათი ასპარეზი, მე სანამ შემეძლება ვივლი კიევს და საქართველოს შორის. ახლა მთავარია, ომი მალე დასრულდეს, ამის შემდეგ ჩემი ძირითადი საცხოვრებელი იქნება საქართველო, კიევში ჩავალ ხოლმე სტუმრად შვილებთან. მინდა მალე ჩავიდე ქვეყანაში, რომელიც ძალიან მენატრება. ჩემი დღე იწყება კომუნიკაციით უკრაინაში მყოფ ჩემს ახლობლებთან, შვილთან, მეგობრებთან. გული საგულეში არ მაქვს, როცა ვიგებ რომ რუსებმა განაახლეს შეტევა კიევზე. ჩვენ გვაქვს სახლი კიევთან ახლოს, სადაც ჩემმა ვაჟმა ბუნკერი მოაწყო, ზოგჯერ იქიდანაც მუშაობს. ახლა ჩემი გული არის უკრაინაში. მაშინ, როდესაც საქართველოში იყო ომი, აქეთ იყო მომართული ჩემი გონება, ახლა ომი უკრაინაშია და იქაური ამბებით ვცხოვრობ. ძალიან მძიმეა, რომ ორივე ქვეყანა, რომელიც მიყვარს, სადაც გავატარე ცხოვრება, რუსეთის ოკუპაციას განიცდის. ეს ძალიან მტკივა. ამას წინათ ზუგდიდიდან რუხში წავიყვანე სტუმარი, ზუგდიდი პრაქტიკულად ფრონტისპირა ქალაქია. შლაგბაუმის იქით ვერ მიდიხარ, იცი რომ იქითაც საქართველოა, მაგრამ არ არის საქართველოო, გეუნებიან. აქეთ გორთან ორ კილომეტრშია საოკუპაციო ხაზი. ასეთია მძიმე რეალობა, ასეთია ჩემი ორი ქვეყნის ბედი, ერთის, რომელიც სამშობლოა და მეორის, რომელმაც სამშობლოზე არნაკლებ იზრუნა ჩემზე, რის გამოც მისი უზომოდ მადლიერი ვარ.
თამუნა ნიჟარაძე