USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
რაულ ჩილაჩავა: მძიმეა ჩემი ორი ქვეყნის ბედი, ერთის, რომელიც სამშობლოა და მეორის, რომელმაც სამშობლოზე არნაკლებ იზრუნა ჩემზე
თარიღი:  1453

რაულ ჩილაჩავას მრავალმხრივი და საინტერესო ბიოგრაფია აქვს - პოეტის, ჟურნალისტის, მეცნიერის, მთარგმნელის, დიპლომატის  პროფესიული კარიერის  მიღმა საინტერესოა რაულ ჩილაჩავას პირადი  ცხოვრებაც - 19 წლის ასაკში იპოვა მეორე სამშობლო, რომელმაც იმაზე მეტი სიკეთე მისცა, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს და  რომლის დატოვებაც 55 წლის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში სასტიკი ომის დაწყების გამო, იძულებით მოუხდა.

გზა  მონატრებული საქართველოსკენ  და წიგნი საყვარელი ძაღლის  “ჩაპასგან”, რომლითაც რაულ ჩილაჩავამ უკრაინის ომის ქრონიკა აღწერა -  2022 წლის 24 თებერვლის დღე, რომელმაც მისი ცხოვრება ორ ნაწილად, ოჯახი კი სამად გაყო -  ბატონი რაული  საკუთარი ცხოვრების და შთაბეჭდილებების შესახებ გვიამობობს..

რაულ ჩილაჩავა:  2022 წლის  24 თებერვალმა  ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო. რა დამავიწყებს ამ დღეს, რომელიც  უმნიშვნელოვანესი   მოვლენაა  ჩემს ცხოვრებაში  და  როგორც შემდეგ  აღმოჩნდა არა მარტო ჩემს,  თანამედროვე  მსოფლიოს ისტორიაში.  უზარმაზარი რუსეთის იმპერია  ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა მეზობელ, მონათესავე ქვეყანას, ამისი წარმოდგენაც კი  შეუძლებელი იყო. ჩვენ პრაქტიკულად აღმოვჩნდით ომის  ქარცეცხლში.  პუტინმა გაიმეორა ჰიტლერის მაგალითი, რომელმაც ასევე დილის 4 საათზე დაბომბა კიევი, როდესაც დაიწყო ე.წ. დიდი სამამულო ომი.   ის რაც  კიევში 24 თებერვალს ხდებოდა, რა თქმა უნდა, იყო უზარმაზარი შოკი. ჩვენ ველოდით რუსეთის აგრესიას, მაგრამ თუ  ეს ასეთი მასშტაბური იქნებოდა და პირდაპირ კიევზე დარტყმით დაიწყებოდა თავდასხმა, ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა. უკრაინის მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ ომი მასშტაბური არ იქნებოდა, გვეუბნებოდნენ, არ დატოვოთ უკრაინა, იყავით მშვიდად და ა.შ. მე მესმის, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დათესოს პანიკა და არ უნდა მოუწოდოს მოსახლეობას გაქცევისკენ, მაგრამ  ხალხს უნდა სცოდნოდა, რომ საფრთხე რეალური იყო. ომის დაწყების პირველ დღეს, როცა დილის 4 საათზე დაიწყო სარაკეტო თავდასხმა და ქუჩაში, როგორც აღმოჩნდა წინასწარ შემოსული დივერსიული რაზმები გამოჩნდა, რასაც მოჰყვა  ხელჩართული შეტაკებები, გაგვიჩნდა განცდა, რომ გადარჩენის არანაირი გარანტია არ არსებობდა, ჩვენ აღმოვჩნდით საკუთარი თავის და შესაძლებლებლობების ამარა. კიევში არ იყო მოწყობილი  საკმარისი რაოდენობით თავშესაფრები, სადაც ადამიანი დიდი ხნით შეძლებდა  დარჩენას, მაღალ  შენობებში ყოფნა იყო სახიფათო.  ჩვენი ბინა არის  ბორისპოლის აეროპორტის გზაზე, ეს არის  სტრატეგიული,  ხარკოვისკენ მიმავალი ცენტრალური გზა.  თუ კიევში  შემოიჭრებოდა რუსეთის ჯარი ტანკებით და მძიმე ტექნიკით, ეს ამ გზით მოხდებოდა.

ღამის 4 საათზე უფროსმა   შვილმა დამირეკა და გამაგებინა, რომ ომი დაიწყო. ქუჩიდან  უკვე  ისმოდა სროლის, სირენების  ხმა, რადიო -ტელევიზიები  გადმოსცემდნენ ინფორმაციას, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. წარმოუდგენელი სიტუაცია იყო. ჩემს უფროს ვაჟიშვილს ჰყავს პატარა შვილი, 2 წლის გოგონა, რომელსაც ამხელა საფრთხის წინაშე ვერ დავტოვებდით. მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეტოვებინა კიევი. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. ამ დღემ ჩვენი ოჯახი  სამ ნაწილად გაყო: კიევში დარჩა ჩემი უფროსი ვაჟი, რაული, რომელიც  ჟურნალისტია და  თავისი პროფესიიდან გამომდინარე, აქტიურად არის  ჩართული პროცესში,  ჩემი რძალი და პატარა შვილიშვილი ამჟამად არიან ლისაბონში,  საქართველოში ჩამოვედით  მე და ჩემი უმცროსი შვილი. ჩვენ უკრაინის საზღვრამდე მოგვაცილა  რაულმა, ერთი კვირა გავატარეთ დასავლეთ უკრაინის პატარა ქალაქ ბროდში, რის შემდეგაც გადმოვკვეთეთ უკრაინა -პოლონეთის საზღვარი, სადაც მთელი დღე მელოდებოდა ჩემი პოლონელი მეგობარი   რომელიც იმ დროს, როდესაც მე რიგაში ვმუშაობდი დიპლომატიურ მისიაში, პოლონეთის ელჩი იყო.

როდესაც კიევიდან წამოვედით, ისეთი სტრესის ქვეშ ვიყავით, არ ვფიქრობდით არაფერზე. არ ვიცოდით, რამდენი ხნით მოგვიწევდა კიევის დატოვება, არც იყო ამაზე ფიქრის დრო. ხელი მოვკიდეთ ქურთუკებს,პიჯაკებს, რაც ეკიდა შესასვლელში, ჩავდეთ რამდენიმე აუცილებელი ნივთი, რაც ხელში მოგვხდა, პირადი მოხმარების  საგნები, ამის მეტი არც არაფერი წამოგვიღია. ჯიბეში მედო სახლის გასაღები, რომელიც, არ ვიცოდი,  კიდევ როდის დამჭიდებოდა. წინასწარ იმის განჭვრეტა, თუ რა მოხდებოდა და  რა გველოდა წინ, შეუძლებელი იყო.  სამწუხაროდ, ახლაც ასეა. მალე ორი წელი შესრულდება რაც ეს სასტიკი  ომი დაიწყო, მაგრამ  მისი დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს. რუსეთი შეიძლება თანახმა იყოს  ცეცხლის შეწყვეტაზე, ვინაიდან  უკრაინის დიდი  ტერიტორია აქვს უკვე მიტაცებული, მაგრამ  ვფიქრობ, უკრაინა არ იქნება თანახმა დათანხმდეს ზავზე, რუსეთის პირობებზე. ამ სიტუაციაში უკვე ბევრი ინტერესია გადაკვეთილი, როგორც  უკრაინის, ასევე  მეზობელი, ევროკავშირის სახელმწიფოების, ამიტომ ცოტა წარმოუდგენელია  პროგნოზი, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ ომის დასასრული. უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რაზე შეიძლება დათანხმდეს, რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს. უკრაინისთვის კომპრომისი არის ტერიტორიები. არის ქვეყანა  ამისთვის მზად? არა! ალბათ, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინას ექნება მინიმალური რესურსი და შესაძლებლობა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები.

- თქვენთან ერთად დევნილობის  გზა გამოიარა თქვენმა ძაღლმა ჩაპამ, რომელიც მოგვიანებით თქვენი წიგნის მთავარი პერსონაჟი გახდა.

- დიახ, ჩაპამ ჩვენთან ერთად გამოიარა ეს რთული  გზა კიევიდან საქართველომდე. ჩვენ მოვდიოდით ადამიანების დიდ ნაკადთან ერთად, რომელიც კიევიდან საზღვრისკენ მიდიოდა. არ გვინდოდა უკრაინის დატოვება, თითქმის ათი დღე გავჩერდით ქალაქ ბროდში, მაგრამ შემდეგ იქ გაჩერებაც უკვე სახიფათო აღმოჩნდა და   გადავწყვიტეთ საზღვრისკენ გაგვეგრძელებინა გზა. მანქანა დავტოვეთ  ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან,  რადგან  მანქანების უზარმაზარ ნაკადში მანქანით გზის გაგრძელება რთული იყო. ზღვა ხალხი მოდიოდა. ამის შემდეგ ჩვენ  რამდენიმე კილომეტრი ფეხით მოგვიწია სიარული. ჩაპა სირენების ხმაზე ყეფდა და სამალავს ეძებდა, მე მეკვროდა შეშინებული, გაიყინა, მას ქუჩაში არასდროს უცხოვრია,თუ არ ჩავთვლით 15 წუთს, როდესაც ის სასეირნოდ გაგვყავდა ხოლმე.

ჩაპა სრულიად მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. ზამთრის ერთ დღეს ჩემმა უმცროსმა ვაჟმა თემურმა მომიყვანა სახლში პაწაწინა, ჯერ კიდევ თვალგაუხელელი ლეკვი და მითხრა, რომ თავისი სახლის კიბეზე იპოვა მუყაოს ყუთში ჩასმული. იმ დღიდან ჩაპა ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. იქამდე ერთი წლით ადრე მომიკვდა საყვარელი ძაღლი და დაფიცებული მქონდა, რომ სხვა  ძაღლი აღარ მეყოლებოდა, მაგრამ თემურმა ისე მოულოდნელად დამაყენა ფაქტის წინაშე, ვერაფერი  ვთქვი.  ჩაპა ძალიან უყვარდა ჩემს მეუღლესაც, როდესაც ის გარდაიცვალა,  როგორც შვილებზე, ჩაპაზეც ისე მთხოვა, რომ  მიმეხედა. ჩაპა ჩემთან ერთად იყო დღე და ღამე, კიევში როგორ დავტოვებდი?!  ვარშავაში შემოქმედთა სახლში მოგვიწია  გაჩერება, იქ გვითხრეს, პირველი შემთხვევაა, როდესაც მობინადრე ცხოველთან ერთად შემოვუშვითო. ისეთი პატივი დამდეს, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტის, თადეუშ რუჟევიჩის  საყვარელ ოთახში შეგვასახლეს, იქ მისი პორტრეტიც იყო. ჩაპა ღირსეულად მოიქცა, დიდი პოეტის ოთახში არანაირი კვალი არ დაუტოვებია (იცინის)  სწორედ  იმ დღეებში ვიფიქრე, რომ ამ ომზე და  ემოციებზე, რაც ამ დღეებს ახლდა, ჩაპაზე უკეთ ვერავინ  “მოყვებოდა”,  ჩაპას პირით ვილაპარაკე იმაზე, რაზეც  იმ დღეებში  ვფიქრობდი. ასე დაიბადა წიგნი “ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს”, რომლის  პირველი წერილი, მსოფლიოს 15 ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდა.  მსოფლიო მწერლობაში არის ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც ცხოველების მიერ არის გადმოცემული ავტორის სათქმელი, მაგრამ როგორც  მითხრეს, არავის ახსოვს,  მთლიანად წიგნი, ერთი ცხოველის სახელით იყოს დაწერილი და გადმოცემული. ეს არის ერთგვარი წინაისტორია რუსულ -უკრაინული ურთიერთობებისა ომამდე და შემდეგ  ომის ქრონიკა,  ომის, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენ თვალწინ. პატარა ფინია ძაღლის გულით, თვალებით, ემოციებით აღქმული და გადმოცემული  სიტუაცია,  რომელიც შეიქმნა მთელ მსოფლიოში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

- როგორი იყო  ამდენი წლის შემდეგ სამშობლოში, საქართველოში  დაბრუნების ემოციები?

-  საქართველოში თითქმის 55 წლიანი განშორების შემდეგ დავბრუნდი.  ხშირად ჩამოვდიოდი, 2-3 თვეც ვრჩებოდი, აქაურობასთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია, მაგრამ ამდენ  ხანს 1967 წლის შემდეგ აქ არ მიცხოვრია. როდესაც ომი დაიწყო  ბევრი ჩემი ნაცნობი ქართველი, ვინც უკრაინაში ცხოვრობდა, ევროპაში გადავიდა. იქ უკეთესი პირობები და შეღავათებია უკრაინის მოქალაქეებისთვის. მეც იმ დღესვე მომივიდა შეტყობინება ლატვიიდან, ჩემი მეგობრებისგან, როგორმე აქამდე ჩამოდი და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ შენს აქ ცხოვრებასო, იგივე შემოთავაზება მქონდა პოლონეთიდანაც. ვიფიქრე, მე ვარ ქართველი მწერალი, ავდგე ახლა და სადღაც სხვაგან როგორ შევაფარო თავი, როდესაც მაქვს ჩემი სამშობლო, სადაც ამდენი ხანი არ ვყოფილვარ მეთქი. მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოში ჩამოვსულიყავი. ბოლო წლები უმძიმესი იყო ჩემთვის - ამ პერიოდში  გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ერთბაშად, დროის მოკლე პერიოდებში  დამეღუპა და და  ორი ძმა. ჩემი დის დაკრძალვის დღეს გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ნახევარ წელიწადში დამეღუპა ერთი ძმა,  შემდეგ კი  - მეორე ძმა. ეს  დაემთხვა პანდემიის პერიოდს, როდესაც ქვეყნიდან გასვლა არ შეიძლებოდა. ისე დაიკრძალნენ ჩემი და-ძმები, ვერც ერთი ვერ დავიტირე, რაც  ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.  არ ვიცი გულმა მიგრძნო თუ რა იყო,  დიდი ხანი არაა, რაც  გავაკეთე სახლი ზუგდიდის რაიონის ძველ აბასთუმანში, ჩემს მშობლიურ  სოფელში,  სადაც ვცხოვრობდი  ბაბუასთან, სადაც დავამთავრე სკოლა. იქაურობას ვთვლი ჩემს ძირად, ფუძედ, სახლად. იქ სულ ბოლოს ჩემი მარტოხელა და ცხოვრობდა  ქმრის სიკვდილის შემდეგ, აფხაზეთიდან  დევნილობაში.

წლები იყო ჩვენი ეზო -კარი გამოკეტილი. როგორ შეიძლება  ნასახლარად იქცეს  ადგილი, რომელიც შენთვის ძვირფასია, მით უმეტეს, რომ იმ ეზოში 6 საფლავი მაქვს, მათ შორის ჩემი შვილის.  ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე შევუთანხმდი ჩემს უმცროს ძმას, რაკი მე ვერ ჩამოვდივარ, რაც საჭიროა გამოვაგზავნი და სახლი გავაკეთოთ მეთქი. მისმა მეგობარმა  ბინის პროექტი გაგვიკეთა და  ნახევარ წელიწადში ავაშენეთ ძალიან ლამაზი კოპწია სახლი, რომელიც ჩემი ცხოვრების ოცნება იყო. იქამდე თბილისში შევიძინე სახლი, როდესაც ელჩობიდან დავბრუნდი. ყოველთვის ვფიქრობდი ხოლმე, სიბერეში  საქართველოში დავბრუნდები, სოფელში სახლი მექნება, ზაფხულს სოფელში გავატარებ, თბილისში გამოვიზამთრებ, ეტყობა გული მიგრძნობდა, რომ  ეს დრო უფრო ადრე დადგებოდა. ვხატავდი ოცნებებს სურათებად, ფანტასმაგორიად მექცა, როგორ ვხვდებოდი ჩემს მეგობრებს, მწერლებს. როდესაც  ომის დაწყების  მძიმე მომენტი დადგა, ვიფიქრე, რომ  ადგილი, სადაც არ ვიქნებოდი მიუსაფარი,  იყო  საქართველო, ამიტომაც გადავწყვიტე აქეთ წამოსვლა. აქ ვარ უკრაინის მოქალაქე, როგორც უცხელი, მაგრამ ვარ ჩემს სამშობლოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე.  როდესაც  უკრაინაში ომი დასრულდება,  ალბათ აქ დავრჩები საცხოვრებლად, მაგრამ  ჩავალ ხოლმე იქ  შვილებთან. ასე ვხედავ ჩემს სიბერეს.

-  როგორ აღმოჩნდით წლების წინ უკრაინაში და როგორ შეძელით უცხო ქვეყნაში  ასე წარმატებული  კარიერის შექმნა?

-  უკრაინაში წასვლა იყო ჩემი ბედისწერა. ეს ახლა უკვე ზუსტად ვიცი, თუმცა სტუდენტობის დროს იქ წასვლა თითქოს იყო რომანტიკა. არასდროს მიფიქრია, რომ სადმე სხვა ქვეყანაში  მომიწევდა ცხოვრება.  ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეული მიზანი მქონდა უკრაინისთვის დამეკავშირებინა  ჩემი ცხოვრება,  მით უმეტეს, რომ არავითარი შეხება არ მქონია ამ ქვეყანასთან, არც ბიოგრაფიით, არც ოჯახით. 19  წლის  ვიყავი, როდესაც კიევში წავედი სტაჟირებაზე,  კიევი ითვლებოდა ერთ-ერთ წამყვან კულტურულ ცენტრად, მოსკოვის და ლენინგრადის შემდეგ,  შესაბამისად იქ სტაჟირება იყო გარკვეული შანსი. ამას გარდა,  ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ უკრაინა არის ჩვენი მოძმე ქვეყანა, გვახსენებდნენ ისეთ სახელებს როგორიცაა დავით  გურამიშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ლესია უკრაინკა, მიკოლა ბაჟანი, “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელი უკრაინულ ენაზე.   როცა კიევში ჩავედი, მქონდა პატარა ამბიციური ჩანაფიქრი, გამეგრძელებინა ეს ხაზი, ალბათ მაინც მოვახერხე ჩემი მცირე წვლილის შეტანა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. სტუდენტების გაცვლის პროგრამაც, რომლითაც მე მოვხვდი კიევში, ამ ურთიერთდამოკიდებულების გამოხატულება იყო.  როდესაც  უნივერსიტეტი დავამთავრე, უკვე ვიცნობდი მიკოლა ბაჟანს, უკრაინის ერთ-ერთ უპირველეს პოეტს, რომელიც ასევე  იყო უკრაინის საბჭოთა ენციკლოპედიის ხელმძღვანელი. მას როგორც სიმონ ჩიქოვანის ახლო მეგობარს, განსაკუთრებული სენტიმენტები ჰქონდა სამეგრელოს მიმართ. ის ნამყოფი იყო სამეგრელოში. როდესაც ჩავედი კიევში, სიმონი უკვე გარდაცვლილი იყო.  ბაჟანმა ჩემში,  როგორც ახალგაზრდა ბიჭში, დაინახა გარკვეული ნიჭი და ალბათ შესაძლებლობა, გაგრძელებულიყო  სიმონის მოღვაწეობის  კვალი.  ბაჟანმა წამიყვანა თავისთან სამუშაოდ. აქ უკეთ ისწავლიო. მან ძალიან ბევრი რამ  განსაზღვრა ჩემს ცხოვრებაში უკრაინაში. მომცა რეკომენდაცია უკრაინის მწერალთა კავშირში, თარგმნა ჩემი ლექსები უკრაინულ ენაზე. ეს იცით რას ნიშნავდა?!   “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელი რომ შენი, პატარა ბიჭის ლექსებს თარგმნის,  წარმოუდგენელი ამბავია.

მე კიევში არც ბინა მქონდა, არც ჩაწერილი ვიყავი. საბჭოთა კავშირში ასეთი მოჯადოვებული  წრე იყო - თუ ჩაწერილი არ იყავი, სამსახურს ვერ იშოვიდი, თუ სამსახური არ გქონდა, არ ჩაგწერდნენ.  ბაჟანმა სამსახურში ამიყვანა ჩაწერის გარეშე, პასპორტსაც კი უკვე ვადა ჰქონდა გასული. ის  იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, უკრაინის ცეკას წევრი, აკადემიის აკადემიკოსი, უზარმაზარი გავლენის მქონე, საერთოდ  არ მიაქცია  ყურადღება იმას, რომ არც ჩაწერილი ვიყავი და არც ბინა მქონდა. მერე გაგზავნა წერილი სადღაც, ძალიან  მალე ბინაც მომცეს. როდესაც ორდერის ასაღებად მივედი და პასპორტი მთხოვეს, ვუთხარი, არ მაქვს პასპორტი -მეთქი, გაგიჟდნენ, წარმოუდგენელი ამბავი იყო - უპასპორტო კაცს ბინას აძლევდნენ. როდესაც ბინა მივიღე, ბაჟანს ძალიან  გაუხარდა, - მე ბებერ ბაჟანს კიდევ პატივს მცემენო - მითხრა. მეორე საღამოს ბინაში გვეწვია  თავის მეუღლესთან და უკრაინელ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარულ  პოეტთან  ივან დრაჩთან და მის მეუღლესთან ერთად. მე და ჩემს მეუღლეს სახლში  არაფერი გვქონდა, ბაწრით შეკრული წიგნების კონებზე დავსვით სტუმრები.  ბაჟანი ეზოში შავი ვოლგით მოვიდა, მას ხომ ყველა ცნობდა, მანქანიდან რომ  გადმოვიდა, მეზობლებმა დაინახეს, რის გამოც უნდა გენახათ მეორე დღიდან  როგორი პატივით  მხვდებოდნენ (იცინის)

ბაჟანთან ერთი წელი ვიმუშავე. ენციკლოპედია მოსაწყენი სამუშაო აღმოჩნდა ჩემთვის. სამუშაო ბევრი გვქონდა, უკრაინის ენციკლოპედია იყო მეორე ენციკლოპედია საბჭოთა კავშირში. ქართული ენციკლოპედია უფრო მოგვიანებით შეიქმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო.

უკრაინამ მომცა ყველაფერი, რაც შეიძლება მისცეს ქვეყანამ ადამიანს. რაც კი ცხოვრებაში გავაკეთე, რა ნაბიჯიც გადავდგი, ეს ყველაფერი უკრაინასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ  უკრაინა გახდა ჩემი მეორე სამშობლო. იქ დაიბადნენ ჩემი შვილები, იქ გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელთან ერთადაც 50 წელი ვიცხოვრე, სამწუხაროდ,  ოქროს ქორწინებამდე რამდენიმე თვე დაგვაკლდა. უკრაინაში დაიბეჭდა და გამოიცა ყველა ჩემი წიგნი, დისერტაცია. მე ვიყავი უკრაინის ელჩი ლატვიაში, რაც უნიკალური შემთხვევა იყო.  მე რომ  ვყოფილიყავი  უკრაინაში  დაბადებული და გაზრდილი  ქართული გვარის უკრაინელი, რომელსაც საქართველოსთან მხოლოდ გვარი აკავშირებდა, არ იქნებოდა რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ მე ვიყავი ქართველი მწერალი,  მოქმედი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, ქართველობა  ყოველთვის ყველგან  მომყვებოდა. როდესაც რიგაში  ჩავედი, იქ  დიდი უკრაინული დიასპორა იყო, 100 000 მდე უკრაინელი ცხოვრობდა მაშინ ლატვიაში. მოდიოდნენ ჩემს გასაცნობად,  აინტერესებდათ, ვინ ვიყავი, რომ ამხელა ქვეყანამ ქართველი გაგზავნა ელჩად. რაც ეპატიებოდა უკრაინელს, მე  ის არ მეპატიებოდა. თავიდან  გუგლით და ვიკიპედიებით იკვლევდნენ ჩემს პიროვნებას,  შემდეგ “ჭოგრიტით” მაკვირდებოდნენ.  დასაწყისში რაღაც  ეჭვები ჰქონდათ, მაგრამ  როდესაც  შევხვდით და გავიცანით ერთმანეთი, მათთვის იმდენად ახლობელი გავხდი, 15 წელი გავიდა, რაც  მისია ამოვწურე და დღემდე ახსოვთ ის უზარმაზარი ყურადღება, რასაც მათ მიმართ ვიჩენდი. ჩემი მისია 4, 5 წელი გაგრძელდა, დიპლომატიური  სამსახური მაშინ დავტოვე, როდესაც ხელისუფლებაში იანუკოვიჩი მოვიდა, მე არ ვიყავი მისი მომხრე და დავბრუნდი  უკრაინაში.

- უკრაინის ომმა და პოლიტიკურმა პროცესებმა  ძალიან ცუდად იმოქმედა   ტრადიციულ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო.   ეს  თქვენთვის,  როგორც ამ ორი ქვეყნის შვილისთვის,  ალბათ,  განსაკუთრებით რთულია.

-  ეს  საკითხი ისე მაწუხებს, გამოხატვაც კი მიჭირს. ამ თემაზე საუბარიც კი არ მინდა, არიან ადამიანები, ვინც ჩემს აზრს იზიარებს და ჩემი პოზიციით, არ მინდა რამე მეტად დავაზიანო. წარმოუდგენელია უფრო კარგი ურთიერთობა ორ ერს შორის, რაც ჰქონდა ტრადიციულად საქართველოს და უკრაინას.  საბჭოთა კავშირის არსებობის დროს  უკრაინელებს და ქართველებს ჰქონდათ ერთნაირი დამოკიდებულება, იმის გამო, რომ  ერთ ბედქვეშ იყვნენ საბჭოთა იმპერიის მარწუხებში. უკრაინელები ამას ჩვენზე მეტად გრძნობდნენ, რადგან უკრაინაში რუსების იმპერიას ბატონობის  400 წლიანი  ისტორია ჰქონდა, ჩვენ  - უფრო ნაკლები. ქართველებს და უკრაინელებს შორის კარგი ურთიერთობა ჯერ კიდევ  კიევის რუსეთიდან დაიწყო,  კიევის რუსეთს  საქართველოს სამეფოსთან  გამორჩეულად  კარგი ურთიერთობა ჰქონდა. კიევის სოფიის ტაძარში  არის ღვთისმშობლის მოზაიკა, რომელიც გაკეთებულია ქართველი ოსტატების მიერ. ამას აღიარებენ უკრაინელი ხელოვნებათმცოდნეები. ეს მოზაიკა ძალიან ჰგავს გელათის ღვთისმშობლის მოზაიკას. ქართველი ოსტატები კიევში ჩაყვნენ ქართველ დედოფალს რუსუდან დემეტრე მეფის ასულს, რომელიც იყო კიევის დიდი მთავრის   იზიასლავ მსტისლავის ძის  მეუღლე, წარმოიდგინეთ, კიევის რუსეთის დედოფალი იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილი.  უკრაინელი კაზაკები ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქედან მიდიოდნენ სალაშქროდ თურქეთში. უფრო მოგვიანებით  უკრაინაში მოხვდა დავით გურამიშვილი, რომელიც მოსკოვში  ვახტანგ მეექვსის ამალაში იყო. ვახტანგ მეექვსის  გარდაცვალების შემდეგ  ძალიან ბევრი ქართველი, მათ შორის დავით გურამიშვილიც დარჩა  რუსეთში  და ქართველ ჰუსართა პოლკის მეომარი გახდა, მოგვიანებით, როდესაც  დავით გურამიშვილი გავიდა პენსიაზე უკრაინაში მიიღო მამულები და იქ დასახლდა.   პოლტავის მხარეში მთელი კოლონია იყო, იქ დაიწერა “ვეფხისტაოსნის” შემდეგ ყველაზე დიდი ქართული წიგნი “დავითიანი”.  მე-19 საუკუნეში ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი  სწავლობდა  ხარკოვის, კიევის, ოდესის უნივერსიტეტებში, კიევის სამედიცინო ინსტიტუტში, კიევის სასულიერო აკადემიაში.  კიევში,  სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა აკაკი ხორავა, კორნელი კეკლიძეს კიევის სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, პეტრე მელიქიშვილი ოდესის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა თბილისის უნივერსიტეტის რექტორად.  მეორეს მხრივ, უკრაინის პირველი სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი  გრუშევსკი სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. ჩვენ შორის მრავალმხრივი  ძაფები იყო გაბმული, რაც რა თქმა უნდა იწვევდა ურთიერთსიმპატიას, ამაზე იყო დაფუძნებული ამ ორი ერის დიდი მეგობრობაც, რომელიც კიდევ უფრო  გაღრმავდა და გაძლიერდა ლიტერატორების მიერ  მე-20 საუკუნეში, ეს იყო ურთიერთობა კონსტანტინე გამსახურდიას და მიკოლა ბაჟანს, პავლო ტიჩინას და სიმონ ჩიქოვანს შორის, რამაც  შეკრა ეს  დიდებული  წრე.

ჩემთვის ძალიან საწყენი და მტკივნეულია, ის  რაც ბოლო ორ  წელიწადში მოხდა უკრაინას და საქართველოს შორის. მე ვგრძნობ, რა მძიმე კვალი დატოვა ამ ყველაფერმა ჩვენს ურთიერთობებში, უმძიმესი იყო ელჩის გაწვევის ფაქტი, ის რომ თითქმის ორი წელია უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს. ამას ახლდა  არც თუ დიპლომატიური განცხადებები უკრაინის პირველი პირების მხრიდან. ეს ყველაფერი არ უწყობს ხელს,  შევინარჩუნოთ ის დიდი სიმპატიები, რაც იყო საქართველოში უკრაინის მიმართ. მე ძალიან მომწონს ჩვენი ხალხის სიბრძნე, რომ არ ავყევით პროვოკაციულ განცხადებებს, ვინარჩუნებთ მხარდაჭერას და სიმპატიას მეომარი უკრაინის მიმართ და არ ვამახვილებთ ყურადღებას  არა სასიამოვნო, საჩოთირო  საკითხებზე. ეს ჩვენი ქვეყნების მომავალი ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვენი  შრომითი ბიოგრაფია მრავალმხრივია, რა იყო  ყველაზე მნიშვნელოვანი იმ საქმეებს შორის, რასაც ემსახურეთ მთელი ცხოვრება?

-  ეს არის პოეზია. საქართველოში იოლი არაა   საუბარი  იმაზე, რომ ხარ პოეტი. ეს დიდი ტვირთი და განაცხადია ქვეყანაში, რომელსაც ბევრი საოცარი პოეტი ჰყავს. პირადად ჩემთვის პოეზია არის ჩემი ცხოვრება, ამით დავიწყე და ამით მოვდივარ. რაც  არ უნდა ვყოფილიყავი,ლექტორი, მეცნიერი, კათედრის გამგე, მინისტრის მოადგილე, თუ ელჩი  პოეზია იყო და რჩებოდა ის, რის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. პოეზია იყო ჩემი თანამგზავრი. მე ვარსებობდი, როგორც ლიტერატორი და ასე დარჩება ბოლომდე.

როგორ წამოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება მომავალში -  საქართველოში თუ უკრაინაში?

-  მადლობელი ვიქნები ყველაფრისთვის, რასაც ამ ასაკში ბედი მაჩუქებს. ჩემი ოცნება იყო საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა,  რაც უფრო ადრე  ვერ მოვახერხე,  სამწუხაროდ ამაზე პუტინმა იზრუნა. გულწრფელად გეტყვით, ორი წელია საქართველოში ვარ, მაგრამ ვერ გავძეხი ქართული ჰაერით, აქაურობით.  როცა სოფელში ვარ  არ მინდა დაღამდეს, არ მინდა გათენდეს, სულ მინდა მოგონებებში ვიტრიალო. სამწუხაროდ, თითქმის არავინ დარჩა აქ,  ვისაც ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა ახსოვს. ჩემი შვილები, ალბათ, აქ  ვერ ჩამოვლენ, კიევი იქნება მათი ასპარეზი, მე სანამ შემეძლება ვივლი კიევს და საქართველოს შორის. ახლა მთავარია, ომი მალე დასრულდეს, ამის შემდეგ ჩემი ძირითადი საცხოვრებელი  იქნება საქართველო,  კიევში ჩავალ ხოლმე   სტუმრად შვილებთან. მინდა მალე  ჩავიდე ქვეყანაში, რომელიც  ძალიან მენატრება. ჩემი დღე იწყება კომუნიკაციით უკრაინაში მყოფ ჩემს ახლობლებთან, შვილთან, მეგობრებთან.  გული საგულეში არ მაქვს,  როცა ვიგებ რომ რუსებმა განაახლეს შეტევა კიევზე. ჩვენ გვაქვს სახლი კიევთან ახლოს, სადაც  ჩემმა ვაჟმა ბუნკერი მოაწყო, ზოგჯერ  იქიდანაც მუშაობს. ახლა ჩემი გული  არის უკრაინაში.  მაშინ, როდესაც საქართველოში იყო ომი, აქეთ იყო მომართული ჩემი გონება, ახლა  ომი უკრაინაშია და იქაური ამბებით ვცხოვრობ.   ძალიან მძიმეა, რომ ორივე ქვეყანა, რომელიც მიყვარს, სადაც  გავატარე ცხოვრება, რუსეთის ოკუპაციას განიცდის.  ეს ძალიან მტკივა.  ამას წინათ ზუგდიდიდან რუხში წავიყვანე სტუმარი, ზუგდიდი  პრაქტიკულად ფრონტისპირა ქალაქია. შლაგბაუმის იქით ვერ მიდიხარ, იცი რომ იქითაც საქართველოა, მაგრამ არ არის საქართველოო,  გეუნებიან. აქეთ გორთან ორ კილომეტრშია საოკუპაციო ხაზი. ასეთია მძიმე რეალობა, ასეთია  ჩემი ორი ქვეყნის ბედი, ერთის, რომელიც სამშობლოა და მეორის, რომელმაც სამშობლოზე არნაკლებ იზრუნა ჩემზე, რის გამოც მისი უზომოდ მადლიერი ვარ.

თამუნა ნიჟარაძე

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.