წყარო:https://bm.ge
ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეწარმე და ბიზნესმენი, ჯეკ მა საკუთარი ტექნოლოგიური კომპანიის, Ant Group-ის კონტროლს ოფიციალურად თმობს. წილობრივი გადანაწილების სტრუქტურის ცვლილებამდე ჯეკ მა კომპანიის 50.52%-ს ფლობა, ახლა კი მილიარდერის წილი Ant Group-ში სულ რაღაც 6%-მდეა შემცირებული.
Ant Group-ი რეგიონის მასშტაბით უმსხვილეს საფინანსო პლატფორმას Alipay-ს ფლობს, რომლითაც 1.3 მილიარდამდე მომხმარებელი და 80 მილიონამდე ბიზნესი სარგებლობს. ექსპერტების შეფასებით, საფონდო ბირჟაზე განთავსების შემთხვევაში, Ant Group-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $300-მილიარდიან ნიშნულს მიაღწევდა, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ფინ-ტექ კომპანიად აქცევდა.
2019-2020 წლებში ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი იყო და მისი ქონება $60-მილიარდიან ნიშნულს აღწევდა, თუმცა მმართველ კომუნისტურ მთავრობასთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ, მა უმწვავესი პოლიტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა.
ჯეკ მას მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერიის დაღმასვლა 2020 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მან საჯარო კონფერენციაზე ჩინეთის მთავრობა და მარეგულირებელი ორგანო გააკრიტიკა და მათ პოლიტიკას „შემზღუდავი“ უწოდა.
მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში Ant Group-ის $37 მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება უნდა ყოფილიყო, ჩინეთის მთავრობამ დაბლოკა. ამის შემდეგ, მისი კომპანიების წინააღმდეგ აღიძრა არაერთი საქმე და დაიწყო მრავალწლიანი საგამოძიებო პროცესი, რომლის ფარგლებში მარეგულირებელმა ორგანომ კომპანია Alibaba რეკორდული 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. გასულ წელს მთავრობამ Ant Group-იც დააჯარიმა, ამ შემთხვევაში კომპანიას $1 მილიარდი გადახდა დაეკისრა.
მთავრობისგან მომავალი მზარდი ზეწოლის ფონზე, სულ უფრო მეტად მცირდება ჯეკ მას ჩართულობა Alibaba-ს მართვის პროცესშიც. 2013 წელს ის კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, 2019 წელს კი მან საბჭოც დატოვა. ამჟამად ჯეკ მა $272-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე ტექნოლოგიური გიგანტის 5%-იან წილს ფლობს.
Ant Group-ზე კონტროლის დათმობის სიახლე ინვესტორებმა უაღრესად პოზიტიურად მიიღეს: Alibaba-ს აქციების ღირებულება ერთ დღეში 8%-ით გაიზარდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 285 მილიარდ დოლარს მიაღწია.
როგორც ჩანს, პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული მილიარდერი მეწარმის ჩამოშორებას და Alibaba-სა თუ Ant Group-ის დღის წესრიგიდან ჯეკ მას გაქრობის სიახლეს ინვესტორები დადებითად იღებენ, რადგან ზემოხსენებული მოცემულობა მნიშვნელოვნად ამცირებს მთავრობის მხრიდან მომავალ რისკებს და კომპანიებს განვითარების საშუალებას აძლევს.
ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.
წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.
ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.
გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:
2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.
რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".
მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".
ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".
მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".
1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.
ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.
"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.
"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.
ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.
შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.
წყარო:https://bm.ge/n