USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«Frankfurter Algemeine Zeitung» (გერმანია): „რატომ არის რუსეთის ეკონომიკა მდგრადი: მოსკოველი ტექნოკრატები კარგად მუშაობენ, მაგრამ მიმდინარე წლის ბოლოს სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს“
дата:  294

გერმანულ გაზეთში „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (FAZ – Frankfurter Algemeine Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არის რუსეთის ეკონომიკა მდგრადი: მოსკოველი ტექნოკრატები კარგად მუშაობენ, მაგრამ მიმდინარე წლის ბოლოს სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს“ (ავტორი - ოლივერ კემკპენსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთის სამრეწველო განვითარებული ქვეყნების ექსპერტები გაკვირვებულები არიან, რომ რუსეთის ეკონომიკამ უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოცხადებული სანქციები მეტ-ნაკლებად ნორმალურად გადაიტანა. მართალია, შიგადაშიგ გარკვეული პრობლემები ჩნდებიან ხოლმე, მაგრამ კომპეტენტურ მოსკოველ ტექნოკრატებს არ სძინავთ - ისინი საკმაოდ მოხერხებულად და უნარიანად მუშაობენ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობის შენარჩუნებისათვის ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ძირითადად, ცენტრალიზებული წესით იქმნება.

საერთაშორისო ექსპერტთა პროგნოზებით, რუსეთის მშპ-ის ზრდა 2023 წელს დაახლოებით 1%-მდე იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლით, მინიმალური ზრდა 0,3%-ით იქნება გამოხატული, ხოლო 2024 წელს თითქმის 2,4%-მდე მოიმატებს. მთლიანობაში მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის ეკონომიკა, ომთან დაკავშირებული კოლოსალური ხარჯების მიუხედავად, არცთუ ცუდად ვითარდება. „რუსეთის ეკონომიკა კრახს განიცდის“, - ამბობდა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ხაბეკი გასული წლის ივნისში, მაგრამ მისი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა. ასევე არასწორი გამოდგა სხვა დასავლელი პოლიტიკოსების, მაღალჩინოსნებისა თუ ექსპერტების პროგნოზები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ - რუსეთში 1990-ინი წლები განმეორდებაო.

რუსეთის ეკონომიკის მდგრადობის მიზეზები საკმაოდ ბევრია. ერთი მხრივ, ისინი დაკავშირებულია პოლიტიკურ სისტემასთან, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური თავისუფლებით, რომელსაც პოლიტკური სისტემა უზრუნველყოფს და მესამე - ჩვენი მცდარი წარმოდგენებით სანქციების გავლენის აღქმის თაობაზე.

უმკაცრესი სანქციების პირობებში, როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს და დაუჯერებელი გვეგონოს, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაზარალებულა. ფორმალურად ბიუჯეტი ნავთობის ფასების საფუძველზე ყალიბდება. ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების წყალობით, რუსეთმა დამატებითი შემოსავლები მიიღო. ამას ემატება ის გარემოება, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 3,3 ტრილიონი რუბლის მოცულობით (დაახლოებით 40 მილიარდი ევრო) შეიძლება დაიფაროს როგორც სახელმწიფოს ფონდებიდან, ასევე სახელმწიფო კომპანიების განსაკუთრებული შენატანებით.

რა თქმა უნდა, კრიზისმა და სანქციებმა ცალკეული დარგები დააზარალა. უფრო ყურადღებით თუ შევხედავთ რუსეთის ეკონომიკას, დარგების მიხედვით, ნათელი გახდება, რომ ყველაზე მეტი კლება მრეწველობაში მოხდა 2021 წლის 6,3%-იანი მაჩვენებლიდან 2022 წლის 0,6%-მდე. თუმცა არის იმედი, რომ მიმდინარე წელს მრეწველობა“ ამოქაჩავს“. საინტერესო ტენდენციებია რუსეთის საცალო ვაჭრობის ქსელში, რომელიც ბოლო თვეებში მთლიანად გადავიდა შესყიდვების ახალ სტრატეგიაზე: შექმნილია უცხოური პროდუქციის შემსყიდველი რუსული კომპანიები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რომელსაც, თურქეთისა და სერბეთისაგან განსხვავებით, დასავლური სანქციები არ ეხება. მოკლედ, ალტერნატიული პარალელური იმპორტის მექანიზმი კარგად მუშაობს. რუსეთის ქალაქებში ისევ შეხვდებით მსოფლიოს ცნობილი ბრენდების პროდუქციას, აზიური ბანკები კი, მიმდინარე გადახდების უზრუნველყოფის მიზნით,  რუს კოლეგებთან სიამოვნებით თანამშრომლობენ

როგორც ჩანს, 2023 წელი რუსეთისათვის, 2022 წელთან შედარებით, უფრო რთული არ იქნება: ბიუჯეტი კონსოლიდირებულია, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელი რეფორმები არ ხორციელდება. ოქროსა და ვალუტის რეზერვები მაღალ დონეზე - იმის მიუხედავად, რომ საზღვარგარეთ არსებული მათი ნაწილი „გაყინულია“. ეკონომიკაში ზოგიერთი დარგი ისევ მოგებით მუშაობს. სამომავლოდ, როგორც არ უნდა ცუდად წავიდეს საქმე, რუსეთის ეკონომიკა გრძელვადიან პერსპექტივაში, „შეიკუმშება“, მაგრამ არ დაეცემა.

საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღევანდელ პერიოდამდე რუსული საზოგადოება თითქმის ყოველ 7-9 წელიწადში ეგზისტენციალურ კრიზისებში ვარდებოდა (ჩეჩნეთის ომი, Lehman Brothers-ის სისტემის კრახი, კონფლიქტები კავკასიაში და დონბასში), რომლებსაც კრემლი კარგად უმკლავდებოდა.

რამდენ ხანს დარჩება რუსეთის ეკონომიკა ასეთი მდგრადი, ეს უპირველესად დამოკიდებულია უკრაინასთან ომის ხანგრძლივობაზე, რომლის მსვლელობის დროს კრემლი კრეატიულად აზროვნებს და მოქმედებს.

წყარო: https://www.faz.net/aktuell/wirtschaft/warum-russlands-wirtschaft-so-robust-ist-18798088.html

 

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати