USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«Franfurter Rundschau» (გერმანია): „თითქმის 25 წელი ხელისუფლებაში: როგორი სახე შეუქმნა რუსეთს ვლადიმერ პუტინმა“
Date:  444

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Franfurter Rundschau), რუსეთში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ ფონზე, ბეჭდავს სტატიას სათაურით „თითქმის 25 წელი ხელისუფლებაში: როგორი სახე შეუქმნა რუსეთს ვლადიმერ პუტინმა“ (ავტორი - პაულა ფელკნერი).

ვლადიმერ პუტინი რუსეთს თითქმის 25 წელია მართავს... და, როგორც „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინასწარი შედეგები აჩვენებს, კიდევ მინიმუმ კიდევ ხუთი წელი იქნება რუსეთის მმართველი. კრემლის 71 წლის ლიდერმა პოსტსაბჭოთა ქვეყანა რეპრესიულ ავტოკრატიად გადააქცია. მოდით, გადავხედოთ „პუტინის ეპოქას“ და ზოგიერთი რამ გავიხსენოთ:

ჩეჩნეთის მეორე ომი: პუტინი როგორც მხედართუფროსი

1999 წელს, როცა ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 26 აგვისტოს, მან ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას ომი გამოუცხადა. რუსეთის ხელისუფლებამ ომს „ანტიტერორისტული ოპერაცია“ უწოდა. ომის აქტიური ფაზა გრძელდებოდა 2020 წლის 21 აპრილამდე, ხოლო კონტრპარტიზანული -  2009 წლის 16 აპრილამდე.

რუსეთის ტერიტორიაზე იმ დროს ტერორისტული აქტები ხდებოდა - ადამიანებს კლავდნენ ამ იტაცებდნენ და მძევლებად აჰყავდათ. 2002 წლის პირველ სექტემბერს, ჩეჩნეთის (იჩქერიის) საველე მეთაურები და მებრძოლები თავს დაესხნენ ქალაქ ბესლანში საშუალო სკოლას, სადაც მძევლებად ასობით მოსწავლე, მათი მშობლები, მასწავლებლები აიყვანეს და 50 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ, სანამ რუსეთის უშიშროების ქვედანაყოფები არ შეიჭრნენ. სროლების შედეგად დაიღუპა 330 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი. კრემლმა მძევლების გათავისუფლების ოპერაცია არასწორად განახორციელა, რისთვისაც მოსახლეობის კრიტიკა დაიმსახურა.

პუტინი: ფორმალურად - პრემიერი, პრაქტიკულად - პრეზიდენტი

2008 წელს ვლადიმერ პუტინის მეორე საპრეზიდენტო ვადა დასრულდა. კონსტიტუციის დებულებების გამო მას აღარ შეეძლო მესამე ვადით არჩევა. რუსეთის ახალი პრეზიდენტი გახდა ვლადიმერ პუტინის სანდო პიროვნება დიმიტრი მედვედევი, რომელიც მის უახლოეს მოკავშირეს წარმოადგენდა. დიმიტრი მედვედევის მმართველობის დროს ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული. როგორც კრიტიკოსები ამბობდნენ, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს აკონტროლებდა.

ომი საქართველოსთან: პუტინის ნაბიჯი მედვედევის მეშვეობით

რუსეთ-საქართვლოს ომი 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა საქართველოს არმიის ქვედანაყოფები [სეპარატისტული] სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე შევიდნენ, ხოლო მის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა [ქვეყნის ფაქტიურ მმართველ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ], საქართველოს ქალაქები დაბომბა. ხუთდრიანი ომმა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ზოგიერთი ქვეყნის გარდა, მსოფლიო აღნიშნულ რეგიონებს კვლავ საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში არსებულად თვლის.

საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა პუტინის მიერ

2011 წელს რუსეთში მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები გაიმართა პარლამენტის (სახელმწიფო სათათბიროს) არჩევნების გაყალბების გამო. გამოსვლების მონაწილეები აპროტესტებდნენ აგრეთვე ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ იგი ისევ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. კრემლმა მკაცრად ჩაახშო პროტესტები. 2012 წელს ვლადიმერ პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტი გახდა.

პუტინი და უკრაინა: დონბასის სეპარატიზმი და ყირიმის ანექსია

2012 წელს, მესამე საპრეზიდენტო ვადის დროს, ვლადიმერ პუტინმა გააღვივა სეპარატიზმი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში (დონბასში - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში), მხარი დაუჭირა ადგილობრივ პრორუსულ სეპარატისტულ ხელისუფლებას, ხოლო 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა. დასავლეთმა კრემლის მოქმედება დაგმო და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის მიუხედავად, იმავე დასავლეთის ხელშეწყობით, რუსეთმა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. რასაკვირველია, პუტინი აგრძელებდა ლიბერალურ ოპოზიციასთან ბრძოლას.

პუტინი „უცხოელი აგენტებისა“ და „ლგბტ“-ის წინააღმდეგ

თავისი მეოთხე საპრეზიდენტო ვადა ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციაზე მკაცრი ზეწოლით დაიწყო: მან მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები შეავიწროვა და ისინი, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ და დასავლეთთან ფინანსური კავშირი ჰქონდათ, „უცხოელ აგენტებად“ შერაცხა. კანონმა სახელწოდებით „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ“ რუსეთში გაამყარა კონსერვატიული ფასეულობები. 2020 წელს კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტად ყოფნის იურიდიული გარანტიები 2036 წლამდე მიიღო.

პუტინის ომი უკრაინასთან

2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც ჯარი ჰყავდა თავმოყრილი უკრაინის საზღვრებთან და მსოფლიოს ატყუებდა, თითქოსდა მხოლოდ სამხედრო წრთვნებს ატარებდა, ბრძანება გასცა უკრაინაში შესაჭრელად. ომში, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება, ასეულ ათასობით  ადამიანი იღუპება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაანაშაულა და 2023 წელს ორდერი გასცა მის დასაპატიმრებლად.

„ვაგნერ-ჯგუფის“ აჯანყება პუტინის წინააღმდეგ

2023 წლის ივნისში ევგენი პრიგოჟინი, ნეგატიური სახელით ცნობილი დაქირავებულთა სამხედრო ორგანიზაციის „ვაგნერ-ჯგუფის“ ხელმძღვანელი, რომელიც მანამდე პუტინის სანდო პიროვნება იყო, არ დაემორჩილა რუსეთის არმიის სარდლობას, გენერალური შტაბის უფროსს და საერთოდ, სარდლობას, ხელში ჩაიგდო რუსეთის სამხრეთი მდებარე სამხედრო ობიექტები და თავისი სამხედრო ქვედანაყოფებით მოსკოვისაკენ დაიძრა. ბელარისის ცარევამ ამბოხება შეაჩერა და საბოლოოდ ჩააქრო, მაგრამ ვლადიმერ პუტინის ნათქვამს, რომ „ვაგნერმა“ თავისი ასეთი მოქმედებით რუსეთის არმიას „ზურგში დანა ჩასცა“, უკვალოდ არ ჩაუვლია. წარუმატებელი ამბოხების შემდეგ ორმა თვემ გაიარა და ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

პუტინის მე-5 „საპრეზიდენტო არჩევნები“: დიქტატორული რუსეთი

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში დიქტატორული რეჟიმი დაამყარა. დასავლეთის დემოკრატია თვლის, რომ რუსეთი ავტოკრატული სახელმწიფოა ვლადიმერ პუტინის მმართველობის სისტემა ისეთივე ძალადობრივი და დამთრგუნავია ადამიანის მიმართ, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებში. „საპრეზიდენტო არჩევნები“ პუტინის გამარჯვებით დასრულდა, ანუ მისი მმართველობის ეპოქა სამომავლოდაც გაგრძელდება. მაგრამ აღიარებს თუ არა ლეგიტიმურად საერთაშორისო საზოგადოება ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად არჩევას?

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.fr.de/politik/wahl-russland-putin-praesident-krieg-ukraine-nawalny-zr-92890531.html

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way