USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
რამდენი მილიონი ლარი დაუჯდა საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა
თარიღი:  1468

2021 წლის 28 ივნისს ავღანეთი უკანასკნელმა ქართულმა ქვედანაყოფმა დატოვა. ბოლო მისიის ფარგლებში საქართველოს მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ავღანეთში ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. აქედან რამდენიმე დღეში, 5 ივლისს აშშ-მა ავღანეთის უმთავრესი ბაგრამის საავიაციო ბაზა დატოვა. 2021 წლის 15 აგვისტოს კი ავღანეთის ლეგიტიმური მთავრობა დაემხო და თალიბანმა ქვეყნის დედაქალაქი ქაბული დაიკავა.

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე NATO-ს საერთაშორისო მისიას 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. თავდაპირველად საერთაშორისო მისიას "საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალები" (ISAF) ერქვა, 2015 წლის პირველი იანვრიდან კი "მტკიცე მხარდაჭერის მისია" დაერქვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ბიუჯეტი განცალკევებული სახით 2015 წლიდან არის წარმოდგენილი, შესაბამისად, შესაძლებელია იმის დათვლა თუ რა თანხა დაუჯდა ქვეყანას ავღანეთის მისიაში მონაწილეობა. ავღანეთთან ერთად, ამ ბიუჯეტში ცენტრალურ აფრიკასა და მალიში მიმდინარე მისიაც შედის, თუმცა თანხის ძირითადი ნაწილი სწორედ ავღანეთის მისიას უკავშირდება.

ფინანსური მონაცემების მიხედვით, 2015-2021 წლებში საქართველოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა 266.7 მილიონი ლარი დაუჯდა. წლების მიხედვით, ეს თანხა ასე ნაწილდება:

● 2021 - 33.0 მილიონი ლარი (ბიუჯეტის პროექტი);
● 2020 - 45.0 მილიონი ლარი;
● 2019 - 43.6 მილიონი ლარი;
● 2018 - 38.2 მილიონი ლარი;
● 2017 - 38.4 მილიონი ლარი;
● 2016 - 39.2 მილიონი ლარი;
● 2015 - 29.4 მილიონი ლარი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2004 წლიდან დღემდე სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ავღანეთში ქართველ სამხედროთა კონტიგენტი მაქსიმალური 2012 წელს იყო და ის 1600-ს შეადგენდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის