USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Тбилиси
რამაზ საყვარელიძე: როდესაც დემოკრატია ცუდი ხარისხისაა, მოდის დიქტატურა
дата:  1031

„ ჩვენ არავის ვუტარებივართ 40 წელი. 30 წლიანი პერიოდი, რაც ჩვენ გავიარეთ თავისუფალ საქართველოში, ძალიან ცოტაა, პირდაპირ მოგვიწია შეჯახება იმ სიახლეებთან, რაც ახლავს ახალ ცხოვრებას, კიდევ კარგად ვართ, სადაც ვართ“  ასე აფასებს  პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე 30 წლიან პერიოდს,  რომელიც  გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა  ავტორიტარულ  რეჟიმს დააღწია თავი. თანამედროვე მსოფლიო დემოკრატიას და ავტოკრატიას  შორის ბრძოლის ახალ ეტაპს გადის.  როგორია ამ ორი სისტემის „ფსიქოლოგიური ანატომია“,  როდის გადადის  ერთი სისტემა მეორეში  და როგორ ირჩევს ლიდერს ავტოკრატიული რეჟიმიდან განთავისუფლებული საზოგადოება ამ თემებზე ბატონი რამაზ საყვარელიძე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს.  

რამაზ საყვარელიძე: დემოკრატია ავტოკრატიის ანატომიაზე, უფრო ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ, ვიდრე რაიმე აღიარებულ ჭეშმარიტებას, რადგან ეს არაა მარტივი  საკითხი, რაც შესაძლოა ქრესტომათიაში ამოვიკითხოთ. რა თქმა უნდა, დემოკრატია სჯობს  დიქტატურას და ავტორიტარიზმს, ოღონდ ჩვენ შეგვიძლია საკითხს შევხედოთ ამ კუთხიდანაც როდის სჯობია და რატომ? კლასიკოსი კურტ ლევინი  იყო გერმანიაში მცხოვრები ებრაელი ფსიქოლოგი, რომელიც  ჰიტლერის გამოჩენის შემდეგ გადავიდა ამერიკაში და იქ ფაქტიურად  შექმნა სოციალური ფსიქოლოგიის მთელი შტო, რომელიც სწორედ მართვის ავტორიტარულ, დემოკრატიულ და ანარქიულ ტიპებს  იკვლევდა.   ის სწავლობდა ამ საკითხებს წარმოების, ორგანიზაციების დონეზე, რაც გადადის და მოქმედებს დიდ სისტემებზეც.  ზოგადად ავტორიტარული მოდელი ყოველთვის ადვილი გასაკეთებელია ყველგან, მათ შორის ოჯახშიც, რომელზეც  ამავე  ტერმინებით შეიძლება მსჯელობა. როდესაც  გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი, რაც არ უნდა კარგი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, ასეთი ოჯახი ავტორიტარულია. როცა გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანების ჯგუფი, ეს უკვე დემოკრატიაა.  როდესაც  გადაწყვეტილებას, რა გააკეთონ, ყველა იღებს თავისთვის, ერთმანეთთან  დისკუსიის, მსჯელობის გარეშე და  როდესაც ყველა იმას აკეთებს, რასაც ჩათვლის, რომ გასაკეთებელია, ეს არის ანარქიული მოდელი. ძალიან ხშირად ახალბედა დემოკრატიებში, რომელსაც ჩვენც ვეკუთვნით, და არა მარტო ახალბედაში, რაც ვნახეთ, ამერიკაშიც იგივე სიტუაცია იყო, ხშირად დემოკრატია და ანარქია ერთმანეთში მარტივად  გადადის. 

ლევინის დასკვნით და შემდეგ ჩატარებულმა სხვა კვლევებმაც აჩვენა, რომ სისტემა, სახელმწიფოდან დაწყებული ოჯახით დამთავრებული,  წამგებიანია ანარქიის დროს და ნებისმიერ ვარიანტში ინგრევა. პროდუქტიულობის, შედეგის თვალსაზრისით მომგებიანი არის ავტოკრატია, რაც გასაგები მიზეზების გამო, ძნელად მისაღებია ადამიანებისთვის. უფრო მისაღებ მაგალითებს მოვიყვან. ავტოკრატიული აღზრდის მაგალითია მოცარტი, რომელსაც მამამისი წკეპლის ქვეშ ზრდიდა. მოცარტი ფაქტიურად მოიშალა როგორც პიროვნება, რასაც შეეწირა კიდეც, მაგრამ შექმნა  გენიალური მუსიკა. ავტოკრატიული სისტემაა ჯარი, სადაც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ჯარში ვერ შემოიტან დემოკრატიას  რისკის მაღალი ხარისხის გამო, ამიტომ მოქმედებს ჯარი ავტოკრატიული პრინციპით. ჯარმა შეიძლება ძალიან მაგრად იბრძოლოს, მაგრამ მებრძოლების რაღაც ნაწილი ვერ უძლებს დაძაბულობას, რისკს, რაც ახლავს ჯარის ცხოვრებას და რაც ანგრევს პიროვნებას. ეს არის  საფასური იმის, რაც ხდება ავტოკრატიულ სისტემაში. ის შესაძლოა კარგი იყოს თუ გადაწყვეტილების მიმღები პიროვნება ჭკვიანია, მაგალითად, დავით აღმაშენებლი არ იყო დემოკრატი, ის იყო ტიპიური ავტოკრატი, ოღონდ იყო გენიალური პიროვნება და უდიდესი სიკეთეები მოუტანა ქვეყანას, ასე რომ ცალსახად ავტოკრატია ცუდია და დემოკრატია კარგი, ეს მხოლოდ იარლიყებია. დემოკრატია მსოფლიოში მართლაც უდიდესი მიღწევაა, თუმცა დემოკრატიასაც აქვს თავისი სისუსტეები.  

- რა არის დემოკრატიის ხარვეზები?  

- პირველი დემოკრატია იყო ათენის დემოკრატია,ოღონდ შედარებით ცოტა ხანს გაძლო და გადავიდა ავტოკრატიაში. ადრე პერიოდებში მართვის ძირითადი ფორმა იყო ავტოკრატიული  დიქტატორული და ასე მოდიოდა კაცობრიობა მთელი ამ ხნის განმავლობაში.  ერთადერთი რაც უჭირს დემოკრატიას, მერე და მერე  თავისი თავის შენარჩუნებაა,  რატომ?  იმიტომ რომ არაა მარტივი, როცა გადაწყვეტილებას იღებს ბევრი ადამიანი.  ეს ცალკე თემაა ფსიქოლოგიაში. არსებობს კითხვა, სწორია თუ არასწორი, ბევრი ადამიანის გადაწყვეტილებები?  როგორც წესი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს გარკვეული ტენდენცია ახასიათებს. ის ან ძალიან გაბედულია და რისკიანი, ან ძალიან ფრთხილი, უმეტესწილად არის აგრესიული. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის წინ, ქვეყნებში, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ომში, აღლუმები ეწყობოდა საზეიმო სულისკვეთებით, რომ ომის დაწყება იყო კარგი.  ყველას მიაჩნდა, რომ გაიმარჯვებდნენ.  ჯგუფურ გადაწყვეტლებებს ახასიათებთ აგრესიულობა. ჯგუფური გადაწყვეტილების ერთერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია, ქრისტეს გაკვრა ჯვარზე.  როგორც ყველა გენიალურ ნაწარმოებში ქრისტეს ამბავშიც  დიდი ჭეშმარიტებებია ჩადებული, კერძოდ, შეაგულიანეს იუდაისტმა ღვთისმსახურებმა და წაჰყვა ხალხი მათ შეგულიანებას,  ესეც ჯგუფური გადაწყვეტილების დამახასიათებელი ნიშანია,  რომ შეიძლება ჯგუფი აჰყვეს რაღაცას. ეს  ერთერთი ხარვეზია. ანარქია ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია: არც საქმიან  შედეგს დებს და ადამიანებიც უკმაყოფილონი არიან. დიქტატურამ შეიძლება საქმისთვის კარგი შედეგი მოიტანოს, მაგრამ ადამიანებს აუბედურებს, ამიტომ პრაქტიკულად ვერასდროს ვერ ძლებს დიდხანს. ადამიანს თავისუფლება სჭირდება, დემოკრატიას, რომელიც კარგი სინთეზია თავისუფალი ადამიანის და პროდუქტიული, მიზანზე ორიენტირებული მუშაობის, აქვს თავისი სისუსტეები ვერ იცავს თავის თავს, ახლავს ცდუნებები, რადგან გადაწყვეტილებაში ბევრი ადამიანი მონაწილეობს. 

თუ დავეყრდნობით ფსიქოლოგიურ გამოკვლევებს, მათი მიხედვით, ყველაზე მყარი ვარიანტი არის დემოკრატია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები არიან  მაღალი კვალიფიკაციის. ტერმინი ბრმო იხმარება უგნურ და ემოციურ ადამიანთა ერთობლიობა. გადაწყვეტილების მიმღებთა შორის  არ უნდა მოექცეს ბრბო, ეს უნდა იყოს  მაღალი კვალიფიკაცის და გონიერ ადამიანთა ერთობა, რომელიც ყოველთვის იღებს სწორ გამოსავალს. ასეთ დროს დემოკრატია პროდუქტიულია და ელასტიური, რაც განაპირობებს კიდეც მის სიმყარეს.

- რა  სპეციფიკა ახასიათებს დიქტატურიდან გამოსულ საზოგადოებას? რა პრობლემები ჰქონდა ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 70 წლიან საბჭოთა ავტორიტარიზმს  დააღწია თავი?

- ჩინელებმა თქვეს მაგისი პასუხი, არის ასეთი ჩინური წყევლა, ღმერთმა გარდამავალ პერიოდში გამყოფოსო. გარდამავლობა არ არის დიდი სიკეთე. ბიბლიურ მაგალითს მოვიყვან, რატომ ატარა მოსემ  ებრაელები  40 წელი? სწორედ იმიტომ, რომ აღთქმულ ქვეყანაში შესვლისას გარკვეული ნიადაგი შეემზადებინა. ძნელი სათქმელია კონკრეტულად იმ პერიოდში რა იყო ამოცანა და როგორი იყო თავისუფალ მოქალაქეთა თაობა, მაგრამ უეცარი გადახტომისას მოულოდნელობები ძალიან ბევრია. იმ პერიოდში, რაც ჩვენ გავიარეთ, პირდაპირ მოგვიწია შეჯახება იმ სიახლეებთან, რაც ახლავს ახალ ცხოვრებას. ჩვენ არავის ვუტარებივართ 40 წელი. 30 წელი კი, რაც  ჩვენ  გავიარეთ, ძალიან ცოტაა, ალბათ ამიტომაც  კიდევ კარგად ვართ, როგორც ვართ. ასეთი მასშტაბის გარდამავლობა იყო დასავლეთში, ეს იყო რევოლუციების ეპოქები, მათ შორის საფრანგეთის რევოლუცია, რომლის გამარჯვების შემდეგ გილიოტინები დადგეს ფრანგებმა. პრაქტიკულად დაანგრიეს საფრანგეთი უგნური მმართველობით. როდესაც დემოკრატია ცუდი ხარისხისაა, მერე მოდის დიქტატურა, რაც მოხდა კიდეც საფრანგეთში გამოჩნდა ბონაპარტე და მას ზეიმით შეხვდა ხალხი.  

- ჩვენ რის მიხედვით ვაკეთეთ არჩევანი ამ 30 წელში? რა იყო მთავარი, ლიდერის შერჩევისას?

- არ ვიცი, რამდენად ითვლება რომ ვაკეთებთ არჩევანს.  როგორც წესი, ეს დამოკიდებულია იმაზე,  თუ როგორია ფონი ლიდერის არჩევისას, რა უჭირს ხალხს იმ დროს და რამდენად ემთხვევა ლიდერის შესახებ  არსებული წარმოდგენა იმას, რომ ის ამ პრობლემებს მოაგვარებს. ადამიანებს სჭირდებათ პრობლემების მომგვარებელი. კომუნისტურ წყობაში მყოფმა საზოგადოებამ აირჩია ზვიად გამსახურდია იმ მიზნით, რომ ის გაგვიყვანდა საბჭოთა კავშირიდან.  ეს იყო წამყვანი ზვიად გამსახურდიასთან დამოკიდებულებაში. მიშა სააკაშვილის  შემთხვევაში ერთად ბევრი ფაქტორი მოქმედებდა. ერთი ის, რომ შევარდნაძის მმართველობა გაგრძელდა დიდხანს, რაც არ უყვარს პოლიტიკას. კიდევ იყო სხვა ძირითადი მიზეზი. ამერიკელ ბუშს უნდოდა 11 სექტემბრის ტრაგედიის გამოყენებით  ევრაზიის კონტინენტზე ბოლომდე გაეტანა ამერიკული გავლენა.  წამოაყენა გეგმა, ამ გეგმის ერთერთი პირველი ნაწილი გახდა საქართველო, თუმცა ჩვენზე უფრო ადრე იყო  სერბეთი. იქამდეც შემუშავებული იყო ხავერდოვანი რევოლუციების მოდელი, მაგრამ შემდეგ აკერმანმა უკვე თავისებურად განავითარა ეს ტექნოლოგია, რომელიც მიმართული  იყო მოდელზე, წყობა იყოს დემოკრატიული, არ იყოს გამოყენებული ძალა ფრანგული რევოლუციიდან დისტანცირებისთვის. გილიოტინის სისხლი აღარ იყო  საჭირო, ხავერდოვანი რევოლუციაც ეგ არის  უსისხლო რევოლუცია, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას. როგორც კი რევოლუცია მოხდა და ედუარდი წავიდა სახლში ( სხვათაშორის, რომ არ წასულიყო, ვერავინ ვერაფერს მოსთხოვდა) აქაც შეიცვალა მმართველობა.  ადამიანს, ვინც ჩაუდგა სათავეში პროცესს, ამერიკელებმა უწოდეს დემოკრატიის შუქურა, ხომ  გასაგებია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს დემოკრატიის ქვეშ. აი, ეს არის დემოკრატიის საფრთხე და მასში ჩადებული ნაღმები, რომ მან შეიძლება ვერ მოზომოს და უნებლიეთ, დაიწყოს  სხვა ტიპის პროცესები, ვიდრე ამას დემოკრატია გულისხმობს. ასე გამოყენებულმა დემოკრატიამ, შეიძლება გააჩინოს დიქტატურა, რაც ვნახეთ ჩვენს  საკუთარ მაგალითზე.   

ედუარდს ჰქონდა მართვის დიდი გამოცდილება, მაგრამ  სიახლეს ვერ აუღო ალღო და მაგიტომ წააგო. რაც შეეხება დიდხანს გაძლებას, მან ბევრი რამ გააკეთა და ამიტომ გაძლო. ვინ დაამარცხა მხედრიონი? ევროპისკენ  მიკაკუნება, ბაქო  ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის მერეც „დაგვინახა“ ევროპამ.  ეს ყველაფერი  ედუარდ შევარდნაძემ გაკეთა. თავისი, დავარქვათ კომუნისტური გამოცდილებით, მან ბევრი რამ  შეძლო, იმიტომ რომ იცოდა მართვა, საქმის ორგანიზება, მაგრამ სწორედ იგივე გამოცდილებით, ვერ შეამჩნია და ვერ მიხვდა იმას, რაშიც საუკეთესოდ შეასრულა თავისი როლი სააკაშვილმა. ერთერთი მნიშვნელოვანი მომენტი პოლიტიკაშიც და დემოკრატიულ მართვაშიც  არის იმიჯი, რასაც ქმნის მასმედია. სააკაშვილი დაეყრდნო  მასმედიას, „რუსთავი 2“ს , შექმნა იმიჯი  გმირის, თავისუფლების მოყვარულის, ახალგაზრდა მმართველის  და ეს იმიჯი გაიმყარა „რუსთავი 2 ის: დახმარებით. შევარდნაძეს ამ მხრივ არაფერი გაუკეთებია და დარჩა კიდეც ძველი იმიჯი. ედუარდი ვერ ხვდებოდა მასმედიის როლს. მე  მქონია მასთან კამათი ამ თემაზე, რომ პირველი არხი საზოგადოებრივ არხად გადაკეთებულიყო, მაგრამ ვერ უშვებდა, რომ არ ჰქონოდა კონტროლი პირველ არხზე. ფიქრობდა, თუ კონტროლი ექნებოდა, მასმედია მოგებული ჰქონდა. მაგასაც ვერ ხვდებოდა, რომ  კონტროლირებული მასმედიით იმიჯს ვერ შეიქმნი. ედუარდს  მოსდევდა კომუნისტური ჩვევები, მაგრამ  იოლად გარდაიქმნა დემოკრატ მმართველად. მაშინ მედია ბევრად უფრო თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ვიდრე შემდეგ პერიოდებში.  

- ბოლო პერიოდებში ქართველები თითქოს აღარ ვეძებთ ჩვენს მსგავსს ემოციურ ლიდერს, ქარიზმატული თვისებებით, უკვე რაციოც წამოვიდა წინა პლანზე.  

- ქარიზმატული ლიდერი არაა ჩვენი ცნება, გერმანელმა სოციოლოგმა შემოიტანა ეს ცნება. იმავე გერმანიამ აჩვენა ქარიზმატული ლიდერის უპრეცედენტო მაგალითი ჰიტლერი. ამ რაციონალურმა ერმა, ჰიტლერი აირჩია სწორედ ქარიზმის გამო, ასე რომ ის კუთხე, რომ ერი ირჩევს თავისნაირს, არ გამოგვადგება. ხალხი ყოველთვის ირჩევს ქარიზმატულ ლიდერს, რომელსაც გავლენა აქვს სხვა ადამიანებზე და ისინი მას მიჰყვებიან.

- ეს გაყოლა ფანატიზმამდეც მიდის, ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოცდილება. სამ მმართველს ჰყავდა ბოლო წუთამდე ერთგული   მხარდამჭერები,  ძირითადად ქალბატონებს  შორის, რომელთა დამოკიდებულება და  გადაჭარბებული ემოციები თავიანთი ლიდერის მიმართ სახიფათოც კი  გახდა.  

ჰიტლერის მხარდამჭერი ქალებიც ძალიან ძლიერი ფაქტორი იყო ჰიტლერის პოლიტიკაში, ხალხი მას ემხრობოდა, განსაკუთრებით ქალები.  ქარიზმატულ ლიდერს აქვს მიმზიდველობა მშვენიერი სქესის მხრიდან. ტექნოლოგიებიც გვეუბნება, მიაქციეთ ყურადღება ქალის ფაქტორსო. ქალი ლიდერზე ორიენტირებული არსებაა. კაცი ლიდერს რომ ხედავს, ის მისთვის კონკურენტია, ქალი ლიდერს რომ ხედავს, უყვარდება.   ეს ცხოვრებიდან მოდის. მამრები ერთმანეთს ეჭიდავებიან, რომ მდედრს მოაწონონ თავი, რომელიც გაიმარჯვებს, მდედრი იმისკენ იხრება. ფაქტია, რომ  ქალებში უფრო გავრცელებულია სიმპატიები და სიყვარული პოლიტიკური ლიდერის მიმართ, ვიდრე  მამაკაცების მხრიდან, თუმცა ხანდახან კაცების მხრიდანაც შეიძლება მივიდეს საქმე დამოკიდებულებაში ფსიქოზამდე. ეს არაა ძნელი წარმოსადგენი. ფსიქოზამდე ადამიანების მიყვანა სულაც არ არის რთული. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც სოციალური მასშტაბის ლიდერია, ასევე  სპორტულ თუ სახელოვნებო ლიდერს, რისი მაგალითიც არის „ბითლზის“ ისტორია. კიდევ უფრო რთულად არის საქმე სასულიერო ლიდერთან დაკავშირებით. 

კარგად დავიმახსოვროთ გერმანიის მაგალითი, უჭკვიანესი, განათლებული ერი აჰყვა იმ იდიოტობებს, რასაც იძახდა ჰიტლერი, და არა მარტო აჰყვა, სისხლი დაღვარა, უარი თქვა ზნეობაზე. ამ ხალხმა ისეთი საშინელებები აკეთა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მკვლევარები დაინტერესებულები იყვნენ იმით, თუ რა ხალხი იყვნენ გერმანელები. პოლიტიკური ფსიქოლოგია, როგორც დარგი, გაჩნდა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ფარგლებში. ისინი იკვლევდნენ გერმანელებს. მეორე მსოფლიო ომი ახალდამთავრებული იყო და ყველგან ტრიალებდა კითხვა: გერმანელები სადისტები იყვნენ მთელი ნაცია თუ რაღაც  სხვა მოხდა. პოლიტიკურ ფსიქოლოგიას ბიძგს უკეთებდა  ის მოვლენები, რაც ხდებოდა მსოფლიოში. ავტორიტარიზმის ფსიქოლოგიის დანახვა აქტუალური გახდა ჰიტლერის შემდეგ. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ავტორიტარიზმი, იგივე გერმანული, ჰიტლერის ბრალი კი არა, გერმანელი ხალხის ბრალი იყო, რის ჩამორეცხვასაც ათეული წლები დასჭირდა. ეს ის ბოროტებაა, რომლისგანაც არავინ არაა დაზღვეული.  

 - დემოკრატიას არ უყვარს  მმართველები დიდხანს, თუმცა ამ მხრივ ჩვენ  საინტერესო და უცნაური გამოცდილება დავაგროვეთ. რა განსაზღვრავს რამდენი ხნით არის ლიდერი ხალხის რჩეული?

- გააჩნია რასთან გვაქვს საქმე. ცხონებულმა გამსახურდიამ ვერ შეძლო ქვეყნის მართვა ერთ წელზე მეტხანს, შევარდნაძემ კი, ლამის 18 წელი გაძლო. სახელმწიფოს მართვა სხვა რამეა, ხელისუფლების სავარძელთან მისვლა სხვა. შეიძლება მიხვიდე და ჩაჯდე ამ სავარძელში, მაგრამ მერე უნდა მართო. ინდოელი ერის ცხოვრებაში უდიდესი როლი შესარულა მაჰათმა განდიმ, მაგრამ როდესაც საქმე მმართველობამდე მიდგა, ის არ მიუშვეს  მმართველობაში, რადგანაც კომუნისტური იდეები ჰქონდა. როდესაც გააგებინეს, კეთილი იდეები კი გაქვს, მაგრამ არარეალისტურიო, თვითონ თქვა უარი ქვეყნის მართვაში მონაწილეობაზე. განდისნაირი პერსონა იყო ზვიად გამსახურდია ჩვენთან. ის ქვეყნის მმართველი რომ არ გამხდარიყო  და სხვებისთვის ჩაებარებინა ქვეყნის მართვა, თვითონ შეენარჩუნებინა როგორც მაჰათმას ეძახიან „ერის მამის“ და გმირის სტატუსი, ხელისუფლობის გარეშე  ეზრუნა ქვეყანაზე, დარწმუნებული  ვარ, ახლაც ცოცხალი იქნებოდა და ქვეყნის ბედიღბალიც სხვანაირად წავიდოდა. თითქოს მცირე შეცდომაა, მაგრამ მნიშვნელოვანი. ხელისუფლებას სხვა  გამოცდილება სჭირდება,  ასეთ დროს ბევრი ფაქტორები შემოდის. განდისდროინდელ ინდოეთში იყვნენ ადამიანები, რომელთაც რეალური წარმოდგენა ჰქონდათ, იმაზე, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, ნერუ იყო  ამისი მკაფიო მაგალითი, ვინც შემდეგ პრემიერ  მინისტრად აირჩიეს, თუმცა ხალხს მაშინაც განდი უნდოდა მმართველად.  არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა მისი მოღვაწეობა, მმართველის სკამში რომ ჩამჯდარიყო. თავისთავად საკითხი, ვინ ავირჩიოთ და ვინ  არა, არ უნდა იყოს ემოციური გადასაწყვეტი საზოგადოებისთვის, რაც ბევრი ხალხისთვის დიდ შეცდომაც იქცა.  

 - ჩვენ რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად?

 - სწორედ ემოციურობაა ჩვენი მთავარი შეცდომაც. როგორც ვთქვით, დემოკრატიის ყველაზე კარგი საყრდენი და  გარანტია რაციონალურობა და კომპეტენციაა. ჩვენ რაციონალურობაშიც მოვიკოჭლებთ, ქვეეყნის მართვის და გაძღოლის კომპეტენციაშიც არ გვაქვს მთლად კარგად საქმე, თუმცა ღა არც ისე ცუდად ვართ, როგორც ზოგს ჰგონია. ჩვენზე  რთულ  მდგომარეობაშიც არის ხალხი. ჩინეთში ვიყავით, ერთმა განათლებულმა ფსიქოლოგმა შემოგვჩივლა, ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ ჩინელები ყოველთვის ელოდებიან, რას ეტყვიან ზემოდან, თავის თავს არ აძლევენ იმის უფლებას, დაფიქრდნენ, რა უნდათ, ეგეც არ იციან, ყველაფერზე ზემოდან  ელოდებიან, რას ეტყვიანო (იცინის)  

საქართველოში ყველას  ლიდერობა უნდა, ეს კარგი ნიადაგია საიმისოდ, რომ დემოკრატია გამყარდეს. ის, რომ ჩვენთან მონობა უნდოდეს ადამიანთა ნაწილს, ამდენი დაპირისპირება კი არ იქნებოდა, რაც არაა ცუდი. მთავარია მერე რა გამოსავალს იპოვის ქვეყანა. მთელი ამერიკა ერთმანეთთან ისე  იყო დაპირისპირებული, იარაღს  ესროდნენ ერთმანეთს. როგორც კი ასე დაპირისპირებული  ადამიანები მიხვდნენ, რომ  ეს კარგი შედეგის მომტანი არ იყო  არავისთვის, ამის შემდეგ შექმნეს დემოკრატია და ააწყვეს ქვეყანა. სწორედ იმიტომ, რომ მუდმივად ერთმანეთთან ძიძგილაობაში ვართ, ამ ძიძგილაობის ხასიათი მომწიფდება საიმისოდ, რომ ვიპოვოთ დემოკრატიული მექანიზმების შექმნის გზები.    

თამუნა ნიჟარაძე

 

 

 

 

 

 

 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати