„ ჩვენ არავის ვუტარებივართ 40 წელი. 30 წლიანი პერიოდი, რაც ჩვენ გავიარეთ თავისუფალ საქართველოში, ძალიან ცოტაა, პირდაპირ მოგვიწია შეჯახება იმ სიახლეებთან, რაც ახლავს ახალ ცხოვრებას, კიდევ კარგად ვართ, სადაც ვართ“ ასე აფასებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე 30 წლიან პერიოდს, რომელიც გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა ავტორიტარულ რეჟიმს დააღწია თავი. თანამედროვე მსოფლიო დემოკრატიას და ავტოკრატიას შორის ბრძოლის ახალ ეტაპს გადის. როგორია ამ ორი სისტემის „ფსიქოლოგიური ანატომია“, როდის გადადის ერთი სისტემა მეორეში და როგორ ირჩევს ლიდერს ავტოკრატიული რეჟიმიდან განთავისუფლებული საზოგადოება ამ თემებზე ბატონი რამაზ საყვარელიძე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს.
რამაზ საყვარელიძე: დემოკრატია ავტოკრატიის ანატომიაზე, უფრო ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ, ვიდრე რაიმე აღიარებულ ჭეშმარიტებას, რადგან ეს არაა მარტივი საკითხი, რაც შესაძლოა ქრესტომათიაში ამოვიკითხოთ. რა თქმა უნდა, დემოკრატია სჯობს დიქტატურას და ავტორიტარიზმს, ოღონდ ჩვენ შეგვიძლია საკითხს შევხედოთ ამ კუთხიდანაც როდის სჯობია და რატომ? კლასიკოსი კურტ ლევინი იყო გერმანიაში მცხოვრები ებრაელი ფსიქოლოგი, რომელიც ჰიტლერის გამოჩენის შემდეგ გადავიდა ამერიკაში და იქ ფაქტიურად შექმნა სოციალური ფსიქოლოგიის მთელი შტო, რომელიც სწორედ მართვის ავტორიტარულ, დემოკრატიულ და ანარქიულ ტიპებს იკვლევდა. ის სწავლობდა ამ საკითხებს წარმოების, ორგანიზაციების დონეზე, რაც გადადის და მოქმედებს დიდ სისტემებზეც. ზოგადად ავტორიტარული მოდელი ყოველთვის ადვილი გასაკეთებელია ყველგან, მათ შორის ოჯახშიც, რომელზეც ამავე ტერმინებით შეიძლება მსჯელობა. როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი, რაც არ უნდა კარგი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, ასეთი ოჯახი ავტორიტარულია. როცა გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანების ჯგუფი, ეს უკვე დემოკრატიაა. როდესაც გადაწყვეტილებას, რა გააკეთონ, ყველა იღებს თავისთვის, ერთმანეთთან დისკუსიის, მსჯელობის გარეშე და როდესაც ყველა იმას აკეთებს, რასაც ჩათვლის, რომ გასაკეთებელია, ეს არის ანარქიული მოდელი. ძალიან ხშირად ახალბედა დემოკრატიებში, რომელსაც ჩვენც ვეკუთვნით, და არა მარტო ახალბედაში, რაც ვნახეთ, ამერიკაშიც იგივე სიტუაცია იყო, ხშირად დემოკრატია და ანარქია ერთმანეთში მარტივად გადადის.
ლევინის დასკვნით და შემდეგ ჩატარებულმა სხვა კვლევებმაც აჩვენა, რომ სისტემა, სახელმწიფოდან დაწყებული ოჯახით დამთავრებული, წამგებიანია ანარქიის დროს და ნებისმიერ ვარიანტში ინგრევა. პროდუქტიულობის, შედეგის თვალსაზრისით მომგებიანი არის ავტოკრატია, რაც გასაგები მიზეზების გამო, ძნელად მისაღებია ადამიანებისთვის. უფრო მისაღებ მაგალითებს მოვიყვან. ავტოკრატიული აღზრდის მაგალითია მოცარტი, რომელსაც მამამისი წკეპლის ქვეშ ზრდიდა. მოცარტი ფაქტიურად მოიშალა როგორც პიროვნება, რასაც შეეწირა კიდეც, მაგრამ შექმნა გენიალური მუსიკა. ავტოკრატიული სისტემაა ჯარი, სადაც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ჯარში ვერ შემოიტან დემოკრატიას რისკის მაღალი ხარისხის გამო, ამიტომ მოქმედებს ჯარი ავტოკრატიული პრინციპით. ჯარმა შეიძლება ძალიან მაგრად იბრძოლოს, მაგრამ მებრძოლების რაღაც ნაწილი ვერ უძლებს დაძაბულობას, რისკს, რაც ახლავს ჯარის ცხოვრებას და რაც ანგრევს პიროვნებას. ეს არის საფასური იმის, რაც ხდება ავტოკრატიულ სისტემაში. ის შესაძლოა კარგი იყოს თუ გადაწყვეტილების მიმღები პიროვნება ჭკვიანია, მაგალითად, დავით აღმაშენებლი არ იყო დემოკრატი, ის იყო ტიპიური ავტოკრატი, ოღონდ იყო გენიალური პიროვნება და უდიდესი სიკეთეები მოუტანა ქვეყანას, ასე რომ ცალსახად ავტოკრატია ცუდია და დემოკრატია კარგი, ეს მხოლოდ იარლიყებია. დემოკრატია მსოფლიოში მართლაც უდიდესი მიღწევაა, თუმცა დემოკრატიასაც აქვს თავისი სისუსტეები.
- რა არის დემოკრატიის ხარვეზები?
- პირველი დემოკრატია იყო ათენის დემოკრატია,ოღონდ შედარებით ცოტა ხანს გაძლო და გადავიდა ავტოკრატიაში. ადრე პერიოდებში მართვის ძირითადი ფორმა იყო ავტოკრატიული დიქტატორული და ასე მოდიოდა კაცობრიობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ერთადერთი რაც უჭირს დემოკრატიას, მერე და მერე თავისი თავის შენარჩუნებაა, რატომ? იმიტომ რომ არაა მარტივი, როცა გადაწყვეტილებას იღებს ბევრი ადამიანი. ეს ცალკე თემაა ფსიქოლოგიაში. არსებობს კითხვა, სწორია თუ არასწორი, ბევრი ადამიანის გადაწყვეტილებები? როგორც წესი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს გარკვეული ტენდენცია ახასიათებს. ის ან ძალიან გაბედულია და რისკიანი, ან ძალიან ფრთხილი, უმეტესწილად არის აგრესიული. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის წინ, ქვეყნებში, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ომში, აღლუმები ეწყობოდა საზეიმო სულისკვეთებით, რომ ომის დაწყება იყო კარგი. ყველას მიაჩნდა, რომ გაიმარჯვებდნენ. ჯგუფურ გადაწყვეტლებებს ახასიათებთ აგრესიულობა. ჯგუფური გადაწყვეტილების ერთერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია, ქრისტეს გაკვრა ჯვარზე. როგორც ყველა გენიალურ ნაწარმოებში ქრისტეს ამბავშიც დიდი ჭეშმარიტებებია ჩადებული, კერძოდ, შეაგულიანეს იუდაისტმა ღვთისმსახურებმა და წაჰყვა ხალხი მათ შეგულიანებას, ესეც ჯგუფური გადაწყვეტილების დამახასიათებელი ნიშანია, რომ შეიძლება ჯგუფი აჰყვეს რაღაცას. ეს ერთერთი ხარვეზია. ანარქია ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია: არც საქმიან შედეგს დებს და ადამიანებიც უკმაყოფილონი არიან. დიქტატურამ შეიძლება საქმისთვის კარგი შედეგი მოიტანოს, მაგრამ ადამიანებს აუბედურებს, ამიტომ პრაქტიკულად ვერასდროს ვერ ძლებს დიდხანს. ადამიანს თავისუფლება სჭირდება, დემოკრატიას, რომელიც კარგი სინთეზია თავისუფალი ადამიანის და პროდუქტიული, მიზანზე ორიენტირებული მუშაობის, აქვს თავისი სისუსტეები ვერ იცავს თავის თავს, ახლავს ცდუნებები, რადგან გადაწყვეტილებაში ბევრი ადამიანი მონაწილეობს.
თუ დავეყრდნობით ფსიქოლოგიურ გამოკვლევებს, მათი მიხედვით, ყველაზე მყარი ვარიანტი არის დემოკრატია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები არიან მაღალი კვალიფიკაციის. ტერმინი ბრმო იხმარება უგნურ და ემოციურ ადამიანთა ერთობლიობა. გადაწყვეტილების მიმღებთა შორის არ უნდა მოექცეს ბრბო, ეს უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაცის და გონიერ ადამიანთა ერთობა, რომელიც ყოველთვის იღებს სწორ გამოსავალს. ასეთ დროს დემოკრატია პროდუქტიულია და ელასტიური, რაც განაპირობებს კიდეც მის სიმყარეს.
- რა სპეციფიკა ახასიათებს დიქტატურიდან გამოსულ საზოგადოებას? რა პრობლემები ჰქონდა ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 70 წლიან საბჭოთა ავტორიტარიზმს დააღწია თავი?
- ჩინელებმა თქვეს მაგისი პასუხი, არის ასეთი ჩინური წყევლა, ღმერთმა გარდამავალ პერიოდში გამყოფოსო. გარდამავლობა არ არის დიდი სიკეთე. ბიბლიურ მაგალითს მოვიყვან, რატომ ატარა მოსემ ებრაელები 40 წელი? სწორედ იმიტომ, რომ აღთქმულ ქვეყანაში შესვლისას გარკვეული ნიადაგი შეემზადებინა. ძნელი სათქმელია კონკრეტულად იმ პერიოდში რა იყო ამოცანა და როგორი იყო თავისუფალ მოქალაქეთა თაობა, მაგრამ უეცარი გადახტომისას მოულოდნელობები ძალიან ბევრია. იმ პერიოდში, რაც ჩვენ გავიარეთ, პირდაპირ მოგვიწია შეჯახება იმ სიახლეებთან, რაც ახლავს ახალ ცხოვრებას. ჩვენ არავის ვუტარებივართ 40 წელი. 30 წელი კი, რაც ჩვენ გავიარეთ, ძალიან ცოტაა, ალბათ ამიტომაც კიდევ კარგად ვართ, როგორც ვართ. ასეთი მასშტაბის გარდამავლობა იყო დასავლეთში, ეს იყო რევოლუციების ეპოქები, მათ შორის საფრანგეთის რევოლუცია, რომლის გამარჯვების შემდეგ გილიოტინები დადგეს ფრანგებმა. პრაქტიკულად დაანგრიეს საფრანგეთი უგნური მმართველობით. როდესაც დემოკრატია ცუდი ხარისხისაა, მერე მოდის დიქტატურა, რაც მოხდა კიდეც საფრანგეთში გამოჩნდა ბონაპარტე და მას ზეიმით შეხვდა ხალხი.
- ჩვენ რის მიხედვით ვაკეთეთ არჩევანი ამ 30 წელში? რა იყო მთავარი, ლიდერის შერჩევისას?
- არ ვიცი, რამდენად ითვლება რომ ვაკეთებთ არჩევანს. როგორც წესი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ფონი ლიდერის არჩევისას, რა უჭირს ხალხს იმ დროს და რამდენად ემთხვევა ლიდერის შესახებ არსებული წარმოდგენა იმას, რომ ის ამ პრობლემებს მოაგვარებს. ადამიანებს სჭირდებათ პრობლემების მომგვარებელი. კომუნისტურ წყობაში მყოფმა საზოგადოებამ აირჩია ზვიად გამსახურდია იმ მიზნით, რომ ის გაგვიყვანდა საბჭოთა კავშირიდან. ეს იყო წამყვანი ზვიად გამსახურდიასთან დამოკიდებულებაში. მიშა სააკაშვილის შემთხვევაში ერთად ბევრი ფაქტორი მოქმედებდა. ერთი ის, რომ შევარდნაძის მმართველობა გაგრძელდა დიდხანს, რაც არ უყვარს პოლიტიკას. კიდევ იყო სხვა ძირითადი მიზეზი. ამერიკელ ბუშს უნდოდა 11 სექტემბრის ტრაგედიის გამოყენებით ევრაზიის კონტინენტზე ბოლომდე გაეტანა ამერიკული გავლენა. წამოაყენა გეგმა, ამ გეგმის ერთერთი პირველი ნაწილი გახდა საქართველო, თუმცა ჩვენზე უფრო ადრე იყო სერბეთი. იქამდეც შემუშავებული იყო ხავერდოვანი რევოლუციების მოდელი, მაგრამ შემდეგ აკერმანმა უკვე თავისებურად განავითარა ეს ტექნოლოგია, რომელიც მიმართული იყო მოდელზე, წყობა იყოს დემოკრატიული, არ იყოს გამოყენებული ძალა ფრანგული რევოლუციიდან დისტანცირებისთვის. გილიოტინის სისხლი აღარ იყო საჭირო, ხავერდოვანი რევოლუციაც ეგ არის უსისხლო რევოლუცია, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას. როგორც კი რევოლუცია მოხდა და ედუარდი წავიდა სახლში ( სხვათაშორის, რომ არ წასულიყო, ვერავინ ვერაფერს მოსთხოვდა) აქაც შეიცვალა მმართველობა. ადამიანს, ვინც ჩაუდგა სათავეში პროცესს, ამერიკელებმა უწოდეს დემოკრატიის შუქურა, ხომ გასაგებია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს დემოკრატიის ქვეშ. აი, ეს არის დემოკრატიის საფრთხე და მასში ჩადებული ნაღმები, რომ მან შეიძლება ვერ მოზომოს და უნებლიეთ, დაიწყოს სხვა ტიპის პროცესები, ვიდრე ამას დემოკრატია გულისხმობს. ასე გამოყენებულმა დემოკრატიამ, შეიძლება გააჩინოს დიქტატურა, რაც ვნახეთ ჩვენს საკუთარ მაგალითზე.
ედუარდს ჰქონდა მართვის დიდი გამოცდილება, მაგრამ სიახლეს ვერ აუღო ალღო და მაგიტომ წააგო. რაც შეეხება დიდხანს გაძლებას, მან ბევრი რამ გააკეთა და ამიტომ გაძლო. ვინ დაამარცხა მხედრიონი? ევროპისკენ მიკაკუნება, ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის მერეც „დაგვინახა“ ევროპამ. ეს ყველაფერი ედუარდ შევარდნაძემ გაკეთა. თავისი, დავარქვათ კომუნისტური გამოცდილებით, მან ბევრი რამ შეძლო, იმიტომ რომ იცოდა მართვა, საქმის ორგანიზება, მაგრამ სწორედ იგივე გამოცდილებით, ვერ შეამჩნია და ვერ მიხვდა იმას, რაშიც საუკეთესოდ შეასრულა თავისი როლი სააკაშვილმა. ერთერთი მნიშვნელოვანი მომენტი პოლიტიკაშიც და დემოკრატიულ მართვაშიც არის იმიჯი, რასაც ქმნის მასმედია. სააკაშვილი დაეყრდნო მასმედიას, „რუსთავი 2“ს , შექმნა იმიჯი გმირის, თავისუფლების მოყვარულის, ახალგაზრდა მმართველის და ეს იმიჯი გაიმყარა „რუსთავი 2 ის: დახმარებით. შევარდნაძეს ამ მხრივ არაფერი გაუკეთებია და დარჩა კიდეც ძველი იმიჯი. ედუარდი ვერ ხვდებოდა მასმედიის როლს. მე მქონია მასთან კამათი ამ თემაზე, რომ პირველი არხი საზოგადოებრივ არხად გადაკეთებულიყო, მაგრამ ვერ უშვებდა, რომ არ ჰქონოდა კონტროლი პირველ არხზე. ფიქრობდა, თუ კონტროლი ექნებოდა, მასმედია მოგებული ჰქონდა. მაგასაც ვერ ხვდებოდა, რომ კონტროლირებული მასმედიით იმიჯს ვერ შეიქმნი. ედუარდს მოსდევდა კომუნისტური ჩვევები, მაგრამ იოლად გარდაიქმნა დემოკრატ მმართველად. მაშინ მედია ბევრად უფრო თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ვიდრე შემდეგ პერიოდებში.
- ბოლო პერიოდებში ქართველები თითქოს აღარ ვეძებთ ჩვენს მსგავსს ემოციურ ლიდერს, ქარიზმატული თვისებებით, უკვე რაციოც წამოვიდა წინა პლანზე.
- ქარიზმატული ლიდერი არაა ჩვენი ცნება, გერმანელმა სოციოლოგმა შემოიტანა ეს ცნება. იმავე გერმანიამ აჩვენა ქარიზმატული ლიდერის უპრეცედენტო მაგალითი ჰიტლერი. ამ რაციონალურმა ერმა, ჰიტლერი აირჩია სწორედ ქარიზმის გამო, ასე რომ ის კუთხე, რომ ერი ირჩევს თავისნაირს, არ გამოგვადგება. ხალხი ყოველთვის ირჩევს ქარიზმატულ ლიდერს, რომელსაც გავლენა აქვს სხვა ადამიანებზე და ისინი მას მიჰყვებიან.
- ეს გაყოლა ფანატიზმამდეც მიდის, ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოცდილება. სამ მმართველს ჰყავდა ბოლო წუთამდე ერთგული მხარდამჭერები, ძირითადად ქალბატონებს შორის, რომელთა დამოკიდებულება და გადაჭარბებული ემოციები თავიანთი ლიდერის მიმართ სახიფათოც კი გახდა.
- ჰიტლერის მხარდამჭერი ქალებიც ძალიან ძლიერი ფაქტორი იყო ჰიტლერის პოლიტიკაში, ხალხი მას ემხრობოდა, განსაკუთრებით ქალები. ქარიზმატულ ლიდერს აქვს მიმზიდველობა მშვენიერი სქესის მხრიდან. ტექნოლოგიებიც გვეუბნება, მიაქციეთ ყურადღება ქალის ფაქტორსო. ქალი ლიდერზე ორიენტირებული არსებაა. კაცი ლიდერს რომ ხედავს, ის მისთვის კონკურენტია, ქალი ლიდერს რომ ხედავს, უყვარდება. ეს ცხოვრებიდან მოდის. მამრები ერთმანეთს ეჭიდავებიან, რომ მდედრს მოაწონონ თავი, რომელიც გაიმარჯვებს, მდედრი იმისკენ იხრება. ფაქტია, რომ ქალებში უფრო გავრცელებულია სიმპატიები და სიყვარული პოლიტიკური ლიდერის მიმართ, ვიდრე მამაკაცების მხრიდან, თუმცა ხანდახან კაცების მხრიდანაც შეიძლება მივიდეს საქმე დამოკიდებულებაში ფსიქოზამდე. ეს არაა ძნელი წარმოსადგენი. ფსიქოზამდე ადამიანების მიყვანა სულაც არ არის რთული. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც სოციალური მასშტაბის ლიდერია, ასევე სპორტულ თუ სახელოვნებო ლიდერს, რისი მაგალითიც არის „ბითლზის“ ისტორია. კიდევ უფრო რთულად არის საქმე სასულიერო ლიდერთან დაკავშირებით.
კარგად დავიმახსოვროთ გერმანიის მაგალითი, უჭკვიანესი, განათლებული ერი აჰყვა იმ იდიოტობებს, რასაც იძახდა ჰიტლერი, და არა მარტო აჰყვა, სისხლი დაღვარა, უარი თქვა ზნეობაზე. ამ ხალხმა ისეთი საშინელებები აკეთა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მკვლევარები დაინტერესებულები იყვნენ იმით, თუ რა ხალხი იყვნენ გერმანელები. პოლიტიკური ფსიქოლოგია, როგორც დარგი, გაჩნდა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ფარგლებში. ისინი იკვლევდნენ გერმანელებს. მეორე მსოფლიო ომი ახალდამთავრებული იყო და ყველგან ტრიალებდა კითხვა: გერმანელები სადისტები იყვნენ მთელი ნაცია თუ რაღაც სხვა მოხდა. პოლიტიკურ ფსიქოლოგიას ბიძგს უკეთებდა ის მოვლენები, რაც ხდებოდა მსოფლიოში. ავტორიტარიზმის ფსიქოლოგიის დანახვა აქტუალური გახდა ჰიტლერის შემდეგ. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ავტორიტარიზმი, იგივე გერმანული, ჰიტლერის ბრალი კი არა, გერმანელი ხალხის ბრალი იყო, რის ჩამორეცხვასაც ათეული წლები დასჭირდა. ეს ის ბოროტებაა, რომლისგანაც არავინ არაა დაზღვეული.
- დემოკრატიას არ უყვარს მმართველები დიდხანს, თუმცა ამ მხრივ ჩვენ საინტერესო და უცნაური გამოცდილება დავაგროვეთ. რა განსაზღვრავს რამდენი ხნით არის ლიდერი ხალხის რჩეული?
- გააჩნია რასთან გვაქვს საქმე. ცხონებულმა გამსახურდიამ ვერ შეძლო ქვეყნის მართვა ერთ წელზე მეტხანს, შევარდნაძემ კი, ლამის 18 წელი გაძლო. სახელმწიფოს მართვა სხვა რამეა, ხელისუფლების სავარძელთან მისვლა სხვა. შეიძლება მიხვიდე და ჩაჯდე ამ სავარძელში, მაგრამ მერე უნდა მართო. ინდოელი ერის ცხოვრებაში უდიდესი როლი შესარულა მაჰათმა განდიმ, მაგრამ როდესაც საქმე მმართველობამდე მიდგა, ის არ მიუშვეს მმართველობაში, რადგანაც კომუნისტური იდეები ჰქონდა. როდესაც გააგებინეს, კეთილი იდეები კი გაქვს, მაგრამ არარეალისტურიო, თვითონ თქვა უარი ქვეყნის მართვაში მონაწილეობაზე. განდისნაირი პერსონა იყო ზვიად გამსახურდია ჩვენთან. ის ქვეყნის მმართველი რომ არ გამხდარიყო და სხვებისთვის ჩაებარებინა ქვეყნის მართვა, თვითონ შეენარჩუნებინა როგორც მაჰათმას ეძახიან „ერის მამის“ და გმირის სტატუსი, ხელისუფლობის გარეშე ეზრუნა ქვეყანაზე, დარწმუნებული ვარ, ახლაც ცოცხალი იქნებოდა და ქვეყნის ბედიღბალიც სხვანაირად წავიდოდა. თითქოს მცირე შეცდომაა, მაგრამ მნიშვნელოვანი. ხელისუფლებას სხვა გამოცდილება სჭირდება, ასეთ დროს ბევრი ფაქტორები შემოდის. განდისდროინდელ ინდოეთში იყვნენ ადამიანები, რომელთაც რეალური წარმოდგენა ჰქონდათ, იმაზე, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, ნერუ იყო ამისი მკაფიო მაგალითი, ვინც შემდეგ პრემიერ მინისტრად აირჩიეს, თუმცა ხალხს მაშინაც განდი უნდოდა მმართველად. არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა მისი მოღვაწეობა, მმართველის სკამში რომ ჩამჯდარიყო. თავისთავად საკითხი, ვინ ავირჩიოთ და ვინ არა, არ უნდა იყოს ემოციური გადასაწყვეტი საზოგადოებისთვის, რაც ბევრი ხალხისთვის დიდ შეცდომაც იქცა.
- ჩვენ რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად?
- სწორედ ემოციურობაა ჩვენი მთავარი შეცდომაც. როგორც ვთქვით, დემოკრატიის ყველაზე კარგი საყრდენი და გარანტია რაციონალურობა და კომპეტენციაა. ჩვენ რაციონალურობაშიც მოვიკოჭლებთ, ქვეეყნის მართვის და გაძღოლის კომპეტენციაშიც არ გვაქვს მთლად კარგად საქმე, თუმცა ღა არც ისე ცუდად ვართ, როგორც ზოგს ჰგონია. ჩვენზე რთულ მდგომარეობაშიც არის ხალხი. ჩინეთში ვიყავით, ერთმა განათლებულმა ფსიქოლოგმა შემოგვჩივლა, ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ ჩინელები ყოველთვის ელოდებიან, რას ეტყვიან ზემოდან, თავის თავს არ აძლევენ იმის უფლებას, დაფიქრდნენ, რა უნდათ, ეგეც არ იციან, ყველაფერზე ზემოდან ელოდებიან, რას ეტყვიანო (იცინის)
საქართველოში ყველას ლიდერობა უნდა, ეს კარგი ნიადაგია საიმისოდ, რომ დემოკრატია გამყარდეს. ის, რომ ჩვენთან მონობა უნდოდეს ადამიანთა ნაწილს, ამდენი დაპირისპირება კი არ იქნებოდა, რაც არაა ცუდი. მთავარია მერე რა გამოსავალს იპოვის ქვეყანა. მთელი ამერიკა ერთმანეთთან ისე იყო დაპირისპირებული, იარაღს ესროდნენ ერთმანეთს. როგორც კი ასე დაპირისპირებული ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს კარგი შედეგის მომტანი არ იყო არავისთვის, ამის შემდეგ შექმნეს დემოკრატია და ააწყვეს ქვეყანა. სწორედ იმიტომ, რომ მუდმივად ერთმანეთთან ძიძგილაობაში ვართ, ამ ძიძგილაობის ხასიათი მომწიფდება საიმისოდ, რომ ვიპოვოთ დემოკრატიული მექანიზმების შექმნის გზები.
თამუნა ნიჟარაძე