USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
თბილისი
რადიო თავისუფლება: ორი სამხედრო წვრთნა პარალელურად: რუსეთი-ირანი კასპიის ზღვაში, ამერიკული Agile Spirit - თურქეთსა და საქართველოში
თარიღი:  351

21 ივლისს, ერთდროულად დაიწყო ორი სამხედრო წვრთნა: რუსეთ-ირანის დაგეგმილი  - CASAREX 2025-ი, კასპიის ზღვაში და აშშ-ის მიერ დაგეგმილი "Agile Spirit 25" - შავი ზღვის რეგიონში. "Agile Spirit-ს" თურქეთი და საქართველო მასპინძლობენ.

რუსეთისა და ირანის დაახლოებას - ექსპერტები აშშ-ისთვის გაგზავნილ სიგნალად აფასებენ. საგანგებო ყურადღებაა მიპყრობილი ბაქოსკენაც. სამხედრო წვრთნა დროში ემთხვევა დაძაბულ ურთიერთობებს ბაქოსა და მოსკოვს შორის.

რა არის ASAREX 2025 - რა დაგეგმა რუსეთმა და ირანმა?

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 3-დღიან სამხედრო სწავლებაში მონაწილეობს „ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ირანის სამართალდამცველი ორგანოების სარდლობა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი“. არ სახელდება პროცესში ჩართული სამხედროებისა და ტექნიკის რაოდენობა.

21 ივლისს, დილით, რუსეთის სამხედრო გემი [SB738 ] ირანის ტერიტორიულ წყლებში შევიდა და, როგორც იუწყებიან, იქ მას ირანის ჩრდილოეთის ფლოტი შეეგება. Tasnim-ის ცნობით, CASAREX 2025-ის სცენარი - „გადარჩენისა და საგანგებო დახმარების გაწევის“ ამოცანებზეა აგებული, დევიზით - „ერთად კასპიის ზღვის უსაფრთხოებისთვის“.

გავრცელებული ინფორმაციით, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები მეთვალყურის სტატუსით არიან მიწვეული, თუმცა ახალ ამბებში მათი ჩამონათვალი არ არის. რუსულენოვანი წყაროების თანახმად, მეთვალყურედ არის მიწვეული აზერბაიჯანიც. ფაქტია, რომ ბაქო ღიად არ უპირისპირდება ირან-რუსეთის წვრთნებს, თუმცა რუსეთის მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანში გაღიზიანდნენ.

რუსეთის სამხედრო გემმა გაუშვა ფრთოსანი რაკეტები კასპიის ზღვაში - 2015 წელი.
რუსეთის სამხედრო გემმა გაუშვა ფრთოსანი რაკეტები კასპიის ზღვაში - 2015 წელი.

შეფასებებიც მრავალნაირია. მათ შორის, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ - „რუსეთ-ირანის გაზრდილმა სამხედრო წარმომადგენლობამ და კოორდინაციამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს აზერბაიჯანის რეგიონული პოზიციები“ - რეგიონში და მსოფლიოში არსებული დაძაბულობის ფონზე, როდესაც აზერბაიჯანს აქვს სურვილი „დააბალანსოს ურთიერთობები დასავლეთსა და რუსეთსა და ირანთან კავშირებს შორის“.

  • 2025 წლის იანვარში რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ. ირანი შეიარაღებით, კერძოდ - უპილოტო საფრენი აპარატებით ეხმარებოდა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

 

რუსეთისა და ირანის სამხედრო წვრთნებს Newsweek-ი განიხილავს სიგნალად აშშ-სთვის - რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც აშშ სამხედრო ჩარევამ ისრაელის სასარგებლოდ დაასრულა ირანთან ომი და უკმაყოფილო დატოვა რუსეთი. გამოცემის თანახმად, დიპლომატიის პრობლემებმა “გაზარდა რისკი - განახლდეს კონფლიქტი, რადგან ირანმა მხარდაჭერისთვის მიმართა რუსეთსა და ჩინეთს, რათა წინ აღუდგნენ აშშ-ის სამხედრო და ეკონომიკურ წნეხს”.

THE JERUSALEM POST-ი კი იხსენებს, რომ რუსეთი და ჩინეთი არანაირად არ დაეხმარნენ ირანს ისრაელ-ირანის 12-დღიანი ომის დროს - არც სამხედრო ძალით და არც მკაფიო პოზიციით.

„ამგვარად, რუსეთი ამ სამხედრო-საზღვაო სწავლებით, პირველ რიგში, ცდილობს ირანთან თანამშრომლობით დაინტერესების ჩვენებას. კასპიის ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ის მდებარეობს ირანსა და რუსეთს შორის და ასევე აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის“, - გამოცემა ასევე წერს, რომ რუსეთმა, რომელიც „დაკავებულია უკრაინასთან ომით“, დაკარგა ავტორიტეტი ახლო აღმოსავლეთში - სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ხოლო „ირანის დასუსტება რუსეთის კიდევ ერთი მარცხია“.

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, 21 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვს და ბაქოს ზოგჯერ „რთული პერიოდი“ უდგათ და დღეს „ერთ-ერთი ასეთი პერიოდია“.

  • 2025 წლის ივნისში, რუსეთში მსხვერპლი მოჰყვა სპეციალურ რეიდებს ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ. საპასუხო ნაბიჯები გადადგეს აზერბაიჯანშიც.
  • ბაქო აპირებს, რომ - რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს 2024 წლის დეკემბერში მომხდარი ფაქტის გამო - როდესაც ავიაკომპანია AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი [ბაქო-გროზნოს რეისი] ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩავარდა და დაიღუპა 38 ადამიანი. საქმე ის არის, რომ რუსეთის სანავიგაციო სამსახურმა ეკიპაჟს დაშვების უფლება არ მისცა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააზიანა.

 

რაც შეეხება ირანთან ურთიერთობას, მართალია, 2024 წლამდე აზერბაიჯანსა და ირანს შორის შენარჩუნებული იყო გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ შარშან გაკეთდა განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის შესახებ. მაგრამ ურთიერთობები ისევ დაიძაბა ირან-ისრაელის ომის ფონზე - იყო ბრალდებები ბაქოს მისამართით, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფლიქტის დროს ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა.

პროცესს მშვიდად უყურებს ბაქოს სტრატეგიული მოკავშირე - ანკარა. თურქული სააგენტო „ანადოლუ“ აღნიშნავს, რომ CASAREX-2025-ი გამიზნულია „ურთიერთობის განმტკიცებისკენ კასპიის რეგიონის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის და გემების მოძრაობისა და სამაშველო ოპერაციების უსაფრთხოების დონის ამაღლებას ზღვის აკვატორიაში“.

ნატოს წევრი თურქეთი თავად მასპინძლობს აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნას - "Agile Spirit 25-ს" [„მტკიცე სული 2025“]. ამ წვრთნების მასპინძელია ასევე საქართველო.

"Agile Spirit 25" - ევროპის გაძლიერება

“Agile Spirit 25" მიწაზე დაეშვა! დღეს სამხედროები და მფრინავები ჩავიდნენ ინჯირლიკის ავიაბაზაში, თურქეთში, რათა დაიწყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წვრთნა. „საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება ერთობლივი ტრენინგებით“, - 21 ივლისს, თბილისის დროით საღამოს 7-ზე დაწერა X-ზე აშშ-ის ევროპისა და აფრიკის სარდლობამ - "Agile Spirit 25-ის" უშუალო ორგანიზატორმა.

 

სარდლობის მიერ მანამდე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნატოს კუთვნილი სამგზავრო-სატრანსპორტო ლაინერი [C-17, Globemaster III] თურქეთში ჯერ კიდევ 18 ივლისს ჩაფრინდა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეშვებიან ბორტიდან აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ბრიგადის სამხედროები.

„აშშ, საქართველო, თურქეთი და სხვა მოკავშირე, პარტნიორი ქვეყნები, ერთმანეთს ხვდებიან, საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად და ლეტალურობის [მტრის ძალების განადგურება] გასაზრდელად კომპლექსური ღონისძიებებით, რაც მოიცავს - საჰაერო-სადესანტო ოპერაციას, საველე ვარჯიშს და საბრძოლო სროლას თურქეთსა და საქართველოში”, - იტყობინებოდა აშშ-ის ევროპისა და აფრიკის სარდლობა 14 ივლისს.

  • "Agile Spirit-ი" საქართველოში, სულ პირველად, 2011 წელს გაიმართა და ის საგანგებოდ ჩაფიქრებული იყო ევროპაში აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამხედრო სწავლებად საქართველოს შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად. თანდათან, წვრთნებში ჩაერთნენ სხვა ქვეყნების სამხედროებიც.
  • 2018 წლიდან კი "Agile Spirit-ი" გარდაიქმნა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის მრავალეროვან სწავლებად, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება - კენტ წლებში. ეს ღონისძიება აშშ-ის ევროპის სარდლობის პროგრამის ნაწილია. ჯამში, ამ სახელწოდების მრავალეროვანი სწავლება მეთორმეტედ იმართება.
  • საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდა ასევე "Agile Spirit 2023".

 

აშშ-ის ევროპული სარდლობის ინფორმაციით:

  • 2025 წელს სამხედრო წვრთნა იმართება 21 ივლისიდან 8 აგვისტომდე;
  • სწავლებაში მონაწილეობს 10 ქვეყნის 2000-ზე მეტი სამხედრო, აქედან 800-ზე მეტი - ამერიკელი;
  • მონაწილეობენ სამხედროები შემდეგი ქვეყნებიდან: ბულგარეთი, საქართველო, გერმანია, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

 

თურქეთის მთავრობის ოფიციალური წყაროების თანახმად, თურქეთი უმასპინძლებს წვრთნების საჰაერო-სადესანტო ფაზას [21–23 ივლისს] და მასში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ამერიკელი და თურქი სამხედროები; ხოლო საქართველოში, 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, გაიმართება საველე და სამეთაურო სწავლება - კომპიუტერული მხარდაჭერით - ამერიკელი, გერმანელი, ბულგარელი, სომეხი, ქართველი, მოლდოველი, პოლონელი, რუმინელი, სლოვაკი და თურქი სამხედროების მონაწილეობით.

 

საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „Agile Spirit 2025-ს" ერთობლივად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია“ და მასში მონაწილეობას მიიღებენ თავად საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვას და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები; ხოლო სწავლებაში დამკვირვებლებად იქნებიან წარმოდგენილი სომხეთისა და იაპონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

"Agile Spirit 2025-ის" საქართველოს ნაწილი ჩატარდება: კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ვაზიანში - საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის პოლიგონებზე, ნორიოს საწვრთნელ არეალში, მუხროვანსა და სენაკში - მე-2 ქვეით ბრიგადაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა და საჰაერო საშუალებები; ასევე - აშშ-ის არმიის საბრძოლო მანქანები და მრავალფუნქციური ვერტმფრენები UH60 „შავი ქორი“, ასევე თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალების შვეულმფრენი „პუმა AS332“.

"Agile Spirit-ის" მე-12 სწავლებას თბილისი ვაშინგტონთან მნიშვნელოვნად გართულებული ურთიერთობებით ხვდება.

  • 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან;
  • დემოკრატიული უკუსვლისა და ძალადობრივი, რეპრესიული მიდგომების გამო სანქცირებული არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
  • ეს მდგომარეობა - არც დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეცვლილა.
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის - სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. მას ხშირად შეახსენებენ ექსპერტები, რომ ამერიკელების დიდ წვლილს, თუნდაც მხოლოდ ქართული არმიის წვრთნისა და აღჭურვის კუთხით.

 

პარალელურად, თბილისსა და ბრიუსელს შორის მნიშვნელოვნად დაძაბული ურთიერთობების ფონზე - საქართველო ევროპის დახმარებას კარგავს და მათ შორის - თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.

როგორც ევროკავშირის შიდა დოკუმენტიდან რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი:

  • 2024 წელს შეჩერდა ევროპის სამშვიდობო ფონდის [EPF] დაფინანსება 30 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო 2025 წლისთვის დახმარება - საერთოდ აღარ გამოიყო.
  • შედეგად, “საქართველოს თავდაცვის ძალებმა დაკარგეს გაძლიერების შესაძლებლობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის მედიცინა, ლოგისტიკა, ინჟინერია და კიბერთავდაცვა”. დოკუმენტში მითითებულია ასევე, რომ საქართველო აღარ განიხილება უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობაში.

"Agile Spirit 25" - სწორედ ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ორ წელიწადში ერთხელ გამართული სწავლებების მიზანია შესაძლებლობების გაზრდა და ევროპული ლიდერობის გაძლიერება ევროპული უსაფრთხოების ჭრილში - ერთობლივი ტრენინგების რეალისტური სცენარების დახმარებით... "Agile Spirit 25" ხაზს უსვამს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ და გამოკვეთს მტკიცე ალიანსებისა და პარტნიორობის მნიშვნელობას უსაფრთხოების საზიარო გამოწვევებთან გასამკლავებლად“, - იუწყება „Agile Spirit 2025-ის" შესახებ აშშ-ის ევროპისა და აფრიკის სარდლობა.

ლელა კუნჭულია

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

საზოგადოება
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.