USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის
Date:  462

2023 წლის 15-16 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:

- საბრძოლო მოქმედების ყველაზე აქტიური და საბოლოო ფაზა მიმდინარეობს რობოტინეში, ზაპორიჟიას ოლქის საკვანძო წერტილზე. უკრაინელები დასახლების მინიმუმ ნახევარს აკონტროლებენ. იმ ფონზე, რომ სექტორში ყველაზე მაღალი წერტილია რობოტინე და თავდაცვის ზღუდეებიც მასზე და მასთან გადის, მისი დაკავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, უკრაინელებმა შეტევაში სხვადასხვა ნაწილები ჩართეს, რაც იერიშის გაძლიერებასთან ერთად იმასაც მოასწავებს, რომ ისინი როტაციასაც ახორციელებენ - აშკარაა ორი თვის პერმანენტული დაწოლის ფონზე მოიერიშეების ნაწილს დასვენება სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსები რობოტინეს შენარჩუნებისათვის ძალიან დიდ რესურსებს ხარჯავენ. ხუმრობენ, რობოტინემ გადამწყვეტი ბრძოლის ფორმა მიიღო.

- ზაპორიჟიას ოლქში, მიხაილივკაში უცნაური ამბავი მოხდა. ერთმანეთს ჩრდილოკავკასიელები დაუპირისპირდნენ და ერთმანეთი დახოცეს. დაპირისპირების მიზეზი უცნობია. ზოგადად, მას შემდეგ რაც არმიაში რუსეთის უძლეველობის რწმენა შეირყა და ოფიცერთა რაოდენობაც შემცირდა, სიტუაცია საკმაოდ ქაოსური გახდა, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ეთნიკურად შერეული ნაწილები იმყოფებიან.

- ხარკივის ოლქში, კუპიანსკის ჩრდილოეთში ტყის მასივი დახოცილი რუსი სამხედროებით არის სავსე, მაგრამ იერიშის გაგრძელებას მაინც ცდილობენ. პრაქტიკულად, ინიციატივის დაკარგვა გენერალიტეტს შეიძლება თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს და ამიტომაც არ წყვეტენ დაწოლას, პლუს უკრაინელთა ყურადღებას ჩრდილოეთით იქცევენ. მიუხედავად ასეთი მაღალი მსხვერპლისა წინსვლას ისინი მაინც ვერ ახერხებენ.

- ხერსონის ოლქში, დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე, კოზაჩი ლაჰერთან კიდევ უფრო გაფართოვდა უკრაინელთა პლაცდარმი. რუსებმა დღეს ტერიტორიების ოკუპაცია ხელახლა სცადეს მაგრამ არ გამოუვიდათ. ამ ფონზე კოზაჩი ლაჰერში პანიკაა. გარბიან კოლაბორაციონისტები. თან ხმამაღლა წერენ და აპროტესტებენ რუსები ყურადღებას არ გვაქცევენ და მარტო ხომ არ შეგვატოვებთ უკრაინელებსო.

- რუსებმა ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს დნიპროს, ლუცკისა და ლვივის ინდუსტრიული ცენტრები. ზუსტი ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საინტერესო სხვა ფაქტია - რუსები იმდენად ინტენსიურად ისვრიან ფრთოსან რაკეტებს, რომ აშკარაა სამხედრო წარმოება მაქსიმალურ დონეზე აიყვანეს და ინდუსტრია თუ ეკონომიკის ნაწილი აქეთ მიმართეს. პრაქტიკულად ომის მდგომარეობის ეკონომიკად და ინდუსტრიად ყალიბდება რუსეთი. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ადვილი ამბავი ნამდვილად არ არის და რუსეთის მსგავს ეკონომიკაში კორუფციასაც ზრდის, მაგრამ აშკარაა რომ მოსკოვი თავისი ინდუსტრიით მაქსიმალურ ვაბანკზეა წასული.

არც უკრაინული ინდუსტრია ჩამორჩება თავისი აქტიურობით რუსეთს. უკრაინელთა ქარხნები ან მიწისქვეშაა გადასული ან უსაფრთხოდ დასავლურ სახელმწიფოებში. შესაბამისად, გამოფიტვა, ხარისხი და მოტივაცია ბევრ რაიმეს გადაწყვეტს ამ ომში.

- დონეცკის ოლქში, სამხრეთში, ველიკა ნოვოსილკას მონაკვეთზე, უროჟაინეს გათავისუფლების დასრულებისთანავე უკრაინული არმია შეტევაზეა გადასული კრემენჩიკის მიმართულებით. მეორე ნაწილი კი სტარომლინივკას უტევს. საინტერესო აქ სხვა რამაა - უკრაინელები მხოლოდ მარიუპოლისაკენ მიმავალ გზას კი არა მის აღმოსავლეთ და დასავლეთით მიმდებარე ფლანგებსაც ათავისუფლებენ და პრაქტიკულად წმენდენ მთელს მონაკვეთებს. რუსები წერენ რომ კრემენჩიკთან თავდაცვის კარგი ზღუდეები აქვთ მოწყობილი.

- აშშ-საგან უკრაინამ ჭურვების ძალიან დიდი პარტია მიიღო. ეს კი საარტილერიო დუელში გადამწყვეტია. პრაქტიკულად უკრაინელები ჯაბნიან რუსულ არტილერიას სამხრეთით და ეს რუს გენერლებს ძალიან აშინებთ.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way