2023 წლის 26-27 ივლისის შეჯამება უკრაინაში:
- სამხრეთში, უკრაინული არმიის მიერ სტარომაიორსკეს გათავისუფლება უმნიშვნელოვანესი შედეგია, რადგან რუსული ფორტიფიცირებული პოზიციებამდე ის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი პუნქტი იყო.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სტარომაიორსკესთან არსებობდა რუსული სასანგრე სისტემებიც (თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით). სრულიად ლოგიკურია, რომ მის შემდეგ უკრაინული სამხედრო ძალები მდინარე მოკრი იალის აღმოსავლეთ ნაპირზე უროჟაინეს შეუტევენ, რომელზე დაწოლაც უკვე რამდენიმე დღეა ისედაც მიმდინარეობდა. ასევე, მოსალოდნელია, რომ უკრაინული ნაწილები მარიუპოლისაკენ მიმავალ გზას გაუყვებიან და სტარომლინივკაში მდგარ რუსულ საჯარისო ფორმირებებს დაარტყამენ, რის შემდეგადაც მყარი ფორტიფიკაციები იწყება. ამ ფორტიფიკაციებიდან მარიუპოლამდე დაახლოებით 75-78 კილომეტრია.
- უკრაინული შემტევი ნაწილების რაოდენობა გაიზარდა ზაპორიჟიაში, რობოტინეს მიმართულებით. პრაქტიკულად ამ შემაღლებულ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციას უკრაინელები აღმოსავლეთიდანაც უტევენ, ჩრდილოეთიდანაც და დასავლეთიდანაც. დასახლების აღმოსავლეთით უკრაინელები გაიშალნენ და ვერბოვესაკენ ცდილობენ გადაადგილებას, სადაც რუსული ძირითადი სასანგრე პოზიციები მდებარეობს. შეტევაში ჩაბმულია რამდენიმე ბრიგადის ნაწილები, რომელთაც სრული ტექნიკური მხარდაჭერა აქვთ. ივნისში შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინულმა არმიამ 5 კილომეტრით შეიწია სამხრეთით. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მიმართულებით რუსების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილები დგანან.
- საკმაოდ კომპლექსური სიტუაციაა კუპიანსკი-სვატოვე-კრემინას მონაკვეთზე (ხარკივი-ლუგანსკისა და დონეცკი-ლუგანსკის ოლქების საზღვარზე). ერთის მხრივ უკრაინელებმა შეძლეს და ხარკივი-ლუგანსკის ოლქების საზღვრიდან რუსებს კვლავ აღმოსავლეთით დაახევინეს სერგიივკას დასახლებამდე (სვატოვეს დასავლეთით), რაც დაახლოებით 2.5 კილომეტრის კვლავ დაბრუნებას გულისხმობს (სამი დღის წინ რუსებმა დაიკავეს), მაგრამ მეორეს მხრივ რუსები გააქტიურდნენ კრემინას ტყეში. შეტაკებები საკმაოდ მაღალინტენსიურია. თუმცა, მიუხედავად მცდელობისა ნაკლებად სავარაუდოა, რუსებმა სერიოზულ გარღვევაზე წასვლა შეძლონ, რადგან ეს მონაკვეთი უკვე რამდენიმე კვირაა ერთ-ერთი აქტიური საბრძოლო მოქმედებების წერტილია და მოულოდნელობის ან სწრაფი გადაადგილების ელემენტი დაკარგული აქვთ რუსებს.
- სევასტოპოლში დრონების მიფრენასთან ერთად რუსები წმენდას ატარებენ და მცირე ეჭვის საფუძველზეც კი საკუთარ სამხედროებს აკავებენ.
- აშშ-ს ხელისუფლება ითანამშრომლებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან და მიაწვდის მას საჭირო მასალას რუსეთის სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით. ეს უმნიშვნელო მოვლენა არ არის, რადგან ამით პრაქტიკულად აშშ გამოთქვამს პოლიტიკურ მზაობას, მიჰყვეს რუსული სამხედრო და პოლიტიკური ელიტის მხრიდან დანაშაულის პრეცედენტულ გამოძიებასა და მკაცრ დასჯას, როგორც ეს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მოხდა. ცხადია, შეიძლება პროცესი არ იყოს ძალიან სწრაფი, მაგრამ დაუსჯელობის პრეცედენტი აღარ უნდა გვქონდეს, რათა გაკვეთილი იყოს აგრესიული ავტოკრატიებისათვის.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
მაშინ, როდესაც უკრაინაში კონფლიქტი ესკალაციის ახალ ფაზაში შევიდა, კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროებზე დაყრდნობით.
„დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროპაში მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინასა და უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე“, - განუცხადა Le Monde-ს ბრიტანულმა სამხედრო წყარომ.
ფრანგული გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების ან კერძო კომპანიების გაგზავნის შესახებ დისკუსიები 2023 წლის ბოლოდან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების გაზრდის ფონზე განახლდა.
წყაროების განცხადებით, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ადგილზე დასავლური მხარდაჭერის გარეშე.