2023 წლის 22-23 ივლისის შეჯამება უკრაინაში:
- პრაქტიკულად ერთი კვირაა ყირიმში აფეთქებების სერია გრძელდება. დრონების მაქსიმალურმა გამოყენებამ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გადატვირთა. გარდა იმისა, რომ უპილოტოებსაც შეუძლიათ რუსული სამხედრო სამიზნის დაზიანება, მათი უწყვეტი აქტიურობის ფონზე უკრაინული ფრთოსანი რაკეტების რუსულ პოზიციებზე უსაფრთხოდ მიფრენის შანსი მატულობს.
გარდა ცენტრალური ყირიმისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სევასტოპოლის დაცვაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, მაინც, ბოლო 7 დღეა თითქმის ყოველდღიურად ხდება აფეთქებები ქალაქის სიახლოვეს თუ მის თავზე.
- ამის საპასუხოდ რუსეთი ხუთი დღეა უწყვეტად ცდილობს ოდესისა და მიკოლაივის დაბომბვას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თუკი უკრაინელთა სამიზნე სამხედრო ობიექტები და ამუნიციის საწყობებია, რუსული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ისევე როგორც უპილოტო საფრენი აპარატები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, პორტებსა და ისტორიულ ძეგლებს ბომბავს. წუხელაც დაიბომბა ოდესის ძველი ცენტრი და ფერისცვალების მე-18 საუკუნის ეკლესია. კრემლისათვის მხოლოდ განადგურების ხელწერაა მნიშვნელოვანი. რუსეთის მმართველი წრის მენტალობა ასეთია: სამხედრო სამიზნის პასუხად სამოქალაქო სამიზნე უნდა განადგურდეს, რათა ხალხმა ომის ფასის გადახდა აღარ მოინდომოს და დანებდეს.
- უკრაინელთა შეტევა აქტიურად გრძელდება ზაპორიჟიეს ოლქში, უშუალოდ რობოტინეს მისადგომებთან, სადაც რუსული თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი მდებარეობს. ამჯერად დასახლებისაკენ დარტყმა არამხოლოდ პირდაპირ მიმდინარეობს, არამედ დასავლეთიდანაც, გარკვეულად შემოვლის მცდელობაცაა. ამის მსგავსად, რამდენიმე კვირის წინ უკრაინელებმა აღმოსავლეთიდან სცადეს შემოვლა და ვერბოვეს შეუტიეს. იმ მონაკვეთზე ახლაც მიმდინარეობს შეტაკებები. მარტივად რომ ვთქვათ, კოპანი-რობოტინე-ვერბოვეს მონაკვეთი უკრაინული შეტევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
- დონეცკისა და ზაპორიჟიას ოლქებს შორის სტარომაიორკეზე უკრაინული შტურმი გრძელდება. აქამდე ეს მონაკვეთი (ველიკა ნოვოსილკას სამხრეთი) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო უკრაინელთათვის, თუმცა რუსებმა უკრაინელთა წინსვლის შესაჩერებლად რეზერვები გადაისროლეს და ცდილობენ სტარომაიორსკე და კიდევ უფრო სამხრეთით, სტარომლინივკა, ყველაფრის ფასად შეინარჩუნონ.
- მოხშირდა შემთხვევები, როდესაც რუსები რუსეთში მშენებლობაზე სამუშაოდ ჩასულ ხალხს ჯერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგზავნიან სხვადასხვა ქალაქებში მშენებლობაზე (დემონტაჟის განსახორციელებლად), ხოლო შემდეგ სულაც ფრონტის ხაზზე უკრავენ ხოლმე თავს, თითქოს მოხალისეები იყვნენ.
- რუსები აქტიურად იყენებენ დრონებს. ირანული უპილოტოების გარდა, "ლანცეტები" უკრაინული შემტევი ტექნიკის წინააღმდეგ აქტიურად გამოყენება. მიუხედავად მათი დიდი რაოდენობისა, ტექნიკა ზიანდება, მაგრამ არა იმდენად, რომ ცოცხალი ძალა დაშავდეს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ რუსულმა უპილოტომ ჟიტომირის ოლქში უკრაინულ საწყობზე ან ნავთობსაცავზე განახორციელა დარტყმა, რასაც აფეთქება, შემდეგ კი აფეთქებების სერია მოჰყვა.
- უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში - აცხადებს "ვაშინგტონპოსტი". თუკი მასშტაბური წმენდა არ განხორციელდა (რაშიც კასეტური ამუნიცია მნიშვნელოვან როლს შეასრულეს) ომის შემდეგ მის წმენდას ათწლეულები დასჭირდება.
- ლუკაშენკა და პუტინი ერთმანეთს რუსეთში შეხვდნენ, რა დროსაც ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსში მყოფ "ვაგნერს" ძლივს აკავებს, რომ ვარშავაზე არ გაილაშქრონო. ამას პუტინის მიერ წინა დღეებში გაკეთებული კომენტარებიც უძღოდა წინ, როდესაც მან პოლონეთის მიერ გერმანიისა და ლიეტუვისაგან მიღებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და ეს სტალინის საჩუქრად გააფორმა. ამაზე კი პოლონელებმა ის გაიხსენეს თუ რა გამოიარა პოლონეთის სახელმწიფომ საბჭოთა ტერორის ფონზე, რამდენი ადამიანი დახვრიტეს, გადაასახლეს, მოკლეს და აწამეს და თუ როგორ დაკარგა ქვეყანამ მისი აღმოსავლეთის ტერიტორია, რომლის დიდი ნაწილი დღეს სწორედ ბელარუსში მდებარეობს.
დღევანდელი ბელარუსი პოლონეთის გარდა ლიეტუვასა და ლატვიასაც ესაზღვრება. რუსეთ-ბელარუსის ორგანიზებით "ვაგნერელთა" მხრიდან საზღვრებთან შესაძლო პროვოკაციები გამორიცხული არ არის. ცხადია ამაზე უმკაცრეს პასუხს მიიღებს ბელარუსი, მაგრამ კრემლის მხრიდან გამორიცხული არაფერია, მით უფრო შანტაჟი, რასაც ახლა ოფიციალური მინსკი ახორციელებს.