USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის - 22 ივნისის შეჯამება
Date:  1142
- დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო სევეროდონეცკისათვის ბრძოლაში. რუსებმა და სეპარატისტებმა სინქრონში დაიწყეს ქალაქის სამხრეთ ნაწილზე, ინდუსტრიულ რაიონზე, სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფლებსა და მდინარის გასწვრივ გამაგრებულ უკრაინელებზე შეტევა. ამასთან უწყვეტად იბომბება ლისიჩანსკი. ქალაქისდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია სრულდება თუმცა გასასვლელ გზებს უწყვეტად უშენენ ჭურვებს რუსები.
დღის პირველი ნახევარი ძალიან მძიმე იყო. თუმცა რუსები რამდენიმე მიმართულებით სევეროდონეცკის ინდუსტრიული რაიონის სიღრმეში აღმოჩნდნენ, რამაც მათი და სეპარატისტების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება და ტყვედ ჩაცვენა გამოიწვია.
ამასთან სევეროდონეცკის ქარხნის ტერიტორია საომრად ისეთივე რთული შეიძლება არ იყოს, როგორც ეს აზოვსტალი იყო, მაგრამ აქ რუსებს ორი სირთულე აქვთ - სიმაღლეები უკრაინელთა ხელშია (ლისიჩანსკში), შენობები ლაბირინთებივითაა, ხოლო მომიჯნავე გარემო ფოთლოვანია და გადაადგილება უკრაინელებს არ უჭირთ. თუმცა თუკი ალყის ან სრული განადგურების საფრთხე დადგება უკრაინელები სავარაუდოდ განახორციელებენ ქალაქიდან ევაკუაციას და სამხრეთით, მდინარისაკენ დაიხევენ უკან. თუმცა რადგან თითოეული პოზიციის დაბრუნება ძალიან დიდ ფასად ხდება, ამიტომ უკრაინელები ნებისმიერ ევაკუაციას ერიდებიან.
დღეს BBC წერდა რომ სეპარატისტებში მსხვერპლი 55%-ია იმ სამხედრო ნაწილებში, რომლებიც ომამდე მობილიზებული ჰყავდათ მათ. ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ლუგანსკელმა სეპარატისტებმა მიიღეს, რომელთა უმრავლესობა პოპასნაიას, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისათვის ბრძოლაში ნადგურდება.
(საბრძოლო მოქმედებებისა და ტყვეების ვიდეოების ნაწილი კომენტარებში იქნება - შეტაკებების ყველა ვიდეო და ფოტო ვერ დაიდება - მძიმე კადრების გამო).
- რუსები ლისიჩანსკზე იერიშისათვის სამხრეთიდან ემზადებიან. მათ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს მოუყარეს თავი და დამატებითი ტექნიკა შეიყვანეს, მათ შორის T80 ტიპის ტანკები. ცალკეული კადრები, რომლებიც მათი მხრიდან გავრცელდა ერთ უცნაურ დეტალს შეიცავს - თითქმის აღარ ჩანს ფრონტზე T72-ები, არადა ომამდე ერთ-ერთი დომინანტი იყო რუსულ მექანიზებულ ბრიგადებში. ეს ლოგიკურად შეიძლება მიუთითებდეს ფაქტზე, რომ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ აღარ არსებობს და ყველა ამ ტიპის მოქმედი ტანკი უკვე ჩართულია უშუალოდ მოქმედებაში.
- ზოლოტე-ლისიჩანსკის გზაზე დღეს დიდი შეტევა დაიწყეს რუსებმა. თუმცა მოსალოდნელის საპირისპიროდ უკრაინელები არ ჩქარობენ ზოლოტეს ევაკუაციას. სეპარატისტებს იმედი ჰქონდათ, რომ ზოლოტეში წინააღმდეგობა აღარ შეხვდებოდათ ამიტომ ბატალიონის ორი ტაქტიკური ჯგუფით შეუტიეს უკრაინელთა პოზიციებს თუმცა დიდი დანაკარგებით დაიხიეს უკან.
ამასთან, რუსების სინქრონული, ორმხრივი შეტევა დაიწყო ზოლოტე-ლისიჩანსკის გზის იმ ნაწილზე, რომელიც ზოლოტედან გამოსასვლელი ერთადერთი გზა იქნება. ესაა ქალაქი ჰირსკე. მაგრამ აქ უკრაინელებს აშკარად დიდი ძალები ჰყავთ თავმოყრილი, რადგან საკმაოდ ადვილად მოხდა რუსების შეტევის მოგერიება და მათი უკუგდება. ამ ფონზე აშკარაა უკრაინელები არ აპირებენ ზოლოტეს მცველების საფრთხეში ჩაგდებას და ბოლომდე იცავენ გამოსასვლელ დერეფანს.
ამასთან, უკრაინული ავიაცია კვლავ აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში. მათ რუსულ პოზიციებზე რამდენჯერმე მიიტანეს იერიში. ფრონტზე გამოჩნდა ბრიტანული ჯავშანტრანსპორტიორი "ჰასკებიც".
- ბოლო სამი დღეა ძალიან მძიმედ იბომბება ხარკივი / ხარკოვი და მისი შემოგარენი. რუსები ჭურვებს პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს უშენენ ქალაქის სამხრეთით მდებარე დასახლება ჩუჰივში. სწორედ ამის გამო მსხვერპლი მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობაა.
სწორედ ამ ფონზე უკრაინული ნაწილები გადავიდნენ შეტევაზე და ხარკივი-რუსეთის საზღვრის მაგისტრალურ გზაზე ნაწილ-ნაწილ ანადგურებენ რუსულ სამხედროებს. როგორც თავიდანვე ვვარაუდობდით რუსებს ხელი არ აქვთ აღებული უშალოდ ხარკივზე იერიშისათვის (ისევე როგორც უკრაინელთა ნაწილების იძულებითი დივერსიფიცირებისაა და ხარკივის შემოგარენზე დაკავებისათვის), რის გამოც მათ კვლავ დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა შემოიყვანეს რამდენიმე კვირის წინ. თუმცა, როგორც მაშინვე იყო მოსალოდნელი ეს სუიციდური მისია აღმოჩნდებოდა მათთვის. უკრაინელებმა რუსული ტექნიკის აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ გაანადგურეს რუსული ნაწილები კი დაიხოცნენ ან უკან დაიხიეს.
ამ ფონზე "აზოვმა" ვიდეო კადრები გაავრცელა თუ რეალურად რა ხდება ამ მიმართულებით (ვიდეოს ნაწილი კომენტარებში).
თუმცა ამ ყველაფერში კვლავ ერთი რამაა ნიშანდობლივი - რუსები საკუთარ ათასობით სამხედროს სწირავენ იმ მისიისათვის, რომლის წარმატების განხორციელების შანსი უბრალოდ არ არსებობს. ეს კი საკმაოდ მძიმე რეალობაზე მიუთითებს - რუსეთს საკუთარი სამხედროები არაფრად უღირს და ომის გაგრძელებას მანამ აპირებენ, სანამ სრული კატასტროფის წინაშე არ დადგებიან.
- უკრაინელებმა დღეს რამდენიმე საარტილერიო იერიში მიიტანეს ხერსონის რაიონზე - მძიმედ დაიბომბა რუსული სამხედრო პოზიციები ნოვა კახოვკასა და ქალაქი ხერსონის შემოგარენში. პრაქტიკულად დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაცვივდა ჭურვები რუსული პოზიციების მიმართულებით.
- ბელორუსის საზღვართან უკრაინელებმა პრაქტიკულად სრულად გამართეს თავდაცვის ზღუდეები. ამის ფონზე ლუკაშენკამ სამხედრო წვრთნები დაიწყო. ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ რუსული ნაწილები ჯერ კიდევ იმყოფებიან ბელორუსში უკრაინის საზღვართან ახლოს. ტერიტორიული დაცვის დამატებითი რაზმები პოზიციებს ამაგრებენ და ნებისმიერი შეტევის შემთხვევაში - რისი შანსიც ძალიან დაბალია - რუსებს სათანადო პასუხი კიდევ ერთხელ გაეცემათ.
- იგორ გირკინმა - სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა და რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა - განაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა დატოვონ დონბასის ტერიტორია, რადგან საბოლოო კონტრშეტევა უკრაინელთა მხრიდან უბრალოდ დროის ამბავია.
- კალინინგრადის ოლქის ბლოკადა გრძელდება. ლიეტუვამ ყველა სარკინიგზო თუ საგზაო მაგისტრალი გადაკეტა და რუსული ტვირთებისათვის გზა ჩაკეტა. რუსეთს, რომელსაც კალინინგრადი დიდ სამხედრო ფორპოსტად აქვს ქცეული ახლა ბლოკადაშია. ნატოს ოფიციალურმა პირებმა რუსული მუქარის ფონზე განაცხადეს, რომ ნებისმიერი ქმედება ლიეტუვას წინააღმდეგ გამოიწვევს ნატოს მეხუთე მუხლის ამუშავებას, რაც გასაგებია რუსეთისათვის რასაც ნიშნავს. ამიტომ რუსებს ბალტიის ზღვის ფლოტით მოუწევთ კალინინგრადის მომარაგება.
ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, რომ რუსეთი რამდენიმე კვირის წინ ლიეტუვას ოფიციალურად დაემუქრა გაეუქმებინა ლიეტუვას, როგორც სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის აღიარება. ეს ყველაფერი კი ღიმილისმომგვრელი იმიტომაა, რომ კალინინგრადი ისტორიული ლიეტუვასა და პოლონელთა განსახლების ნაწილი იყო (გერმანული ტევტონების ორდენის მოსვლამდე), შემდგომ კი გერმანელების. ასე რომ საზღვრების გადახედვაზე ხელის ფათურის საკითხი რუსეთისათვის დამოკლეს მახვილივით კიდია თავზე.
 
გიორგი კობერიძე
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way