2023 წლის 28-29 ივლისის შეჯამება უკრაინაში:
- სამხრეთის მიმართულებით, დონეცკისა და ზაპორიჟიას ოლქების სიახლოვეს, უკრაინულ არმია უროჟაინეს უტევს. მეორე ნაწილი კი სტარომაიორსკედან სამხრეთით ცდილობს გადაადგილებას. უროჟაინე სტარომაიორსკეს მომიჯნავედ, მდინარის გადაღმა მდებარეობს. უკრაინელებს საკმაოდ მეთოდური და კარგად ორგანიზებული შეტევის ფონზე რუსები თავს ეფექტურად ვერ ართმევენ უკრაინელთა დაწოლას. ივნისიდან მოყოლებული ამ მიმართულებით 6 დასახლება გაათავისუფლეს უკრაინელებმა. თან ყველა მათგანში რუსებს ძლიერი შემტევი ნაწილები ჰყავდათ განლაგებული. მიუხედავად ამ დინამიური წინსვლისა რუსული მთავარი საფორტიფიკაციო ნაგებობები უფრო სამხრეთითაა მოქცეული, ხოლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეთაურო პუნქტი სტარომლინივკაში ჯერ კიდევ ასაღებია.
ფრონტის ხაზზე ეს მონაკვეთი საკვანძოდ მნიშვნელოვანია. აქედან გზა მარიუპოლისაკენ მიდის, თუმცა რუსული ფორტიფიკაციების გადალახვის შემთხვევაში ბევრი სხვა მანევრის განხორციელებაც შეეძლებათ როგორც ზაპორიჟიას ოლქის მიმართულებით ისე დონეცკის ოლქში.
- ზაპორიჟიას ოლქში, ორიხივი-ტოკმაკის მონაკვეთზე უკრაინელები არამხოლოდ აგრძელებენ რობოტინოზე შეტევას, არამედ უფრო სამხრეთ-დასავლეთით 6 კილომეტრში, ვერბოვეს სიახლოვეს, რუსულ თავდაცვის ძირითად ხაზს უტევენ. უკრაინული ჯავშანტექნიკა უკვე გამოჩნდა ე.წ. "დრაკონის კბილებთან" და ტანკსაწინააღმდეგო თხილებთან. საკმაოდ გრძელია ფორტიფიცირებული ნაგებობები და მისი გადალახვა არ იქნება ადვილი, მაგრამ რობოტინოს მიღმა უკრაინული დაწოლა ვერბოვეზე რომ გაძლიერდა ეს მხოლოდ იმედისმომცემია, მით უფრო რომ უკრაინელები დასავლურ ტექნიკას არ ზოგავენ გადაადგილებისათვის. CNN-ი ზაპორიჟიას მიმართულების ამ მონაკვეთის შეფასებისას აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მასშტაბური გამოფიტვის პროცესი.
- რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ კიდევ ერთხელ დაიბომბა ყირიმიდან გამოსასვლელი ჩონგარის ხიდი, რომელიც ნახევარკუნძულს ხერსონის ოლქს აკავშირებს. ამჯერად დარტყმა არამხოლოდ საგზაო არამედ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზეც მოხდა. რუსები წერენ რომ გამოყენებული იყო Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტები.
- ბახმუტის სამხრეთით კლიშჩიივკაში სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. დასახლების ნახევარი უკრაინელთა ხელშია. რუსული რეზერვის ჩართვის შემდეგ უკრაინელებმა მცირედით უკან დაიხიეს და შემდეგ კონტრშეტევა წამოიწყეს. საბრძოლო მოქმედებები ისევ დასახლებაში მიმდინარეობს. ზოგადად, სიტუაცია ბახმუტის ირგვლივ ანუ ზუსტად ვინ რას აკონტროლებს - არ არის ნათელი და ცვალებადია. ამასთან, უკრაინელები ინტენსიურად ბომბავენ ქალაქ ბახმუტში მყოფ რუსულ დანაყოფებს. ბახმუტი რუსებმა თავიანთი პროპაგანდის მეშვეობით მეორე მარიუპოლად აქციეს. სწორედ ამიტომაა, რომ მის შემოგარენში ასეთი დიდი რაოდენობით აგზავნიან რუსები რეზერვებს.
ამ ფონზე, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა და სპეციალური დანაყოფის წევრების შეხვდა.
- ჩრდილოეთ კორეას საარტილერიო ჭურვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეზერვი და წარმოება გააჩნია. სწორედ ისაა რუსეთისათვის იარაღის ერთ-ერთი მიმწოდებელი ამ სფეროში. არის ვერსია, რომ უკრაინელებს ჩაუვარდათ ხელში კორეული საარტილერიო ჭურვები მას შემდეგ რაც იარაღით დატვირთული გემი დაუკონკრეტებელ მოკავშირე ქვეყანამ შეიპყრო. საკმაოდ ბევრი დეტალი უცნობია, თუმცა ასეთი რამ სრულიად შესაძლებელია.
- ლუგანსკის ოლქში, სვატოვეს მონაკვეთზე ამ ეტაპზე რუსული შეტევა შეჩერებული და მოგერიებულია. ახლა უკვე უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და ცდილობენ რუსების მიერ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ტერიტორიები დაიბრუნონ.
უფრო სამხრეთით კი, კრემინას ტყეში და მის სიახლოვეს, მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აქ ორივე მხარე საკმაოდ აქტიურია და შეტაკებებიც ინტენსიურია.
- არის ვერსია, რომ რუსეთის სამარას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინაში დაბადებულმა თანამშრომელმა ასაფეთქებელი ნივთიერება შეიტანა და სადგური დააზიანა. რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია ნაკლებსავარაუდოა გავიგოთ, მაგრამ ის, რომ უკრაინული აგენტურული ქსელი რუსეთში ნამდვილად ეფექტურად მუშაობს ეს ცხადია.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
მაშინ, როდესაც უკრაინაში კონფლიქტი ესკალაციის ახალ ფაზაში შევიდა, კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროებზე დაყრდნობით.
„დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროპაში მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინასა და უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე“, - განუცხადა Le Monde-ს ბრიტანულმა სამხედრო წყარომ.
ფრანგული გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების ან კერძო კომპანიების გაგზავნის შესახებ დისკუსიები 2023 წლის ბოლოდან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების გაზრდის ფონზე განახლდა.
წყაროების განცხადებით, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ადგილზე დასავლური მხარდაჭერის გარეშე.