USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
Тбилиси
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
дата:  552
2023 წლის 10-11 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
- აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ქალაქი დონეცკის დასავლეთით. უშუალოდ ქალაქი დონეცკის იმ ტერიტორიაზე, რომელშიც რუსული სამხედრო ნაწილები არიან განთავსებული, თითქმის ყოველდღიური საარტილერიო დარტყმები მიმდინარეობს.
დონეცკის მომიჯნავედ კი, აეროპორტიდან 3 კილომეტრში, უკრაინელები ოპიტნეს უტევენ. რუსები ჩივიან, რომ უკრაინელები კასეტურ ჭურვებს იყენებენო. უკრაინელთა ამ იერიშებს რამდენიმე მიზანი შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ავდიივკას მიმართულებაა, შესაბამისად ინიციატივის უკრაინელთა ხელში დაბრუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ყრუ თავდაცვაში ყოფნიდან გამოსვლისა და რუსული დაწოლის შესამსუბუქებლად. გარდა ამისა დონეცკის აეროპორტის ტერიტორია უმნიშვნელო წერტილი არ არის. ის ზედ ემიჯნება ქალაქს და მის დასაცავად რუსები და მათ მიერ ორგანიზებული სეპარატისტული ძალები დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის გაწირვაზე არიან თანახმა, მით უფრო რომ დონეცკელი სეპარატისტების მიერ შექმნილი ცრუ საგმირო ეპოსები სწორედ ამ აეროპორტისათვის 2014-15 წლებში ბრძოლას უკავშირდება.
არის სხვა მიზეზიც: აეროპორტის მიმართულებით აქტიურობა რუსებს აიძულებს დაწოლა შეამციროს მარიინკაზეც, რომელიც ქალაქი დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელებს ავდიივკას მონაკვეთი მთელი ამ ომის განმავლობაში, ისევე როგორც 2014-15 წლებში გამორჩეულად კარგად აქვთ დაცული. ათასობით სამხედრო დაკარგეს რუსებმა ამ სექტორში და ახლა კვლავ უკრაინელები არიან აქტიურები. ფსიქოლოგიურად ეს უკვე დიდი დარტყმაა რუსებისათვის.
- 2014 წელს რუსების მხარს გადასული სამხედრო ჟურნალისტი და სამხედრო დაჯგუფების ლიდერი, ქაღალდზე არსებული რუსული სეპარატისტული წარმონაქმნის, "ნოვოროსიის" გმირი, გენადი დუბოვოი ქალაქ დონეცკში მანქანის დაჯახების შედეგად მოკლეს. ვინ მოკლა ასე ცალსახად არაა ცნობილი. ზოგადად, რუსულ სამხედრო კლანებში, განსაკუთრებით კი 2014 წელს რუსეთის მხარეს გადასულ პირებსა და ახლანდელ ლიდერებს შორის დაპირისპირება ახალი ამბავი არ არის. თუმცა უკრაინული სპეცსამსახურების ხელი დონეცკზეც რომ სწვდება ესეც ნათელია. რუსული ვერსიით დუბოვოი ყვავილებს ყიდულობდა.
- დონეცკის ოლქში, ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკას გასასვლელში ძალიან აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ჩანს რუსების ერთ-ერთი ბოლო კონტრშეტევას ვადევნებთ თვალს. თითქმის ყველა სახის იარაღსა და დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას მოუყარეს თავი რკინიგზის გასწვრივ, ნანგრევებზე. როგორც ჩანს მათი პროგრამა მინიმუმი უკრაინელთა მხრიდან დასახლების დაკავების დაბლოკვაა, რადგან მათი პოზიციები შესასვლელ-გასასვლელს ემიჯნება. პროგრამა მაქსიმუმი კი უკრაინელთა დაკავებული პოზიციების ხელახალი ოკუპაცია იქნება.
უკრაინელები ამ მიმართულებაზე ძალიან აუჩქარებლად და დინამიურად მუშაობენ. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინელებს შეუძლიათ სწრაფი წინსვლა, მაგრამ ძალიან გაზრდილი დანაკარგებითო, ეს კი უკრაინის მიზანი არ არის. ზელენსკის პოზიცია რაციონალურია. თუკი რუსეთს კონფეპტუალურდ დონეზეც კი აქვს მზაობა ცოცხალი ძალა დიდი რაოდენობით შესწიროს თუნდაც კლიშჩიივკას ან იგივე ზაპორიჟიას მიმართულებას, უკრაინა საკუთარ კარგად გაწვრთნილ სამხედრო ძალას უფრთხილდება.
კლიშჩიივკას უკრაინელთა მიერ დაკავება ძალიან დიდი დარტყმა იქნება ბახმუტის სამხრეთით მდებარე რუსული პოზიციებისათვის.
- უკრაინაში მყოფმა გერმანელმა ბრიგადის გენერალმა ქრისტიან ფროიდინგმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ შეწყდება და ამის მოლოდინი არავის ჰქონდეს. უკვე გაწერილია რომ საჭიროების შემთხვევაში 2032 წლამდე გაგრძელდება დახმარებაო.
- 2024 წელს ცივი ომის შემდეგ ნატოს ყველაზე დიდი წვრთნები გაიმართება, რომელშიც 40 ათასი სამხედრო, ასობით ხომალდი და თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. მიზანი კოორდინირებულობის ზრდა და თავდაცვის სინქრონიზაციაა.
- პოლონეთი სამხედრო წარმოებას ზრდის, მათ შორის იმ საარტილერიო სისტემების კუთხითაც, რომელსაც უკრაინას აწვდის.
- უკრაინელების დათვლით ახლა უკრაინაში 420 ათასი მხოლოდ რუსი სამხედრო იმყოფება. ამას ემატებიან რუსი პოლიციელები, რუსი სეპარატისტები და რუსეთის მხარეს გადასული ძალები.
- ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ რობოტინეს სამხრეთით მდებარე ნოვოპროკოპივკას თავდაცვის ზღუდის მონაკვეთია. როგორც უკრაინელებს ისე რუსებს ძალიან დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჰყავთ მობილიზებული. ინფორმაცია ორივე მხრიდან ძალიან შეზღუდულია.
- იბომბება ოლეშკის მისადგომებიც, ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით. ამასთან, უკრაინელებსა და რუსებს შორის გრძელდება საარტილერიო დუელები.
- შავ ზღვაში უკრაინელთა მხრიდან ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კოშკურების დაკავება რუსული საზღვაო ძალების მძიმე მდგომარეობაზეც მიუთითებს. ისინი თამამად ვეღარ დაცურავენ უკრაინის მიერ კონტროლირებადი საზღვაო აკვატორიის სიახლოვეს. მათ უკრაინული წყლის დრონებისა და ნეპტუნების - ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების - ეშინიათ. არადა ამ ფონზე საზღვაო ბლოკადა აქვს რუსეთს გამოცხადებული. ამ ფონზე უკრაინული მობილური ძალები სწრაფად მანევრირებდი სამხედრო კატერებით უფრო თამამად და შეუმჩნევლად მოქმედებენ.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
мир
European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.

2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.

მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.

ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.

„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.

POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.

European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.

ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.

იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.

გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.

გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.

„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).

ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.

თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.

გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.

ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.

„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.

ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.

„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.

გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.

მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати