USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რა ვიცით მოსამართლეებზე, რომლებმაც აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი თქვეს
дата:  281
დიმიტრი გვრიტიშვილი: აშშ-ში მოსამართლეების მიერ სასწავლო ვიზიტზე უარი სანქცირებული კოლეგების მიმართ ერთგვარი სოლიდარობის აქტია.

 

2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა  „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა“ და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის“ გამო, სავიზო შეზღუდვა დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას, და ერთ ყოფილ მოსამართლეს – ვალერი ცერცვაძეს. სანქცია ვრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც.

წინამდებარე სტატიაში არ ვისაუბრებთ სანქცირებულ მოსამართლეებზე, არამედ ყურადღებას გავამახვილებთ იმ სამ მოსამართლეზე, რომლებსაც არ შეხებიათ სანქცია, თუმცა თავად გადაწყვიტეს რომ სანქცირებული მოსამართლეების გამო უარი ეთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე.   ამ აქტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა სანქცირებული მოსამართლეებისადმი სოლიდარობა უწოდა.

საინტერესოა, რატომ თქვეს უარი მოსამართლეებმა სასწავლო ვიზიტზე, როცა ამ პროგრამის მიზანი მხოლოდ ახალი ცოდნის მიღება და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენებაა. იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სოლიდარობის აქტი ან ზეწოლის შედეგი, გადაჭრით ამის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ იმ მოსამართლეთა კარიერულ გზას, რომლებმაც სასწავლო ვიზიტი, ასე თუ ისე, დათმეს.

ერთ-ერთი, ვინც აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი თქვა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნანა ჯოხაძეა.

ნანა ჯოხაძე

სამოსამართლო კარიერა:

  • პირველად ის მოსამართლედ 2016 წლის 15 თებერვალში დაინიშნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი);
  • 2019 წლის 15 თებერვლიდან უვადოდ გამწესდა ამავე თანამდებობაზე; 
  • რამდენიმე თვეში, 2019 წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნანა ჯოხაძის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მივლინების შესახებ ერთი წლის ვადით;
  • 2020 წლის 26 ივნისს ნანა ჯოხაძის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მივლინების ვადა კვლავ განისაზღვრა ერთი წლით; 
  • ამის შემდეგ ნანა ჯოხაძემ მონაწილეობა მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსში, რომლის შემდგომ 2021 წლის 18 ივნისიდან ის გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადო.  

კარიერა სასამართლომდე:

მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ 1997 წელს მუშაობდა სპს ,,აბაშის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის“ ლექტორად, ხოლო, 2000 წელს მუშაობდა ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიან აკადემიაში, ასევე ლექტორად. მითითებული არ არის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იყო ლექტორი თითოეულ შემთხვევაში. გარდა ამისა, არ ჩანს 1997 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში რა საქმიანობას ეწეოდა ნანა ჯოხაძე. 

2005-2006 წლებში მუშაობდა საადვოკატო ფირმა ,,სამართალი“-ში ადვოკატად, ხოლო 2006 წლის მაისში პირველად დაიწყო სასამართლო სისტემაში მუშაობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტის პოზიციას  სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სამდივნოში 6 თვის განმავლობაში იკავებდა.

ამის შემდგომ, 2007 წელს ის დაბრუნდა საადვოკატო ფირმა ,,სამართალი"-ში, თუმცა უცნობია რა პერიოდით. ორი წლის შემდგომ, 2009 წელს მან დაიწყო მუშაობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ, სადაც 7 წელი იკავებდა ამ პოზიციას იქამდე, ვიდრე მოსამართლედ დაინიშნებოდა.

განათლება 

  • 1992 წელს დაამთავრა სამტრედიის N7 საშუალო სკოლა;
  • 1997 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
  • 1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა;
  • 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით;
  • 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით;
  • 2007-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სასწავლო ვიზიტზე უარი თქვა, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, თამარ ბეჟანიშვილმა.

თამარ ბეჟანიშვილი

სამოსამართლო კარიერა:

  • პირველად მოსამართლედ  დაინიშნა 2007 წლის 10 ნოემბერს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში; 
  • თამარ ბეჟანიშვილი 2009 წლის 10 სექტემბრიდან გათავისუფლდა ხელვაჩაურის ლიკვიდირებული რაიონული სასამართლოს მოსამართლეობიდან;
  • იმავე გადაწყვეტილებით 2009 წლის 10 სექტემბრიდან მივლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში;  
  • 2011 წლის ნოემბერში თამარ ბეჟანიშვილი გათავისუფლდა ყვარლის ლიკვიდირებული რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება;   
  • 2011 წლის ნოემბერში უკვე სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი კიდევ ერთხელ იქნა მივლინებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში; 
  • 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ; 
  • 2017 წლის 25 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობიდან; 
  • ამავე დღეს, 2017 წლის 25 მაისს გამწესდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, 3 წლის ვადით; 
  • საბოლოოდ, 2019 წლის 11 ოქტომბრიდან უვადოდ გამწესდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.   (მასზე გავრცელდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის  794-ე მუხლი - „2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით...“, ამ მუხლის საფუძველზე დაინიშნა უვადოდ თამარ ბეჟანიშვილი საბოლოოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2019 წელს.)

კარიერა სასამართლომდე:

თამარ ბეჟანიშვილი 2001-2003 წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად. 2003 წელს მუშაობდა დაიწყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ, სადაც 4 წელი იკავებდა ამ პოზიციას მოსამართლედ დანიშვნამდე.

განათლება 

  • 1995 წელს დაამთავრა ხაშურის რაიონის სოფელ გომის საშუალო სკოლა;
  • 2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
  • 2001 წლის იანვარში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა;
  • 2006 წლის მარტში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

დაბოლოს, სასწავლო ვიზიტით არ წავიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანი.

კონსტანტინე კოპალიანი

სამოსამართლო კარიერა:

  • 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე; 
  • ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

 

კარიერა სასამართლომდე:

მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ  2004-2006 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ქვეითი ბრიგადის ჯავშან-სატანკო ბატალიონის ს-3 განყოფილების სერჟანტი.

2007-2008 წლებში გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. 2008 წელს კი დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად, 2009 წელს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

შემდეგ, 2012 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ. შემდეგ მოსამართლედ დანიშვნამდე ჩააბარა   მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით,  მიიღო მაგისტრის ხარისხი და იყო იუსტიციის სკოლის მსმენელი.

განათლება

  • 2001 წელს დაამთავრა ივ. შარაშიძის სახელობის ხონის N 1 გიმნაზია;
  • 2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
  • 2016 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურა;
  • 2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი;
  • 2009 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

ამ მოსამართლეებს მოგვიანებით შეუერთდა ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელმაც საკუთარი პოზიცია ფეისბუქ პოსტის სახით გაავრცელა.

ბადრი კოჭლამაზაშვილი

სამოსამართლო კარიერა:

  • 2007 წლის 12 იანვრიდან ბადრი კოჭლამაზაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გამწესდა; 
  • 2017 წლის 10 იანვრიდან გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო; 
  • 2017 წლის 25 მაისიდან  3 წლის ვადით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლედ; 
  • 2019 წლის 11 ოქტომბრიდან უვადოდ გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ. 

 

კარიერა სასამართლომდე:

მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ  1999-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში-კანონთა წიგნისა და  საკანონმდებლო მაცნეს მთავარი რედაქტორის მოადგილედ.

შემდეგ, 2000-2007 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტებზე. 

განათლება 

  • 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა;
  • 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
  • 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა;
  • 2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით იუსტიციის სამინისტროში წარმატებული მუშაობისათვის;
  • 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი;
  • ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
  • 2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

როგორც წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, ოთხივე მოსამართლე სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობს. ამდენად, მათი პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და ახალი გამოცდილების მიღებისთის აღნიშნული სასწავლო ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან აშშ-ში სასწავლო ვიზიტის მთავარი თემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იყო.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати