USD 2.6699
EUR 2.8450
RUB 2.8530
Тбилиси
რა უნდა გააკეთოს საქართველომ ლოგისტიკურ ჰაბად გადასაქცევად? - საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრება
дата:  386

ლოგისტიკის საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ცენტრალური აზიიდან შემოსული ტვირთის ნაკადს ვერ უმკლავდება. მათი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთბრუნვისთვის პორტები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მზად არ აღმოჩნდა.

მსხვილი ლოგისტიკური კომპანიის, "ასტრას" ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ნატალია დემჩენკო BM.GE-სთან ამბობს, რომ ქართული პორტები მოთხოვნაზე ორჯერ ნაკლებ ტვირთს ატარებენ. ამ პრობლემის მოგვარების გზად კი, ახალი ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და სარკინიგზო ხაზის მოდერნიზებაში ხედავს.

“2022 წელს, რთული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ქართული ინფრასტრუქტურა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან შემოსული ტვირთების ნაკადს ვერ უმკლავდება. ქართულ პორტებს იმაზე ორჯერ ნაკლები ტვირთის გატარება შეუძლიათ, ვიდრე ჩვენს კლიენტებს სურთ. ამგვარად, მნიშვნელოვანია საქართველომ ახალი ტერიტორიები აითვისოს, გახსნას ახალი პორტები და სარკინიგზო ხაზის მოდერნიზება მოახდინოს. რეალურად, სატრანსპორტო დერეფნის კუთხით, საქართველო აზერბაიჯანთან მჭიდროდაა დაკავშირებული , ასე რომ სახელმწიფოებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რომ ტრანსკასპიურმა კორიდორმა შეკრულად იფუნქციონიროს“, - განაცხადა ნატალია დემჩენკომ.

მსხვილი ლოგისტიკური კომპანიის, Quest Group-ის ზრდისა და განვითარების მენეჯერმა, იგორ ბრატცევმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ დიდი მოცულობით ტვირთის ეფექტიანი გადაზიდვისთვის ქვეყანაში ტვირთის მომსახურების იდენტური სიმძლავრეები უნდა არსებობდეს.

“ვფიქრობ, საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად გადასაქცევად უკვე ბევრი რამ კეთდება, მაგრამ აუცილებელია, რომ განვითარება ამავე მიმართულებით გაგრძელდეს. მოგეხსენებათ ტრანსპორტისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს შემაფერხებელი ფაქტორები. სხვაგვარად რომ ვთქვა მაშინ, როცა ქვეყანაში არაერთი დიდი პორტია, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც გამართული უნდა იყოს. ასე არის საწინააღმდეგო შემთხვევაშიც - თუ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ორი მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის საშუალებას იძლევა, პორტები ასეთი დატვირთვისთვის მზად უნდა იყვნენ. ასეთი შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრა მხოლოდ ტექნოლოგიას არ უკავშირდება, რადგან ზოგჯერ, ისინი ბიუროკრატიითაა გამოწვეული“, - განაცხადა მან.

ახალი ღრმაწყლოვანი პორტის და ახალი ტერმინალების აუცილებლობაზე საუბრობს Wondernet Express Investment Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მამუკა მურჯიკნელის თქმით, საქართველომ აზერბაიჯანთან ერთად უნდა იმუშაოს, რადგან სავაჭრო დერეფნის მდგრადობა ორივე ქვეყნის ჰარმონიულ მუშაობაზე არის დამოკიდებული.

“ინფრასტრუქტურაში უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, რათა უფრო დიდი მოცულობის ტვირთების მიღების პოტენციალი გაიზარდოს. თუმცა, ეს მხოლოდ პორტს არ უკავშირდება. დღეს, ღრმაწყლოვანი პორტი და ახალი ტერმინალები აუცილებლად გვჭირდება. გვჭირდება, რომ რკინიგზას უფრო დიდი ტვირთის გატარების შესაძლებლობა ჰქონდეს. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ საქართველოში. ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს ყველაფერი იქაც განხორციელდეს. ვფიქრობ, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ნამდვილად შევძლებთ, რომ უფრო მეტი ტვირთი მივიღოთ და დავიბრუნოთ ის სტატუსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბრეშუმის გზაზე ისტორიულად ჰქონდა”, - თქვა მამუკა მურჯიკნელმა BM.GE-სთან საუბრისას.

ამასთან, ლოგისტიკის საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირება ის მთავარი ნაბიჯია, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ და ბიზნესმა საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად გადასაქცევად უნდა გადადგან.

культура
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати