USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
რა უჯდება საქართველოს აზერბაიჯანული, რუსული და თურქული ელექტროენერგიის შეძენა
Date:  916

2020 წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა. ქვეყანაში დენის მოხმარების 5%-ით შემცირების მიუხედავად, იმპორტის მოცულობა ფაქტობრივად უცვლელი დარჩა, შესაბამისად, გაიზარდა დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე. 2020 წელს იმპორტზე მთლიანი მოხმარების 13% მოდიოდა და მასში საქართველომ $64.5 მლნ გადაიხადა.

საქართველომ 2020 წელს ელექტროენერგია სამი ქვეყნიდან, - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შეიძინა. მათ შორის ელექტროენერგიის მიღების მთავარი წყარო აზერბაიჯანი იყო, საიდანაც ქვეყანაში 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 45% იყო.

როგორც ესკოს სტატისტიკიდან ჩანს, ყველაზე ძვირადღირებული სწორედ აზერბაიჯანული ელექტროენერგიაა, რომლის ტარიფიც კილოვატ საათზე 5 ცენტს შეადგენდა. შედარებისთვის, თურქული ელექტროენერგიის ტარიფი შარშან 3 ცენტი, რუსულის კი 4 ცენტი იყო.

ქვეყნების მიხედვით, ელექტროენერგიის მოცულობები და ტარიფები ასე ნაწილდება:

აზერბაიჯანი - 726,300,000 კილოვატ საათი, ფასი $36,397,260 ტარიფი 5 ცენტი; 
რუსეთი - 570,600,000 კილოვატ საათი, ფასი $14,553,200 ტარიფი 3 ცენტი; 
თურქეთი - 313,100,000 კილოვატ საათი, ფასი $13,564,140 ტარიფი 4 ცენტი; 
სულ - 1,610,000,000 კილოვატ საათი, ფასი $64,514,600 ტარიფი 4 ცენტი. 

ელექტროენერგიის მაღალი იმპორტი 2021 წელსაც გაგრძელდება, რადგან იანვრიდან 3 თვის ვადით ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ გაჩერდა. 

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, მისი მოცულობა გასულ წელს 36%-ით შემცირდა და 154 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.8 ცენტი იყო, შესაბამისად, ქვეყანამ ექსპორტიდან $5.8 მილიონი დოლარი მიიღო, რაც იმპორტთან შედარებით 11-ჯერ ნაკლები იყო.

2020 წელს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარება ჯამურად 10%-ით შემცირდა, ოკუპირებულ აფხაზეთში კი ელექტროენერგიის მოხმარების უკონტროლო ზრდა გაგრძელდა, სადაც მატება 24%-ს შეადგენდა. შედეგად, აფხაზეთმა თითქმის იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1,1 მილიონიანმა თბილისმა.

ამ ელექტროენერგიას აფხაზეთი საქართველოდან უსასყიდლოდ იღებს, გასულ წელს რეგიონის მიერ მოხმარებული 2.55 მილიარდი კილოვატ საათის საბაზრო ღირებულება $80 მილიონზე მეტი იყო.

წყარო:https://bm.ge/

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way