USD 2.7242
EUR 3.1925
RUB 3.4779
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  353

2023 წლის 12 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

- დონეცკისა და ზაპორიჟიას ოლქების საზღვრის სიახლოვეს, ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, სტარომაიორსკესა და უროჟაინეს სიახლოვეს უკრაინელები შეტევაზე აირიან გადასულები. მაკარივკასთან მდგომი უკრაინული მძიმე ტექნიკა რუსულ სატანკო ძალებსა და ახალ სასანგრე პოზიციებს უტევს.

მათ სიახლოვეს, რუსებიც ცდილობენ კონტრშეტევის წამოწყებას რივნოპოლის გზაზე, თუმცა უკრაინელები შეტევას უმკლავდებიან.

შეტაკებები მიმდინარეობს კიდევ უფრო აღმოსავლეთით, ნოვოდონეცკესთან. უკრაინელებსა და რუსებს შორის დასახლებისათვის ბრძოლა თვეზე მეტია ინტენსიურ ხასიათს ატარებს.

- ზაპორიჟიას ოლქში, ორიხივი-ტოკმაკის გზაზე, რობოტინესთან ბრძოლა გრძელდება. უკრაინელები ვერ ახერხებენ დასახლების პირდაპირი დარტყმით აღებას და უკვე მეოთხე დღეა შემოვლით ცდილობენ მოწინააღმდეგის ზურგში მოქცევას. თუმცა ჯერჯერობით უკრაინული შეტევა ამ მიმართულებით ყველაზე ნელი და დანაკარგებით შედარებით გამორჩეულია.

- ზაპორიჟიალს ოლქში, დასავლეთით, ვასილივკას გზაზე, გათავისუფლებული პიატიხატკიდან ჟერებიანკის მიმართულებით უკრაინელები კვლავ გააქტიურდნენ. რუსები ჩივიან, რომ უკრაინელებმა დაკავებული ტერიტორიის ორგანიზებული ათვისება მოახდინეს და აუჩქარებლად, მეთოდურად მიიწევენ წინ.

- ბახმუტი და მისი შემოგარენი ყველაზე აქტიურ საბრძოლო მოქმედების ზონად რჩება. ქალაქის სამხრეთით უკრაინელები კვლავ კლიშჩიივკასა და კურდიუმივკას უტევენ, ქალაქის ჩრდილოეთით არამხოლოდ სლავიანსკი-ბახმუტის გზის მიმართულებით, არამედ სოლედარის ჩრდილოეთითაც აქტიურობენ უკრაინელები. ეს მას შემდეგ, რაც რუსული კონტრშეტევა დაკარგული პოზიციების ხელახლა აღებისათვის ჩავარდა. და ამასთან, ბახმუტის უკიდურეს დასავლეთ გარეუბანში, უკრაინული დანაყოფები და სნაიპერები წარმატებით ანადგურებენ რუსულ პოზიციებს. საინტერესოა, რომ რუსებმა ქალაქის ამ უკიდურესად დასავლეთით მდებარე ნაწილში პოზიციები მყარად ვერც ერთხელ ვერ შექმნეს.

- ზელენსკი და ბაიდენი შეხვდნენ ერთმანეთს ვილნიუსის სამიტზე. როგორც ჩანს უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო შესაბამისი დაპირებები, რომ უკრაინის ყველა დანაკარგი შეივსება და საბრძოლო საჭიროებებიდან გამომდინარე მოქნილად მოხდება იარაღის მიწოდება. ბაიდენი საკმაოდ კმაყოფილია სამიტით. მეტიც, CNN-ი წერს, რომ "ბაიდენმა მიიღო ყველაფერი რაც უნდოდა". ეს კი შვედეთის გაწევრიანებაზე მწვანე შუქის ანთება, უკრაინის შეიარაღებაზე ერთსულოვნების შენარჩუნება და NATO-ს ფუნქციის გადააზრებაა. სხვათა შორის, ომამდე ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსული პროპაგანდა და სკეპტიკოსები იმას აცხადებდნენ, რომ NATO-ს ფუნქცია და მიზანი ჰქონდა დაკარგული. ახლა კი, ამ სამიტზე, მისი მნიშვნელობის ხელახლა გადააზრება მოხდა - ნატო ჩრდილოეთ ატლანტიკაში დასავლური უსაფრთხოების ერთადერთი დასაყრდენია და რომ სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეები დიდი, ავტოკრატიული რეჟიმებისაგან ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

analytics
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“, რომლის ავტორები არიან ფრიდრიხ მერცი (გერმანიის კანცლერი) და ემანუელ მაკრონი (საფრანგეთის პრეზიდენტი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

 „ჰააგაში ნატოს სამიტის ფონზე მსოფლიოში ქაოსური მოვლენები სუფევს: ბობოქრობენ ომები, ჩვეული ქცევის წესები და ნორმები ინგრევა,  ხოლო დიდი ხნით განმტკიცებული რწმენები ეჭვის ქვეშ დგება. ამ ეპოქალური გამოცდის ჟამს გერმანია და საფრანგეთი - თავიანთ ევროპელ და ატლანტის ოკეანის გაღმა ნაპირზე მყოფ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად ერთიანი და მტკიცე ფრონტით გამოდიან, რათა დაიცვან ჩვენი საერთო ფასეულობები, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

ავტორთა აზრით, „ევროპაში არასტაბილურობის ძირითად წყაროს რუსეთი და მისი იმპერიალისტური ომები წარმოადგენს: „2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, შემდეგ, 2014 წელს - მოახდინა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია, 2022 წელს კი კრემლის ჯარები უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვლადიმერ პუტინის მიზანია ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას, მეზობლებს თავს მოახვიოს უკანონო მეურვეობა, ისინი შიგნიდან გატეხოს და თავის ორბიტაზე გადაიყვანოს, საერთაშორისო მართლწესრიგს საფუძველი შეურყიოს. ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს შევურიგდეთ, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა უნდა დავიცვათ“.

„თუ კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკის ტრაექტორია არ შეიცვლება, რუსეთი საფრანგეთისა და გერმანიის ურყევ და მტკიცე პოზიციის წინაშე აღმოჩნდება. ამჟამად სასწორზე დევს ევროპული სტაბილურობის ბედი ათწლეულების განმავლობაში.

ნატოს სამიტზე საფრანგეთი და გერმანია დაადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას იმ ძალისხმევისადმი, რასაც აშშ მიმართავს კონფლიქტების შეწყვეტისათვის და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად. საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და გააძლიერებენ რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის სანქციების მეშვეობით“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები, - „ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ უკრაინა კონფლიქტიდან გამოსვლის შემდეგ აყვავებული, ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა გახდეს“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ მხრივ უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული - ევროკავშირი უკრაინას 130 მილიარდი ევროთი დაეხმარა. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაგმო კრემლის აგრესიული პოლიტიკა, რისთვისაც რუსეთს მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული. „მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. ამიტომ ჩვენ, დიდ ბრიტანეთთან ერთად, ხელს შევუწყობთ უკრაინის არმიის გაძლიერებას, განვაახლებთ უკრაინის თავდაცვით მრეწველობას იმ მიზნით, რომ სამომავლოდ მას რუსეთის სავარაუდო აგრესიის წარმატებით მოგერიება შეძლოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები მხოლოდ უკრაინას არ ეხება. როგორც ჩანს, ახლო მომავალში კონფლიქტურ გარემოში ცხოვრება მოგვიწევს - იმ მსოფლიოში, სადაც ჩვენი მოკავშირეების წინაშე ახალი დილემები და პრიორიტეტები დადგება. რუსეთის გარდა, ჩვენ, ალბათ, კიდევ ბევრი გამოწვევის მოწმენი გავხდებით. ამისათვის ახლავე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნავენ ავტორები და იქვე მიუთითებენ: აუცილებელია ნატოს გაძლიერება - თავდაცვის სფეროს ალიანსის წევრების საერთო ბიუჯეტის 3,5% უნდა მოხმარდეს, 2%-ის ნაცვლად. დამატებითი ხარჯები აუცილებელია. მათი მეშვეობით ჩვენ იმ ბზარს ამოვავსებთ, რომელიც ნატოს სამხედრო პოტენციალს გაუჩნდა რევანშისტული რუსეთის პირისპირ“, - ხაზს უსვამენ ავტორები.

„ალიანსის უსაფრთხოების ქვაკუთხედად ბირთვული შეკავება რჩება: საფრანგეთს აქვს თავისი დამოუკიდებელი სტრატეგიული ბირთვული ძალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნატოს საერთო უსაფრთხოების დაცვაში. გერმანიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნატოს ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებაში. გარდა ამისა, ერთობლივად ვიმუშავებთ შესყიდვების სისტემის რეფორმირებაში, რომელიც გამოიხატება უნიფიკაციაში, გამარტივებასა და გაზრდაში“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის დასასრულს, ავტორები აღნიშნავენ, რომ ნატო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, რათა უკეთ იქნას გამოყენებული ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა [რუსეთის წინააღმდეგ]. „ჩვენ ვადასტურებთ სამოკავშირეო ერთიანობას, სოლიდარობას და ერთგულებას ჩვენი კონტინენტის თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way