USD 2.6728
EUR 2.8532
RUB 2.8408
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი : 05.20.2023  270
2023 წლის 18-19 მაისის შეჯამება უკრაინაში:
- დონეცკის ოლქში, მარიუპოლში აფეთქებებია. სავარაუდოდ უკრაინელთა სარაკეტო შეტევასთან გვაქვს საქმე და არა დრონების მოქმედებასთან. არაა გამორიცხული ბრიტანული Storm Shadow მოხვედროდა რუსულ სამიზნეს - ასაფრენ ბილიკსა და საწყობს.
- ბახმუტის ირგვლივ უკრაინელთა შეტევა წარმატებით გრძელდება. ქალაქის სამხრეთით უკრაინულმა დანაყოფებმა კლიშჩიივკას მიაღწიეს. შეტაკებები დასახლების მომიჯნავედ მიმდინარეობს. ქალაქის სამხრეთით რუსული პოზიციები ძალიან სწრაფად იშლება.
- ბახმუტის ჩრდილოეთით უკრაინელები ყველ სუსტ რუსულ პოზიციას რამდენიმე მიმართულებიდან უტევენ. პროგრესი დიდი არ არის, მაგრამ ორიხოვო-ვასილივკაში შესული რუსულ დანაყოფებს უკან დაახევინეს, ხოლო ცოტა უფრო მოშორებით ზალიზნიანსკეს მიმართულებით წაიწივნენ წინ უკრაინელები. აღნიშნული ორივე დასახლება ბახმუტი-სლავიანსკის გზის მიმართულებით მდებარეობს.
ამ ფონზე, რუსები სოლედარის ირგვლივ ტერიტორიებს ამაგრებენ და ნაღმავენ კიდეც. აშკარაა უკრაინელთა შეტევას სოლედარზე ჩრდილოეთიდან ელოდებიან ისინი.
- ქალაქი ბახმუტი ამ დრომდე ყველაზე რთულ წერტილად რჩება. რუსული ნაწილები თითოეული შენობის ასაღებად ასობით ადამიანს სწირავენ. როგორც მოსალოდნელი იყო პრიგოჟინის დანაყოფები არსად არ გასულან და კვლავაც უმთავრეს საზარბაზნე ხორცს წარმოადგენენ.
- ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ, განადგურებულ მარიინკაში შეტაკებები გრძელდება. ამჯერად უკრაინელები ურტყამენ რუსულ პოზიციებს. საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია უკრაინული არტილერია და სატანკო ნაწილებიც. რა თქმა უნდა, მარიინკა, ავდიივკა და ბახმუტი რუსული გამოფიტვის როლს ასრულებს ახლა.
- ყირიმში უკრაინელმა პარტიზანებმა ბახჩისარაის სიახლოვეს რკინიგზა ააფეთქეს რასაც რუსული ლოჯისტიკური მატარებლის რელსებიდან გადასვლა მოჰყვა. ბახჩისარაი ისტორიულად ყირიმელი თათრების დედაქალაქია. ისინი რუსულ ოკუპაციას დიდი ხანია უწევენ წინააღმდეგობას.
- აფეთქებებია სევასტოპოლშიც. რუსები აცხადებენ რომ წვრთნები მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქტიურად მუშაობენ. ეს კი უკრაინული დრონების შეტევის შესაძლებლობაზე მიუთითებს.
- დღეს პრეზიდენტი ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა და არაბული ლიგის სამიტს დაესწრო. მან სწორედ აქ განაცხადა, რომ რუსების პირველი მსხვერპლი ყირიმის ანექსიის შემდეგ სწორედ ყირიმელი თათრები იყვნენ, რომელთა ნაწილი უკრაინის სხვა პროვინციაში მიგრირდა ან ანტისაოკუპაციო ქსელში ჩაება, მაგრამ ზოგიერთ მათგანს უფრო ტრაგიკული ბედი ეწია - აიძულეს ქვეყნის გარეთ გაქცეულიყო ან რუსეთის შიგნით გადაადგილებულიყო. საკმაოდ მძლავრი განცხადება ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის. საუდის არაბეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოთამაშეა კარგი სამხედრო შეიარაღებით (რასაც ვერ ვიტყვით მის სამხედრო ძალებზე), მაგრამ რაც მთავარია საუდებს შორს მიმავალი ზეგავლენები აქვთ მრავალ არაბულ სახელმწიფოზე. ამასთან, ზელენსკი ზოგიერთი არაბული სახელმწიფოსადმი საკმაოდ კრიტიკული იყო და მათ სისუსტესა და თავიანთი სახელმწიფოსათვის საზიანო რუსულ კოლაბორაციონიზმზეც მიუთითა.
- იაპონიაში დიდი შვიდეულის შეხვედრა იმართება. უკვე გაჟღერდა ძირითადი შეტყობინება რუსეთთან მიმართებით. ითქვა, რომ დასავლეთი მანამ დაუჭერს მხარს უკრაინას, სანამ მას ეს დასჭირდება. ასევე ითქვა, რომ მშვიდობა მანამ ვერ იქნება მიღწეული, სანამ რუსი სამხედროები უკრაინაში იმყოფებიან. დაბოლოს, აღინიშნა, რომ რუსეთს მოუწევს გადაიხადოს ის, რაც მისი აგრესიისას განადგურდა. ეს მრავლისმთქმელი პოზიციაა და კარგი იქნებოდა საქართველოც რომ მოქცეულიყო ამ პოზიციაში. დღეს პრეზიდენტი ზელენსკი ტოკიოში ჩავა და შეუერთდება სამიტს.
- აშშ-ს მხრიდან გაჟღერდა, რომ უკრაინისათვის F-16 მრავალფუნქციური გამანადგურებლის გადაცემის წინააღმდეგი აღარაა. ბრიტანეთი თავის მოკავშირეებთან ერთად (პირველ რიგში კი ნიდერლანდებთან ერთად) დაიწყებს უკრაინელი პილოტების წვრთნას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის კი არ არის მხოლოდ, რომ უმნიშვნელოვანესი გამანადგურებლები შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინელთა ხელში, არამედ ესაა სიგნალი რუსეთისათვის, რომ დასავლეთი ყველაფერზეა წამსვლელი ოღონდ რუსეთი დამარცხდეს და იარაღზე შეზღუდვა პრაქტიკულად მოხსნილია. ამ ყველაფერს ემატება ნორვეგიაც, რომელიც უკრაინას რვა M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. ეს დამანგრეველი იარაღი უკვე მოქმედებს უკრაინაში, მაგრამ ამ რაოდენობის შევსება რუსულ პოზიციებზე ძალიან დიდი სიზუსტის საარტილერიო დარტყმების გახშირებას გულისხმობს.
- აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) რუსების გადმობირებაზე აქტიურად მუშაობს და უშუალო ქსელის შექმნის გარდა ღიადაც კი მოუწოდებს თანამშრომლობაზე. რეალურად რუსული ორგანოების გამოფიტვა შიგნიდან მიმდინარეობს.
- 18-19 მაისი უკრაინის ნაციონალური ტანისამოსის ვიშივანკას დღეა.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.