USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  271
2023 წლის 17-18 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- რუსეთის, ბელგოროდის რაიონს დენი შეფერხებით მიეწოდება. პერიოდული აფეთქებებია როგორც ოლქის ელექტროგადამცემი ხაზების ისე სადგურების მიმართულებით. რადგანაც რუსული მხარე ხშირ შემთხვევაში თავს იკავებს კომენტარებისაგან ან მესამე მხარის ჩარევას გამორიცხავს მომხდარში ხოლმე, ზუსტად არ ვიცით თუ რა მოხდა ელექტროსადგურზე - იყო ეს დრონების გამოყენება, დივერსია თუ რაიმე სხვა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ბელგოროდის ოლქი პრაქტიკულად საბრძოლო მოქმედებების ნაწილადაა ქცეული.
ამასთან, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით აფეთქებებს უშუალოდ საზღვრის სიახლოვეს, სადაც უკრაინული არტილერია რუსული მომარაგებისა და დაზვერვის ერთ-ერთ ძირითად ხაზს ურტყამს და სასაზღვრო პერიმეტრზე ცდილობს სათვალთვალო კოშკურები და კამერები გამოიყვანოს მწყობრიდან.
ყველაფერს ემატება ისიც, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა რუსეთზე იზრდება: სრულიად უცნობი ადამიანები არ გამორიცხავენ უკრაინელთა პირდაპირ იერიშს ბელგოროდის მიმართულებით, რისი ალბათობაც მინიმალური და ნაკლებ რეალურია, მაგრამ ფსიქოლოგიური წნეხის გარდა აიძულებს რუსულ სამხედრო ძალებს დარჩნენ ოლქის დასაცავად და თხარონ სანგრები და ააგონ ფორტიფიკაციები. ეს კი უკვე შესრულებული მიზანიც კი შეიძლება იყოს.
- აშშ-ში დაიწყო იმ დამნაშავეთა გამოვლენა, რომლებიც Twitter-სა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში პრო-რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში იყვნენ ჩაბმულები. სამწუხარო არის ის, რომ ინფორმაციის გაჟონვაში ბრალდებულის გარდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც რუსულ პროპაგანდას "დონბასელი გოგონას" სახელით მიზანმიმართულად ავრცელებდა ფეისბუქზე და ამაში იღებდა გასამრჯელოს - ყოფილი სამხედრო ქალია. როგორც ჩანს რუსებმა ჯაშუშური ქსელის შექმნას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს თვით უშუალოდ აშშ-ს ძალოვან ორგანოებში.
- ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა პრო-რუსული და პრო-ჩინური პოზიციებით ადრეც გამოირჩეოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც იგი გამოვიდა ინიციატივით, რომ ყირიმი გადასცენ რუსეთს და სანაცვლოდ კრემლმა ომი შეწყვიტოს, ახლა დაამატა განცხადებაც, რომ თითქოს აშშ აქეზებს ომს. ეს კი ძალიან მოეწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რის შემდეგაც სერგეი ლავროვმა პერსონალური მადლობაც კი გადაუხადა ბრაზილიის პრეზიდენტს.
ლულა ჩინურ ინვესტიციებზე და ფინანსური ბაზრების ათვისებაზეა ორიენტირებული. ამას ემატება ისიც, რომ იგი საერთაშორისო ფინანსურ მიმოქცევაში დოლარის როლის შემცირებას ემხრობა. საბოლოო ჯამში მისი სოციალისტური საგარეო და საშინაო პოლიტიკა მეტწილად ემთხვევა არამხოლოდ პრო-ჩინურ პოლიტიკას არამედ პრო-რუსულსაც. ამიტომაა რომ მისი დამოკიდებულება დასავლეთისადმი საკმაოდ კრიტიკულია.
ლულას მსგავსი ინიციატივა უკვე დაგმობილ იქნა აშშ-ს მიერ და პროპაგანდის თუთიყუშივით განმეორებას შედარდა მისი კომენტარები.
- პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩავიდა. ოფიციალური ვერსიით იგი ხერსონის ოკუპირებულ ოლქში იმყოფებოდა, ზედ ყირიმის სიახლოვეს.
- პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საბრძოლო მოქმედების ცენტრში, ავდიივკაში ჩავიდა, ქალაქი დონეცკის სიახლოვეს. ეს მისი მხრიდან ძალიან გაბედული ნაბიჯია, რადგან ბოლო თვეებია ბახმუტზე არანაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს რუსული შეტევა ავდიივკას მიმართულებით, ხოლო 2022 წლიდან (რეალურად კი 2014 წლიდან) ყოველდღიური იერიშების ერთ-ერთ ეპიცენტრს წარმოადგენდა. ავდიივკა აღმოსავლეთის ფრონტის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი პუნქტია.
- რუსები ქალაქ ბახმუტის დასავლეთ ნაწილში ცდილობენ გადაადგილებას. მათი შეტევის მიმართულებად კლავ რჩება ერთის მხრივ რკინიგზის სადგური, ხოლო მეორეს მხრივ უშუალოდ ბახმუტიდან გამავალი კოსტიანტინივკას გზა, რომლის სიახლოვესაც ბოლო ორ დღეში რამდენიმე ასეული მეტრით წაიწიეს წინ.
- ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით, საკვანძო დასახლება კიშილივკას მიმართულებით უკრაინელებმა კონტრშეტევის შემდეგ შეძლეს 1.5 კილომეტრი ტერიტორიის გათავისუფლება და მოწინააღმდეგის შედარებით სიღრმეში უკუქცევა. ზოგადად, დასახლებული პუნქტების გარეთ რუსების კონტროლი არამყარია და სიტუაცია საკმაოდ სწრაფადაა ცვალებადი და ასეთი კონტრშეტევა მოულოდნელობას არ ქმნის.
- საეჭვოა სინამდვილეში რამდენად კარგადაა გამაგრებული რუსული პოზიციები ყირიმში. ზოგიერთი ვერსიით ესეც კორუფციის ნაწილადაა ქცეული - გაითხარა სანგარი სანაპირო ზოლზე და დაწერა ანგარიში მასიურ ფორტიფიკაციებზე. რეალურად, ამის გადამოწმება ძალიან რთულია მოხდეს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მზადება ყირიმში, გადაულახავი ფორტიფიკაცია არ არსებობს, თუკი მართლაც ყირიმი იქება უკრაინელთა შეტევის ერთ-ერთი სამიზნე. მეორეს მხრივ, ყირიმის დაცვას რუსეთი ძალიან დიდ რესურსებს დაუთმობს. შესაბამისად, იქ სადაც დიდი ფინანსებია სრულიად შესაძლებელია იყოს დიდი კორუფციაც.
- კვიპროსი რუსული ინვესტიციების ერთ-ერთი უმთავრესი გზაგამტარი იყო ევროკავშირში. სწორედ ამიტომ რუსი ბიზნესმენები, რომლებიც კრემლთან იყვნენ დაახლოებულნი ცდილობდნენ სხვადასხვა მასშტაბის ინვესტიციების განხორციელებით (მინიმუმი 2 მილიარდი ევროა) მოეპოვებინათ კვიპროსში ცხოვრების უფლება შემდგომ კი დაეწყოთ მოქალაქეობის ან ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცესი. ამასთან, კვიპროსის გავლით მათ საშუალება ჰქონდათ დიდ ბრიტანეთთანაც ჰქონოდათ ახლო კავშირები, რომელსაც კვიპროსში არამხოლოდ საკუთარი სამხედრო ბაზები აქვს (აკროტირსა და დეკელიაში), არამედ საკმაოდ ღრმა პოლიტიკური კავშირებიც. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირში ამ თემაზე ღრმა მოკვლევა დაიწყო, რის შედეგადაც კვიპროსის საბანკო სექტორმა დაიწყო რუს კლიენტებთან ურთიერთობის მინიმიზება. შესაძლოა ამას კიდევ უფრო დიდი გავრცელება მოჰყვეს და კვიპროსი, როგორც რუსული ინტერესების გზაგამტარი ევროკავშირში სრულიად ჩაიკეტოს.
- ეგვიპტე, რომელიც რუსეთს საარტილერიო ჭურვების გადაცემას აპირებდა, როგორც ჩანს აშშ-ს მხრიდან საკმარისი პოლიტიკური ზეწოლის ფონზე არათუ უარი განაცხადა აღნიშნული ჭურვების რუსეთისათვის მიწოდებაზე, არამედ აპირებს რომ ეს ჭურვები უკრაინას მიაწოდოს. რუსეთი არასანდო და არასასურველი პარტნიორია მათ შორის ალ-სისის რეჟიმისათვისაც კი.
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way