USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
რა არის შესაცვლელი სახელმწიფო საწარმოების მართვაში - ლექსო ალექსიშვილის მოსაზრება
дата:  851

საქართველოს სახელმწიფო კორპორაციების ფინანსური მდგომარეობა სავალალოა. სახელმწიფო საწარმოების სექტორი გამუდმებით ზარალზეა, 2020 წელს კი ზარალმა რეკორდულ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ის, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვაში რადიკალური ცვლილებებია საჭირო, ამის შესახებ დონორები მთავრობას არაერთი წელია აფრთხილებენ, რამდენიმე დღის წინ კი სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ტექნიკური აღწერა იმის თუ რა სახით უნდა ჩატარდეს ამ ორგანიზაციებში რეფორმები.

PMCG-ის დამფუძნებელმა ლექსო ალექსიშვილმა სახელმწიფო საწარმოების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პრობლემის სათავეა ის, რომ მთავრობას სახელმწიფო საწარმოები იმ სახით, როგორც დღეს არსებობენ, აწყობს, რადგანაც ამ მდგომარეობაში სახელმწიფოს აქვს შეუზღუდავი შესაძლებლობა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით გამოიყენოს ეს კომპანიები. ეს შეიძლება იყოს როგორც სხვადასხვა სუბსიდირების პროგრამის დაფინანსება, ასევე პარტიული აქტივით შტატების გაბერვა.

ლექსო ალექსიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა უფრო ეფექტიანი იქნება, თუკი მსხვილი კორპორაციები ეტაპობრივად საერთაშორისო ბირჟებზე გავლენ და იქ განათავსებენ საკუთარ აქციებს.

“სიახლეა ის, რომ IMF-მა ტექნიკური დახმარების სახით მოამზადა უფრო სრულყოფილი პროგრამა, როგორ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიდგომა. ეს რომ პრობლემა იყო, ეს განხილებოდა 2018-2019 წლებშიც. ჩვენ მაშინაც ვიყავით თქვენთან სტუმრად და მაშინაც ვახსენეთ, რომ აუცილებელია რესტრუქტურირება. ციფრებითაც და კონკრეტული პროცესებითაც ჩანს, რომ ვერ უზრუნველყოფდა იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც არსებობს ამ ვითარებაში, ამიტომაც მიდიოდა მსჯელობა, როგორ შეიძლება ეს გაკეთებულიყო. პრივატიზაციის ისეთი ფორმა, რომელიც მანამდე განხორციელდა, ბუნებრივად ვეღარ იქნება, რადგანაც ეს კომპანიები თავიანთი ბუნებით და ზომით მნიშვნელოვანი საწარმოებია. მათ მშპ-სთან მიმართებით 18%-20%-ის ზომა აქვთ, რაც ძალიან მაღალია.

უნდა მოხდეს დელიკატური ჩარევა, რომ თითონ კომპანიები გადაკეთდნენ მართლაც კომერციულ სტრუქტურებად. კორპორაციული მართვის პრინციპები უნდა იყოს დანერგილი. ამის შემდეგ უნდა იყოს ფიქრი, თუ როგორ შეიძლება მათი პრივატიზაციის პროცესში ჩართვა, რაც ნიშნავს, არა პირდაპირ გაყიდვას, არამედ ბირჟებზე მათი აქციების კვოტირებას. სასურველია, რომ ეს მოხდეს საგარეო ბირჟებზე მათი გასვლით და არ უნდა ვიფიქროთ, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ეს ადგილობრივ ბირჟაზე გავაკეთოთ.

მთავარი საკითხი აქ არის კორპორატიული მმართველობის პრობლემა. გამჭვირვალობას ჩვენ რასაც ვეძახით გამომდინარეობს იქიდან თუ რამდენად იქნება დანერგილი კორპორატიული მართვის სისტემა.

“კვაზი-ფისკალური” ბუნება, რაც ამ საწარმოებს გააჩნიათ დამოკიდებულია სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხებში ჩარევაზე. სახელმწიფოს ურჩევნია, რომ ამ სახით შეინარჩუნოს ეს საწარმოები და პირდაპირი გაგებით პოლიტიკურად გამოიყენოს ან არ გამოიყენოს ისინი. ეს გამოყენება შეიძლება პასუხობდეს რაღაც კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად გაზის ტარიფის საკითხებს, ასევე შეიძლება იყოს ძალიან ბანალური ან პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისითაც გამოყენებული, რომ ურჩევნია პარტიული აქტივი უნდა დაასაქმოს სადღაც", - ამბობს ალექსიშვილი.

წლების მიხედვით, სახელმწიფო საწარმოთა ზარალი მზარდია:

2014 წელი - 100 მილიონი ლარის ზარალი;
2015 წელი - 786 მილიონი ლარის ზარალი;
2016 წელი - 536 მილიონი ლარის ზარალი;
2017 წელი - 732 მილიონი ლარის ზარალი;
2018 წელი - 816 მილიონი ლარის ზარალი;
2019 წელი - 237 მილიონი ლარის ზარალი;
2020 წელი - 1 მილიარდი ლარის ზარალი.

მთავრობის და მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიებს, ჯამში, 12.6 მილიარდი ლარის სესხები აქვთ აღებული. თუკი ისინი საკუთარი კომერციული შედეგებიდან გამომდინარე, ამ ვალებს ვერ ისტუმრებენ, მაშინ მათი გადახდის ვალდებულება ქვეყნის ბიუჯეტზე ანუ გადასახადის გადამხდელებზე გადაინაცვლებს. სწორედ ამის თავიდან არიდებისთვის არის აუცილებელი რეფორმის გაკეთება.

ეს კომპანიები ჯამში 50,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ.

წყარო:https://bm.ge
аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати