USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
რა არის ბედნიერება და ვართ თუ არა ქართველები მართლა ყველაზე უბედურები?
дата:  4182

რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა? ფილოსოფიუ­რი გაგებით, „ბედნიერება ადამიანის არსე­ბობის უმთავრესი მიზანი და დანიშნულებაა“ (არისტოტელე). რომც დავეთანხმოთ არისტო­ტელეს 2300 წლის წინანდელ ამ მოსაზრებას, როგორ, რა კრიტერიუმებით უნდა შევაფასოთ (გავზომოთ) იგი, მისი ხარისხი, ზომა-წონა? დიდია, საშუალო, მცირე თუ სულაც მინუს ნიშნი­თაა (ანუ უბედურება)?

ენციკლოპედიურად, ბედნიერება განიმარტება როგორც „სულიერი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამი­ანში. ბედნიერების გამომწვევი ზოგადი მიზეზებია ყოფიერების პირობებით, ცხოვრების შინაარსია­ნობით, საკუთარი მიღწევებით შინაგანი კმაყოფი­ლება. მისი საწინააღმდეგოა უბედურება, რომლის ნიშნებად ძველი ბერძნული ფილოსოფიის დრო­ებიდან ითვლება მოუსვენრობა, რომელიც თავის მხრივ აუცილებელი პირობაა რაიმე მოქმედები­სათვის გადაწყვეტილების მისაღებად“. მართ­­ლაც, საკმაოდ ფილოსოფიურადაა ჩახუჭუჭებული. ვისთვის ბედნიერება ჭიქა არაყია, ვისთვის, სულ მცირე, ერთი მილიონი – დოლარებში ან ევროში. ცოტა ხნის წინ ერთი წუთი დაგვაკლდა ბედნიერე­ბამდე – გაგვიტანეს მაინც ესპანელებმა.

ჩვენს ინდექსირებულ ეპოქაში, ვიღაცებმა ბედნიერების რაოდენობრივად გაზომვა გადაწყ­­ვიტეს. თუ როგორ გამოუვიდათ ეს ან საერთოდ გამოუვიდათ თუ არა, ამას ვნახავთ ქვემოთ.

იმ უამრავ ინდექსს შორის, რომლებიც სხვა­დასხვა ორგანიზაციის ეგიდით ქვეყნდება, ფეხს იკიდებს შედარებით ახალი ინდექსი, რომელსაც „ბედნიერების მსოფლიო ინდექსი“ (World Happiness Report) ჰქვია. პირველი მსოფლიო ინდექსი 2012 წელს გამოქვეყნდა „გაეროს“ ეგიდით და ყოველწლიურად ხდება მისი განახლება. ამ ინდექ­სის მიხედვით, მოსახლეობის ბედნი­ერება მიჩნეულია სოციალური პროგ­­რესისა და პოლიტიკური პროცესების ეფექტიანობის საზომად. საკმაოდ განს­­ხვავებულია არისტოტელესგან, მაგრამ რაღაცით მაინც ჰგავს.

ინდექსის დასახელება რომ ზედმე­ტად აბსტრაქტულია, ნათელია. სინამ­­დვილეში არ ასახავს იმას, რასაც ეს რეიტინგი აჩვენებს, ანუ აქვე რომ შევა­ჯამოთ, ვერ დაგვიდგინა ბედნიერების ფილოსოფიური თუ ყოფითი ხარისხი. სათაური არ გამოხატავს მის შინა­არსს და დამაბნეველია. თუ ამ იდექსის დასახელებას უკუღმა წავიკითხავთ, გამოდის, რომ შეუქმნიათ „უბედურების მსოფლიო ინდექსი“. ეს კი არავის მოე­წონება და საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდე­ბა, თუ რამდენად ადეკვატურია მისი სათაური და მიღებული შედეგები.

არის სხვა, უფრო ადრე შექმნილი, „ბედნიერი პლანეტის ინდექსი“ (Happy Planet Index), რომელსაც New Economic Foundation-ი აკეთებს და რომელიც უფ­­რო ახლოსაა თავის დასახელებასთან, მაგრამ ესეც კომბინირებული მაჩვე­ნებლების ინდექსია. ამ შემთხვევაში სულ სამი მაჩვენებელი გამოიყენება: ცხოვრებით სუბიექტური კმაყოფილება, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ეკოლო­გიური ვითარება. ინდექსის გაანგარი­შების მეთოდოლოგიაში ეკონომიკური მაჩვენებლები არ გამოიყენება.

ეს არარეგულარული ინდექსია. პირ­­ველი გამოქვეყნდა 2006 წელს, ბოლო განახლება კი 2016 წელს მოხდა. ამ ინდექსის მიხედვით საქართველო საკ­­მაოდ „სიმპათიურად“ გამოიყურება, მე-40 ადგილი უჭირავს. ეკონომიკურ ვითარებაზე თუ თვალს დავხუჭავთ, „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?“ თუკი სადმე არის, ეს კოს­­ტა-რიკაა – პირველი ადგილი, მექსიკა – მეორე, კოლუმბია – მესამე, ვანუატუ – მეოთხე, ვიეტნამი – მეხუთე და ასე შემდეგ, სხვა „ბედნიერი“ ადამიანებით დასახლებული არცთუ ისე მდიდარი ქვეყნები. უფრო აღიარებულ, „გაეროს“ რეიტინგში სტაბილურად მოწინავე ფი­ნეთი ამ ინდექსით მხოლოდ 37-ეა და უშუალოდ ჩვენს მეზობლად იმყოფება. ამაზე ცოტა ქვემოთ.

როგორც ვხედავთ, „ბედნიერება“ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პარა­მეტრებით გაზომავ მას. რაც უფრო მე­ტია ეკონომიკური მაჩვენებლები, მით უფრო სცილდება შედეგები რეიტინგის დასახელების შინაარსს და საბოლოო ჯამში ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის დონის დადგენამდე მივდი­ვართ. ეს ინდექსი უკვე სხვა ინდექსე­ბის „კომპეტენციაში“ იჭრება, თავისებუ­რი დუბლირება გამოდის. „გაეროს“ ამ ახალგაზრდა ინდექსმა ჯერ კიდევ უნდა მოიპოვოს თავისი ადგილი სერიოზული და პატივსაცემი ინდექსების გვერდით.

უფრო ახლოს ბედნიერების არისტო­ტელესეულ გაგებასთან არის „გელაპის” ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამო­კითხვა. ესაა „ნამდვილი“ ბედნიერე­ბის რეიტინგი ყოველგვარი ეკონომი­კისა და ეკოლოგიის გარეშე, სადაც მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა იყო დასმული: როგორ გრძნობენ თავს – კარგად, ცუდად თუ არც ისე და არც ასე. ბედნიერი ადამიანების ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობა აღმოჩნდა ფიჯიში (ალბათ რაგბი აბედნიერებთ ჩვენსავით), შემდეგ მოდის ნიგერია, ნიდერლანდები, შვეიცარია, კოლუმბია, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, დანია, ბრაზილია. ომის ქარცეცხლში მყოფ ავ­­ღანეთში უფრო იყვნენ ადამიანები ბედ­­ნიერები, ვიდრე ლიტვაში, სერბეთში, ან ეგვიპტეში, რომლებიც ამ გამოკითხ­­ვაში ბოლო ადგილებზე არიან. საქარ­­თველო ამ გამოკითხვაში არ ფიგური­რებს. ავღანეთი კი იმიტომ ვახსენე, რომ „გაეროს“ ბედნიერების ინდექსით, სადაც ფინეთი პირველ ადგილზეა, ავ­­ღანეთს ბოლო, 153-ე ადგილი უჭირავს. ეტყობა, ხალხი იმით არის ბედნიერი, რომ ცოცხალი გადარჩა.

მოკლედ, დავუბრუნდეთ ჩვენს მთა­ვარ რეიტინგს. იგი დგება ქვეყნების მო­სახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის, სოციალური მხარდაჭერის, კორუფციის დონის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობის, თავისუფ­­ლების ხარისხისა და სხვა სოციალურეკონომიკური კრიტერიუმების მიხედვით.

2021 წლის მაჩვენებლებით, მსოფ­­ლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები, როგორც უკვე აღინიშნა, ფინეთში ცხოვ­­რობენ. ეს ქვეყანა ზედიზედ მეოთხე წელია, პირველობას არავის უთმობს. ეს ადგილი ფინეთმა მეზობელ ნორვეგიას ჩამოართვა. ლიდერთა ათეულში არიან: დანია, შვეიცარია, ისლანდია, ნიდერ­­ლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ლუქსემ­­ბურგი, ახალი ზელანდია და ავსტრია. 

ბედნიერების ამ ინდექსის მიხედ­­ვით იგულისხმება, რომ ფინელი ხალხი ენდობა თავის ხელისუფლებას, ცხოვ­­რობს ხანგრძლივად და კმაყოფილია არსებული პირობებით.

სა­დაა სა­ქარ­თ­ვე­ლო?

პირველ გამოკითხვაში საქართველო 146-ე ადგილს იკავებდა მსოფლიოში 156 ქვეყანას შორის. შემდეგ ნელ-ნელა წინ წავიწიეთ. 2016 წელს ვიყავით 126-ე, 2017 წელს 125-ე, 2018 წელს 128-ე, 2019 წელს 119, 2020 წელს 117-ე, 2021 წელს კი 108-ე ადგილზე ვართ. მიუხედავად წინსვლისა, როგორც ვხედავთ, მდგო­მარეობა არასახარბიელოა. ყველა მე­ზობელი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენზე „ბედნიერია“. უფრო მეტიც, მხოლოდ უკრაინელები (110-ე ადგილი) ყოფილან ჩვენზე უბედურები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ალბათ „გელაპიც“ განაახლებს თა­ვის ერთშეკითხვიან ბედნიერების „ნამდვილ“ ინდექსს. იმედია, არც ჩვენ დაგვტოვებენ გამოკითხვის მიღმა. აი, მაშინ კი მაქვს იმედი მოწინავე პოზიცი­ების დაკავების. რთველს თუ დაემთხვა და თანაც ესპანეთს ფეხბურთში რევან­­ში ავუღეთ, რა ფიჯი და ვანუატუ, სულაც რეიტინგის თავში მოვექცევით.

https://forbes.ge/

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати