USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ
თარიღი:  843

დავით ბერაძე

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ინდუსტრია და თავდაცვის შესაძლებლობები ყოველთვის პოპულარულ საკითხს წარმოადგენდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შეიარაღება და მასთან დაკავშირებული ფინანსური დეტალები განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქცია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად ასეულობით მილიონი ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით კითხულობს სიახლეებს დასავლური სახელმწიფოებისაგან უკრაინისათვის გადაცემული შეიარაღების, რუსული დანაკარგებისა თუ სამხედრო-ტექნოლოგიური შედარებების შესახებ.

სწორედ ამიტომ, Forbes Georgia აღნიშნულ სტატიაში იმ სახელმწიფოთა შესახებ გესაუბრებათ, რომლებიც თავდაცვაზე გლობალურად ყველაზე მეტს ხარჯავენ. იარაღის შექმნაზე, შეძენაზე, სამხედრო პერსონალის შენახვასა თუ შეიარაღების მოდერნიზაციაზე სახელმწიფოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასეულობით მილიარდ დოლარს იმეტებენ.

2021 წელს თავდაცვაზე გლობალურმა დანახარჯებმა 2.1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი უკვე მეშვიდე წელია, რაც ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ მიერ სტატიაში მოყვანილი რეიტინგი სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებს ეფუძნება.

გასაკვირი არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტს თავდაცვაზე შეერთებული შტატები ხარჯავს. 2021 წელს აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტმა 801 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი თავდაცვაზე გლობალური დანახარჯების 38%-ს წარმოადგენს. 1949 წელს სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ თავდაცვის დანახარჯების აღწერის დაწყებიდან დღემდე, აშშ თავდაცვაზე ყოველწლიურად გლობალურად ყველაზე მეტს ხარჯავს. ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი რეიტინგის ათეულში შემავალი სახელმწიფოების საერთო დანახარჯებზე მეტია.

მეორე სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე დიდი სამხედრო ხარჯები აქვს, ჩინეთია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 293.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც გლობალური დანახარჯების 14%-ს წარმოადგენს და საკმაოდ მსხვილი წილია. სახელმწიფო ბოლო 27 წელია თავდაცვის ბიუჯეტს ყოველწლიურად ზრდის. საინტერესოა, რომ ჩინეთს რაოდენობრივად ყველაზე მეტი აქტიური სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

სამხედრო დანახარჯებით მესამე ადგილზე სიაში ინდოეთი იმყოფება და მისი ბიუჯეტი 76.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რეიტინგში მეოთხე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს, რომლის თავდაცვის ბიუჯეტიც 68.4 მილიარდი აშშ დოლარია.

რუსეთს მსოფლიოში მეხუთე ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვს. მან 2021 წელს თავდაცვაზე 65.9 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. თუმცა, საინტერესოა, რომ ჩრდილოელი მეზობლის სამხედრო დანახარჯები მშპ-ის 4.1%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ტოპ-10 ქვეყანას შორის მასზე დიდი მშპ-ის წილი მხოლოდ საუდის არაბეთს აქვს, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ის 6.6%-ს ხარჯავს.

ყველაზე დიდი სამხედრო დანახარჯების მქონე ქვეყნების ათეულში დარჩენილ ადგილებს გერმანია, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია ინაწილებენ.

საინტერესოა ისიც, რომ ათეულში ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც 2021 წელს საკუთარი სამხედრო ხარჯები არ გაზარდა საუდის არაბეთი გახლავთ. 2021 წელს საუდის არაბეთმა სამხედრო ხარჯები 2020 წელთან შედარებით 13.9%-ით შეამცირა.

წყარო:forbes.ge

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის