USD 3.3044
EUR 4.0228
RUB 4.4121
Тбилиси
ქეთევან ანჯაფარიძე- ექიმი, რომელსაც აფხაზები და ქართველები ერთნაირად სცემდნენ პატივს
дата : 05.17.2020 11:44  737

ქეთევან ანჯაფარიძის სახელს უკავშირდება საქართველოში მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის- ნეფროლოგიის განვითარება. თავისი საქმის პროფესიონალი, პრინციპული, აქტიური.. ქალი, რომელმაც თავისი ხანგრძლივი და საინტერესო  ცხოვრება პროფესიას მიუძღვნა და ამასთან, ყველას, ვისაც მასთან ურთიერობის ბედნიერება ჰქონდა, თავი დაამახსოვრა გამორჩეული პიროვნული თვისებებით..

 

ბავშვობა, კომკავშირი, სოხუმი

ქეთევან ანჯაფარიძე 1922 წლის 9 ნოემბერს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დაიბადა აზნაურ ლავრენტი ანჯაფარიძისა და ფენია ფაღავას ოჯახში. მამა იურისტი იყო, დედას პეტერბურგის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. მოგეხსენებათ, რა მძიმე იყო მეოცე საუკუნის ოციანი წლები, განსაკუთრებით – თავადაზნაურობისთვის. ლავრენტი, რომელიც მოსკოვში მუშაობდა, ისე გადაასახლეს, საქართველოში დაბადებული ტყუპი ქალიშვილი – ქეთევანი და თამარი არც უნახავს.

ქეთევანმა დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო. იმხანად კომკავშირელობა დიდ პრივილეგიად მიიჩნეოდა. ქეთევანი სკოლის კომკავშირის მდივანი გახდა და ამ ხაზით მოგვიანებითაც გააგრძელა საქმიანობა. სკოლა წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ დიდი კონკურსის გამო სამედიცინო ინსტიტუტში ვერ მოხვდა და სამი წლის განმავლობაში, სრულიად ახალგაზრდას, სოხუმის კომკავშირის ქალაქკომის პირველი მდივნის თანამდებობა ეკავა.

მიზანზე ხელი არ აუღია. სამედიცინო ინსტიტუტში 1943 წელს ჩააბარა. 1949 წელს დაამთავრა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ის კვლავ სოხუმში გაანაწილა. ქეთევანი ამჯერადაც საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა: იყო სოხუმის ჯანმრთელობის განყოფილების მთავარი ეპიდემიოლოგი, ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდსაწინააღმდეგო სამმართველოს უფროსი და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის მთავარი ექიმი.

 

სასარგებლო კავშირები

სოხუმი საბჭოთა კავშირში პოპულარული საკურორტო ქალაქი იყო. მთელი რუსეთი იქ ისვენებდა. მეოთხე სამმართველოს სავადმყოფო, სადაც ქეთევან ანჯაფარიძე მუშაობდა, უმთავრესად თანამდებობის პირებს და ცნობილ ადამიანებს ემსახურებოდა. ქეთევანმაც თავისი სამსახურის წყალობით ბევრი გავლენიანი ადამიანი გაიცნო. მის ნაცნობებს შორის იყვნენ მინისტრები, გამოჩენილი ხელოვანები, მეცნიერები, ექიმები... ერთი მათგანი გახლდათ თერაპევტი ევგენი ტარეევი – საბჭოთა ნეფროლოგიის, ჰეპატოლოგიის, რევმატოლოგიისა და პარაზიტოლოგიის ფუძემდებელი. სწორედ მან შესთავაზა ქეთევანს სამეცნიერო თემაზე მუშაობა თავისივე ხელმძღვანელობით.

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, 1974 წელს, ქეთევანმა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვში დაიცვა. ნაშრომი ეხებოდა ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობას კურორტ საირმეზე. იმ დროს ქეთევან ანჯაფარიძე უკვე თბილისში, რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. 1973 წელს იქ გაიხსნა საქართველოში პირველი ნეფროლოგიური განყოფილება, რომლის გამგედაც ქეთევანი დანიშნეს. მალე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ნეფროლოგიც გახდა. მეცნიერული მოღვაწეობისთვის თავი არ დაუნებებია – 38 სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული.

 

სახელგანთქმული სემინარები

ქეთევან ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით რეპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნეფროლოგიურ განყოფილებაში ინერგებოდა კვლევისა და მკურნალობის ახალი მეთოდები, დიდი ყურადღება ექცეოდა ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ამისთვის ქეთევანი პირად კონტაქტებსაც იყენებდა – კლინიკაში ცნობილ ექიმებს იწვევდა. საქართველოში თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა ნეფროლოგების მთელი არმია ტარეევის ხელმძღვანელობით და მართავდა დეკადებს. ეს ათდღიანი შეხვედრები სამეცნიერო ყრილობებს უთანაბრდებოდა. მათზე დასასწრებად ჩამოდიოდნენ არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, როსტოვიდან, შუა აზიიდან... ექიმებს თბილისში ჩამოსვლა უფრო ეადვილებოდათ და ეხალისებოდათ, ვიდრე მოსკოვში. დამსწრეთა უმეტესობა პრაქტიკოსი იყო. ისინი სიხარულით მოდიოდნენ, ცოდნას იმდიდრებდნენ, სიახლეებს ეცნობოდნენ.

ერთხელ, ბანკეტზე, ტარეევმა ქეთევანი ადღეგრძელა და ქართველი ნეფროლოგების დედოფალი უწოდა, ხოლო მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, რევაზ ბაღათურია, მის მემკვიდრედ მოიხსენია.

 

ავადმყოფისთვის თავდადება

თუ საქართველოში ნეფროლოგია როგორც დარგი განვითარდა, ეს უშუალოდ ქეთო ანჯაფარიძის დამსახურებაა. მუხლჩაუხრელად შრომობდა. საკონსულტაციოდ ხან აქ, ხან იქ იწვევდნენ, ისიც სულ თვითმფრინავში იჯდა. 35 წლის განმავლობაში საქართველოს სანიტარიული ავიასამსახურის ექიმი-კონსულტანტიც იყო. 1988 წელს სპიტაკში დიდი მიწისძვრის შემდეგ სხვა ქართველ ექიმებთან ერთად უმალვე გაეშურა დაშავებულების დასახმარებლად.

ერთ საგაზეთო ინტერვიუში ჰყვებოდა, როგორ უყვარდა თავისი პროფესია: “მას ვერასოდეს ვუღალატებდი, პაციენტების მიმართ გულისხმიერების გარეშე ერთი დღეც არ მიცხოვრია. თუ საჭირო იყო, სამი-ოთხი დღე შინ არ მივდიოდი, ადგილზე ვათენებდი და ვაღამებდი. რაიონებიდან გამოძახებებს ვერ ავუდიოდით. ქუთაისიდან წალკაში გადავსულვარ და ავადმყოფი არ მიმიტოვებია. უმძიმეს ავადმყოფებს ვგულისხმობ. იმ წუთებში ერთ ადამიანს დიდი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა – ავადმყოფის თბილისში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი თავად უნდა გადამეწყვიტა, თან იმაზეც მეფიქრა, მგზავრობას როგორ აიტანდა, ან რა დასჭირდებოდა ადგილზე გადაუდებელი დახმარების გასაწევად... ძალზე დატვირთული დღეები გვქონდა...”

მართლაც შეუძლებელს შეძლებდა ადამიანის დასახმარებლად. ერთხელ რამდენიმე ყმაწვილმა არყის ნაცვლად შეცდომით ანტიფრიზი დალია. ძლიერი ინტოქსიკაციის გამო ადგილზე მათი მკურნალობა შეუძლებელი იყო; ჯერ ენგურჰესიდან ქუთაისში უნდა გადმოეყვანათ, მერე კი ქუთაისიდან თბილისში. ქეთევანი საქართველოს მინისტრთა საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარეს ზურაბ პატარიძეს დაუკავშირდა და სასწრაფოდ მოიძებნა ვერტმფრენი, რომლითაც მოწამლულები პირდაპირ თბილისში გადმოაფრინეს.

 

საამაყო განყოფილება

განყოფილება, რომელსაც ქეთო ანჯაფარიძე ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პაციენტები იქ მოხვედრას ცდილობდნენ. რამდენჯერ მთავარ ექიმსაც უთხოვია – ქალბატონო ქეთო, მართალია, ეს ავადმყოფი თქვენი პროფილისა არ არის, მაგრამ თქვენთან უკეთესი პირობებია და იქნებ მანდ დააწვინოთო. ქეთოსაც ეამაყებოდა, რომ 1100-საწოლიან საავადმყოფოში მის 30-საწოლიან განყოფილებას ასე აფასებდნენ და რომ მისი ხელქვეითები საქმის საოცარი ერთგულებით გამოირჩეოდნენ.

 

მუდამ აქტიური

ქეთევანი ძალიან აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. მონაწილეობდა საზღვარგარეთ გამართულ კონფერენციებში, იყო საერთაშორისო ასოციაციის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” წევრი და მასთან ერთად მრავალ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა. სხვათა შორის, ამ ასოციაციამ გამორჩეულად აღნიშნა ქეთევანის 90 წლის იუბილე. ქართული ენა ქეთევან ანჯაფარიძისთვის დიდი სიწმინდე იყო, აღშფოთებას და გულისტკივილს ვერ მალავდა მასმედიის “დაბინძურებული” ენის გამო.

მის პირად არქივში ნახავთ უამრავ წერილს, სადაც ცნობილი თუ უცნობი ადამიანები მისდამი მადლიერებას, პატივისცემას, მისით აღფრთოვანებას გამოხატავენ. თავად ქეთოსთვის ეს წერილები უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ნებისმიერი წოდება თუ ჯილდო, მათ შორის – ღირსების ორდენიც, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისთვის 1997 წელს მიენიჭა. სხვათა შორის, ექიმ ნეფროლოგთა რეიტინგშიც ყოველთვის პირველი ადგილი ეკავა. ვერც საბჭოთა პრესამ აუარა გვერდი მის დამსახურებას – მაშინ “მედიცინსკაია გაზეტა” ქართველ ექიმებზე იშვიათად წერდა... მათ სტატიაში ასეთ რამესაც ამოიკითხავთ: პაციენტები ქეთევან ექიმის სიყვარულით მის სახელს არქმევენ შვილებსა თუ შვილიშვილებსო და ეს ნამდვილად ასე იყო.

 

ულევი სითბო

ყველასთან ძალიან თბილი იყო. საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა და სიყვარულს გარშემო მყოფებს უნაწილებდა. ახლობლებს საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქრებით ანებივრებდა... “ეს ხალისი, სითბო და სიყვარული, სურვილი, რომ ისინი რაიმეთი ვასიამოვნო, დღემდე შემომრჩა. ჩემს სიცოცხლეში არ მახსოვს, ვინმეზე გავბოროტებულიყავი”. ძალიან უყვარდა ყაყაჩოები, რომლებიც ბინაშიც უხვად ჰქონდა მიმოფანტული – სურათებზე, ჭურჭელზე, ნაქარგებზე. მას საქართველოს სიმბოლოდ მიიჩნევდა: “დაღუპული ვაჟკაცების სისხლიცააო, ამბობენ, ზოგჯერ კი მხურვალე ქართული სიყვარულია”...

ახლობლები მის სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობდნენ. როდის უნდა მისულიყავი, რომ მარტო დაგხვედროდა – სულ კოლეგებისა და მეგობრების გარემოცვაში იყო. მის გარეშე არაფერს აკეთებდნენ. თვალში რომ ჩავარდნოდათ, თითს არ ამოისვამდნენ.

ქეთევან ანჯაფარიძე 93 წლისა გარდაიცვალა, საბედნიეროდ, სიყვარულით გარემოცული.

блог
როგორ შექმნა კომპანია Moderna-მ კორონავირუსის ვაქცინა და ვინ არიან კომპანიის მეპატრონეები

19 დეკემბრის ღამეს ყველა საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა, რომ ამერიკული კომპანია Moderna– ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ მიიღო აშშ-ს სურსათისა და წამლის სანიტარული კონტროლის ფედერალური ადმინისტრაციის (FDA) ოფიციალური ნებართვა, მისი სამკურნალოდ გამოყენების შესახებ.

Moderna Pfizer– ის შემდეგ მეორე კომპანია, რომლის ვაქცინის გამოყენება ნებადართულია კორონავირუსის პრევენციის მიზნით. ვაქცინის გამოყენებაზე პირველი შეთანხმება კომპანიამ უკვე გააფორმა ისრაელთან.

Moderna– ს ვაქცინის დამტკიცების პროცედურა ყველა სტანდარტით უპრეცედენტო იყო: 18 დეკემბერს, დილით, იგი ერთხმად იქნა რეკომენდებული FDA– ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ და იმავე დღეს დასრულდა პროცესი ვაქცინის დამტკიცების ოფიციალური განცხადებით.

ორივე ვაქცინის გამოყენების დამტკიცებისა და ნებართვის გადაუდებლობა განსაკუთრებით გასაგებია ორი რიცხვის გათვალისწინებით: ამ დროისთვის მსოფლიოში 73 მილიონზე მეტი ადამიანია კორონავირუსით დაავადებული, ხოლო 1,6 მილიონი გარდაიცვალა.

Moderna- ს ვაქცინის პირველი მიწოდება დაიწყება კვირას და პირველ ეტაპზე კომპანია 5,9 მილიონ დოზას მიაწვდის მომხმარებლებს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე წარმოებულია Pfizer– ის მიერ, რომელმაც უკვე დაიწყო ვაქცინაცია ამერიკელებისათვის.

Pfizer- ისგან განსხვავებით, Moderna ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის სუპერ დაბალ ტემპერატურაზე და მისი მიწოდება შესაძლებელია მცირე ჯგუფებად.

Pfizer– ის მსგავსად, მოდერნის ვაქცინსაც ორი ინექცია სჭირდება, ერთი თვის ინტერვალით.

ვაქცინები გამოიყოფა შტატებში მოსახლეობის პროპორციული კვოტების მიხედვით. ამავდროულად, ფედერალური ხელისუფლება იძლევა რეკომენდაციებს, თუ რომელი კატეგორიის მოქალაქეები ჩაიტარებენ პირველად ვაქცინაციას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მაინც გუბერნატორები მიიღებენ.

 შტეფან ბანსელი

როგორ გახდა Moderna ლიდერი კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორია სტეფან ბანსელი, რომელმაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მოახერხა 2,6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა კომპანიაში ლაბორატორიული კვლევებისათვის.

ჩვეულებრივი ვაქცინა მზადდება მკვდარი ან დასუსტებული ვირუსებისგან. Moderna კი ამზადებს მედიკამენტს მატრიცული RNA (mRNA) - ხელოვნურად შექმნილი პათოგენის სუფთა გენეტიკური მასალის საფუძველზე. ადამიანის სხეულში, უჯრედები, რომლებიც ღებულობენ mRNA– ს, იწყებენ ვირუსის ელემენტების გამომუშავებას, რითაც იწვევენ იმუნური სისტემის თავდაცვით რეაქციას. ვაქცინაციის შედეგად ავად გახდომის რისკი ნულოვანია - ვირუსი ხომ ორგანიზმში არ შედის. ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობაა სიჩქარე.

საკმარისია ვირუსის გენომის გაშიფვრა - და ვაქცინის შემუშავება და წარმოება შესაძლებელია რამდენიმე დღეში. მარტივად რომ ვთქვათ, ვირუსის შესახებ მონაცემები შედის კომპიუტერში, ავტომატიზირებული სისტემა ამუშავებს მას და ბეჭდავს ვაქცინს სპეციალურ პრინტერზე. შტეფან ბანსელის განცხადებით, მისი სისტემა ეფუძნება პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც Tesla იყენებს შეკვეთების სამართავად.

დღეს საფონდო ბირჟაზე Moderna ლიდერობს COVID-19 ვაქცინების შეჯიბრში და ბირჟა მის მცირე წარმატებებსაც კი ახალისებს.

წლის დასაწყისში მისი აქციები დაახლოებით 19 დოლარი ღირდა, ხოლო დღეს მისი ფასი 95 დოლარს უახლოვდება. ეს გასაოცარია კომპანიისთვის, რომელსაც თავისი არსებობის 10 წლის განმავლობაში არცერთი პრეპარატი არ გაუყიდია. ეს ძირითადად განპირობებულია ბანსელის პიროვნებით, რომელმაც ისარგებლა საფონდო ბირჟის მღელვარებით ამ საკითხში და ის დღეს კომპანიის აქციების 9% -ს ფლობს, რომელთა ღირებულება ახლა 2.5 მილიარდ დოლარზე მეტია.

47 წლის ფრანგს არ აქვს ფარმაცევტული განათლება. ბანსელს აქვს ინჟინრის დიპლომი Ecole Centrale Paris– ში და ქიმიური ინჟინერიის დიპლომი მინესოტის უნივერსიტეტში. შემდეგ კი ჰარვარდში წავიდა MBA– ს მოსაპოვებლად.

COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის დასაჩქარებლად, აშშ – ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 მაისს გამოაცხადა Operation Warp Speed – ის (ოპერაცია ზებგერითი სიჩაქრე) შექმნის შესახებ, რომელის მიზანიც იყო სახელმწიფოს და ბიზნესის პარტნიორობა. ოპერაციის  ერთ-ერთი ამოცანა იყო ხელი შეუწყო წამლების შემქმნელებისთვის ოფიციალურ პირებთან კომუნიკაციაში.

Operation Warp Speed-ის ხელმძღვანელად დაინიშნა მონსეფა სლოუი, რომელიც ადრე ვაქცინების შემუშავების ხელმძღვანელად მუშაობდა GlaxoSmithKline– ში, ბოლოს კი Moderna– ს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

რა თქმა უნდა, იგი გადადგა ყველა პოსტიდან, მაგრამ სენატორმა ელიზაბეტ უორენის თქმით სლოუი არ ერიდებოდა ინტერესთა კონფლიქტს: მან შეინარჩუნა კონტროლი  Moderna- ს აქციებზე,პაკეტის ღირებულება შეადგენდა 10 მილიონ დოლარს.

თუმცა ბოლოს სლოუს მაინც სასწრაფოდ მოუწია ამ ფასიანი ქაღალდების მოშორება.

აპრილში მოდერნამ ბიუჯეტიდან 483 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო და მას მისცეს უფლება ჩაეტარებინა ცდები ადამიანებზე. ამასთან, მთავრობა იგივე მხარდაჭერას უწევდა მოდერნის კონკურენტს, ამერიკულ კომპანია BioNTech- ს, რომელიც ასევე ავითარებს mRNA- ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას.

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna, Inc.

ყველაზე დიდი ბენეფიციარები (კომპანიის მონაცემები 2020 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით) არიან: ნუბარ აფეიანი (14,2%), შტეფან ბანსელი (8,7%). კაპიტალიზაცია - 36,8 მილიარდი დოლარი, ფინანსური მაჩვენებლები (2019 წ.): შემოსავალი - 60,2 მილიონი აშშ დოლარი, წმინდა ზარალი - 514 მილიონი აშშ დოლარი.

საინტერესოა კომპანიის ყველაზე მსხვილი ბენეფიციარის ფიგურა, ეს გახლავთ ნუბარ აფეიანი, სომხური წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ბიზნესმენი ისტორიაში.

ამერიკელი მეწარმე, მილიარდერი და „100Lives“ პროექტის თანადამფუძნებელი ნუბარ აფეიანი დაიბადა 1962 წელს ბეირუთში.

აფეიანის ოჯახი 1976 წელს გადავიდა საცხოვრებლად კანადაში. იქ ახალგაზრდა ნუბარმა 1983 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით ქიმიური ინჟინერია. 1987 წელს მან მიიღო დოქტორის წოდება ბიოქიმიური ინჟინერიის დარგში MIT– ისგან და მუდმივად გადავიდა საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში.

ნუბარ აფეიანი

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აფეიანმა მონაწილეობა მიიღო  20 – ზე მეტი წარმატებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური კომპანიის დაარსებაში და განვითარებაში. 1988 წელს მან დააარსა PerSeptive Biosystems, ბიოლოგიური აღჭურვილობის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი.

2007 წლიდან აფეიანი არის Flagship Ventures- ის მმართველი პარტნიორი, საწყის ეტაპზე საწარმოს საწარმოს ფირმა. ფირმა ორიენტირებულია ჯანდაცვაზე და მდგრად განვითარებაზე, ხოლო მასთან დაკავშირებული საინვესტიციო პორტფელი 600 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, ნუბარ აფეიანი არის Flagship VentureLabs- ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წლიდან ბიზნესმენი არის ამერიაბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი.

ბიზნესის გარდა, აფეიანი ასწავლის სლოანის მენეჯმენტის სკოლაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტში - ის კითხულობს ლექციების კურსს თემაზე "ახალი ბიზნესის წამოწყება". ის ასევე არის ბიოინჟინერიის დეპარტამენტის წამყვანი ლექტორი.

ნუბარ აფეიანი ფინანსურ დახმარებას უწევს სომხეთს. იგი ხედავს სომხეთის წარმატებული განვითარების გარანტიას დიასპორასთან კავშირში. ”ჩვენ ვიცით, რა მოხდა 100 წლის წინ. შემდეგი 100 წელი ასე იქნება: სომხეთთან სომხების გაერთიანების დრო დგება. ჩვენ არ მოვკვდით, ჩვენ აღვადგინეთ ძალას, ბევრი ჩვენგანი ძალიან წარმატებულები ვართ. ჩვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყანა არ არის აყვავებული. ახლა კი დროა რომ გამოვიყენოთ ჩვენი გონება, ნება, ინტელექტი, ფიზიკურ ძალა და ვთქვათ: აღსდექი, სომხეთო ”, - ამბობს აფეიანი.

более
голосование
თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია ხელისუფლება კორონავირუსის გამო შექმნილი ეპიდსიტუაციის მართვაში?
голосование
Кстати