USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატები
Date:  3462

მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა რამდენიმე საათის წინ დაიწყო, მათ შორის იმ მილიონერმა დეპუტატებმაც, რომელიც მმართველი პარტიის სიით მოხვდნენ პარლამენტში.

პარლამენტის 150 დეპუტატიდან, მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, 23 მილიონერია, ანუ ყოველი მე-7.

თუმცა შესაძლოა, მილიონერი დეპუტატების სია გაცილებით გრძელი იყოს. ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც მათი დეკლარაციები საჯაროდ გამოქვეყნდება. რადიო თავისუფლებამ ახალი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები, რომლებშიც ფინანსურ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაციის შეტანის ვალდებულება არ ჰქონდათ, საჯარო სამსახურის ბიუროდან გამოითხოვა.

ამ მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი 14 მილიონერი "ქართულ ოცნებას" ჰყავს. მილიონრები არიან ოპოზიციის სიაშიც. ყველაზე მეტი მილიონერი "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკშია (კახაბერ ოქრუაშვილი, კობა ნაყოფია, მანუჩარ კვირკველია, ნატო ჩხეიძე და ცეზარ ჩოჩელი). სხვა პარტიებში მილიონრები ასე გადანაწილდნენ: "ლელო" - 2 (ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე); "ევროპული საქართველო" - 1 (არმაზ ახვლედიანი); "პატრიოტთა ალიანსი" - 1 (ავთანდილ ენუქიძე). "გირჩის", "მოქალაქეებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" სიით მილიონერები დეპუტატები არ გამხდარან.

  • გიორგი გახარია
  • ბექა ოდიშარია
  • გიორგი ამილახვარი
  • გოჩა ენუქიძე
  • ნინო წილოსანი
  • ელგუჯა გოცირიძე
  • ირაკლი ხახუბია
  • პაატა კვიჟინაძე
  • ვასილ ჩიგოგიძე
  • ვიქტორ სანიკიძე
  • ზაალ დუგლაძე
  • თამარ ტალიაშვილი
  • ისკო დასენი
  • ანტონ ობოლაშვილი

ოპოზიციონერი მილიონრების შესახებ მასალაზე რადიო თავისუფლება მუშაობს, თუმცა ეს სტატია იმ დეპუტატებზეა “ქართული ოცნებიდან” ვინც მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობაში პირველი დღიდან ჩაერთო.

გიორგი გახარია

“ქართული ოცნების” პირველი ნომერი, გიორგი გახარია პარტიის პრემიერობის კანდიდატია. სანამ ის პრემიერად ხელმეორედ დამტკიცდება, ის პარლამენტის დეპუტატი იქნება.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის გახარიას ანგარიშზე 99 ლარი ჰქონდა, მის ცოლს კი 553,4 ათასი დოლარი (1,8 მლნ ლარზე მეტი) და 1,2 ათასი ლარი. წლების წინ (452,9 ათასი დოლარი) თავად გახარიას სახელზე ფიქსირდებოდა.

მის ცოლს ეკუთვნის 2016 წელს 22 ათას დოლარად ნაყიდი მანქანაც.

ბექა ოდიშარია 

მის სახელზე რეგისტრირებულია 2 ბინა თბილისში; 2 სახლი (ბაკურიანსა და თბილისში); 7 მიწის ნაკვეთი, მათ შორის თბილისში; 3 კომერციული ფართი და 4 სამეურნეო ფართი. მხოლოდ ერთი უძრავი ქონება (არასაცხოვრებელი ფართია) რეგისტრირებული მამის სახელზე.

გარდა ამისა, დეპუტატს ეკუთვნის 3 მანქანა, რომელთა ჯამური ღირებულება ყიდვის დროს 110 ათასი დოლარია (360,8 ათასი ლარი); 43 ფერწერული ტილო (81 500 ლარი) და სააქციო საზოგადოება ბათუმის ბულვარის ფასიანი ქაღალდები (A კატეგორიის 20 (12 900 დოლარი) და B კატეგორიის 39 (12 900 დოლარი).

დეპუტატის შემოსავალი გასულ წელს 2 359 666 ლარი იყო, გასავალი კი 1 156 066 ლარი. ყველაზე დიდი ტრანზაქცია მან ქონების ყიდვისა და გაყიდვის დროს შეასრულა.

გიორგი ამილახვარი

დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული ჯამში 310,4 კვ.მ ფართის (საცხოვრებელი, მანსარდა, სარდაფი და ფართი) თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე; შინდისში კი 1 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწა. მისი ცოლის, ნინო წერეთლის სახელზეა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე 390,3 კვადრატული მეტრის ტერასა.

ოჯახის წევრების სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე ირიცხება 128 ათას დოლარზე მეტი (419,8 ათას ლარზე მეტი) და 89,5 ათას ლარზე მეტი. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ 50 ათასი დოლარი (164 ათასი ლარი) ნაღდი ფულის სახით.

დეპუტატსა და მის ცოლს ეკუთვნით: 2 ავტომობილი, 2 ოქროს საათი, ბრილიანტის 2 ბეჭედი, ოქროს ბეჭედი ბრილიანტით, ოქროს საყურეები, ოქროს ყელსაბამი ბრილიანტით, როიალი, ანტიკვარული საათი, ანტიკვარული ავეჯი და 2 ნახატი. დეკლარაციის მიხედვით, 12 ნივთიდან თითოეულის ფასი უნდა აღემატებოდეს 20 ათას ლარს, ჯამში 240 ათას ლარს.

გოჩა ენუქიძე 

გოჩა ენუქიძე ოთხი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ორჯერ ის “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოხვდა, ორჯერ - "ქართული ოცნების". წელს ის ამბროლაურში, ონში, ცაგერში, მესტიასა და ლენტეხში მაჟორიტარი დეპუტატია.

მის საკუთრებაშია:

  • 5 ბინა, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე (293,9 კვ მეტრი) მდებარეობს. დეპუტატმა ამ ბინაში 2016 წელს 494 574 ლარი გადაიხადა.
  • 3 საცხოვრებელი სახლი თბილისსა და ამბროლაურში. მათი ღირებულება უცნობია;
  • მისი და მისი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული 9 მიწის ნაკვეთი. მათ შორის ერთ-ერთი (2 398 კვ/მ), ამბროლაურში დეპუტატმა 125 ათას ლარად იყიდა;
  • დეპუტატის ცოლის სახელზეა რეგისტრირებული 2 აგარაკი. მათგან ერთი ენუქიძემ 2000 წელს 987,5 ათას ლარად ააშენა;
  • გარდა ამისა, მისი ოჯახის საკუთრებაშია 2 ავტოფარეხი, მანქანა და არასაცხოვრებელი ფართი.
  • დეპუტატი ფლობს აქციებს თიბისი ჯგუფში, ლიბერთი ბანკში, საქართველოს ბანკსა და ჯორჯია კაპიტალში. ჯამში 41 238 ლარისა და 157 697 გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით, 615 019 ლარი) მოცულობის.

მისი და მისი ოჯახის წევრების ანგარიშზე არსებული თანხა ჯამში:

  • 39 242 ლარი;
  • 195 189 დოლარი;
  • 5 969 ევრო.

გასულ წელს დეპუტატის ოჯახის ხარჯი 144 783 ევრო, 12 500 დოლარი და 2 293 585 ლარი იყო. ამავე პერიოდში მათ შემოსავალი კი 110 ათასი დოლარი, 15 667 გირვანქა სტერლინგი და 1 324 137 ლარი იყო. ყველაზე მსხივილი ტრანზაქციები კომპანიებში წილების შემცირებასა და გაზრდას უკავშირდებოდა.

ნინო წილოსანი

დეპუტატ ნინო წილოსანისა და მისი ქმრის საერთო ქონება ჯამში 1,4 მლნ ლარამდეა. მათ ეკუთვნით 5 ბინა (1 მცხეთაში, 4 - თბილისში), 2 არასაცხოვრებელი ფართი, 2 მიწის ნაკვეთი და ფართი.

გარდა ამისა, დეკლარაციაში მოხვდა წილოსანის მიერ 2018 წელს 50 ათას ლარად ნაყიდი “ტოიოტას” მარკის მანქანა და მისი ქმრის მიერ 30 ათას დოლარად შეძენილი BMW-ის მარკის მანქანა.

ელგუჯა გოცირიძე

ელგუჯა გოცირიძის სახელზე მხოლოდ ერთი ბინა ფიქსირდება - თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე (436,79 კვ.მ), მის ცოლს კი 4 ბინა აქვს თბილისში, 2 ღამბაშიძის ქუჩაზე (ჯამში 114 კვ.მ-ზე მეტი), ონიაშვილზე (212 კვ.მ) და ნუცუბიძეზე (280 კვ.მ). გარდა ამისა, მათ ეკუთვნით, მიწის ნაკვეთები, არასაცხოვრებელი ფართები და ავტოფარეხები.

დეპუტატს ეკუთვნის "ჩაჩავას კლინიკის" 504 134 აქცია (თითოს ღირებულება 1 ლარი). ცოლ-ქმრის საბანკო ანგარიშებზეა 884 182,7 დოლარი (2,9 მილიონ ლარზე მეტი), 8 812 ევრო (34 984 ლარი) და 7 543 ლარია. გარდა ამისა, გოცირიძეს ნაღდი ფულის სახით 40 ათასი დოლარი (131,2 ათასი ლარი) აქვს.

ირაკლი ხახუბია 

დეპუტატობის დროს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზეა რეგისტრირებული 2 ბინა (თბილისსა და ბაკურიანში), მშენებარე სტატუსის მქონე 2 შენობა, 1 სახლი, 3 მიწის ნაკვეთი, 2 ავტოფარეხი, აგარაკი და 2 მანაქანა (ფასი ყიდვის დროს - 355 000 ლარი). მისი ცოლის სახელზე კი რეგისტრირებულია 150 ათასი ლარის ღირებულების ბინა ჭავჭავაძის გამზირზე და მანქანა, რომლის ღირებულებაც ყიდვის დროს 80 ათასი ლარი იყო.

დეპუტატმა კომპანია “აისბერგი 2”-დან, რომლის 25 პროცენტიან წილსაც ფლობს 2018 წელს ანაზღაურების სახით 2 574 803 ლარი მიიღი. გარდა ამისა, ბანკიდან ისესხა 695 000 დოლარი.

პაატა კვიჟინაძე

კვიჟინაძე მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წერვია. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტში სამჯერვე “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა. ის იმ გამონაკლისებს შორისაა, რომელიც ოჯახის სახელზე რეგისტრირებული ქონების უმრავლესობას თავადვე არ ფლობს.

დეპუტატობის დროს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ცოლ-ქმარი ფლობს 5 ბინას, რომელთა ჯამური ღირებულება, ყიდვის დროს, 190 000 დოლარი (623 ათასი ლარი) და 132 ათასი ლარი იყო. ბინები შეძენილია 2001, 2005, 2007 და 2008 წლებში. გარდა ამისა, მათ ეკუთვნით (ყიდვის მომენტისთვის) 300 000 ლარად შეფასებული არასაყოფაცხოვრებო ფართი, 5 მიწის ნაკვეთი და 3 ავტოფარეხი.

დეპუტატის დელარაციაში ფიქსირდება 250 ათას დოლარად (820 ათასი ლარი) ნაყიდი მიწის ნაკვეთიც.

ჩამონათვალში მოხვედრილი 2 ბინა, ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი რუსეთშია.

ვასილ ჩიგოგიძე 

ვასილ ჩიგოგიძეს თბილისში არაერთი ქონება აქვს. მათ შორის თბილისში რაზმაძის ქუჩაზე 2 ფართი (476,1 კვ.მ), სარაჯიშვილის ქუჩაზე სამი ფართი (ჯამში 94 კვ.მ). გარდა ამისა, მიწა საგურამოში (3 300 კვ.მ) და რამდენიმე ავტოფარეხი თბილისში.

დეპუტატს აქვს 1 დოლარის ღირებულების 58 475 ცალი აქცია (191,8 ათასი ლარი), ბანკში 100 ათასი ევრო (397 ათასი ლარი) და ნაღდი ფულის სახით 300 ათასი დოლარი (984 ათასი ლარი).

ვიქტორ სანიკიძე

ვიქტორ სანიკიძე ფლობს ორ ბინას თბილისში, ტ.ტაბიძის ქუჩაზე (ჯამში 257 კვ.მ) და მშენებარე ბინას ჭავჭავაძის გამზირზე (91 კვ.მ). ორივე ქუჩაზე მას აქვს ავტოფარეხებიც. მასაც და მის ცოლსაც აქვთ მინიმნუმ 20 ათასი ლარის ღირებულების თითო-თითო საათი.

დეპუტატის ანგარიშზეა 200 678 დოლარი (658,2 ათასი ლარი), 146 592 ევრო (581,9 ათასი ლარი) და 387 ლარი. თანხა ფიქსირდება მისი ცოლის, მაია ბიწაძის ანგარიშზე (2 173 ლარი) და შვილის ანაბარზე (1 437 დოლარი). ცოლ-ქმარს ნაღდი ფულის სახით ჯამში 35 ათასი დოლარი აქვთ.

ზაალ დუგლაძე 

მას აქვს საკუთარი სახლი ვაკე-საბურთალოს რაიონში (650 კვ.მ) და ამავე უბანში (1 468 კვ.მ) მიწა. გარდა ამისა, მის სახელზეა რეგისტრირებული 15-ზე მეტი მიწის ნაკვეთი ყვარლის სხვადასხვა სოფელში. რაც შეეხება მის ცოლს, მას ეკუთვნის “ლისი ვერანდაზე” საკუთარი სახლი (710 კვ.მ).

მას აქვს სესხი 419,1 ათას დოლარზე მეტი (1,4 მლნ ლარზე მეტი) და 63 ათას ევრომდე (250 ათას ლარამდე). თუმცა მას, ამავდროულად, აქვს 380 ათასი დოლარი (1,2 მლნ ლარზე მეტი) ნაღდი ფულის სახით.

თამარ ტალიაშვილი

დეპუტატ თამარ ტალიაშვილისა და მისი ქმრის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას შორის არის 3 ბინა თბილისში, 1 მოსკოვში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ბორჯომის რაიონში.

დეპუტატს საბანკო ანგარიშზე აქვს 114,5 ათას დოლარზე მეტი (375 ათას ლარზე მეტი), 37,8 ათას ევროზე მეტი (150 ათას ლარზე მეტი) და 19 ათას ლარზე მეტი ფიქსირდება. დეპუტატის ქმრის საბანკო ანგარიშზე 463 ათასზე მეტი დოლარია (1,5 მლნ ლარზე მეტი).

ისკო დასენი

დეპუტატს ეკუთვნის ორი არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, თამარ მეფის გამზირზე (ჯამში 83 კვ.მ), კომერციული ფართი აგლაძის ქუჩაზე (324,8 კვ.მ) და მას და მის ცოლს ოთხი ავტოფარეხი თბილისში. გარდა ამისა, მის ცოლს აქვს 3 სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფასიანი ქაღალდები, ჯამში 150 ათასი დოლარის (492 ათასი ლარი).

გარდა ამისა, მას აქვს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 70 ათას ლარზე მეტი, ხოლო ნაღდი ფულის სახით 350 ათასი დოლარი 1,1 მლნ ლარზე მეტი.

ანტონ ობოლაშვილი

მის სახელზეა რეგისტრირებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი ადიგენის რაიონსა და თბილისში. გარდა ამისა, ეკუთვნის ბინა (138,17 კვ.მ) და მანსარდა (117,58 კვ.მ) თბილისში. მის სახელზე ფიქსირდება 130 კვადრატული ზომის ბინა პარიზში. მის ცოლსაც აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი და თბილისსა და რეგიონში ბინა.

ობოლაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე აქვს 2 მილიონ დოლარამდე (6,4 მლნ ლარზე მეტი), 75,1 ათასი ევრო (298 ათას ლარზე მეტი) და 2,9 მლნ ლარზე მეტი. მის ცოლ ბანკში უფიქსირდება 20 ათასი ევრო (79,4 ათას ლარზე მეტი) და 2,3 ათასი ლარი.

გარდა ამისა, დეპუტატს ნაღდი ფულის სახით აქვს 30 ათასი ლარი, 5 ათასი ევრო და 12 ათასი დოლარი.

გელა ბოჩიკაშვილი

წყარო:https://www.radiotavisupleba.ge/

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way