USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
„ქართული ოცნება“ განმარტავს, რა კრიტერიუმებს ეყრდნობა პარტიების აკრძალვის თაობაზე მათ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი
თარიღი:  483

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში ვუზრუნველყოფდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. ამ დაპირების შესასრულებლად დემოკრატიული მანდატი 1 120 000-მა ამომრჩეველმა მოგვცა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დროს განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სარჩელში, „სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას”.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში ვუზრუნველყოფდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. 1 120 000-მა ამომრჩეველმა ამ დაპირების შესასრულებლად მოგვცა მისი დემოკრატიული მანდატი.

ამ სახალხო მანდატის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 1 აპრილის დადგენილებებით შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც 6 თვიანი მუშაობის პერიოდში, პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება. კომისიის თითქმის 500 გვერდიანი დასკვნის განხილვის საფუძველზე 2025 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და გაიზიარა კომისიის მიგნებები. ამით, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დაკავშირებული პარტიების ქმედებებს 2003-2025 წლებში.

დღეს კი, ვიწყებთ ჩვენი დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“

ამასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაისთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება.

ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას. შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს.

სამართლებრივი დასაბუთება -

კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს:

  1. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა
  2. ადამიანის უფლებების ხელყოფა

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ელემენტია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები, რომელთა სისტემური დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაა. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი, კერძოდ

პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამების პრაქტიკის დანერგვით,

მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის პრაქტიკის დანერგვით,

პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვით,

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფი პრაქტიკის დანერგვით,

ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის პრაქტიკის დანერგვით.

  1. საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.

1) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

2) 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა.

3) 2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ.

4) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

5) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

6) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას.

ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-2025 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობა.

არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადყოფს.

ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა ყველა არაკონსტიტუციურმა პარტიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა.

  1. საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
  2. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. კერძოდ, 2004-2008 წლებში საომარ რიტორიკასთან და კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

  • 2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა.
  • 2006 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხეობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეწოდა „ზემო აფხაზეთი“.
  • 2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრებიც მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შესძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო.
  • 2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები.
  • აღნიშნული ქმედებების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმედებებით ესკალაციის ახალ, „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“ გადაყვანა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას კი „საპასუხო იერიში“ უწოდა.

ამრიგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც.

  1. 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა.

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.

  • საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობასთან ერთად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც ხორციელდება; კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს

  • ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს,
  • ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელ ქმედებებს,
  • საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.

ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურმა პარტიამ და სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი მცდელობა.

სასარჩელო მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის რამდენიმე არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.

ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას, ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განმსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ, იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით:

- რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება,

- რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.

შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):

− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,

− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,

− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:

- აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.

- აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ.

ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულოებში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები.

ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

საზოგადოება
გილოცავთ - მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს ნიკოლოზობას აღნიშნავს

წმინდა ნიკოლოზი (ტრადიციის მიხედვით, დ. 15 მარტი, 270 – 6 დეკემბერი, 343), — ბერძნული წარმოშობის ადრექრისტიანული პერიოდის ეპისკოპოსი ზღვისპირა ქალაქ მირადან (მცირე აზია, რომის იმპერია) (ძვ. ბერძნ. Μύρα; დღევანდელი დემრე, თურქეთი). მის შემწეობასთან დაკავშირებული სასწაულების გამო ასევე მოიხსენიება, როგორც ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ითვლება მეზღვაურების, ვაჭრების, მონანიე ქურდების, ბავშვების, ლუდის მხარშველების, მევახშეების, დაუქორწინებლებისა და მოსწავლეების მფარველ წმინდანად. მისი რეპუტაცია მორწმუნეთა შორის დროთა განმავლობაში გაიზარდა, რაც ჩვეულია ადრექრისტიანული პერიოდის წმინდანებისთვის, ხოლო მის მიერ საჩუქრების გაცემის ჩვევასთან დაკავშირებული ლეგენდები საფუძვლად დაედო სანტა კლაუსის დღევანდელ ვერსიას.

წმინდა ნიკოლოზის, როგორც ისტორიული ფიგურის შესახებ, ცოტა რამ არის ცნობილი. მისი ცხოვრების შესახებ ყველაზე ძველი დოკუმენტები მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაა დაწერილი და სავარაუდოდ, ბევრ ლეგენდას შეიცავს. გადმოცემით, იგი დაიბადა ლიკიის მხარეში, ბერძნულ საპორტო ქალაქ პატარაში, მდიდარი ქრისტიანი მშობლების ოჯახში.

მის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი გადმოცემის თანახმად, მან სამი გოგონა პროსტიტუციაში ჩათრევისგან გადაარჩინა იმით, რომ მათი სახლის ფანჯარაში ღამით სამჯერ ოქროთი სავსე ქისა დატოვა, რათა გოგონების მამას მათთვის მზითევის შეძენა შესძლებოდა. სხვა ადრეული გადმოცემების თანახმად, მას მიეწერება აღელვებული ზღვის დაწყნარება და სიკვდილით დასჯისგან სამი უდანაშაულო ჯარისკაცის გადარჩენა, ასევე, ახალგაზრდობაში ეგვიპტესა და პალესტინაში მოსალოცად წასვლა, რის შემდეგაც მირის ეპისკოპოსი გახდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანთა დევნისას იგი ციხეში ჩასვეს, საიდანაც კონსტანტინე დიდის ტახტზე ასვლის შემდეგ გათავისუფლდა.

არსებობს ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325) მონაწილეთა სიის ვერსია, რომელშიც წმინდა ნიკოლოზიცაა მოხსენიებული, თუმცა, მისი სახელი არსადაა ნახსენები კრების სხვა მონაწილეთა მიერ. უფრო გვიანდელი, სავარაუდოდ, უსაფუძვლო ლეგენდების მიხედვით მას დროებით ჩამოართვეს საეპისკოპოსო პატივი და დააპატიმრეს ერეტიკოს არიანესთვის სახეში გარტყმის გამო. არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ აღადგინა მკვდრეთით წმინდა ნიკოლოზმა სამი ბავშვი, რომელიც შიმშილობის დროს ერთმა ყასაბმა მოკლა, დაანაწევრა და კასრში შეინახა, რათა მათი ხორცი ღორის ხორცად გაესაღებინა და გაეყიდა.

ნიკოლოზის სიკვდილიდან 200 წელიც არ იყო გასული, როცა მირაში, თეოდოსიუს II-ის ბრძანებით მისი სახელობის ეკლესია ააშენეს იმ ეკლესიის ნანგრევებზე, რომელშიც თავად მოღვაწეობდა ეპისკოპოსობის პერიოდში. მისი ნეშტიც ამ ეკლესიაში არსებულ სარკოფაგში განათავსეს.

1087 წელს მცირე აზიის ქრისტიანი მაცხოვრებლები ახალმოსულმა მუსლიმმა სელჯუკებმა დაიმორჩილეს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკლესიების დიდი სქიზმიდან ამ დროს ოცდაათიოდე წელი იყო გასული. იტალიელმა ვაჭრებმა ქალაქ ბარიდან ნიკოლოზის ჩონჩხის ბევრი ძვალი სარკოფაგიდან უნებართვოდ ამოიღეს და მშობლიურ ქალაქში გადაიტანეს, სადაც ისინი ამჟამადაც ინახება წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაში. დარჩენილი ძვლები მოგვიანებით, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ვენეციელმა მეზღვაურებმა ვენეციის რესპუბლიკაში წაიღეს.

ბიოგრაფიული წყაროები

 წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ ისტორიული წყაროებიდან ცოტა რამის გაგება შეიძლება. რაიმე წერილობითი წყარო, რომელიც, შესაძლოა, თავად ნიკოლოზს დაეწერა, შემორჩენილი არაა და მისი თანამედროვე არცერთი ჟამთააღმწერელი მას არ იხსენიებს. ეს არაა გასაკვირი, რადგანაც წმინდა ნიკოლოზი რომის ისტორიის განსაკუთრებით მღელვარე პერიოდში, დიოკლეტიანესა მმართველობის და ტეტრარქიის დროს ცხოვრობდა.

გარდა ამისა, მაშინდელი ჩანაწერები პაპირუსზე ან პერგამენტზე სრულდებოდა, რომლებიც თანამედროვე ქაღალდთან შედარებით ნაკლებად გამძლეა და მათზე არსებული ტექსტები დროდადრო ხელით ახალ მასალაზე გადაწერას საჭიროებდა. წმინდა ნიკოლოზზე არსებული ყველაზე ადრეული გადმოცემები მიუთითებს, რომ VI საუკუნისთვის მისი კულტი უკვე კარგად ჩამოყალიბებული იყო. მისი სავარაუდო გარდაცვალებიდან 200 წლის შემდეგ იმპერატორმა თეოდოსიუს II-მ (მეფობდა 401–450 წლებში) ბრძანა მირაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია აშენება, რაც თავის მხრივ, ნიკოლოზის სახელის ადრეულ მოხსენიებას წარმოადგენს.ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი გადმოგვცემს, რომ იმპერატორმა იუსტინიანე I-მა (მეფობდა 527–565 წლებში) განაახლა წმინდა ნიკოლოზის და წმინდა პრისკეს სახელობის ეკლესიები კონსტანტინოპოლში, შესაბამისად, ეს ეკლესიები, შესაძლოა, 490 წლისთვის ყოფილიყო აშენებული.

ნიკოლოზის სახელი ნიკეის კრებაზე დამსწრეთა სიაში ჩნდება სხვაგანაც. კერძოდ, ისტორიკოს თეოდორეტის მიერ 510-515 წლებში შექმნილ ნაშრომში Historiae Ecclesiasticae Tripartitae Epitome („ეკლესიის ისტორია სამ ნაწილად“), სადაც იგი მოხსენიებულია, როგორც „ნიკოლოზი ლიკიის მირადან“. ნიკოლოზ მირელის სახით ერთადერთხელაა იგი მოხსენიებული სხვა წმინდანის, ნიკოლოზ სიონელის ბიოგრაფიაში, რომელმაც, სავარაუდოდ, სახელი სწორედ წმინდა ნიკოლოზის საპატივცემულოდ აირჩია. „წმინდა ნიკოლოზ სიონელის ცხოვრება“, რომელიც ნიკოლოზ მირელის გარდაცვალებიდან დაახლოებით 250 წლის შემდეგაა დაწერილი, მოკლედ მოგვითხრობს ნიკოლოზ სიონელის მიერ წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოლოცვის შესახებ. ჯერემი სილის აზრით, ის ფაქტი, რომ არსებობდა ნიკოლოზის საფლავი, რომლის მონახულებაც შესაძლებელი იყო, წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, რომ იგი ნამდვილ, ისტორიულად არსებულ პიროვნებას წარმოადგენდა.

თავის ტრაქტატში De statu animarum post mortem („სულთა მდგომარეობაზე სიკვდილის შემდეგ“, დაწერილია დაახლოებით 583 წელს) თეოლოგი ევსტრატი კონსტანტინეპოლელი ნიკოლოზ მირელის ერთ-ერთ სასწაულს მოიხმობს იმის საბუთად, რომ სულს შეუძლია სხეულისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს. თეოლოგი წყაროდ ასახელებს დაკარგულ ნაშრომს, სახელწოდებით „წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება“. თითქმის ყველა წყარო, რომელსაც ევსტრატი ეყრდნობა, შექმნილია გვიან IV ან ადრე V საუკუნეებში, რაც მიუთითებს, რომ „წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაც“ ამ პერიოდში უნდა ყოფილიყო დაწერილი, ანუ მისი გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ.ყველაზე ადრეული ნაშრომი, რომელიც ნიკოლოზის ცხოვრებას სრულად გადმოგვცემს, არის მიქაელ არქიმანდრიტის (814–842) მიერ IX საუკუნეში, ანუ წმინდანის სავარაუდო გარდაცვალებიდან თითქმის 500 წლის შემდეგ შექმნილი „წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება“.

მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად გვიანდელია, ითვლება, რომ მიქაელ არქიმანდრიტის „წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება“ ეყრდნობა ადრინდელ წერილობით წყაროებს და ზეპირ გადმოცემებს, თუმცა, ამ წყაროების იდენტობა და სანდოობა გაურკვეველია კათოლიციზმის ისტორიკოსი დ. ლ. კანი და შუა საუკუნეების მკვლევარი ჩარლზ უ. ჯონსი მიიჩნევენ, რომ ეს ნაშრომი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების ერთადერთი გადმოცემაა, რომელიც, სავარაუდოდ, შეიცავს ისტორიულ სიმართლეს. კლასიკური ანტიკურობის ჰოლანდიელი მკვლევარი, იონა ლენდერინგი აღნიშნავს, რომ მიქაელ არქიმანდრიტის „ცხოვრება“ არ შეიცავს „მოქცევის ნარატივს“, რაც იმ პერიოდში შექმნილი წმინდანთა ცხოვრების ამსახველი ნამუშევრებისთვის უჩვეულოა. ამ ფაქტზე დაყრდნობით იგი ამტკიცებს, რომ შესაძლებელია, მიქაელ არქიმანდრიტი ეყრდნობოდეს წყაროს, რომელიც შეიქმნა მანამ, ვიდრე მოქცევის ნარატივები პოპულარული გახდებოდა, რაც, თავის მხრივ, პოზიტიური მანიშნებელია მისი ნაშრომის სანდოობისა.[22] იგი ასევე შენიშნავს, რომ ბევრი ამბავი, რომელსაც მიაქელ არქიმანდრიტი მოგვითხრობს, საკმაოდ ჰგავს ჩვ. წ. I საუკუნის ნეოპითაგორელი ფილოსოფოსის, აპოლონიოს ტიანელის ცხოვრების დეტალებს, რომლებიც გადმოცემულია მის რვატომიან ბიოგრაფიაში სახელად „აპოლონიუს ტიანელის ცხოვრება“ (Τὰ ἐς τὸν Τυανέα Ἀπολλώνιον). ნაშრომი III საუკუნეშია შექმნილი და მისი ავტორია ბერძენი მწერალი ფილოსტრატე. ცნობილია, რომ ქრისტიანი მწერლები ხშირად ახდენდნენ ძველი, წარმართული ლეგენდების ადაპტირებას და მათ მიწერას ქრისტიან წმინდანებზე. რამდენადაც აპოლონიოსის წარმოშობის ადგილი, ტიანა, არც ისე შორსაა მირადან, ლენდერინგი ვარაუდობს, რომ მის შესახებ გავრცელებული ბევრი პოპულარული ამბავი მოგვიანებით წმინდა ნიკოლოზს მიეწერა.

ცხოვრება და ლეგენდები

ოჯახი და წარმომავლობა

წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების სხვადასხვა გადმოცემები, ძირითადად, თანხმდება მისი წარმოშობის ძირითად დეტალებზე, თუმცა, ისტორიკოსებისთვის სადავოა, ამ დეტალების რა ნაწილი ეყრდნობა ისტორიულ ფაქტებს. ტრადიციის მიხედვით, ნიკოლოზი დაიბადა მდიდარი ბერძენი ქრისტიანების ოჯახში, ლიკიის ქალაქ პატარაში, ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ საპორტო ქალაქში,მცირე აზიაში, რომელიც მაშინ რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ზოგიერთი გადმოცემით, მის მშობლებს ერქვათ ეპიფანე (Ἐπιφάνιος) და იოანნა (Ἰωάννα),[28] სხვების მიხედვით კი, თეოფანე (Θεοφάνης) და ნონა (Νόννα). ზოგიერთი გადმოცემით, ნიკოლოზის ბიძა ქალაქ მირის ეპისკოპოსი იყო, რომელიც, ასევე, ლიკიაში მდებარეობდა და ძმისწული, რომელშიც შესაბამისი მოწოდება დაინახა, მღვდლად მანვე აკურთხა.

გულმოწყალება და მოგზაურობები

 მშობლების გარდაცვალების შემდეგ, გადმოცემის მიხედვით, ნიკოლოზმა ოჯახის სიმდიდრე გლახაკებს დაურიგა. ყველაზე ცნობილი ამბის მიხედვით,[რომელიც პირველად მიქაელ არქიმანდრიტის „წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაშია“ გადმოცემული, წმინდანმა გაიგო მორწმუნე კაცის შესახებ, რომელიც ერთ დროს მდიდარი ყოფილა, მაგრამ მთელი ქონება დაეკარგა „სატანის შურითა და მანქანებით“. მას არ ჰქონდა საშუალება, შესაბამის სამზითვო მიეცა თავისი სამი ქალიშვილისთვის. ეს ნიშნავს, რომ ისინი გაუთხოვარი დარჩებოდნენ და სხვა სახის სამსახურის არარსებობის პირობებში, იძულებულნი გახდებოდნენ, პროსტიტუციაში ჩართულიყვნენ. შეიტყო რა მათი გაჭირვების შესახებ, ნიკოლოზმა მათი დახმარება გადაწყვიტა, მაგრამ თავმდაბლობის გამო (ან კაცის ოჯახის შერცხვენისგან თავის არიდების მიზნით, რაც ქველმოქმედების ღიად მიღებას მოჰყვებოდა), მათ სახლში ღამით მივიდა და ფანჯრიდან სახლში ოქროთი სავსე ქისა შეაგდო.[ მამამ დაუყოვნებლივ მოაწყო ქორწილი პირველი ქალიშვილისთვის, მისი ქორწილის შემდეგ კი ნიკოლოზმა ოქროთი სავსე მეორე ქისა დაუტოვა, კვლავ გვიან ღამით.

მიქაელ არქიმანდრიტის თანახმად, მეორე ქალიშვილის ქორწინების შემდეგ მამა ორი ღამე იფხიზლა და წმინდა ნიკოლოზი ქველმოქმედების იგივე აქტის დროს გამოიჭირა, რომელიც მესამე ქალიშვილის დასახმარებლად იყო გამიზნული.მამა მუხლებზე დაეცა და მადლობა გადაუხადა, თუმცა, ნიკოლოზმა მას ამ საჩუქრების შესახებ ვინმესთვის თქმა აუკრძალა. ნიკოლოზის მიერ საჩუქრების საიდუმლოდ დატოვების სცენა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ქრისტიანულ მხატვრობაში და იგი ევროპის მასშტაბით ბევრ ხატსა და ფრესკაზე გვხვდება. სურათები დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან,თუმცა, ნიკოლოზი ხშირადაა გამოსახული მოსასხამით, ხოლო გოგონები საწოლში, საღამური ტანსაცმლით. ბევრი გამოსახულება შეიცავს კვიპაროსის ხეს ან ჯვრის ფორმის გუმბათს.

ამ შემთხვევის ისტორიული ჭეშმარიტება დავის საგანია.ადამ ინგლიში თვლის, რომ ლეგენდაში ჭეშმარიტების მარცვალი არის, რის დასტურადაც ამბის ადრეულ წყაროებში არსებობას და იმ ფაქტს მოიხმობს, რომ მსგავსი ისტორია სხვა არცერთ ქრისტიან წმინდანთან დაკავშირებით არ გვხვდება. იონა ლენდერინგი, რომელიც ასევე იზიარებს ამბის ისტორიულ ავთენტურობას, აღნიშნავს, რომ გარკვეულწილად მსგავსი ამბავი მოთხრობილია ფილოსტრატეს „აპოლონიოს ტიანელის ცხოვრებაშიც“, სადაც ის გაღარიბებულ მამას ფულს ჩუქნის, თუმცა, აქვე მიუთითებს, რომ მიქაელ არქიმანდრიტის მონათხრობი საგრძნობლად განსხვავებულია. ფილოსტრატე არაფერს ამბობს გოგონების ბედზე და მის მონათხრობში აპოლონიოსის ქცევა მთლიანად მამის მიმართ სიმპათიითაა განპირობებული, მაშინ, როცა მიქაელ არქიმანდრიტი ღიად ასახელებს წმინდა ნიკოლოზის მოტივაციას, რომელსაც სურს, გოგონები პროსტიტუციაში ჩათრევისგან გადაარჩინოს.ის ამტკიცებს, რომ ქალებისთვის დახმარების გაწევის სურვილი სახასიათოა მეოთხე საუკუნის ქრისტიანობისთვის იმ გამორჩეული როლის გამო, რომელსაც ქალები მაშინდელ ქრისტიანობაში ასრულებდნენ, განსხვავებით ბერძნულ-რომაული წარმართობისგან და მიქაელ არქიმანდრიტის დროინდელი, IX საუკუნის ქრისტიანობისგან, სადაც ქალების როლი და პოზიცია დრამატულად იყო დაკნინებული.

კიდევ ერთი გადმოცემის მიხედვით, ნიკოლოზი წმინდა მიწას ეწვია. მგზავრობის დროს მისი გემი თითქმის განადგურდა ძლიერი ღელვისგან, თუმცა, წმინდანმა დააცხრო ტალღები. შედეგად, ნიკოლოზს ბევრ ადგილას თაყვანს სცემდნენ, როგორც მეზღვაურთა და მოგზაურთა მფარველ წმინდანს.

მირის ეპისკოპოსი

წმინდა მიწაზე ვიზიტის შემდეგ ნიკოლოზი მირაში დაბრუნდა. მირის ეპისკოპოსი, რომელიც ნიკოლოზის ბიძის შემდეგ იყო დანიშნული, ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილიყო] და ქალაქის სამღვდელოებას გადაწყვეტილი ჰქონდა, ეპისკოპოსად აერჩიათ პირველივე მღვდელი, რომელიც ეკლესიაში იმ დილით შევიდოდა. ნიკოლოზი სალოცავად ადრე მივიდა და შესაბამისად, ახალ ეპისკოპოსადაც ის აირჩიეს. გადმოცემით, დიოკლეტიანეს (მეფობდა 284–305 წლებში) დროს მიმდინარე ქრისტიანთა დიდი დევნის დროს იგი დააპატიმრეს და აწამეს,თუმცა, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (მეფობდა 306–337 წლებში) ბრძანებით სხვა ქრისტიანებთან ერთად ციხიდან გათავისუფლდა. ეს ამბავი დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა, მასზე ადრეულ წყაროებში საუბარი არაა და შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, სიმართლე იყოს.

ერთ-ერთი ამბავი წმინდა ნიკოლოზის შესახებ, რომელიც ადრეულ წყაროებშიცაა მოხსენიებული, არის მის მიერ სამი უდანაშაულო კაცის გადარჩენა სიკვდილით დასჯისგან. მიქაელ არქიმანდრიტის მიხედვით, გუბერნატორმა ევსტათიუსმა სამ უდანაშაულო კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის იყო, სასჯელი უნდა აღესრულებინათ, რომ ნიკოლოზი გამოჩნდა, ჯალათს მახვილი დააშვებინა, სამივე სიკვდილმისჯილი ბორკილებიდან გაათავისუფლა და გაბრაზებით გაკიცხა მოსამართლე, რომელმაც განაჩენის სანაცვლოდ ქრთამი აიღო. იონა ლენდერინგის თანახმად, ეს ამბავი პირდაპირი პარალელია ფილოსტრატეს „აპოლონიოს ტიანელის ცხოვრებაში“ მოთხრობილ ამბავთან, სადაც აპოლონიოსმა ძარცვაში ბრალდებული უდანაშაულო კაცის სიკვდილით დასჯა აღკვეთა. მიქაელ არქიმანდრიტი სხვა ისტორიასაც გადმოგვცემს, რომლის მიხედვითაც კონსულმა აბლაბიუსმა სამი ცნობილი გენერლის სიკვდილით დასჯისთვის ქრთამი აიღო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უდანაშაულონი იყვნენ. წმინდა ნიკოლოზი იმპერატორ კონსტანტინეს და აბლაბიუსს სიზმრებში გამოეცხადა, კონსტანტინეს სიმართლე გააგებინა, ხოლო აბლაბიუსს ჯოჯოხეთით დაემუქრა, რის შემდეგაც შეშინებულმა კონსულმა გენერლები გაათავისუფლა.

ამ ისტორიის უფრო გვიანდელი ვერსიები მეტად კომპლექსურია და მათში ზემოხსენებული ორი შემთხვევა გაერთიანებულია ხოლმე. ერთი ვერსიით, იმპერატორმა კონსტანტინემ ფრიგიაში აჯანყების ჩასახშობად სამი წარჩინებული გენერალი: ურსოსი, ნეპოტიანოსი და ჰერპილიონი გაგზავნა, რომლებსაც ძლიერი შტორმის გამო მირაში გაჩერება მოუხდათ. ნავსადგურში მყოფი გენერლებისგან მალულად ქალაქში მყოფმა მათმა ჯარისკაცებმა ადგილობრივი ვაჭრების ძარცვა, მაროდიორობა და ქონების განადგურება დაიწყეს. ნიკოლოზმა გენერლებს ამ უწესობის აღკვეთა მოსთხოვა და ისინი ასეც მოიქცნენ. ჯარისკაცების გემებზე დაბრუნებისთანავე ნიკოლოზმა შეიტყო, რომ სამი უდანაშაულო კაცი სიკვდილით უნდა დასჯილიყო, რისთვის ხელის შეშლაშიც მას გენერლები დაეხმარნენ. ეუსტათიუსმა ცხენით გაქცევა სცადა, თუმცა, ნიკოლოზმა მისი ცხენი შეაჩერა და გუბერნატორი მექრთამეობის გამო გაკიცხა. გუბერნატორმა, იმპერატორთან დასმენის შიშით, შეინანა თავისი საქციელი. ამის შემდეგ გენერლებმა აჯანყებაც ჩაახშეს და კონსტანტინემ მათ კიდევ უფრო მაღალი მდგომარეობა უბოძა. მიუხედავად ამისა, გენერლების მტრებმა კონსულ აბლაბიუსს შეაგონეს, რომ მათ აჯანყება არათუ ჩაეხშოთ, არამედ თავიანთი ჯარისკაცებისთვისაც მოეწოდებინათ, მას შეერთებოდნენ. ამის შემდეგ, გენერლების მტრებმა აბლაბიუსი მოქრთამეს და მან გენერლები დააპატიმრა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ნიკოლოზის სიზმრისეული გამოცხადებები და გენერლები გათავისუფლდნენ.

ნიკეის კრება

გადმოცემის მიხედვით, 325 წელს ნიკოლოზი ნიკეის პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა, სადაც იგი არიანელობის თავგამოდებული მოწინააღმდეგე და ტრინიტარიანიზმის მტკიცე დამცველი იყო,ასევე, ერთ-ერთი იმ ეპისკოპოსთაგან, რომელმაც ნიკეის მრწამსს ხელი მოაწერა.[50] ნიკეის კრებაზე ნიკოლოზის ყოფნის ადრეული წყაროა თეოდორე ლექტორის მიერ შედგენილი დამსწრეთა სია, რომელშიც იგი 151-ე ნომრადაა შეყვანილი. მიუხედავად ამისა, მას არსად იხსენიებს ათანასე ალექსანდრიელი, ტრინიტარიანიზმის უპირველესი დამცველი კრებაზე, რომელიც იმ პერიო ადამ ინგლიში შენიშნავს, რომ ნიკეის კრების დამსწრეთა სიები ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან: არსებობს მოკლე სიები, რომლებშიც 200-მდე სახელია, ხოლო გრძელ სიებში დამსწრეთა რიცხვი 300-ს აღწევს. წმინდა ნიკოლოზის სახელი მხოლოდ გრძელ სიებშია და არსად მოკლე სიებში. ასეთი სიების რაოდენობა სამია, რომლებიდანაც ყველაზე სწორად თეოდორე ლექტორის სია ითვლება. იონა ლენდერინგის მიხედვით, არსებობს ორი შესაძლო ახსნა:
  1. ნიკოლოზი არ ესწრებოდა ნიკეის კრებას, მაგრამ ადრეული პერიოდის გადამწერებმა, რომლებსაც მისი არყოფნის ფაქტი უცნაურად მოეჩვენათ, იგი სიებში დაამატეს. ბევრი მკვლევარი ამ ვერსიას იზიარებს.
  2. ნიკოლოზი ესწრებოდა ნიკეის კრებას, თუმცა, ადრეული პერიოდის რომელიმე გადამწერმა მისი სიიდან ამოღება გადაწყვიტა, რათა მისი კრებაზე ყოფნა არავის დაემახსოვრებინა.

გვიანდელი ლეგენდა, რომელიც პირველად XIV საუკუნეში, ანუ ნიკოლოზის გარდაცვალებიდან 1 000-ზე მეტი წლის შემდეგ ჩნდება, გადმოგვცემს, რომ ნიკეის კრების დროს ნიკოლოზმა მოთმინება დაკარგა და „ერთ-ერთ არიანელს“ სილა გააწნა. ამის გამო კონსტანტინემ ნიკოლოზს მიტრა და ომოფორი (შესაბამისად, საეპისკოპოსო პატივი) ჩამოართვა. სტივენ გრეიდანუსის დასკვნით, ამბავი იმდენად გვიანდელია, რომ „არავითარი ისტორიული ღირებულება არ გააჩნია“. მეორეს მხრივ, იონა ლენდერინგი ამბის ისტორიული სიმართლის ვერსიას იზიარებს და ამტკცებს, რომ რამდენადაც ინციდენტი სამარცხვინოა და ნიკოლოზის რეპუტაციას ცუდად ასახავს, რთული ასახსნელია, რატომ უნდა გამოეგონებინათ ის გვიანდელ ჰაგიოგრაფებს. ლეგენდის გვიანდელი ვერსიები მას კიდევ ერთ დეტალს ჰმატებენ და ხსენებულ ერეტიკოსად თავად არიანე გამოჰყავთ. გვიანდელ ვერსიებშივე ნიკოლოზს აპატიმრებენ,[47][53] მაგრამ საკანში მას ქრისტე და ღვთისმშობელი ეცხადებიან.ნიკოლოზი მათ ეუბნება, რომ „მათი სიყვარულის გამოა“ დაპატიმრებული, რის შემდეგაც ისინი ციხიდან ათავისუფლებენ და საეპისკოპოსო პატივსაც აღუდგენენ. ნიკოლოზის მიერ არიანესთვის ხელის გარტყმის სცენა მართლმადიდებლურ ხატწერაში გავრცელებულია. წმინდა ნიკოლოზის ნიკეაში ყოფნის ამსახველი სცენები ბარიში, Basilica di San Nicola-ს 1660-იანი წლებით დათარიღებულ მხატვრობაშიც გვხვდება.

სხვა ლეგენდები

 არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც საშინელი შიმშილობის პერიოდში ბოროტმა ყასაბმა სამი პატარა ბავშვი თავის სახლში შეიტყუა, დახოცა ისინი და მათი სხეულის ნაწილები კასრებში შეინახა, რათა ხალხისთვის ლორის ნაცვლად შეესაღებინა.ნიკოლოზმა, რომელიც მშიერებზე საზრუნავად იმ ადგილებს სტუმრობდა, ყასბის ტყუილები შეიცნო და სამივე ბავშვი მკვდრეთით აღადგინა. იონა ლენდერინგის მოსაზრებით, ამ გადმოცემას „არავითარი ისტორიული ღირებულება არ გააჩნია“.ადამ ინგლიში კი შენიშნავს, რომ სამი ბავშვის გაცოცხლების ამბავი წმინდა ნიკოლოზის ბიოგრაფიას გვიან შუა საუკუნეებში დაემატა და იგი არცერთ ადრინდელ წყაროში არ გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდაში მოთხრობილი ამბავი უცნაური და შემაძრწუნებელია თანამედროვე აუდიტორიისთვის, იგი ძლიერ პოპულარული იყო გვიან შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით, უბრალო ხალხში.იგი გამოსახულია მოზაიკურ ფანჯრებზე, ხის გრავიურებზე, ტილოებზე და ფრესკებზე. გამოსახულებები იმდენად გავრცელებული იყო, რომ მოგვიანებით მთლიანი ამბის ნაცვლად დაიწყეს უბრალოდ წმინდა ნიკოლოზის გამოსახვა სამ შიშველ ბავშვთან და ხის კასრთან ერთად.

ინგლიშის მოსაზრებით, ხალხმა, რომელსაც არ სმენოდა აღნიშნული ლეგენდა ან დავიწყებული ჰქონდა ის, აღნიშნული გამოსახულებების განსხვავებულად ინტერპრეტირება დაიწყეს. ბავშვებთან ერთად გამოსახვის გამო ბევრმა იგი ბავშვების მფარველ წმინდანად მიიჩნია, ხოლო კასრთან ერთად გამოსახვის გამო – ლუდის მხარშავთა მფარველ წმინდანად.

კიდევ ერთი ამბავი მოგვითხრობს დიდ შიმშილობაზე, რომელიც ქალაქ მირაში 311-312 წლებში ჩამოვარდა. ამ დროს, გადმოცემის თანახმად, მირის პორტში იმყოფებოდა გემი, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესთვის გასაგზავნი ხორბლით იყო დატვირთული. ნიკოლოზმა მეზღვაურებს ხორბლის ნაწილის ჩამოცლა და ქალაქისთვის დასახმარებლად მისი გამოყენება სთხოვა. მეზღვაურები თავდაპირველად უარზე იყვნენ, რადგან ხორბალი იმპერატორისთვის წონით უნდა ჩაებარებინათ, თუმცა, ნიკოლოზის დაპირების შემდეგ, რომ მათ ხორბალს რაოდენობაში არაფერი დააკლდებოდა, დათანხმდნენ, იგი ქალაქის მოსახლეობისთვის ეწილადებინათ. დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ხორბალს არაფერი აკლდა, მიუხედავად იმისა, რომ მირაში დატოვებული ხორბალი ქალაქს ორი წლის განმავლობაში ეყო საჭმელად და დასათესადაც კი დარჩათ.

რელიკვიები

გემილე

ტრადიციულად, ითვლებოდა, რომ წმინდა ნიკოლოზის ნეშტის თავდაპირველი განსასვენებელი მის მშობლიურ ქალაქში, მირაში მდებარეობდა, სადაც მოგვიანებით ინახებოდა მასთან დაკავშირებული რელიკვიებიც, თუმცა, ზოგიერთი ბოლოდროინდელი არქეოლოგიური სამხილი მიუთითებს, რომ წმინდა ნიკოლოზი თავდაპირველად, შესაძლოა, თურქეთის პატარა კუნძულ გემილეს უმაღლეს წერტილში, კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში დაეკრძალათ, ქალაქ პატარადან – მისი დაბადების ადგილიდან 30 კილომეტრის მოშორებით. ნიკოლოზის სახელი მიწერილია შენობის ნანგრევებზე. ძველად კუნძული ცნობილი იყო, როგორც „წმინდა ნიკოლოზის კუნძული“ და დღეს თურქულ ენაზე ეწოდება თურქ. Gemiler Adasi – „ნავების კუნძული“, რაც მინიშნებაა წმინდა ნიკოლოზზე, როგორც ტრადიციულად, ზღვაოსნობის და მეზღვაურთა მფარველ წმინდანზე.

კლდეში ნაკვეთი ეკლესია IV საუკუნეში აშენდა, ნიკოლოზის გარდაცვალების პერიოდში და იმ პერიოდის წმინდანთა განსასვენებლებისთვის ტიპური დიზაინი აქვს. ასევე, წმინდა ნიკოლოზი ერთადერთი მნიშვნელოვანი წმინდანია, რომელიც თურქეთის ამ რეგიონს უკავშირდება. ეკლესია, რომელშიც, მკვლევართა აზრით, წმინდანი უნდა ყოფილიყო დაკრძალული, დიდი სალიტანიო გზის დასავლეთ ბოლოში მდებარეობს.

მირა

 VII საუკუნის შუა წლებში გემილე მოწყვლადი იყო არაბული გემების შეტევების მიმართ, რის გამოც, როგორც ჩანს, ნიკოლოზის ნეშტი კუნძულიდან ქალაქ მირაში გადაიტანეს, სადაც იგი თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში ეპისკოპოსად მსახურობდა. მირა გემილედან აღმოსავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს და ზღვიდან მეტად მოშორებულია, რის გამოც უფრო დაცული იქნებოდა არაბთა თავდასხმებისგან.

გადმოცემის თანახმად, მირაში დაცული წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ყოველ წელს გამოყოფდა სურნელოვან სითხეს, რომელსაც, ქრისტიანთა რწმენით, სასწაულებრივი ძალა ჰქონდა. იმ პერიოდში ფართოდ იყო ცნობილი, რომ ნიკოლოზის მთლიანი ნეშტი მირაში, ერთ სარკოფაგში ინახებოდა, რის გამოც წმინდა ნაწილების გამყალბებლებს არ შეეძლოთ ეთქვათ, რომ წმინდა ნიკოლოზის ნაწილებს ფლობდნენ.

2000 წელს ქალაქ დემრეს რუსეთის მთავრობისგან გადაეცა რუსი მოქანდაკის, გრეგორი პოტოცკის მიერ დამზადებული ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც წმინდა ნიკოლოზის შუა საუკუნეების ეკლესიის წინ, მოედანზე, გამოსაჩენ ადგილას განათავსეს. 2005 წელს ქალაქის მერმა, სულეიმან თოფჩუმ ქანდაკება წითელსამოსიანი სანტა კლაუსის პლასტმასის ქანდაკებით ჩაანაცვლა, რათა მისი ვინაობა ტურისტებისთვის უფრო გასაგები ყოფილიყო. ამას რუსეთის მთავრობის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც ბრინჯაოს ქანდაკება უკან დააბრუნეს (ამჯერად, პიედესტალის გარეშე და ეკლესიასთან უფრო ახლო კუთხეში).

2009 წლის 28 დეკემბერს თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებდა, იტალიის მთავრობისგან ოფიციალურად მოეთხოვა წმინდა ნიკოლოზის ნეშტის უკან დაბრუნება.

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ნიკოლოზს თავად სურდა, მისივე საეპისკოპოსო ქალაქში დაეკრძალათ და რომ მისი ნეშტი უკანონოდ იყო წაღებული სამშობლოდან. 2017 წელს არქეოლოგიურმა კვლევამ დემრეს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ქვეშ ძველი ეკლესიის არსებობა დაადასტურა, რომლის შემდგომმა კვლევამ უნდა გამოარკვიოს, კვლავ ინახება თუ არა ადგილზე ნიკოლოზის ცხედრის ნაწილები.

ბარი

1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შედეგად ბიზანტიის იმპერიამ დროებით დაკარგა კონტროლი მცირე აზიაზე და აქ მცხოვრები ქრისტიანები დამპყრობელი სელჯუკების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდნენ. ცოტა ხნით ადრე, კერძოდ, 1054 წელს, რომის იმპერიამ ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია (სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ერთად) სქიზმაში მყოფად გამოაცხადა. რეგიონებში განუწყვეტელი საომარი მოქმედებების გამო ადგილობრივი ქრისტიანები შიშობდნენ, რომ წმინდა ნიკოლოზის საფლავთან მისვლა მალე შეუძლებელი გახდებოდა.

მირის ბერძენი ქრისტიანი მოსახლეობისთვის ბიზანტიის მფარველობის დაკარგვის და ზოგადი დაბნეულობის ფონზე, 1087 წლის გაზაფხულზე იტალიელმა მეზღვაურებმა აპულიის რეგიონის ქალაქ ბარიდან ადგილობრივი ბერების წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელთ იგდეს მირის ეკლესიაში დაკრძალული წმინდა ნიკოლოზის სხეულის ნაწილები.

ადამ ინგლიში რელიკვიების მირადან წამოღების ფაქტს „წმინდა ძარცვას“ უწოდებს და შენიშნავს, რომ ქურდებს არა მხოლოდ ადგილობრივების მხრიდან დაჭერის და დევნის, არამედ თავად წმინდანის რისხვისაც ეშინოდათ. ბარიში დაბრუნების შემდეგ, რაც 1087 წლის 9 მაისს მოხდა, ისინი ნეშტზე ზრუნავდნენ.ორი წლის შემდეგ პაპმა ურბან II-მ ქალაქში ახალი ეკლესია – წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა აკურთხა და მისი საკურთხევლის ქვეშ არსებულ სამარხში ნიკოლოზის ნაწილები თავისი ხელით განათავსა.წმინდა ნიკოლოზის ნაწილების მირადან წამოღება და ბარიში ჩატანა რამდენიმე წყაროშია აღწერილი, მათ შორის, ორდერიკ ვიტალისის ქრონიკებშიც და მკვლევართა უმეტესობა მის ისტორიულ ჭეშმარიტებაში დარწმუნებულია, ასევე, 9 მაისი ტრადიციულად აღინიშნებოდა, როგორც წმინდა ნიკოლოზის „გადასვენების“ დღე. აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიები და თავად თურქები წმინდანის ნაწილების მირადან წაღებას ყოველთვის ქურდობად მიიჩნევდნენ, თუმცა, ბარის მოსახლეობის აზრით, ეს არა ქურდობა, არამედ წმინდანის ნეშტის გადარჩენა იყო თურქი დამპყრობლებისგან. ბარის ბაზილიკის ჭერზე აღბეჭდილი ლეგენდის თანახმად, წმინდა ნიკოლოზი ერთხელ ბარის სტუმრობდა და იწინასწარმეტყველა, რომ მისი ძვლები ერთ დღესაც ამ ქალაქში იქნებოდა დაკრძალული.

ნიკოლოზის ნაწილების ბარიში გადასვენებამდე მისი კულტი დასავლეთ ევროპაში ცნობილი, მაგრამ არცთუ პოპულარული იყო.1096 წლის შემოდგომაზე ნორმანი და ფრანკი ჯარისკაცები ბარიში, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის სამზადისში შეიკრიბნენ. როგორც წესი, ჯვაროსნები მებრძოლ წმინდანებს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა, წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ერთადერთი იყო, რომელიც ფიზიკურად იყო ქალაქში. გარდა ამისა, ნიკოლოზის, როგორც მოგზაურთა და მეზღვაურთა მფარველი წმინდანის სტატუსმა დადებითი გავლენა იქონია მის პოპულარობაზე ჯვაროსანთა შორის, რომლებმაც წმინდანის კულტი მთელს ევროპაში გაავრცელეს.

ნიკოლოზის ნეშტმა „მირონის“ გამოყოფა ბარიში ჩამოტანის შემდეგაც გააგრძელა, რაც დიდად სასიხარულო იყო მისი ახალი მფლობელებისთვის. საუკუნეთა განმავლობაში მირონით სავსე ფლაკონები მთელს მსოფლიოში მიჰქონდათ და მისი შეძენა ბაზილიკაში ახლაც შესაძლებელია. ყოველი წლის 6 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან ბაზილიკის მღვდელმსახურები ფლაკონს მირონით ავსებენ. სითხეს ბაზილიკის სარდაფში არსებული სარკოფაგიდან აგროვებენ და იგი ახლომდებარე მაღაზიაშიც იყიდება. იგი ნელა გადმოდის სამარხიდან (გაურკვეველია, სამარხში განთავსებული სხეულიდან თუ თავად მარმარილოს კედლიდან). ბარი საპორტო ქალაქია და თავად სამარხი ზღვის დონეზე დაბლაა, რის გამოც სითხის წარმოშობის რამდენიმე ბუნებრივი ახსნა არსებობს, მათ შორის, შესაძლებლობა, რომ სამარხიდან კაპილარული გზით ზღვის წყალი ჟონავს.

1966 წელს, ბაზილიკის ქვეშ არსებული საძვალის ნაწილი მართლმადიდებლურ ეკვდერად გამოცხადდა და კანკელითაც გამოიყო 1965 წლის დეკლარაციის მიღების აღსანიშნავად, რომლის ძალითაც კათოლიკურმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა 1054 წელს, დიდი სქიზმის დროს ერთმანეთის მიმართ გამოცხადებული ანათემები ძალადაკარგულად გამოაცხადეს.

2017 წლის მაისში, პაპ ფრანცისკეს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს შორის მოლაპარაკებების შედეგად წმინდა ნიკოლოზის ნეშტის ნაწილი მოსკოვში დროებით გაიგზავნა. აღნიშნული რელიკვიები გამოფენილი იყო მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, ხოლო შემდეგ სანქტ-პეტერბურგში, რის შემდეგაც კვლავ ბარიში დააბრუნეს.წმინდანის ერთ-ერთ ნეკნზე თვალის შესავლებად მოსკოვში მილიონზე მეტი ადამიანი იდგა რიგში.

ვენეცია

ვენეციაში მდებარე ეკლესია San Nicolò al Lido, ადგილობრივების რწმენით, 500-ზე მეტ ძვლის ფრაგმენტს ინახავს ნიკოლოზის ნეშტიდან.სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული ფრაგმენტები ანატომიურ თანხვედრაშია ბარიში, წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაში დაცულ ძვლებთან.

იტალიელმა მეზღვაურებმა ბარიში მხოლოდ დიდი ზომის ძვლები წაიღეს, ხოლო პატარა ფრაგმენტები ადგილზე დატოვეს.ჩონჩხის ამ დარჩენილი ფრაგმენტების ქონის სურვილი ვენეციამ გამოთქვა. 1044 წელს მათ წმინდანის სახელზე ეკლესია და მონასტერიც ჰქონდათ აშენებული, კერძოდ, კუნძულ ლიდოს ჩრდილოეთ ბოლოში.ერთადერთი ქრონიკის თანახმად, რომელიც ამ მონასტრის უცნობ ბერს ეკუთვნის, 1100 წელს ვენეციურმა ფლოტმა, რომელიც ეპისკოპოს ანრის თანხლებით პირველ ჯვაროსნულ ომში მონაწილეობისთვის პალესტინისკენ მიცურავდა, გზად მირას ჩაუარა. ეპისკოპოსის დაჟინებული მოთხოვნით, გემი მირაში დაბრუნდა და ღუზა ჩაუშვა.ვენეციელებმა წმინდა ნიკოლოზის დარჩენილი ძვლები (სხვა მირელი ეპისკოპოსების ძვლებთან ერთად) წამოიღეს ადგილობრივი ეკლესიიდან, რომელსაც მხოლოდ ოთხი მართლმადიდებელი ბერი იცავდა, ვენეციაში ჩაიტანეს და ლიდოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დააბინავეს.ამ მონათხრობს დამაჯერებლობა შესძინა ორმა სამეცნიერო კვლევამ ბარიში და ვენეციაში, რომელთაც დაადასტურეს, რომ ორივე ადგილას, სავარაუდოდ, ერთი და იგივე ადამიანის ძვლებია დაცული. არსებობს ლეგენდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვენეციაში დაცულ წმინდა ნიკოლოზის ძვლებს შეაწუხებენ, ვინმე მოკვდება. ძვლები ბოლოს 1992 წლის ივლისში გამოიკვლიეს.

სხვა ადგილები

იმის გამო, რომ ნიკოლოზის ჩონჩხი მირაში დიდხანს იყო დავანებული, ბარიში ჩამოტანის შემდეგ მის ნაწილებზე მოთხოვნა გაიზარდა. მალევე დაიწყო მცირე ზომის ძვლების გავრცელება დასავლეთ ევროპაში. მეზღვაურებმა, რომლებმაც ნეშტი ბარიში ჩამოიტანეს, ერთი კბილი და სარკოფაგის ნატეხები ნორმან რაინდს, უილიამ პანტულფს აჩუქეს. პანტულფმა ეს რელიკვიები საკუთარ სამშობლოში, ნორმანდიის ქალაქ ნორონში წაიღო, სადაც ისინი 1092 წლის ივნისში წმინდა პეტრეს სახელობის ადგილობრივ ეკლესიაში განათავსეს.1096 წელს აპულიის ჰერცოგმა წმინდა ნიკოლოზის რამდენიმე ძვალი ფლანდრიის გრაფს გადასცა, რომელმაც ისინი ვატენის სააბატოში, საპატიო ადგილას მოათავსა.[81] ლეგენდის მიხედვით, 1101 წელს წმინდა ნიკოლოზი ბარიში სტუმრად მყოფ ერთ ფრანგ გადამწერს გამოეცხადა და უთხრა, რომ მისი ერთი ძვალი საკუთარ მშობლიურ ქალაქში, სენ-ნიკოლა-დე-პორში წაეღო, რომელიც ნანსის პრეფექტურის ახლოს მდებარეობს. გადამწერმა თითის ძვალი წაიღო და პორში წმინდა ნიკოლოზის სახელზე სამლოცველოც ააშენეს. ამის შემდეგ ქალაქი წმინდანის თაყვანისმცემლებისთვის მნიშვნელოვან საკულტო ცენტრად იქცა და XV საუკუნისთვის ძველი სამლოცველოს ადგილზე დიდი ბაზილიკაც აშენდა.თავად ქალაქის სახელი, სენ-ნიკოლა-დე-პორი ნიკოლოზის სახელს უკავშირდება.

ბარის სამღვდელოება დროდადრო გასცემდა ნიკოლოზის ძვლების ნაწილებს, რითაც სტრატეგიულად ცდილობდა მისი კულტის გავრცელებას და ქალაქის პრესტიჟის გაზრდას. ბევრი ასეთი ძვალი თავდაპირველად კონსტანტინოპოლში ინახებოდა, მაგრამ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ქალაქის დაცემის (1204) შემდეგ ნაწილები ევროპის მასშტაბით მიმოიფანტა. ხელი, რომელიც ადგილობრივთა მტკიცებით, ნიკოლოზს ეკუთვნოდა, ინახებოდა რომში მდებარე ეკლესიაში, სახელად San Nicola in Carcere („წმინდა ნიკოლოზი საკანში“), რომელიც ძველი მუნიციპალური საპყრობილის ადგილასაა აშენებული. მალევე გაჩნდა ლეგენდები, რომ ამ ციხეში ოდესღაც თავად ნიკოლოზიც იყო დაპატიმრებული.[ეკლესიაში ხშირად მიდიოდნენ დედები საპყრობილეში მყოფი შვილებისთვის სალოცავად, ხოლო მონანიე დამნაშავეებს შესაწირავები მიჰქონდათ.ამის შედეგად, კიდევ უფრო გავრცელდა ნიკოლოზის, როგორც პატიმართა და უდანაშაულოდ ბრალდებულთა მფარველი წმინდანის სტატუსი. საჩვენებელი თითი, რომელიც, გადმოცემით წმინდა ნიკოლოზს ეკუთვნოდა, ინახებოდა რომის ახლოს, ოსტიის გზაზე მდებარე სამლოცველოში. კიდევ ერთი თითი ინახებოდა ლიგურიის პროვინციის ქალაქ ვენტიმილიაში. დღეს ევროპაში, რუსეთში და აშშ-ში მდებარე ბევრი ეკლესია აცხადებს, რომ მათ მფლობელობაში წმინდა ნიკოლოზის ძვლის რაიმე ფრაგმენტია, როგორიცაა კბილი ან თითის ძვალი.

ირლანდიაში გავრცელებულია ლეგენდა, რომ XII საუკუნეში მირადან წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ირლანდიური წარმოშობის ნორმანმა ჯვაროსანმა რაინდებმაც მოიპარეს და დამარხეს თომასტაუნში, კილკენის საგრაფოში. ამ ადგილას ძველი ქვის ფილაც დევს. ირლანდიელი მკვლევარის და ანტიკვარიატის სპეციალისტის, ჯონ ჰანტის მიხედვით, საფლავი, სინამდვილეში, ადგილობრივ მღვდელს ეკუთვნის ჯერპოინტის სააბატოდან.

სამეცნიერო ანალიზი

 როგორც წესი, რიტუალური და სამომლოცველო მნიშვნელობიდან გამომდინარე, წმინდანების ნეშტის ნაწილები ბევრ სხვადასხვა ქვეყანაშია მიმოფანტული. წმინდა ნიკოლოზი ამ მხრივ გამონაკლისია, რადგან მისი ძვლების უმრავლესობა ერთ ადგილას, ბარიში ინახება. მიუხედავად ე.წ. მირონდენის სასწაულისა, რომელიც, თითქოსდა, დღესაც გრძელდება, ბარის ეპარქიის ხელმძღვანელობამ დაუშვა ძვლების ერთი სამეცნიერო კვლევა. 1950-იანი წლების მიწურულს, როცა საძვალეს აუცილებელი სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა, ძვლები 1089 წლის შემდეგ პირველად გარეთ გამოიტანეს. პაპის კომისიამ ბარის უნივერსიტეტის ადამიანის ანატომიის პროფესორს, ლუიჯი მარტინოს ნება დართო, გამოეკვლია ძვლები კომისიის ზედამხედველობის ქვეშ. მარტინომ ათასობით კვლევა ჩაატარა, შეადგინა დეტალური სამეცნიერო ნახაზები, გადაიღო ფოტოები და რენტგენის სურათები. კვლევებმა დაადგინა, რომ ადამიანი, რომელსაც ძვლები ეკუთვნოდა, სიკვდილის მომენტში 70 წელს იყო გადაცილებული და გამხდარი აღნაგობის იყო. აწუხებდა მწვავე ქრონიკული ართრიტი ხერხემლისა და მენჯის არეში.

2004 წელს მანჩესტერის უნივერსიტეტში მკვლევარებმა კეროლინ უილკინსონმა და ფრაკო ინტრონამ მარტინოს კვლევებზე დაყრდნობით წმინდანის სახე აღადგინეს. მონაცემთა ანალიზმა გამოავლინა, რომ ისტორიული წმინდა ნიკოლოზი 168 სანტიმეტრის სიმაღლისა იყო; ცხვირი გატეხილი და ნაწილობრივ შეხორცებული ჰქონდა, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული ტრავმა სიცოცხლეშივე მიადგა. გატეხილი ცხვირი თანხვედრაშია ჰაგიოგრაფიულ გადმოცემებთან მისი ცემისა და წამების შესახებ დიოკლეტიანეს დროს. დოქტორი უილკინსონის და მანჩესტერის უნივერსიტეტის გუნდის მიერ შესრულებული სახის რეკონსტრუქცია აჩვენეს BBC2-ის სატელევიზიო პროგრამაში „სანტას ნამდვილი სახე“ (The Real Face of Santa). 2014 წელს ლივერპულის ჯონ მორსის უნივერსიტეტის სახის ლაბორატორიამ (Face Lab) ნიკოლოზის სახის რეკონსტრუქციის განახლებული ვერსია წარმოადგინა.

2017 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა, პროფესორმა ტომ ჰაიემმა და დოქტორმა ჯორჯ კაზანმა მოახდინეს რადიონახშირბადული დათარიღება მენჯის ფრაგმენტისა, რომელიც, გადმოცემით წმინდა ნიკოლოზს ეკუთვნოდა. ფრაგმენტი საფრანგეთში, ლიონში მდებარე ეკლესიიდან იყო წამოღებული, ტესტირების მომენტში კი მამა დენის ო'ნილის, ილინოისში მდებარე წმინდა მართა ბეთანიელის სახელობის ეკლესიის მღვდლის საკუთრებაში იყო.[80][96][66] დათარიღების შედეგად დადგინდა, რომ მენჯის ფრაგმენტი ჩვ. წ. IV საუკუნისაა (დაახლოებით ამ დროს უნდა გარდაცვლილიყო წმინდა ნიკოლოზიც) და არ წარმოადგენს შუა საუკუნეებში დამზადებულ ნაყალბევს. ძვალი ერთ-ერთი უძველესი ნიმუში იყო მათგან, რაც ოქსფორდის გუნდს ჰქონდა გამოკვლეული.

პროფესორი ჰაიემის თანახმად, მათ მიერ გამოკვლეული ნაწილების უმეტესობა ზედმეტად ახალია იმისთვის, რომ რეალურად ეკუთვნოდეს იმ წმინდანს, რომელსაც მიეწერება, თუმცა, „ძვლის ეს ფრაგმენტი, მათგან განსხვავებით, იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჩვენ, შესაძლოა, სწორედ წმინდა ნიკოლოზის ნეშტს ვუყურებთ“.დოქტორი კაზანის აზრით, შესაძლებელია, რომ მენჯის ეს ნაწილი ეკუთვნოდეს იმავე პიროვნებას, რომლის ძვლებიც ბარიში და ვენეციაშია შენახული, რადგანაც ძვალი, რომელიც მათ გასინჯეს აღებულია მარცხენა ბოქვენიდან, ხოლო ბარიში არსებული ერთადერთი მენჯის ძვალი მარცხენა თეძოს ზედა ნაწილს ეკუთვნის, თუმცა, დნმ-ის ტესტირების გარეშე ამის საბოლოოდ დადგენა შეუძლებელია.

თაყვანისცემა და დღესასწაულები

 

საბერძნეთსა და იტალიაში წმინდა ნიკოლოზის კულტი პოპულარულია მეზღვაურებში, მეთევზეებში და ზოგადად, საზღვაო-სანაოსნო საქმეში. ამის შედეგად, დროთა განმავლობაში იგი ბევრი საპორტო ქალაქის მფარველი წმინდანი გახდა. საუკუნეთა განმავლობაში ბერძნულ ფოლკლორში იგი „ზღვების მბრძანებლად“ მიიჩნეოდა და თანამედროვე ბერძენი მკვლევარები მას ხშირად ახასიათებენ, როგორც პოსეიდონის ქრისტიანიზებულ ვერსიას. თანამედროვე საბერძნეთში იგი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანია და 6 დეკემბერი ბევრ ქალაქში აღინიშნება, როგორც მფარველი წმინდანის ხსენების დღე. ასევე, ითვლება მთლიანად საბერძნეთის და განსაკუთრებით, საბერძნეთის საზღვაო ძალების მფარველ წმინდანად.

აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში წმინდა ნიკოლოზი მოიხსენიება ყოველ ხუთშაბათს (თორმეტ მოციქულთან ერთად) და მასთან დაკავშირებული საგალობლები ამ დღესთან დაკავშირებულ ლიტურგიკულ მსახურებაში, რვახმათა წიგნში მოიპოვება. მირადან ბარიში მისი ნეშტის გადატანიდან მალევე ამ დაიწერა ჰაგიოგრაფიული ნაშრომი მისი ცხოვრების შესახებ რუსულ ენაზე, სადაც ამ გადატანის ამბავიცაა მოთხრობილი. ნაშრომის ავტორი, სავარაუდოდ, მოვლენათა თანამედროვე იყო.

წმინდა ნიკოლოზის სახელზე არსებობს დაუჯდომელი და სხვა სახის კანონიკური ლოცვები, რომლებიც ხშირად იკითხება შემწეობის მომლოდინე მორწმუნეთა მიერ. იგი მოიხსენიება კვეთის დროს მართლმადიდებლურ ლიტურგიაში, ასევე, ღამისთევის დროს. მართლმადიდებლურ ტაძრებში, როგორც წესი, არის მისი ხატი, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა აშენებული ეკლესია. კოპტური მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზის გარდაცვალების დღეს კოიაკის თვის 10 (ეთიოპიური კალენდრის მიხედვით, ტაჰსასის 10) რიცხვში აღნიშნავს, რომელიც იულიუსის კალენდრით 6, ხოლო გრიგორიანული კალენდრით 19 დეკემბერს ემთხვევა.

არსებობს ბევრი გადმოცემა, რომელიც წმინდა ნიკოლოზის მიერ საჩუქრების საიდუმლოდ გაცემის ჩვევას უკავშირდება, როგორიცაა მონეტების ჩაყრა გარეთ დატოვებულ ფეხსაცმელებში. ამის გამო, 6 დეკემბერს ფეხსაცმელების გარეთ დატოვების ტრადიცია ბევრ ქვეყანაში არსებობს. იქ, სადაც ჯერ კიდევ იულიუსის კალენდარი მოქმედებს, აღნიშნული დღესასწაული ცამეტი დღით გვიან აღინიშნება.

მონაკოში არსებული ღვთისმშობლის სახელობის კათედრალი 1874 წელს, 1252 წელს აგებული ძველი ეკლესიის ადგილზე ააშენეს, რომელიც წმინდა ნიკოლოზის სახელობისა იყო. ყოველი წლის 6 დეკემბერს ამ კათედრალში ბავშვებისთვის მესა იმართება.

გვიანი შუა საუკუნეების ინგლისში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს იმართებოდა „ეპისკოპოსი ბიჭუნას“ დღესასწაული, რომლის დროსაც ახალგაზრდები მღვდლებისა და ეპისკოპოსების როლს თამაშობდნენ და უფროსებისთვის ბრძანებების მიცემა შეეძლოთ. დღესაც, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანაში წმინდა ნიკოლოზის დღესთან დაკავშირებით არსებობს მოწყალების გაცემის ტრადიციები. შუა საუკუნეებში ქრისტიანი მონაზვნები გაჭირვებულთა სახლებთან საკვებითა და ტანსაცმლით სავსე კალათებს ანონიმურად ტოვებდნენ, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღნიშნულ ტრადიციებს. სხვა წყაროს თანახმად, ისტორიული ნიდერლანდების მცხოვრები ყოფილი მეზღვაურები (რომლებიც, იმ პერიოდში, პრაქტიკულად მამრობითი სქესის მთელ მოსახლეობას წარმოადგენდნენ) ნავსადგურებში იკრიბებოდნენ და წმინდანის პატივსაცემად გამართულ საეკლესიო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. სახლებში დაბრუნებისას გზად შეივლიდნენ სპეციალურად მოწყობილ „ნიკოლოზის ბაზრებში“, სადაც ყიდულობდნენ ძნელად საშოვნ ნივთებს, საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის. ყველა საჩუქარი ადრესატს შობას გადაეცემოდა, გარდა ბავშვებისა, რომლებსაც საჩუქრებს იმავე დღეს აჩუქებდნენ. ამ ტრადიციამ და ლეგენდამ წმინდანის მიერ სამი ბავშვის გაცოცხლების შესახებ ნიკოლოზი ბავშვების, ხოლო მოგვიანებით, ასევე, მოსწავლეების მფარველ წმინდანად აქცია.[103] წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს საჩუქრების დატოვების ტრადიცია ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაშია პოპულარული, რასაც უკავშირდება ბავშვების მიერ დერეფნებში ფეხსაცმელების დატოვება, რათა მათში წმინდა ნიკოლოზმა საჩუქრები დატოვოს.სანტა კლაუსი წარმოიშვა ნიდერლანდებში გავრცელებული წმინდა ნიკოლოზთან (Sinterklaas). ახალი ამსტერდამის კოლონიის დაარსებისას ჰოლანდიელებმა აღნიშნული ტრადიციები და ნიკოლოზთან დაკავშირებული ლეგენდები ამერიკაში ჩაიტანეს.ჰოვარდ ჰეიგმენი, ნიუ-ბრუნსუიკის თეოლოგიური სემინარიიდან, ამტკიცებს, რომ ზინტერკლაასის ტრადიციები ჰადსონის ხეობის ადრეულ დასახლებებშიც არსებობდა, თუმცა XIX საუკუნისთვის დავიწყებას მიეცა.სენტ-ნიკოლასის პარკი, რომელიც სენტ-ნიკოლასის ავენიუს და 127-ე ქუჩის კვეთაზე მდებარეობს, ჰოლანდიელი ფერმერების ძველი ნამოსახლარების ადგილასაა მოწყობილი და წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებს.

ნიკოლოზი აღნიშნულია ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების კალენდარშიც და მისი ხსენების დღე აქაც 6 დეკემბერია.

წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული საეკლესიო დღესასწაულები

  • 1 აპრილი – მირადან ბარისკენ ნეშტის გამგზავრების დაწყება, 1087
  • 9 მაისი – მირადან ბარიში ნეშტის გადასვენება, 1087
  • 10 მაისი – ნეშტის გავლა ზაკინთოსის კუნძულზე 1087 წელს, ბარისკენ მიმავალ გზაზე
  • 20 მაისი – ნეშტის ბარიში ჩასვლა
  • 29 ივლისი – დაბადების დღე
  • 6 დეკემბერი – გარდაცვალება
 
წმინდა ნიკოლოზი, ვაჭრების მფარველი წმინდანი. 
 

წმინდა ნიკოლოზი პოპულარული საგანია მართლმადიდებლურ ხატწერაში, განსაკუთრებით, რუსეთის და სერბეთის ეკლესიებში. ის გამოისახება, როგორც მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, შემოსილი ომოფორით და სახარებით ხელში. ზოგჯერ მის თავს მოსავს მართლმადიდებლური მიტრა, ხოლო სხვაგან თავშიშველია. იკონოგრაფიულად იგი გამოისახება, როგორც ასაკოვანი მამაკაცი მოკლე, სრული თეთრი წვერით და გამელოტებული თავით. იმ სასწაულთან დაკავშირებით, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ნიკეის კრების შემდეგ მოხდა, მის მარცხენა მხართან ზოგჯერ გამოისახება ქრისტე სახარებით ხელში, ხოლო მარჯვენა მხართან ღვთისმშობელი, ომოფორით ხელში. მეზღვაურების მფარველობის გამო, ზოგჯერ გამოისახება ნავში, ზღვაში გადავარდნილი მეზღვაურების გადარჩენის პროცესში.

ბარიში არსებული წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებებში იგი მუქი კანითაა გამოსახული, სავარაუდოდ, მისი უცხოური წარმომავლობის აღსანიშნავად.მისი უცხოობის აღნიშვნის მიზანი შეიძლება ბარის რეპუტაციის ზრდა ყოფილიყო იმით, რომ ქალაქმა შორეულ ქვეყანაში დაბადებული წმინდანის მფარველობა მოიპოვა. კათოლიკურ ხატწერაში წმინდა ნიკოლოზი გამოისახება, როგორც ეპისკოპოსი შესაბამისი ინსიგნიებით: შესამოსლით, მიტრითა და კვერთხით. სამ ქალიშვილთან დაკავშირებული ეპიზოდის აღსანიშნავად ხშირად მის ხელში გამოსახავენ სამ ქისას, სამ მონეტას ან სამ ოქროს ბურთულას. ხატებზე ზოგჯერ გამოსახულია გემები, ბავშვები ან სამი ფიგურა, რომელიც ხის კასრიდან ამოდიან (ბავშვები, რომლებიც მან, ლეგენდის მიხედვით, მკვდრეთით აღადგინა).

უცნაურია, მაგრამ ზოგიერთ ხატზე წმინდანის ხელში გამოსახული სამი ოქროს ბურთულა ზოგ ადგილას გაგებულ იქნა, როგორც ფორთოხალი ან რაიმე სხვა ხილი. ისტორიულ ნიდერლანდებში და ჩრდილოეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ფორთოხალი ესპანეთს უკავშირდებოდა, რის გამოც გაჩნდა რწმენა, რომ წმინდანი ესპანეთში ცხოვრობდა, ზამთრობით ნიდერლანდებს სტუმრობდა და მოჰქონდა ფორთოხლები და სხვა „ზამთრის“ ხილი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის