USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
Tbilisi
„ქართული ოცნება“ განმარტავს, რა კრიტერიუმებს ეყრდნობა პარტიების აკრძალვის თაობაზე მათ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი
Date:  677

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში ვუზრუნველყოფდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. ამ დაპირების შესასრულებლად დემოკრატიული მანდატი 1 120 000-მა ამომრჩეველმა მოგვცა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დროს განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სარჩელში, „სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას”.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში ვუზრუნველყოფდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. 1 120 000-მა ამომრჩეველმა ამ დაპირების შესასრულებლად მოგვცა მისი დემოკრატიული მანდატი.

ამ სახალხო მანდატის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 1 აპრილის დადგენილებებით შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც 6 თვიანი მუშაობის პერიოდში, პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება. კომისიის თითქმის 500 გვერდიანი დასკვნის განხილვის საფუძველზე 2025 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და გაიზიარა კომისიის მიგნებები. ამით, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დაკავშირებული პარტიების ქმედებებს 2003-2025 წლებში.

დღეს კი, ვიწყებთ ჩვენი დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“

ამასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაისთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება.

ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას. შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს.

სამართლებრივი დასაბუთება -

კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს:

  1. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა
  2. ადამიანის უფლებების ხელყოფა

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ელემენტია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები, რომელთა სისტემური დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაა. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი, კერძოდ

პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამების პრაქტიკის დანერგვით,

მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის პრაქტიკის დანერგვით,

პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვით,

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფი პრაქტიკის დანერგვით,

ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის პრაქტიკის დანერგვით.

  1. საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.

1) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

2) 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა.

3) 2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ.

4) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

5) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

6) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას.

ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-2025 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობა.

არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადყოფს.

ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა ყველა არაკონსტიტუციურმა პარტიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა.

  1. საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
  2. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. კერძოდ, 2004-2008 წლებში საომარ რიტორიკასთან და კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

  • 2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა.
  • 2006 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხეობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეწოდა „ზემო აფხაზეთი“.
  • 2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრებიც მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შესძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო.
  • 2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები.
  • აღნიშნული ქმედებების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმედებებით ესკალაციის ახალ, „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“ გადაყვანა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას კი „საპასუხო იერიში“ უწოდა.

ამრიგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც.

  1. 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა.

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.

  • საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობასთან ერთად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც ხორციელდება; კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს

  • ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს,
  • ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელ ქმედებებს,
  • საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.

ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურმა პარტიამ და სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი მცდელობა.

სასარჩელო მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის რამდენიმე არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.

ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას, ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განმსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ, იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით:

- რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება,

- რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.

შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):

− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,

− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,

− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:

- აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.

- აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ.

ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულოებში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები.

ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way