USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
“ქართული ოცნება” – 25%, ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 15.5% – IPSOS-ის კვლევის შედეგები
თარიღი:  661

საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A.-მ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაკვეთით საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. კვლევაში დასმული ძირითადი შეკითხვები შეეხებოდა მოსახლეობის ამჟამინდელ განწყობებს პოლიტიკური პარტიების, სოციალური და ეკონომიკური საკითხების მიმართ.

“მთავარი არხის” თანახმად, კითხვაზე, მომავალ კვირას რომ იმართებოდეს საპარლამენტო არჩევნები, ვის მისცემდნენ ხმას, რესპოდენტების პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • “ქართული ოცნება” – 25 %
  • “ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 15.5 %
  • “ევროპული საქართველო” – 5 %
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3 %
  • “ლეიბორისტული პარტია” – 3 %
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3 %
  • “გირჩი” – 2.5 %
  • “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 2.5 %
  • “ლელო საქართველოსთვის” – 2 %
  • “მოქალაქეები” – 1.5 %
  • “თავისუფალი საქართველო” – 1 %
  • სხვა პარტიები – 3 %
  • არ ვიცი – 19 %
  • უარი პასუხზე – 14 %

ასევე, იგივე კითხვის დასმისას ალოკაციით მიღებული შედეგებით, “ქართულ ოცნებას” – 38%, ენმ და გაერთიანებულ ოპოზიციას – 26%, “ევროპულ საქართველოს” – 9%, “სტრატეგია აღმაშენებელს” – 5%, “ლეიბორისტულ პარტიას” – 4%, “პატრიოტთა ალიანსს” – 4%, “გირჩს”, “ერთიანი საქართველო – დემოკრატიულ მოძრაობას” და “ლელოს” გამოკითხულთა 3-3%, “მოქალაქეებს” – 2″, “თავისუფალ საქართველოს” – 1%, ხოლო სხვა პარტიებს 2% მისცემდა ხმას. [ალოკაციის მეთოდით კვლევის ჩატარებისას რესპოდენტები არ ასახელებენ ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსი დაკვირვების შედეგად ხვდება შესაძლო ვარიანტს და კვლევაში უთითებს”]

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების შედეგად, გამოკითხულთა 12%-ის აზრით ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, მაღალი ალბათობით შეიცვლება 29%-ის აზრით, სავარაუდოდ იგივე დარჩება 28%-ის აზრით და აუცილებლად იგივე დარჩება 17%-ის აზრით.

კვლევისას დასმულ შეკითხვაზე “გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვლოს”, 57%-მა დადებითი პასუხი გასცა, 26%-მა კი უარყოფითი.

კითხვაზე, რომელი პარტიები უნდა იყოს არჩევნების შემდეგ პარლამენტში აუცილებლად, გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 28%
  • “ქართული ოცნება” – 23.5%
  • “ევროპული საქართველო 23%
  • “ლეიბორისტული პარტია” – 17.5%
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 17%
  • “მოქალაქეები” – 15%
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 15%
  • “ლელო” – 14.5%
  • “გირჩი” – 7.5%
  • “თავისუფალი საქართველო” – 7%
  • “ერთიანი საქართველო” – 6.5%

აღნიშნულ კითხვაზე რესპოდენტებს ერთდროულად რამდენიმე პარტიის დასახელება შეეძლოთ.

რაც შეეხება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კმაყოფილიებას, გამოკითხულთა 8%-მა უპასუხა რომ კმაყოფილია, მეტნაკლებად კმაყოფილია 34%, მეტნაკლებად უკმაყოფილოა 23%, ხოლო უკმაყოფილოა 35%.

კვლევის ავტორებმა რესპოდენტებს ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლის შეფასებაც სთხოვეს, რაზეც პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ძალიან დადებითად შეაფასა 10%-მა, მეტნაკლებად დადებითად 30%-მა, მეტნაკლებად უარყოფითად 20%-მა, ძალიან უარყოფითად კი 32%-მა.

კვლევის ფარგლებში იდენტური შეკითხვა დაისვა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაშიც, რაზე 18%-მა უპასუხა, რომ სააკაშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში ძალიან დადებითად აფასებს, მეტნაკლებად დადებითად შეაფასა 32%-მა, მეტნაკლებად უარყოფითად – 16%-მა, ძალიან უარყოფითად კი 25%-მა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა 2004-2012 წლებში დადებითად შეაფასა რესპოდენტების 31%-მა, მეტნაკლებად დადებითად – 38%-მა, მეტნაკლებად უარყოფითად – 11%-მა, უარყოფითად კი 13%-მა.

ხელისუფლების როლი 2012-2020 წლებში დადებითად შეაფასა 9%-მა, მეტნაკლებად დადებითად – 41%-მა, მეტნაკლებად უარყოფითად – 19%-მა, უარყოფითად კი 27%-მა.

ამასთან, კვლევის ავტორებმა რესპოდენტებს სთხოვეს შეედარებინათ ბოლო ორი ხელისუფლების საქმიანობა, რაზეც 37%-მა უპასუხა, რომ 2004-2012 წლებში ხელისუფლება უკეთესი იყო, 17%-ის აზრით კი ხელისუფლება უკეთესია 2012-2020 წლებში. გამოკითხულთა 34%-ის შეფასებით ორივე ხელისუფლება ერთნაირია, 7% კი ფიქრობს, რომ არც ერთი არ ვარგა.

კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, 34%-მა უპასუხა, რომ ქვეყანა არასწორი კუთხით ვითარდება, 26% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • დასაქმება – 64%
  • ეკონომიკა – 50%
  • სიღარიბე – 47.5%
  • ფასების ზრდა – 38%
  • ჯანდაცვა – 33.5%
  • პენსიები – 29.5%
  • ლარის გაუფასურება – 25%
  • კრიმინალი – 25%
  • კორუფცია – 13%
  • უსაფრთხოება – 10.5%
  • დემოკრატია – 7%
  • სიტყვის თავისუფლება – 6%
  • საგარეო პოლიტიკა – 4.5%

აღნიშნულ კითხვაზე რესპოდენტებს რამდენიმე პრობლემის ერთად დასახელება შეეძლოთ.

კვლევის ფარგლებში რესპოდენტებმა ასევე უპასუხეს კითხვას: როგორი იყო ჯანდაცვის მიმართულებით მიღებული ზომები კორონას პანდემიის პირობებში. გამოკითხულთა 18%-ის აზრით ამ მიმართულებით მიღებული ზომები ძალიან კარგი იყო, 25%-ის თქმით, მეტნაკლებად კარგი, საშუალო და მეტნაკლებად ცუდი იყო 16-16%-ის აზრით, 17%-ის შეფასებით კი მიღებული ზომები ძალიან ცუდი იყო.

კითხვაზე, როგორი იყო ეკონომიკის მიმართულებით მიღბული ზომები კორონას პანდემიის პირობებში, 6%-მა უპასუხა, რომ ეს ზომები “ძალიან კარგი” იყო. 15%-მა “მეტნაკლებად კარგი”, 12.5%-მა “საშუალო”, 20%-მა “მეტნაკლებად ცუდი”, 41%-მა კი “ძალიან ცუდი” უპასუხა.

ასევე გამოკითხულთა 2%-ის თქმით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, 9%-ის თქმით, მეტნაკლებად გაუმჯობესდა, იგივე დარჩა 43%-ის შეფასებით, მეტნაკლებად გაუარესდა 25.5%-სთვის და გაუარესდა 21%-სთვის.

შეკითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ყველაზე ეფექტიანად მოგვარებას, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • “ქართული ოცნება” – 19%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 18%
  • “ევროპული საქართველო” – 5%
  • “ლელო” – 2.5%
  • “ლეიბორისტული პარტია” – 2%
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 2%
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 1.5%
  • “გირჩი” – 1.5%
  • “ერთიანი საქართველო” – 1%
  • “მოქალაქეები” – 1%

“მთავარი არხის” საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა 2020 წლის 10-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში IPSOS-მა 1500 რესპოდენტი გამოკითხა, რომელთაც გამოკითხვის ჩატარების ადგილას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. კვლევა სტრატიფიცირებული შემთვევითი შერჩევისა და პირისპირ ინტერვიუს პრინციპით ჩატარდა. ცდომილების ფარგლები +- 2,5%-ია.

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის