USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ქართულ-გერმანული ურთიერთობები 1918-1921 წლებში
Date:  

ავტორი : გიორგი ასტამაძე

1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დადების შემდეგ გერმანიის იმპერიასა და ბოლშევიკებს შორის, კავკასიის საკითხმა განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა და მსოფლიო ომის მოკავშირეები გერმანია და ოსმალეთი განხეთქილების ზღვარზე მიიყვანა.

პირველ ეტაპზე, გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობა და აღმოსავლეთის ოპერაციების მეთაური ლუდენდორფი ოსმალეთში მყოფი მისი გენერლის ფონ ზეექტის გავლენით მხარს უჭერდა კავკასიაზე და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენზე პირდაპირ თურქული გავლენის დამყარებას. ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფონ კიულმანის მეთაურობით, რომელიც თვლიდა, რომ კავკასიის ქრისტიანულ ნაწილზე თურქეთის გავლენა პირდაპირი საფრთხის შემცველი იქნებოდა გერმანიისთვის, რადგან შეიძლებოდა რეგიონი ინგლისელთა ხელში აღმოჩენილიყო. ასევე, დიდი ალბათობა არსებობდა ახალგაზრდა თურქების მხრიდან სომეხთა მკვლელობების გაგრძელების, რაზეც მსოფლიო პასუხისმგებლობას გერმანიის იმპერიას დააკისრებდა.

აპრილის თვეში ლუდენდორფის მიდგომა საკითხისადმი თანდათან შეიცვალა, რაშიც თავისი წვლილი გერმანელი კოლონისტების კავკასიაში ყოფნამაც შეიტანა. ლუდენდორფი კავკასიიდან მოელოდა სამ რამეს:

 

1. ომისათვის საჭირო ნედლეულის მიღებას (ბაქოს ნავთობი და ჭიათურის მანგანუმი).

2. ქართული არმიის ჩამოყალიბებას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში უნდა ებრძოლა გერმანელების მხარეზე და უზრუნველეყო წესრიგი ადგილზე.

3. გეოგრაფიული ტრამპლინის მოპოვებას სამომავლოდ თურქესტანსა და ინდოეთში ინგლისელების წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

 

აქედან გამომდინარე, ლუდენდორფი აპრილის ბოლოს თვლიდა, რომ ოსმალებს უნდა გადასცემოდათ არა მთლიანი კავკასია ახლო აღმოსავლეთში დაკარგული არაბული მიწების საკომპენსაციოდ, არამედ მხოლოდ ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გათვალისწინებული მიწები მდინარე ჭოროხამდე, ბათუმი კი გერმანელების პროტექტორატის ქვეშ მყოფ საქართველოს უნდა დარჩენოდა.

საკუთარი გავლენის სფეროდ კავკასიაში გერმანელებს საქართველო სურდათ. ეს გამოწვეული იყო როგორც მისი სტრატეგიული მდებარეობით, ასევე უდავოდ იმ რამდენიმეწლიანი შრომით, რაც გერმანიაში არსებულმა ქართულმა კომიტეტმა გასწია პირველი მსოფლიო ომის დროს, რითაც საკმაოდ აამაღლა საქართველოს ცნობადობა გერმანიის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში.

გერმანიამ, მაისის დასაწყისში, ბათუმის მოლაპარაკებებზე კავკასიელებსა და თურქებს შორის, გამოგზავნა საკუთარი წარმომადგენელი - ბავარიელი გენერალი ოტო ფონ ლოსოვი, აქამდე პროთურქული განწყობილებებით ცნობილი. თურქების საქციელმა, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობდნენ კავკასიელებთან პირისპირ დარჩენას მათ გამოუვალ მდგომარეობაში ჩასაყენებლად, გერმანელი წარმომადგენლის დაბლოკვას, მისთვის სატელეგრაფო თუ სხვა სახის კომუნიკაციის დახშობას, ლოსოვის დამოკიდებულებების რადიკალური ცვლილება გამოიწვია. ლოსოვი ამ დროიდან აშკარად მხარს უჭერდა კავკასიაში პირდაპირი ხაზით გერმანული ინტერესების გატარებას თურქების ჩარევის გარეშე. სწორედ მისი და ამიერკავკასიის წარმომადგენელ აკაკი ჩხენკელის წაქეზებით დაიბადა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბერლინში კი გაჩნდა იდეა კავკასიაში ექსპედიციის გაგზავნის თაობაზე.

გერმანიის იმპერიის სამხედრო მეთაურობასა და საგარეო განყოფილებას შორის არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა კავკასიაში სამხედრო ექსპედიციის გაგზავნასთან დაკავშირებით. საგარეო განყოფილება და კერძოდ მინისტრი ფონ კიულმანი ეწინააღმდეგებოდა მისიის გაგზავნას იმ მოტივით, რომ არ სურდა ძალების გადასროლა იმ ადგილებში, სადაც ომის შემდეგ გერმანია ვერ შეძლებდა პოზიციების შენარჩუნებას. ის გერმანელ სამხედროებს „ნაპოლეონიზმში“ ადანაშაულებდა. ამის მიუხედავად, ლუდენდორფმა და სამხედრო ელიტამ თავისი გაიტანა, რაშიც ბათუმის კონფერენციამ, ფონ ლოსოვის დამოკიდებულების ცვლილებამ და ქართველთა მიერ შეთავაზებულმა საქართველოს გერმანიის პროტექტორატად გამოცხადების იდეამ, თავისი როლი ითამაშა. გადაწყდა მისიის გამოგზავნა, რომელსაც საგარეო დეპარტამენტისადმი მიცემულ განმარტებაში, ოფიციალურად ევალებოდა კავკასიის სუსტი არმიის საბრძოლო სწავლების ხელშეწყობა.

1918 წლის 8 ივნისს ფოთს ეწვია მისიის პირველი ნაწილი კაპიტან იენო ედვარდ ფონ ეგან-კრიგერის მეთაურობით. ექსპედიციის ხელმძღვანელად დანიშნული ბავარიელი გენერალ-მაიორი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი 23 ივნისს ჩამოვიდა თბილისში თავისი შტაბით. მისიის ლეგაციის მდივანი იყო ქართველთათვის კარგად ნაცნობი ფრიდრიხ შულენბურგი, რომელსაც მეფის რუსეთის დროს თბილისში გერმანიის იმპერიის კონსულად ჰქონდა ნამუშევარი, მსოფლიო ომისას კი ოსმალეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული ლეგიონის ერთერთი მეთაური იყო. მისიაში ასევე შედიოდა გერმანიის ავღანური ექსპედიციიდან ცნობილი პროფესორი ერნსტ ცუგმაიერი. საქართველოს მხრიდან მისიასთან ურთიერთობა სოციალ-დემოკრატულმა ხელისუფლებამ დაავალა სპეციალურ წარმომადგენელს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ დათა ვაჩნაძეს. გერმანიაში კი საქართველოს წარმომადგენლად გაიგზავნა გერმანიაში განათლებამიღებული დოქტორი ვლადიმერ ახმეტელი, მისი მდივანი იყო ალექსანდრე გოზალიშვილი, ხოლო სამხედრო ატაშე გიორგი კერესელიძე. საქართველოს დამოუკიდებლობის არასრული სამი წლის განმავლობაში ვლადიმერ ახმეტელი რჩებოდა საქართველოს უცვლელ წარმომადგენლად გერმანიაში.

გერმანიის კავკასიურმა ექსპედიციამ, რომელიც 1919 წლის იანვრამდე გაგრძელდა, დადებითი როლი ითამაშა ქვეყნის სტაბილიზაციის საქმეში. ექსპედიცია თითქმის მთლიანად ბავარიული ჯარებისგან შედგებოდა და მისმა რაოდენობამ მაქსიმუმს, დაახლოებით 19 ათასს, მიაღწია სექტემბერში. სამხრეთ საქართველოში, აფხაზეთში, ზოგჯერ მოკავშირე ოსმალების წინააღმდეგაც კი, გერმანელები და ქართველები ერთად იბრძოდნენ. ურთიერთობები რომ კარგად აეწყო ორ მხარეს შორის, ამის შესახებ წერდნენ როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია, ასევე გერმანული მისიის ხელმძღვანელი ფონ კრესი. კრესმა იმდენად კარგი სახელი დატოვა საქართველოში, რომ მოგვიანებით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას, ქართველებს დიდი სურვილი ჰქონდათ საქართველოში გერმანიის ელჩად სწორედ კრესი დანიშნულიყო.

ცალკე საკითხია, რამდენად შეასრულა ექსპედიციამ ფუნქციები პოლიტიკური თავლსაზრისით. საქართველოში ძლიერი არმიის შექმნა მოკლე ვადებში ვერ მოხერხდა. გერმანიის მოლოდინი კავკასიის რესურსებზე იმთავითვე გადაჭარბებული იყო და ბაქოს ხელიდან ხელში გადასვლის გამო 1918 წელს დიდი მოგება ამ თვალსაზრისით არ უნახავთ. ომში დამარცხებიდან გამომდინარე კი არც ტრამპლინად გამოადგა კავკასია ინგლისთან საომრად. საქართველოსთვის, ნაწილობრივ სომხეთისთვისაც, მისია ცალსახად სასარგებლო იყო ოსმალების შემოტევებისგან თავდასაცავად და მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის. თანაც ამ მისიის გამოგზავნა ფაქტიურად ნიშნავდა საქართველოს დე ფაქტო აღიარებას გერმანიის მხრიდან. 23 სექტემბერს დიდვეზირ თალაათ ფაშასთან გაფორმებული ფარული შეთანხმების შემდეგ გერმანიის იმპერიამ ზეგავლენა დაამყარა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენზე და საქართველო უკვე ოსმალეთის აღიარებითაც გერმანიის მფარველობაში გადავიდა. იურიდიულ აღიარებამდე საქმე აღარ მივიდა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების გამო.

საქართველოდან გერმანიის კავკასიური ექსპედიციის გასვლის შემდეგ, ბუნებრივია, ურთიერთობების სიხშირემ იკლო. საქართველოში გერმანული მისიის არარსებობის პირობებში ინფორმაციის მოპოვება ევალებოდათ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს (შულენბურგი, ნადოლნი, ვეზენდონკი), რომელთაც კავკასიის საკითხებში კომპეტენცია ჰქონდათ. ინფორმაციის მოპოვება ხდებოდა ვიზიტებით, კავკასიელი გერმანელებისგან, სტუმრად ნამყოფი მრეწველებისგან, აგენტურისგან და ა.შ. 1919 წელს მნიშვნელოვანი საკითხი იყო გერმანული ექსპედიციის წარმომადგენელთა მშვიდობიანად დაბრუნება გერმანიაში, რაც ივნისამდე გაიწელა კუნძულ პრინკიპოზე ბრიტანელთა მიერ მათი დროებით დაპატიმრების გამო. ვაიმარის რესპუბლიკის საგარეო განყოფილება მიიჩნევდა, რომ გერმანული ექსპედიციის ყოფნის ხარჯები კავკასიაში, ასევე საქართველოსთვის რამდენჯერმე გაწეული მატერიალური დახმარება საქართველოს რესპუბლიკას უნდა აენაზღაურებინა ფულადი სახით ახლა, როცა გერმანიას თავად გაუჭირდა. ამაზე საქართველოს წარმომადგენელი ვლადიმერ ახმეტელი დასაბუთებულ უარს აცხადებდა საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

უნდა აღინიშნოს, რომ ომის შემდეგ გერმანიაში არსებული უმძიმეს სოციალურ ფონზეც კი, გერმანელებს არ აუღიათ ხელი კავკასიაში საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური გაფართოების იდეაზე. ისინი თვლიდნენ, რომ საქართველო იმ იშვიათ ქვეყნებს მიეკუთვნებოდა მსოფლიოში, სადაც გერმანელებს კარგი რეპუტაცია და ნიადაგი ჰქონდათ შენარჩუნებული სამომავლო ეკონომიკური თუ პოლიტიკური საქმიანობისთვის. ამ ვითარების გამოყენებას ცდილობდა ვლადიმერ ახმეტელი საქართველოსთვის გერმანიის მხრიდან იურიდიული აღიარების მოსაპოვებლად.

გერმანული მისიის გახსნის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობდა საქართველოში მცხოვრები ცნობილი გერმანელი პუბლიცისტი არტურ ლაისტი 1920 წელს საგარეო განყოფილებისთვის გაგზავნილ რამდენიმე წერილში, სადაც საქართველოში არსებული ვითარების შესახებ აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას. 1920 წლის ზაფხულისთვის მომწიფდა საქართველოში გერმანული მისიის გახსნის იდეა. აგვისტოში თბილისში გერმანიის წარმომადგენლად გაიგზავნა დიპლომატი, ორიენტალისტი და ბიზანტინისტი, კავკასიის მცოდნე ერნსტ ფონ დრუფელი, რომლის მუშაობის დროსაც, 1920 წლის 24 სექტემბერს, გერმანიამ დე იურე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. მალევე შეირჩა ელჩის კანდიდატურა სოციალ-დემოკრატ ულრიხ რაუშერის სახით, რომელიც თბილისში დეკემბერში შეუდგა მოვალეობების შესრულებას და საქართველოს მთავრობის ევაკუაციამდე 1921 წლის მარტში, მის გვერდით იმყოფებოდა. ბოლშევიკური ანექსიის შემდეგ რაუშერი დარჩა ქვეყანაში და თითქმის ერთი წლის განმავლობაში გასაბჭოებულ საქართველოში აგრძელებდა საქმიანობას, ვიდრე 1922 წლის დასაწყისში არ გადაწყდა მისი უკან გაწვევა.

ფოტო: ქართული დელეგაცია ბერლინში.

სხედან, მარცხნიდან: ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი.

დგანან: სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი, მიხაკო წერეთელი.

წყარო:https://german-georgian.archive.ge/ka/blog/5

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way