USD 2.6104
EUR 2.9933
RUB 3.1028
Tbilisi
"პუტინს უკვე დაუცდა ფეხი. იდეალური განტევების ვაცი იქნებოდა“ - რობერტ სერვისი, სტალინის, ლენინისა და ტროცკის ბიოგრაფი
Date:  1846

 

ბრიტანელი ისტორიკოსი რობერტ სერვისი
 

"თუ ომის საქმე ცუდად წავა და განტევების ვაცის პოვნა გახდება საჭირო, პუტინი იდეალური განტევების ვაცი იქნებოდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლენინის, სტალინის, ტროცკისა და ნიკოლოზ მეორის ბიოგრაფი, ბრიტანელი ისტორიკოსი, რობერტ სერვისი.  ინტერვიუ პუტინის არჩევნებით დაიწყო, რომელიც 15-17 მარტს ტარდება. 

რადიო თავისუფლება: სარკასტულ ნოტაზე დაწყებისთვის მომიტევეთ, მაგრამ უნდა გკითხოთ: ხმათა რა პროცენტს აიღებს ვლადიმირ პუტინი ამ არჩევნებში - 100 პროცენტზე ნაკლებს, ზუსტად 100 პროცენტს, თუ 100 პროცენტზე მეტს?

პროფ. რობერტ სერვისი: [იცინის] ღმერთმა უწყის. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რის გაკეთებას გადაწყვეტს პუტინის ადმინისტრაცია, რომელიც ყოვლად უსირცხვილო ადამიანებისგან შედგება. შესაძლოა, მთლად ისეთი ნამუსგარეცხილებიც არ არიან, როგორც სადამ ჰუსეინი, მაგრამ ბევრიც არ უკლიათ და მათი წარსული „მიღწევები“ არჩევნების შედეგების გაყალბების საქმეში ჭეშმარიტად ექსტრაორდინარულია.

რადიო თავისუფლება: თქვენ წერთ, რომ რუსეთის წარსული პლასტილინივითაა პუტინის ხელში - რასაც სურს, იმას გამოძერწავს. რუსეთის მომავალზეც თუ შეიძლება იგივეს თქმა?

პროფ. რობერტ სერვისი: მხოლოდ უგუნური ან შარლატანი თუ დაიწყებს მტკიცებას, რომ იცის, როგორი იქნება მომავალი. ვინ იფიქრებდა 1916 წელს, რომ რუსეთის მომავალი, 70 წელზე მეტხანს, კომუნისტებს ჩაუვარდებოდათ ხელში? დღევანდელი რუსეთის მომავალი - ეს მყიფე მომავალია. ის ფაქტი, რომ პუტინმა თავის თავს მოარგო კონსტიტუცია, მისი უკიდურესობამდე მისული ავტოკრატია და ის, რომ რუსული პოლიტიკა დღეს უშუალოდ მის პერსონასთან იგივდება, ნიშნავს, რომ პუტინი მოწყვლადი ხდება თავიდან მოცილების ახალი მეთოდების მიმართ: საზოგადოებრივი უთანხმოების აფეთქება იქნება ეს თუ ელიტებში დაგროვილი ბრაზის ამოხეთქვა, პუტინის პერსონის ამ ზომამდე გაიგივება რუსეთის ბედ-იღბალთან და მომავალთან ორივეს რეალურ სცენარად აქცევს .

რადიო თავისუფლება: რა არის საჭირო იმისთვის, რომ რუსეთში რამე შეიცვალოს? 2007 წელს, უკრაინის ომამდე დიდი ხნით ადრე, და აგვისტოს ომამდეც, ბორის ბერეზოვსკი - კაცი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღოდა პუტინის გაპრეზიდენტებაში, ამბობდა: რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი მხოლოდ ძალის გამოყენებით თუ შეიძლება შეიცვალოსო... როგორ ფიქრობთ, ხომ არ გვაჩვენა დრომ, რომ ბერეზოვსკი მართალი იყო?

პროფ. რობერტ სერვისი: ბერეზოვსკის ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, ვფიქრობ, იგი არც თუ ისე კარგი მსაჯული იყო სამომავლო პერსპექტივებისა. და დიდად არც ადამიანების გამოცნობა ეხერხებოდა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პუტინს დაეხმარა ტახტის მოპოვებაში. თუ ომში საქმე ცუდად წაუვა, მაშინ პუტინი დიდ შარშია - მან ხომ თავად მოახვია თავს ყველას ეს ომი, მათ შორის, თავს მოახვია საკუთარ უსაფრთხოების საბჭოსაც, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე. ეს ერთი ვარიანტია. მეორე სცენარია ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება - არსებობს ერთგვარი დაუწერელი კონკორდატი რუსეთის პრეზიდენტსა და რუს ხალხს შორის, 91 წლიდან მოყოლებული: პრეზიდენტს ევალება კეთილდღეობის გარკვეული დონის უზრუნველყოფა, ხალხი კი თვალს ხუჭავს მის ავტოკრატიულ ცდომილებებზე. პუტინმა მშვენივრად იცის ამ შეთანხმების შესახებ, და ისიც იცის, რამხელა საფრთხეს წარმოადგენს მისთვის განრისხებული რიგითი რუსი, თუ მას სხვა გზას არ დაუტოვებ - გავიხსენოთ თუნდაც პენსიონერების გამოსვლები 2012 წელს. Პუტინს მოუწევს, ისეთ დონეზე შეინარჩუნოს ეკონომიკა, რაც საკმარისი იქნება იმ ხალხის მოსასყიდად, ვის ხმებზეცაა დამოკიდებული. თუმცა ხმებზე მეტად, მათ მორჩილებაზე, რადგან ხმები მაინცდამაინც ზუსტ საზომად არ გამოდგება პუტინის რუსეთში რეალობის შეფასებისას.

რადიო თავისუფლება: მაშინ, ერთგვარი პერიფრაზი წინა შეკითხვის: როდის უნდა მოველოდეთ ცვლილებებს რუსეთში? პუტინის სიკვდილის შემდეგ? და საიდან მოვა ეს ცვლილება - გარედან თუ თავად რუსეთიდან?

პროფ. რობერტ სერვისი: გარედან უკვე რა ხანია, დიდი ზეწოლა ხორციელდება პუტინზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს საკმარისი არ გამოდგა მისთვის ფეხქვეშ ნიადაგის გამოსაცლელად. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ცვლილებას რუსეთის შიგნიდან უნდა ველოდოთ და არა გარედან. ვის შეუძლია ცვლილების გამოწვევა რუსეთში? ჯერ-ჯერობით, ბიზნეს ელიტა თვლემს, გამბედაობა არ ჰყოფნის, პუტინს სიტყვა შეუბრუნოს. 1917-ში ბიზნეს ელიტა განუდგა ნიკოლოზ მეორეს და დიდი როლი ითამაშა მის ტახტიდან ჩამოგდებაში (abdicated). დღევანდელი ბიზნეს ელიტა ამას ვერ ბედავს, იმიტომ რომ პუტინის რუსეთი ბევრად უფრო მკაცრ კონტროლს ქვეშაა, ვიდრე ნიკოლოზ მეორის იმპერია იყო ოდესმე. რატომ უნდა წავიდეს ამაზე უსაფრთხოება, „სილოვიკები“? ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ომის საქმე ცუდად წავა და განტევების ვაცის პოვნა გახდება საჭირო, პუტინი კი, როგორც ამ ომის მთავარი შემოქმედი, იდეალური განტევების ვაცი იქნებოდა.

რადიო თავისუფლება: როდესაც ამბობთ, რომ ცვლილება რუსეთის შიგნიდან მოვა, მაინც ვის გულისხმობთ? ბიზნეს ელიტას გამბედაობა არ ყოფნის, სილოვიკების ჯანყი ომის ბედზეა დამოკიდებული... ვინღა დარჩა? ნავალნის სჯეროდა, რომ ცვლილება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ რუსეთში დაბრუნდებოდა, დაბრუნდა კიდეც და დღეს ნავალნი მკვდარია. ვისი იმედი გაქვთ რუსეთში, ვინ დაუპირისპირდება პუტინს?

პროფ. რობერტ სერვისი: ამ მომენტისთვის, ასეთი კანდიდატი არ არსებობს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ კრემლში, პუტინის გარემოცვაში საკმარისად არიან დაუნდობელი, ვერაგი პერსონაჟები და ასეთ გარემოცვაში ყოველთვის ნოყიერი ნიადაგია ხოლმე სხვადასხვა „სიურპრიზისთვის“. ისევ ისტორიას დავესესხოთ: 1953 წელს, კაცი, რომელსაც მანამდე იცნობდნენ როგორც ერთგულ სტალინისტს - ლავრენტი ბერია - ყველაზე რადიკალური აღმოჩნდა სტალინის გარემოცვაში, როდესაც სტალინის მემკვიდრეობის განადგურებაზე მიდგა საქმე. დიდი როლი ითამაშა იმაშიც, რომ სტალინს დროულად არ მიეღო საჭირო სამედიცინო დახმარება. ასე რომ, ისეთმა კაცმაც კი, როგორიცაა ნიკოლაი პატრუშევი, შეიძლება „გადახედოს“ საკუთარ პოზიციებს, თუ შეხედავს, რომ საქმე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. ამ ეტაპისთვის ის ისეთივე იმპერიალისტ ფანატიკოსად მოსჩანს, როგორც პუტინი, და ალბათ, არის კიდეც - მაგრამ როდესაც პირადად მის უსაფრთხოებაზე მიდგება საქმე, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს.

რადიო თავისუფლება: ანუ ველით მომენტს, როდესაც პუტინს ფეხი დაუცდება.

პროფ. რობერტ სერვისი: დიახ. და მას უკვე დაუცდა ფეხი: გეო-სტრატეგიულად, გეო-ეკონომიკურად, გეოპოლიტიკურად. უკვე დაუცდა და ამიტომაცაა, რომ ცდილობს, რაც შეიძლება მაგრად შემოუჭიროს სარტყელები რუსეთს, რაც შეიძლება მაგრად გაამყაროს საკუთარი ტახტი. დარწმუნებული რომ იყოს, რომ საქმე კარგად აქვს, და თავში არავის მოუვა მასზე ხელის აღმართვა, პუტინი ამას არასოდეს გააკეთებდა, ფანატიკოსი და მანიაკი ავტოკრატის ამპლუის მორგებაზე არასოდეს წავიდოდა.

რადიო თავისუფლება: თქვენს წიგნში, „კრემლის ზამთარი“, აღწერეთ და გაანალიზეთ ვლადიმირ პუტინის მმართველობის პირველი ოცი წელი. ამიტომ მინდა გკითხოთ - შესაძლოა, ძმები გრიმების ზღაპარივით კი ჟღერს, მაგრამ მაინც - რაშია პუტინის ძალა? რაშია მისი უკვდავების საიდუმლო?

პროფ. რობერტ სერვისი: ვფიქრობ, პუტინს უნდა „დავუფასოთ“ ის, რომ მოახერხა და რუსული პატრიოტიზმის ახალ ყაიდაზე შეკერილი იდეოლოგია შესთავაზა რუს ხალხს, და რუსების უმეტესობა ამ ნოტებს გულგრილად ვერ უსმენს ხოლმე. შეგვიძლია ბევრი ვიცინოთ საზოგადოებრივ გამოკითხვებზე, რომლებიც პუტინის პოპულარობას აზვიადებენ, მაგრამ ფაქტად რჩება ის, რომ მან რუსეთს სიამაყე დაუბრუნა - ისე, როგორც ეს რუსებს ესმით, პუტინის რუსეთში რუსი რუსობით ამაყობს, ეს განცდა გამქრალი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში. მან რუსებს ერთი დიადი რუსეთის ხედვა მისცა, ესაა “რუსეთი ისევ დიადად ვაქციოთ” - [Make Russia Great Again, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ლოზუნგი 2016 წლიდან - გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი] პუტინის ვერსიით, და ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა ამის არაფრად ჩაგდება. მაგრამ ისიცაა, რომ რუსების უმეტესობა თავს კი უხრის ამ თავიანთ ახალ ცარს, მაგრამ ამავდროულად ცდილობენ, თვალი აარიდონ პუტინის რეჟიმის მახინჯ მხარეებს, განსაკუთრებით, თუ ეს სიმახინჯე და ბოროტება უშუალოდ მათ არ იწვნიეს - თუ თვითონ არ იწვევენ უკრაინაში საომრად, ან მათ ვაჟს არ უკრეს ფრონტზე თავი. მაგრამ, გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ რაღაც ეტაპზე, რუსებმა შესაძლოა ჩათვალონ, რომ საკუთარი თავით სიამაყე ამ სიმახინჯეების, ავტოკრატი პუტინის გარეშეცაა შესაძლებელი; ასეთი რამ შესაძლებელია.

რადიო თავისუფლება: დიახ, თავად რუს ხალხზეც მინდა გკითხოთ - არ ცხრება კამათი იმაზე, თუ ვისი ომია ეს, ბოლოს და ბოლოს - პუტინის ომია თუ რუსეთისა. ამიტომ, ასეთი კითხვა: უნდა აგოს თუ არა ხალხმა პასუხი თავიანთ მმართველებზე? განსაკუთრებით, როდესაც დიქტატორების მოთმენა-შეგუებაზე მიდგება საქმე?

პროფ. რობერტ სერვისი: ეს საგულისხმო და ამავდროულად, ურთულესი კითხვაა. ვიმსჯელოთ - რისი გაკეთება შეეძლოთ რუსებს? ვფიქრობ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა რთული იქნებოდა რუსებისთვის აჯანყება. და არა მხოლოდ ახლა, მათ ისტორიულად უჭირთ ამის გაკეთება, 200 წელზე მეტია, აბსოლუტურ დუღილის წერტილამდე უნდა მივიდეს სიტუაცია, რათა რუსი აჯანყდეს, მათ ძალიან უჭირთ ამაზე წასვლა. ახლა შევხედოთ პუტინსაც - ის კაგებეს კლასიკური კადრია, კაგებეს კადრებითვე იყო გარემოცული, განსაკუთრებით, მისი მმართველობის პირველ ათწლეულში და უდავოა, რომ სწორედ ამ, კაგებეს აგენტის გადმოსახედიდან უყურებს როგორც რუსეთს, ასევე დანარჩენ სამყაროსა და პოლიტიკას. ხშირად ისმის ხოლმე - იქნებ დასავლეთს შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო, იქნებ ჩვენ ვერ მივუდექით სწორად... ვფიქრობ, ამის მთქმელებს ავიწყდებათ, ან არ იციან, რას წარმოადგენს კაგებეს მენტალობა. და კი, დასაწყისში მან შეძლო და მოხიბლა ტონი ბლერი და ჯორჯ ბუშ უმცროსი, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მენტალობა უცილობლად იჩენდა თავს. ასეთივე მიდგომა აქვს მას ქვეყნის შიგნითაც - მაგალითად, ოპოზიციის მიმართ. ყველა ის რუსი, ვინც მის წინააღმდეგ გალაშქრება გაბედა, წლების განმავლობაში მეთოდურად მოიცილა - მათ ან ქვეყნიდან გაქცევით უშველეს თავებს, ან საკუთარი სიცოცხლით ზღეს ეს, და ზოგს გაქცევამაც არ უშველა. ამავდროულად, ყველასთვის შეუმჩნევლად მოახერხა ქვეყნის მილიტარიზაცია

რადიო თავისუფლება: როდესაც კი რუსებმა გაბედეს და აჯანყდნენ, ამას კოლოსალური ნგრევა მოჰყვა, სანამ მეტნაკლები სტაბილურობა დაისადგურებდა - ასე იყო 1917-ის რევოლუციისას, ასე იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, რასაც პერესტროიკის ქაოსი მოჰყვა.. თამაშობს თუ არა თავის როლს ეს ფაქტიც რუსების მენტალობაში - რომ თუ ავჯანყდებით, შეიძლება კიდევ უარესი დრო დადგეს?

პროფ. რობერტ სერვისი: დიახ, რა თქმა უნდა, თამაშობს. დღევანდელი რუსების უმეტესობამ მშობლებისგან თუ არა, ბებია-ბაბუების მონაყოლიდან მაინც იცის, რა შეიძლება მოყვეს პოლიტიკური სისტემისთვის „ხუფის მოხდას“. Რუსებს შესისხლხორცებული აქვთ ქაოსისა და პოლიტიკური არეულობების დემონების აშვების შიში. ასე რომ, რუსი ხალხის მენტალობაში ჩაკირულია ქვეყანაში თუნდაც მინიმალური ხარისხის სტაბილურობის სურვილი. და გასაგებია რატომაც, იმიტომ არა, რომ რუსები რაღაც ზოოლოგიურად განსხვავებული „ფრიკები“ არიან და სხვანაირად არ შეუძლიათ, არა - იმის გამო, რისი გამოვლაც მოუწიათ.

ვაჟა თავბერიძე

ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

წყარო: რადიო თავისუფლება

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way