USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
„პუტინის მინი-ნატო იშლება - დროა ОДКБ „ცარიელ ჭურვად“ ვაღიაროთ“ - «The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი)
дата:  276

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის მინი-ნატო იშლება - დროა ОДКБ „ცარიელ ჭურვად“ ვაღიაროთ“ (ავტორი - ივანა სტრადნერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც ცნობილია, ორიოდე თვის წინათ რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავისი გეგმის განსახორციელებლად ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების საკითხში: პირველად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი თავის ბირთვულ არსენალს სხვა ქვეყანაშიც ინახავს.

ერთი შეხედვით, ეს ფაქტი თითქოსდა კრემლის ძალას მოწმობს, თუმცა ჭეშმარიტებას არ ასახავს, პირიქით - მოსკოვის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ის შიშობს, ვაითუ ბელარუსში პროდასავლური მოძრაობა აღორძინდეს და მოკავშირე, უკრაინის მსგავსად, არ დაკარგოს.

ევროპის სხვა ქვეყნებშიც რუსეთისათვის არასასიამოვნო სიტუაციაა - ანტიკრემლური აქციები იმართება მოლდოვასა და საქართველოში, თვით ევროპის შუაგულშიც კი - სერბეთში, რომელიც რუსეთის ტრადიციულ მოკავშირეს წარმოადგენს. იქაური საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარებით, საქმე იქითკენ მიდის, რომ მალე ქვეყანა, ალბათ, იძულებული გახდება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.

ამასობაში კი ნატოს იმიტაციური ვერსია - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (რუსული აბრევიატურით - ОДКБ), რომელიც მოსკოვმა 1992 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნა, შინაგან კრიზისს განიცდის და ლეგიტიმურობის პრობლემის წინაშე დგას. იმიტომ, რომ მისი წევრები (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყახაზეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი), რეგიონული სტაბილურობის დაცვის ნაცვლად, რისთვისაც ორგანიზაცია შეიქმნა, ხშირად ერთმანეთს ებრძვიან.

ОДКБ-ის ხელშეკრულების მე-4 მუხლი, ნატოს (NATO) ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსია  და გულისხმობს იმას, რომ წევრებმა ერთმანეთის უსაფრთხოება დაიცვან რომელიმე ქვეყნის აგრესიის შემთხვევაში, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ „ოდკბ“-ში რუსეთი დომინირებს, კრემლს არცერთი წევრისთვის არ გაუწევია ქმედითი დახმარება, ერთადერთი შემთხვევის გარდა (ყაზახეთის მოვლენების დროს, 2022 წლის იანვარში, თუმცა მას ფაქტიურად მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა და სწრაფად დასრულდა). შეიძლება ითქვას, რომ არსებობის 30 წლის განმავლობაში ОДКБ თავს იკავებდა წევრი ქვეყნების კონფლიქტების ზონაში კოლექტიური სამხედრო ქვედანაყოფების განთავსებისგან, როგორც ეს იყო სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში - როცა სომხეთმა აზერბაიჯანთან და ყირგიზეთმა ტაჯიკეთთან სამხედრო დაპირისპირების დროს „ოდკბ“-საგან დახმარება ითხოვეს

ანალოგიური ყოყმანი და თავშეკავება გამოხატეს ОДКБ-ის წევრებმა რუსეთ-უკრაინის კატასტროფული ომის დროსაც - შეიძლება ითქვას, მათ კრემლისაგან პირი იბრუნეს (ბელარუსის გარდა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთს). გასულ წელს ყირგიზეთმა რუსეთთან ერთად დაგეგმილ სამხედრო წრთვნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ახლახან კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის ქვეყანა რუსეთის ისტორიულ მოკავშირეს წარმოადგენს, აღნიშნა, რომ განიხილება სომხეთის ОДКБ-დან გასვლის საკითხი. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ რადგანაც „ოდკბ“-ის ჩარჩოებში რეგიონული უსაფრთხოება დაცული არ არის, იგი იძულებულია დახმარების მიზნით ევროკავშირს მიმართოს.

მართალია, კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სიტუაციას შერბილებას შეეცადა და განაცხადა, რომ „ჩვენს სომეხ მეგობრებთან დიალოგს გავაგრძელებთ და ყველაფერს მოვაგვარებთო“, მაგრამ გაურკვეველი რჩება - ექნება თუ არა რუსეთის პოზიციის პოზიტიურად აღქმის უნარი ნიკოლ ფაშინიანს იმის შემდეგ, რაც ერევანში მოხდა - როცა მთიანი ყარაბაღის გამო ასობით ადამიანი შეიკრიბა და მთავრობას ОДКБ-დან გასვლა მოსთხოვა. ნიკოლ ფაშინიანი უკმაყოფილოა იმითაც, რომ „ოდკბ“-ის წევრობის გამო მას უცხოეთში (დასავლეთში) იარაღის შეძენის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს.

რუსეთის უუანარობამ სომხეთის დასახმარებლად არ უნდა გაგვაკვირვოს. ვლადიმერ პუტინი ОДКБ-ს იყენებს არა როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის თანასწორი დაცვისა და ურთიერთდახმარების ინსტიტუტად, არამედ როგორც ცალმხრივ საშუალებად პოსტსაბჭოური რეგიონების გაკონტროლებისა და კრემლის ინტერესების რეალიზებისათვის. შესაბამისად, იმ  ქვეყნებმა, რომლებიც ოდესღაც რუსეთის გავლენის სფეროს მიეკუთვნებოდნენ, დაიწყეს თანამშრომლობის ძიება სხვა სახელმწიფოებთან და სხვა რეგიონებში.

მართლაც, დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკების შედეგად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაპირისპირების პოტენციური დარეგულირებისათვის საერთო ენა გამონახეს. სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ანკლავი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარა იმ პირობით, რომ აზერბაიჯანი ეთნიკური სომხების უფლებებს დაიცავს. 25 მაისს, ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სამიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, ასე ვთქვათ, „საქმის კურსში ჩააყენა“.

ნატომ უნდა ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები იმის სადემონსტრაციოდ, რომ ОДКБ დღეს, განსაკუთრებით რუსეთის დომინირებით, არის მხოლოდ ისეთი სიმბოლური წარმონაქმნი, რომელსაც პრაქტიკული არსი დაკარგული აქვს და უმოქმედოა. ОДКБ უაზრო „ორგანიზაციას“ წარმოადგენს.

ОДКБ-ის წინააღმდეგ მზარდი ნეგატიური განწყობა ნატოს იმის შესაძლებლობას აძლევსმ რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის ჭეშმარიტი მიზნები გამოამჟღავნოს. ნატოს წევრებმა უნდა ისარგებლონ საინფორმაციო კავშირებით რუსეთის სანდო პირებთან ბელარუსში, ყაზახეთში, მოლდოვასა და ბალკანეთში, რომ ისინი ჭეშმარიტებაში დაარწმუნონ: რუსეთმა თავის მოკავშირეს - სომხეთს დახმარებისათვის უარი განუცხადა და მოსკოვი მათაც იგივეს გაუკეთებს. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

რუსეთი აგრძელებს ნატოს წარმოსახვას ბოროტგანმზრახველ მოთამაშედ „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებთან მიმართებით, რომელმაც ხელი შეუწყო კიევ-მოსკოვს შორის დაძაბულობის გაღვივებას და საბოლოო ჯამში სწორედ ნატო არის პასუხისმგებელი იმაში, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

რამდენადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ივლისში პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკისი რესპუბლიკაში) დაგეგმილი „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების ლიდერთა სამიტისათვის ემზადება, აფრიკის ქვეყნებისათვის უკიდურესად სასარგებლოა სიმართლის ცოდნა რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის თაობაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრისადმი - მისი დასავლეთისაკენ გადახრის გამო. „გლობალურმა სამხრეთმა“ უნდა გაითვალისწინოს, რომ  რუსეთთან ურთიერთობა სარისკოა.

ვლადიმერ პუტინის გეგმამ ნატოს დარღვევის მიზნით კრახი განიცადა. ახლა როლები უნდა შეიცვალოს: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა ОДКБ „ცარიელ ჭურვად“ - არაფრის გამკეთებელ და უაზრო ორგანიზაციად - უნდა წარმოადგინოს.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/05/26/vladimir-putins-mini-nato-is-falling-apart/

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати