USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
„პროტესტები რუსეთის წინააღმდეგ: ქართველებს კიდევ ერთი „ვარდების რევოლუცია“ სურთ?!“ - «Der Tagessspiegel» (გერმანია)
дата:  452

გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagessspiegel) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პროტესტები რუსეთის წინააღმდეგ: ქართველებს კიდევ ერთი „ვარდების რევოლუცია“ სურთ?!“ (ავტორი - ქრისტოფ ფონ მარშალი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

საქართველო სტუმარ-მნახველთათვის გამოცანას წარმოადგენს: რასაც ხედავთ და რასაც ისმენთ, ერთმანეთს არ ემთხვევა. ამ ქვეყანაში რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ მიდიხართ ისეთ დასკვნამდე, რომელიც რეჟისორ როზა ფონ პრაუნჰაუმის ცნობილი ფილმის სათაურშია - „ქართველები კი არ არიან „ცუდები“, არამედ სიტუაცია, რომელშიც ისინი ცხოვრობენ“.   

თბილისის ქუჩებში, შენობებზე ხშირად დაინახავთ „გრაფიტებს“ - არაორაზროვან წარწერებს და ნახატებს, ვთქვათ, ასეთებს: „სსრკ-ში დაბრუნება? არასოდეს“, - „პუტინი - მკვლელი“, ირგვლივ უკრაინის ყვითელ-ცისფერი და ევროკავშირის ვარსკვლავებიანი ლურჯი დროშები ფრიალებს, ეროვნულ თეთრფონიან და წითელჯვრებიან დროშებთან ერთად.

გამოკითხვები ადასტურებენ რუსეთის მოსაზღვრე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს პროევროპულ ორიენტაციას. ევროკავშირს ქართველებში უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე მისსავე წევრებში: საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროინტეგრაციისა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. 

მაგრამ რამდენად არის შესაბამისობაში მთავრობისა და მმართველი პარტიის კურსის მოსახლეობის სურვილთან? ამ რამდენიმე დღის წინათ საქართველო დაეთანხმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის 2019 წელს შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე. ცოტა უფრო ადრე კი საქარტველოს ხელისუფლება შეეცადა თითქმის ისეთივე კანონპროექტი მიეღო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით, როგორიც რუსეთშია - „უცხოური აგენტების შესახებ“.

ის, რომ მმართველ პარტიას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 2012 წლიდან არის, რომელიც პრორუსულ კურსს ატარებს და ამ დროს კიდევ აქვს გამარჯვების იმედი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში, საკმაოდ გასაკვირია. მისი დღევანდელი მოქმედება სულაც არ არის სამომავლო წარმატების რეცეპტი“.

ოპოზიციისა და...

ოპოზიციის აზრით (გერმანელი ჟურნალისტი ესაუბრება იუსტიციის ყოფილ მინისტრს გიორგი ვაშაძეს), მთავრობას არ შეუძლია ღიად გამოვიდეს დასავლური კურსის, ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ის ამას მალულად აკეთებს და თავის საქმიანობის კოორდინაციას რუსეთთან ახდენს, რომ მოსახლეობის ევროპული ლტოლვა შეასუსტოს“. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება დევნის თავის მოწინააღმდეგეებს და ისინი დაპატიმრებულები არიან - ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. ირღვევა კანონის უზენაესობის პრინციპი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პოლიტიკის უკან დგას ოლიგარქი-მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი - მან ქონება რუსეთში დააგროვა, „კრემლის კაცად“ ითვლება და მოსკოვთან ახლო კავშირები აქვს. რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების დონე ისევ მატულობს.

...ხელისუფლების თვალსაზრისი

ხელისუფლების აზრით (ჟურნალისტი ესაუბრება დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძეს, „ქართული ოცნების“ წევრს), რომლის თქმით, ოპოზიციის განცხადებები მთლიანად სიცრუეა, ცილისწამება და მიმართული იქითკენ, რომ მათ საკუთარი სისუსტე დაფარონ.

„ფრენების აღდგენა? ეს რუსეთის გადაწყვეტილებაა. ქართულ კერძო კომპანიებს უფლება აქვთ თვითონ იმოქმედონ სანქციების დაცვის გათვალისწინებით.

რომელ პრორუსულ კურსზეა ლაპარაკი, როცა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ძირითად კანონში - კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და როცა საქართველო უარს აცხადებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე? როცა ზედმიწევნით ზუსტად ვიცავთ ანტირუსულ სანქციებს?

კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ? თქვენთანაც, გერმანიაში ხომ არიან ვალდებული მასმედიის საშუალებები და არასამთავრობოები დაფინანსების წყარო აჩვენონ? ჩვენ უბრალოდ  მოსახლეობას სათანადოდ ვერ ავუხსენით...

რომელ მასმედიის შეზღუდვა-დაშინებაზე ლაპარაკობთ? ერთადერთი ჟურნალისტის სიკვდილი ტრაგიკულ შემთხვევას წარმოადგენს და მისი დაღუპვის შემდეგ 45 ადამიანი იქნა დაკავებული. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის სხვა ფაქტები არ არსებობს.

იცით თუ არა, რომ ჩვენთან, 3,7 მილიონიან ქვეყანაში 27 რადიოსადგური მუშაობს?  საქართველოში ბოლო წლებში არცერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება არ დახურულა...

ოპოზიციურ მასმედიას აკრედიტაციაზე უარს ვეუბნებით? თქვენი ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება. პარლამენტში ყველა ოპოზიციური მასმედიის ჟურნალისტია აკრედიტებული. ჩვენ აქ, საკანონმდებლო ორგანოში ვაძლევთ მათ ინტერვიუებს. დიახ, ჩვენ არ ვმონაწილეობთ ისეთ თოქ-შოუებში და გადაცემებში, რომლებშიც შეურაცხყოფას გვაყენებენ, „პუტინის მარიონეტებს“ გვიწოდებენ“.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, მთავრობის ფრთხილი მოქმედება რუსეთის მიმართ განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ძლიერი მეზობლის სამხედრო ბაზები თბილისიდან 20 წუთის სავალზეა განლაგებული. რუსულ ტანკებს რამდენიმე წუთში შეუძლიათ გადაჭრან აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გზატკეცილი და რკინიგზა. რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირება და სიტუაციის ესკალაცია ერთ წინდაუხედავ ნაბიჯსაც შეუძლია. საქართველოში 2008 წლის ხუთდღიანი ომის გახსენება „ძალიან მტკივნეული თემაა“. იმდროიდან რუსეთის არმიას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. 250 ათასი ქართველი იქნა გაძევებული მშობლიური ადგილებიდან. „ეს აღარ უნდა განმეორდეს“.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის კურსს, ის არ არის პრორუსული  და ნეიტრალური უკრაინის მიმართ. ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინაში თავისი მოქალქეობრივი პოზიციის საფუძველზე. ჩვენი დაღუპული თანამემამულეების სამშობლოში ჩამოსვენება და მათი დაკრძალვა სამხედრო წესის დაცვით ხდება. ამასთან, ჩვენ არ შეგვიძლია სამხედრო დახმარების გაწევა, იარაღი ჩვენ თვითონაც არ გვყოფნის

ვის ენდობა მოსახლეობა?

მოქალაქეთა უმრავლესობა არ ენდობა არც მთავრობას და არც ოპოზიციას. ისინი გაღიზიანებულნი არიან ორივე ბანაკის დაპირისპირებით და ერთმანეთის დისკრედიტაციით. გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 19%, ოპოზიციას („ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“) კი მხოლოდ 14%. გამოკითხულთა 39% არცერთს მხარს არ უჭერს, მაგრამ 78%-ს სურს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეები, ახალგაზრდები იხილოს, ან... „ვარდების მეორე რევოლუცია“ უნდა მოხდეს, რომელიც პოლიტიკურ სიტუაციას რადიკალურად შეცვლის.

ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი აქვთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც 2003 წლის მოვლენებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს - ისინი ვარდებით ხელში აპროტესტებდნენ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას  და საბოლოო ჯამში ხელი შეუწყეს იმდროინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომას.

რას ელოდება სტუდენტი ახალგაზრდობა ევროკავშირისაგან? მიიღებს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს? „ჩემი აზრით, საქართველო ჯერ კიდევ ვერ ასრულებს მოთხოვნებს“. , - ამბობს მარია, - მაგრამ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი კანდიდატობის სტატუსს მაინც მოგვანიჭებს. თუ ასე არ მოხდება, უარი რუსეთისათვის იმის სიგნალი იქნება, რომ კრემლს რაც მოესურვება, იმას გაგვიკეთებს“.

მოკლედ, საქართველოში სურვილი და რეალობა ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან.

წყარო: https://www.tagesspiegel.de/internationales/proteste-gegen-direktfluge-nach-russland-georgien-sehnt-sich-nach-einer-zweiten-rosen-revolution-9860918.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати