USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
„პოლიტიკო“ (Politico) - „ევროპა დაბნეულია უკრაინისათვის დახმარების შეწყვეტის მოწოდებების ფონზე“
Date:  492

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (ოფისი - ბელგიაში, ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპა დაბნეულია უკრაინისათვის დახმარების შეწყვეტის მოწოდებების ფონზე“ (ავტორები - ნიკოლას ვინოკური და ჯაკომო ვარიგაცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ მალავს თავის გეგმას უკრაინაზე ზეწოლის გასაგრძელებლად მანამდე, სანამ დასავლეთის სიმტკიცე არ შესუსტდება. უკვე 500 დღეზე მეტი გავიდა მოსკოვის მიერ აგრესიული ომის დაწყებიდან და ახლა უკვე არის იმის საფუძველი რომ ვიფიქროთ: ყველაფერი ისე მიდის, როგორც კრემლი იმედოვნებდა და შეიძლება უფრო უკეთესადაც, ვიდრე ამას ვლადიმერ პუტინი წარმოიდგენდა.

პოლონეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების მთავრობები ყველაზე მეტ ერთგულებას ამჟღავნებენ უკრაინის მიმართ, რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან. შეიარაღების მიწოდებისა და მილიონობით უკრაინელი ლტოლვილის მიღების გარდა, ისინი იყვნენ და არიან უკრაინის ყველაზე მტკიცე დასავლელი მოკავშირეები და მხარს უჭერენ მკაცრი ანტირუსული პოლიტიკის გატარებას, საფრანგეთისა და გერმანიისაგან განსხვავებით.

მაგრამ იმის კვალობაზე, რომ უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის ლიდერები და მთავრობები არჩევნებთან - ანუ ხელისუფლების შენარჩუნებასთან - დაკავშირებული საკითხებისა და სხვა შიდა პრობლემების წინაშე დგანან, აგრეთვე იმის გამოც, რომ გაურკვეველია რა მოჰყვება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, კიევისადმი მათი მხარდაჭერა გარკვეულწილად დასუსტებას იწყებს.

ამ მხრივ ყველაზე ნათელ მაგალითს პოლონეთი წარმოადგენს., რომლის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღის მიწოდებას შეუმცირებს და, ალბათ, შეუწყვეტს კიდეც. ამ განცხადებამ „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ და კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც რთული დავა კიევსა და ვარშავას შორის, რომელიც უკრაინული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით წარმოიქმნა - ვარშავას, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, არს სურს იაფი უკრაინული ხორბალი თავის შიდა ბაზარზე შეიტანოს და საკუთარი ფერმერები (ანუ პოტენციური ამომრჩევლები) დააზარალოს. პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

„უკრაინა აცნობიერებს, რომ ბოლო თვეებში მას საქმე პოლონეთის მთავრობასთან კი არ აქვს, არამედ პოლონეთის არჩევნებთან“, - ამბობს ივან კრასტევი, სოფიაში (ბულგარეთში) არსებული ლიბერალური სტრატეგიის ცენტრის დირექტორი, - „ასე რომ, ამ ეტაპზე პოლონეთის მთავრობისათვის ასი ათასი პოლონელი ფერმერის ხმა უფრო ძვირფასია, ვიდრე ის, თუ როგორ შემოუტრიალდება ეს ყველაფერი უკრაინას. ასეთ მოვლენებს ჩვენ მალე სხვა ქვეყნებშიც შევამჩნევთ“.

პოლონეთის მმართველი პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ (PiS) და მისი ლიდერი - იაროსლავ კაჩინსკი, აგრეთვე ამავე პარტიის წევრები პრემიერი მათეუშ მორავეცკი და პრეზიდენტი ანჯეი დუდა მკაცრი გამოწვევის ზეწოლას განიცდიან ოპოზიციისაგან, ყოფილი პრემიერისაგან დონალდ ტუსკისაგან, რომელსაც 2019 წლამდე ევროსაბჭოს თავმჯდომარის (პრეზიდენტის) პოსტიც ჰქონდა დაკავებული. თავისი წინასაარჩევნო სტრატეგიის ჩარჩოებში მმართველი პარტია, პრემიერ მათეუშ მორავეცკის პირით, ოპოზიციას ამშვიდებს და პასუხობს, რომ „ჩვენ უკრაინას იარაღს უკვე აღარ მივცემთ. ამიერიდან ჩვენ საკუთარ არმიას ყველაზე მოწინავე და თანამედროვე იარაღით შევაიარაღებთ“ - ასე განაცხადა პრემიერმა პოლონეთის ტელეარხის Polsat-ის ეთერში.

ამ ფონზე ჩნდება იმის ცდუნება, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა წინასაარჩევნო კამპანიას მიაწერონ, მაგრამ სინამდვილეში მიზეზები უფრო ღრმაა და უთანხმოება შეიძლება PiS-ის გამარჯვების (ან დამარცხების) შემდეგაც გაგრძელდეს. როგორც ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა აღნიშნა (მან ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა), ვარშავისა და კიევის დავა მიანიშნებს იმას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას (მისი მილიონობით ტონა მარცვლეულით): პოლონეთის ხელისუფლება შიშობს, რომ მას პრობლემები გაუჩნდება. „ომის 18 თვის განმავლობაში პოლონეთი თითქოსდა ის სახელმწიფო იყო, რომელიც უყოყმანოდ მხარს უჭერდა უკრაინას, მაგრამ როცა საკითხი მის ინტერესებს შეეხო, ვარშავამ ჭეშმარიტი სახე აჩვენა“.

პრობლემა კიევისათვის ისიცაა, რომ მხარდაჭერა, როგორც ჩანს, სუსტდება არამარტო პოლონეთის მხრიდან. ომის დაწყების დროს ბალტიისპირა ქვეყნები ბრიუსელში და ვაშინგტონში პროუკრაინულ პოლიტიკას ატარებდნენ და ისე ჩანდა, რომ მათზე ხმამაღლა და კრიტიკულად რუსეთის წინააღმდეგ სხვა არავინ არ გამოდიოდა. მაგალითად, ძალზე ეფექტური იყო ესტონეთის ლიბერალური პრემიერ-მინისტრის კაია კალასის გამოსვლები. როგორც ყოფილი პრემიერისა და ევროკომისრის შვილი, კაია კალასი ბოლო დრომდე სიმბოლურად გამოხატავდა აღმოსავლეთ ევროპის გაბედულობას რუსეთის წინააღმდეგ და ყველა ფიქრობდა, რომ იგი ბრიუსელში გავლენიან პოზიციას დაიკავებდა. მაგრამ კაია კალასის ავტორიტეტი ძალიან შეილახა მას შემდეგ, როცა სკანდალი ატყდა მისი [მესამე] ქმრის არვო ხალიკის გამო, რომელსაც, როგორც გაირკვა, იმ კომპანიაში ჰქონდა წილი, რომელიც რუსეთში ბიზნესს აწარმოებდა უკრაიასთან ომის დაწყების შემდეგაც - იმ დროსაც კი, როცა მისი ცოლი მოსკოვთან ყოველგვარი ვაჭრობის შეწყვეტას ითხოვდა.

მართალია, კაია კალასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ განაცხადა, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ ფაქტია, რომ პრემიერ-მინისტრის რეპუტაციის შელახვის შემდეგ მისი [პროუკრაინული] გამოსვლები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ უფრო მორიდებული გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთის პრემიერის ქმართან დაკავშირებულმა სკანდალმა უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე დააშორა.

გადავიხედოთ სლოვაკეთში და ვნახოთ რა ხდება უკრაინის კიდევ ერთ მხადამჭერ ქვეყანაში.

როგორც ცნობილია, ცენტრალური ევროპაში მდებარე ეს სახელმწიფო უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ ითვლება ყველაფერში, მაგრამ 30 სექტემბერს დანიშნულმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა შეიძლება კიევის მომხრე ბრატისლავა უეცრად მის კრიტიკოს-სკეპტიკოსად გადააქციოს. „თუ თქვენთან არის ისეთი საზოგადოება, რომლის წევრთა 60% უკრაინისათვის იარაღის მიწოდების წინაღმდეგია, ხოლო მთავრობა - მომხრე, ჩათვალეთ, რომ მთავრობის პოლიტიკას ამომრჩეველთა უმეტესობა მხარს არ დაუჭერს“, - ამბობს მილან ნიჩი, საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს მეცნიერ-თანამშრომელი.

რობერტ ფიცო, სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პოპულისტი, რომელსაც ისევ სურს ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნება, პრორუსულ და ანტიამერიკულ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს, ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებას და აცხადებს, რომ სლოვაკეთმა უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალები არ უნდა მიაწოდოს. გამოკითხვები მოწმობს, რომ რობერტ ფიცოს პარტია საპარლამენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს.

თავის მხრივ, რობერტ ფიცოს გამარჯვება კარგი იქნება ვიქტორ ორბანისათვის - კიევის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისათვის, რომელიც თავის მომავალ სლოვაკ კოლეგას გვერდში დაუდგება.

რა თქმა უნდა, უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი ჰყავს მტკიცე მოკავშირე-მხადამჭერები ევროპაში - ლიეტუვა, ლატვია, რუმინეტი, შვედეთი, ფინეთი და სხვები. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც შარშან ჯერ კიდევ ყოყმანობდა, ახლა კიევს მხარს მტკიცედ უჭერს. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ უკრაინის სამომავლო მხარდაჭერის საკითხში პოლონეთისა და სლოვაკეთის როლი გადაჭარბებულია - ორივე ქვეყნის სამხედრო საწყობები დიდი ხანია თითქმის ცარიელია და მათში უკრაინისათვის გასაგზავნი იარაღი აღარ არის.

კიევი ამ ეტაპზე სიმშვიდეს ინარჩუნებს: გასულ ხუთშაბათს ვიცე-პრემიერმა ოლრა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ კიევსა და ზოგიერთ მის მეგობართან ურთიერთიერთობაში გაჩენილი ბზარის ნეგატიური მნიშვნელობა გადაჭარბებულია: „მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მიდინარე პოლიტიკური პროცესები ჩვენს მიმართ მხარდაჭერას არ შეასუსტებს“.

მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ყველაფერს კრემლში მჯდარი ვლადიმერ პუტინი არ აკვირდება და ხელს სიამოვნებით არ იფშვნეტს.

წყარო: https://www.politico.eu/article/ukraine-poland-central-europe-eastern-kyiv-baltics-zelenskyy-war-invasion/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way