საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.
მზადდება მთავრობის დადგენილება საფრთხოების წესის დარღვევაზე სანქციის გატარების საკითხთან მიმართებაში, კანონმდებლების შემოთავაზებული წინადადების მიხედვით: ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის ზუსტად რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ 2019 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 204 ლარი (ხელზე ასაღები 963 ლარი) იყო, ჯარიმა დაახლოებით 100 ლარამდე იქნება.
საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის გამო სანქციის (ჯარიმის) შემოღების საჭიროებაზე რამდენიმე დღის წინ, ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.