USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
პეტრე კაპიცა - საბჭოთა ბრიტანელი, რომელმაც ბერიასთან ერთად შექმნა საბჭოთა ატომური ბომბა
თარიღი:  1949

ნობელის პრემიის ლაურეატები

მის სახლში, წიგნების თაროზე მოთავსებული სახარების მეორე გვერდზე, 26 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე იყო მოკლედ აღწერილი. ბოლო ჩანაწერიდან ჩანდა, ერთი ზამთრის განმავლობაში ისპანკისაგან (ესპანური გრიპი) როგორ დაე­ღუ­პა ვაჟი, ახალშობილი გოგონა, მეუღლე და მამა. იყო კიდევ ჩანაწერი „ყველაფერი დასრულდა. იყოს ნება შენი.“ ამ ადამიანმა ბევრჯერ დაიწყო ცხოვრება თავიდან, და ეს პირველი იყო მის ცხოვრებაში. მას „საბჭოთა მეცნიერების ელჩის“ სახელითაც იცნობდნენ.

 პეტრე კაპიცა

დაიბადა 1894 წლის 26 ივნისს (8 ივლისი) რუსეთის იმპერიის ქალაქ კრონშტადტში. გარდაიცვალა 1984 წლის 8 აპრილს მოსკოვში.

1978 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ფიზიკაში (პრემიის ½, პრემიის მეორე ნახევარი განაწილდა არნო პენზიასსა და რობერტ ვილსონს შორის რელიკტური მიკროტალღური გამოსხივებისთვის).

1920 წელი. სამოქალაქო ომი, შიმშილობის პერიოდი - სასტიკი და დაუნდობელი დრო...სანკ-პეტერბურგში, კუსტოდიევის სახელოსნოში ორი კონსერვატულად, მაგრამ უხილავად მომხიბვლელად ჩაცმული ახალგაზრდა შედის... მხატვარს წინ შალიაპინი უზის და მოლბერტზე მისი დაუმთავრებელი პორტრეტი ჩანს...

"მგონი, სადღაც მინახიხარ, ღმერთმა იცის" - მიმართავს შალიაპინი ერთ-ერთს''...

"თქვენ ხატავთ ცნობილ ადამიანებს, - წარმოთქვა იმ ახალგაზრდამ, რომელსაც შალიაპინმა მიმართა, -

დაგვხატე ჩვენ, ჩვენ ჯერ არ ვართ ცნობილები, მაგრამ ასეთები ვიქნებით''.

მხატვრის წინ ორი თანაკურსელი პეტრე კაპიცა და ნიკოლაი სემიონოვი იდგა - მომავალში ნობელის პრემიის ორი ლაურეატი.

საინტერესოა საზღაური, რომელიც ახალგაზრდებმა მხატვარს გადაუხადეს: ერთი მამალი და ტომარა ხორბალი, რომელიც თავად სადღაც გარეუბანში ვიღაცისთვის წისქვილის აწყობაში გამოიმუშავეს... ალბათ ამან გადაწყვიტა პორტრეტის ბედი იმ მშიერ წლებში.

ცხოვრების ბოლოსთვის ორივე მათგანი ნობელის პრემიის, ოთხგზის სოციალისტური შრომის გმირის წოდების , რამოდენიმე ლენინის ორდენის, უამრავი პრემიის  მფლობელი იყო.

მომავალი ნობელიანტი კრონშტადტელი ფორტიფიკატორის ლეონიდ კაპიცას ოჯახში დაიბადა. დედა ცნობილი ტოპოგრაფის იერონიმე სტებნიცკის ქალიშვილი იყო. 1914 წელს პეტრე კაპიცა პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკურ ფაკულტეტზე აბარებს. სადაც ცნობილი აბრამ იოფეს ყურადღებას იქცევს და მისი ლაობრანტი ხდება.

კაპიცას ცხოვრება იოლი არ იყო. პირველი მსოფლიო იმის დროს მუშაობდა მძღოლად. 1919-1920 წლებში ესპანური გრიპისგან დაეღუპა მამა, პირველი მეუღლე, ორი წლის ბიჭი და ახალშობილი გოგონა. იოფე დიდი ხნის მანძლიზე ვერ ახერხებდა მის საზღვარგარეთ, მსოფლიო დონის ფიზიკოსებთან სწავლის გასაგრძელებლად გაგზავნას. დაეხმარებას მაქსიმ გორკიც ცდილობა. სრულიად მოულოდნელად ერნესტ რეზერფორდი დათანხმდა კაპიცას მიღებაზე. მოგვიანებით რეზერფორდი იხსენებდა, რომ თვითონაც ვერ გარკვეულა რატომ დათანხმდა ყველასათვის უცნობი რუსის მიღებაზე. ამბობენ, რომ ახალგაზრდა მეცნიერმა ნობელის ლაურეატს თამამად განუცხადა, მიუხედავად იმისა რომ ყველა ვაკანსია უკვე დაკავებულია ის მშვენივრად ხვდება კავენდიშის ლაბორატორიის სტანდარტულ ექსპერიმენტულ ცდომილებაში. რეზერფს არ უნანია მიღებული გადაწყვეტილება. თავის მეტსახელსაც (ნიანგი) ის კაპიცას უნდა უმადლოდეს. პეტრე კაპიცას დასავლეთში „საბჭოთა მეცნიერების ელჩს“ ეძახდნენ.

ნელ-ნელა პირადი ცხოვრებაც მოგვარდა. კაპიცას მეორე მეუღლე ანნა, ცნობილი მათემატიკოსის და მექანიკოსის, გემთმშენებლობის თეორეტიკოსის, აკადემიკოს ალექსეი კრილოვის ქალიშვილი იყო. მათი ორივე ვაჟი ინგლისში დაიბადა მაგრამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს რუსულ მეცნიერებაში. სერგეი ფიზიკოსი და МФТИ (მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი) პროფესორი გახდა და 39 წლის მანძილზე მიყავდა გადაცემა „აშკარა-დაუჯერებელი“ (Очевидное-невероятное). ანდრეიმ სამეცნიერო იერარქიაში ძმაზე მეტს მიაღწია და ცნობილი გეოგრაფი, არქტიკის მკვლევარი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.

კაპიცა კარგად გრძნობდა თავს ინგლისში. სპეციალურად მისთვის კემბრიჯში ლაბორატორია ააშენეს. ცნობილია ლაბორატორიის გახსნისას დიდი ბრიტანეთის ექს-პრემირის ბოლდუინის სიტყვები: “ჩვენ მოხარულები ვართ რომ ლაბორატორიის დირექტორი პორფესორი კაპიცაა, რომელიც ერთდროულად ფიზიკოსიცაა და ინჟინერიც. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი ხელმძღვანელობით ახალი ლაბორატორია დიდ წლილის შეიტანს ბუნების მოვლენების შეცნობაში“.

კაპიცამ კემბრიჯში „შეხვედრა“ სემინარები დაამკვიდრა სადაც ყველაფერზე მსჯელობდნენ. გარდა ამისა კაპიცა მშვენიერი მოჭადრაკე იყო და კემბრიჯშირის საგრაფოს ჭადრაკის პირველობაზე არაერთხელ გაუმარჯვია.

ყველაფერი ერთბაშად 1934 წელს დასრულდა, როცა მოსკოვში ვიზიტის დროს მას ბრიტანეთში დაბრუნება აუკრძალეს. კაპიცამ შეძლო არ დაცემულიყო, ხელისუფლება აიძულა პირადად მისთვის ინსტიტუტი შეექმნათ და რეზერფორ­დისაგან ლაბორატორია გამოესყიდათ. გააგრძელა მუშაობა და იმ ნაშრომზე რომლისთვისაც ნობელის პრემია მიიღო.

შესაძლოა „კლასიკური ბრიტანული ფიზიკური ტრადიციების“ სიყვარულმა მიიყვანა კაპიცა მის ცხოვრებაში კიდევ ერთ მნიშნელოვან გადაწყვეტილებამდე - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეექმნა ფიზიკა-ტექნიკური ფაკულტეტი რომელიც შემდეგ ცნობილ МФТИ-ით გარდაიქმნა . თავიდანვე ფაკულტეტზე სტუდენტებს მოქმედი მეცნიერები და ინჟინრები ასწავლიდნენ. ამ წამოწყებაში კაპიცას პარტნიორი კუსტოდიევის პორტრეტზე „კაპიცას მეზობელი“ ნიკოლოზ სემიონოვი იყო. მაგრამ სსრკ-ს დატოვება დაუსჯელი არ რჩებოდა. კაპიცა განთავისუფლეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პირადად მისთვის შექმნილი ინსტიტუტიდან, შემდეგ, დროთა განმავლობაში კვლავ აღდგინეს უფლებებში ....

დავუბრუნდეთ ნობელის პრემისა. ის რომ უმაღლესი ჯილდო კაპიცამ ჰელიუმის ზედენადობისთვის მიიღო ბოლომდე მართებული არ არის. ნობელის კომიტეტეის ფორმულიერბა შემდეგია - „პრემია მიენიჭა ზედაბალი ტემპერატუ­რების სფეროში აღმოჩენებისა და გამოგონებებისთვის“. სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ კაპიცამ პრემია ერთბაშად ორი მიღწევისთვის მიიღო.

პირველი - ჰელიუმის ზედენადობის შესახებ ფუნდამენტური აღმოჩენა და ფილიგრანული ექსპერიმენტი. კაპიცამ ფაქტიურად ელემენტის ახალი მდოგომა­რეობა ჰელიმი II აღმოაჩინა, როცა 2,17 К-ზე დაბალი ტემპერატურისას თხევადი ჰელიუმი კვანტური სითხესავით იქცევა და მისი სიბლანტე ნულის ტოლი ხდება. ამბობენ რომ ნილს ბორის მიერ კაპიცა სამჯერ იყო ნომინირებული პრემიაზე , მაგრამ უშედეგოდ, ხოლო ლევ ლანდაუმ პრემია ჰელიუმის ზედენადობის ახსნისთვის კაპიცაზე ბევრად ადრე მიიღო. ისიც უნდა აღინიშნოს რომ პრემია, კაპიცამ ზედენადობის შესახებ სტატიის Nature-ში გამოქვეყნებიდან ზუსტად 40 წლის შემდეგ მიიღო. ორმა სხვა მკვლევარმა, რომლებმაც ზედენადობა კაპიცასაგან დამოუკიდებ­ლად აღმოაჩინეს და თავისი კვლევის შედეგების ჟურნალის იმავე ნომერში გამოაქვეყნეს პრემიამდე უბრალოდ ვერ იცოცხლა.

მეორე - აირის გათხევადების ხელსაწყოს, ტურბოდეტანდერის აღმოჩენა, რომლის საშუალებითაც ჰელიუმის დიდი რაოდენობის მიღებაა შესაძლებელი. კაპიცას დანადგარი საათში სამ ლიტრ გათხევადებულ გაზს იძლეოდა. ამ გამოგო­ნების მნიშვნელობა მხოლოდ თხევადი ჰელიმის მიღებაში არ მდგომარეობს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ომის დროს სამრეწველო მაშტაბებით თხევადი ჟანგბადის მიღების შესაძლებლობა.

ამგვარად კაპიცა ერთ-ერთია იმ ფიზიკოსებს შორის რომლებმაც ნობელის ანდერძის ორივე მოთხოვნა შეასრულეს. დინამიტის მაგნატი ითხოვდა, რომ ფიზიკის სფეროში პრემია „აღმოჩენისა და გამოგონებისათვის“ გადაეცათ. კაპიცამ ორივე შეძლო.

კაპიცას პირადი მდივნი პავლე რუბინინი იგონებდა როგორ ტარდებოდა ნობელის კვირეული. ზეიმის ორგანიზატორებმა კაპიცას და საბჭოთა დელეგაციას ტრადიცული ფრაკის ქირაობა შესთავაზეს (ცერემონაი საზეიმო დრეს-კოდს white tie ანუ ფრაკს და თეთრ ჰალსტუხ-პეპელას ითვალისწინებდა) და ზომები მოითხოვეს. კაპიცამ გაიხსენა რა თავისი ბრიტანული წარსული, განაცხადა რომ ფრაკის ქირაობა დამამცირებელია და ცერემონიის მოსკოველი სტუმრებისტვის ფრაკები მოსკოვში ცნობილ მკერავს ოხლოპკოვს დაუკვეთეს. ხოლო რეზინიანი ჰალსტუხი-პეპელას ყიდვა, რომელსაც კაპიცა ვერ იტანდა, მაინც მოუწია. საბჭოთა კავშირში გატარებული წლების მანძილზე კაპიცას დაავიწყდა როგორ იკვრება ნამდვილი ჰალსტუხი-პეპელა.

 საინტერესოა ცნობილი ქართველი ფიზიკოსის, პროფესორის და საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, რობერტ ბაბლიძე მოგონებები პეტრე კაპიცაზე. ბ-ნი რობერტი უშუალოდ პეტრე კაპიცას ხელმძღვანელობით მუშაობდა, თავის დროზე. ეს სამუშაოები ჰელიუმის იზოტოპების გაყოფის კრიოგენულ მეთოდებს ეხებოდა, რაც დაკავშირებული იყო ატომურ მომბთან და სხვა დახურულ თემებთან.

  მარცხნიდან - იური მამალაძე, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ჯელილ წაქაძე,
რობერტ ბაბლიძე და გიორგი გამცემლიძე.

 „კაპიცასთან ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის (შემოკლებით უფტის) შემდეგ მივედი. იმ პერიოდში, როცა ისეთ დახურულ თემაზე ვმუშაობდი, როგორიცაა ჰელიუმის იზოტოპების კრიოგენული დაბალტემპერატურული თვისებების საკითხები, მინდოდა პეტრე კაპიცასთან მოვხვედრილიყავი. 25 წლის ვიყავი, როცა აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის რეკომენდაციის შემდეგ, კაპიცა დათანხმდა ჩემთან შეხვედრას. კარგად მახსოვს პირველი ვიზიტის დღე. კაბინეტში შესულს თვალში მომხვდა მისი უზარმაზარი, გრძელი მაგიდა. კაპიცა წამოდგა და მკითხა: ,,როდის ჩამოხვედით და როგორ არის ნიკოლაი ივანიჩი”? ავტომატურად ვუპასუხე, კარგად მეთქი. თურმე ნიკო მუსხელიშვილზე მეკითხებოდა, რომელიც იმ დროს ავად ყოფილა, ამიტომ, ჩემმა პასუხმა ძალიან გაახარა. ასე დავიწყე კაპიცასთან მუშაობა. ეს ინსტიტუტი დახურული იყო, რადგან საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტი ატომური მომბის საკითხებზე მუშაობდა. ამერიკელებმა ამ თემაზე მუშაობა 30-იანი წლების ბოლოს და 40-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. საბჭოთა დაზვერვამ ამის შესახებ ინფორმაცია 1941 წელს, ომის დროს მოიპოვა.“

 ბ-ინი რობერტი იხსენებს, რომ კაპიცა საკმაოდ რთული პიროვნება იყო: „-კაპიცა საკმაოდ რთული, მაგრამ სამართლიანი ადამიანი იყო. ამასთან ტრაგიკული ბედი ჰქონდა: პირველი ცოლი, ორი შვილი და მამა გრიპმა სახელად ,,ისპანკა” შეიწირა. ასეთი ამბავი მახსენდება: 1921 წელს კაპიცა საბჭოთა დელეგაციასთან ერთად ინგლისში გაემგზავრა. დელეგაციას აკადემიკოსი აბრამ იოფე ხელმძღვანელობდა, რომელშიც გამოჩენილი მათემატიკოსი და გემთმშენებელი ალექსი კრილოვიც შედიოდა. ინგლისში დელეგაცია იმ მიზნით გააგზავნეს, რომ იქ სამეცნიერო წიგნები და გამზომი აპარატურა შეეძინათ, რისთვისაც სახელმწიფომ სოლიდური თანხები გამოყო. ინგლისში ჩასულმა კაპიცამ რეზერფორდის ლაბორატორია ინახულა. მას სურვილი ჰქონდა, რომ იქ დაეწყო მუშაობა. კაპიცამ რეზერფორდს ჰკითხა, თუ რა სიზუსტით აკეთებდა მის სამეცნიერო გაზომვებს. რეზერფორდმა უპასუხა, 2-3%-ის სიზუსტითო. მაშინ კაპიცას უთქვამს: თუ ასეა, თავისუფლად შეგიძლიათ ჩემი სამსახურში აყვანა, რადგან ჩემი მიღება თქვენი სიზუსტის ფარგლებში შეუმჩნეველი დარჩებაო. რეზერფორდს ეს პასუხი ისე მოეწონა, რომ კაპიცა მასთან დაიტოვა და იქ 1934 წლამდე იმუშავა. ამ დროს კაპიცა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ანუ აკადემიკოსი გახდა, ოღონდ საბჭოთა მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს. პერიოდულად ჩამოდიოდა   დედის მოსანახულებლად. როცა 1934 წელს კაპიცა კვლავ ესტუმრა სსრკ-ს, მას უკან გასამგზავრებელი ვიზა აღარ მისცეს .მას მოსკოვში ულტრათანამედროვე ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტი აუშენეს, რომელსაც დღემდე კაპიცნიკს ეძახიან. სწორედ აქ ვიმუშავე 10 წელზე მეტი.“

 კაპიცას, თურმე, სწრაფად და იოლად შეეძლო ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოენახა გამოსავალი.

„ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ, რეზერფორდის დიდი სიმძლავრის გენერეტორის ამუშავება ვერ შეძლეს და კონსულტაციისთვის კაპიცა მიიწვიეს. ამ საქმისთვის მას 1000 ფუნტი სტერლინგი (იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა) გამოუყვეს. კაპიცამ როცა გენერატორი ნახა, ფონენდოსკოპით მოუსმინა მას და ურო მოითხოვა. ურო გენერატორს ერთ ადგილზე მოუქნია რის შემდეგაც გენერატორი ამუშავდა. ყველა გაოცებული დარჩა, მენეჯერი კი ჩაფიქრდა, 2 წუთში 1000 სტრელინგი როგორ გადავუხადოო. მაშინ, კაპიცამ ამ თანხის ასაღებად დაწერილი საბუთის ტექსტი გენიალურად შეადგინა: უროს ერთ დარტყმაში მე 1 ფუნტი მეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 999 ფუნტი კი იმაში, რომ ზუსტად გამოვიცანი ურო სად და როგორ უნდა დამერტყაო. მენეჯერმა ვერაფერი უპასუხა და კაპიცას დაპირებული თანხა გადაუხადა. ამბობენ, ეს საბუთი იმ ფირმაში დღემდე ინახებაო.“- რობერტ ბაბილიძე

 ცნობილია, რომ კაპიცა რეზენფორდს თავისი მკაცრი ხასიათის გამო , მოფერებით, ,,კროკოდილი” შეარქვა. როცა რეზენფორდის ინიციატივით კაპიცას სპეცინსტიტუტი აუშენეს, მან მონდის ლაბორატორიის ფასადზე ძალიან ცნობილ ინგლისელ სკულპტორს ბარელიეფზე სტილიზებული ნიანგი გამოაკვეთინა. საზეიმოდ გახსნის დროს, როცა რეზერფორდს უთქვამს, ამ ფაქტის ახსნას ვერ ვხვდებიო, კაპიცას ასე განუმარტავს: ,,ეს ნიანგი მეცნიერების განსახიერებაა - როგორც ნიანგს არ შეუძლია უკან სვლა, ასევეა მეცნიერებაც, ისიც სულ წინ ისწრაფის”.

 ბ-ნი რობერტის ინფორმაციით კაპიცა ბერიასთან ერთად ხელმძღვანელობდა ატომური ბომბის შექმნის სამუშაოებს: „როცა საბჭოთა კავშირმა ბომბზე მუშაობა დაიწყო, ამ საქმეს ბერია და კაპიცა ერთად ხელმძღვანელობდნენ, რაც იმ დროისთვის გასაიდუმლოებული ამბავი იყო. მაგრამ, ბერია და კაპიცა თურმე ვერ შეთანხმდნენ და რადგან ბერიას ვერ მოხსნიდნენ, გადაწყვიტეს კაპიცა შეეცვალათ. იგი გაათავისუფლეს ინსტიტუტის დირექტორობიდან და 1953 წლამდე საკუთარ აგარაკზე, მოსკოვიდან 50 კილომეტრში მდებარე ნიკოლინა გორაში, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ამყოფებდნენ. მე ნამყოფი ვარ მასთან ამ აგარაკზე. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება, რომლის შესახებ თბილისში დღემდე არ იციან. ეს ამბავი აკადემიკოსმა ევგენი ლიფშიცმა მომიყვა: 1937 წელს, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა აკადემიკოსი, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატი ლევ ლანდაუ დააპატიმრეს, რადგან სახლში მისივე ხელით დაწერილი პროკლამაცია უპოვნეს. პროკლამაციაში ის ხალხს კომუნისტური რეჟიმის, კერძოდ კი სტალინის წინააღმდეგ გამოსვლებისკენ მოუწოდებდა. პროკლამაცია რომ მისი ხელით იყო დაწერილი, ეს ლანდაუმ თავადაც აღიარა. კაპიცამ იცოდა მისი ექსტრავაგანტული ხასიათი, ლანდაუს გამოექომაგა და განაცხადა, რომ მან ეს ნაბიჯი სპონტანურად, გაუაზრებლად გადადგაო. ეს კი, მაშინ დიდ გამბედაობას მოითხოვდა. კაპიცა ნიკო მუსხელიშვილთან მეგობრობდა. კაპიცას სიმამრი, ალექსი კრილოვი მუსხელიშვილის მასწავლებლად თვლიდა თავს. მუსხელიშვილი კი კარგ დამოკიდებულებაში იყო ბერიასთან. კაპიცამ თხოვა მას, რომ ლანდაუ, ეს ნიჭიერი ახალგაზრდა, გადაერჩინა. ნიკო მუსხელიშვილი დაპირდა დახმარებას, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ საქმეში მისი გვარი არ გაჟღერდებოდა. ამის შემდეგ ნიკო მუსხელიშვილი ბერიასთან მივიდა და სთხოვა, ლანდაუ არ გაეწირათ. სტალინს ეს ამბავი რომ გაუგია უთქვამს, თუ ასეთი ნიჭიერია, ნუ გავწირავთ, ჩემს მოკვლას კი მაინც ვერ შეძლებსო. ასე რომ, ლანდაუ გაუშვიათ. მისი გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი ბერიას მოადგილეს, ბახჩო (ბოგდან) ქობულოვს, მოუწერია. ასეთი რამ იმ დროს, 37 წელს, თითქმის შეუძლებელი იყო.“

კაპიცას ერთი სისუსტე გააჩნდა, ბავშობიდან უყვარდა ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება წერილების საშუალებით.

იგი წერილებს წერდა, მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, კოლეგებს და გარდა ამისა ის უამრავ წერილს აგზავნიდა კრემლში. ოფიციალურად მას 300 წერილი აქვს გაგზავნილი კრემლში, აქედან 50 წერილი პირადად სტალინისთვის. სტალინისადმი მიწერილ წერილებში, ის ძირითადად საბჭოთა რეჟიმის მიერ შერისხული ადამიანების შეწყალებას ითხოვდა და მისი დაჟინებული წერილომანიის მეშვეობით, ბევრი სახელოვანი ადამიანის გადარჩენა შესძლო რეპრესიებისგან.

 

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.