USD 2.5936
EUR 2.9111
RUB 3.1308
Tbilisi
პაატა დავითაია: აეროპორტის გახსნა სერიოზული ნაბიჯი და დიდი გარღვევაა აფხაზებისთვის, ეს იყო მათი ოცნება
Date:  1216

15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ ლიდერს აირჩევენ.  შემოდგომაზე აფხაზური საზოგადოების და ოპოზიციის  მიერ მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, რასაც მოქმედი პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა, აფხაზეთში მოვლენები  რუსული სცენარით მიდის - გარდა იმისა, რომ კრემლი სრულად  აკონტროლებს წინასაარჩევნო  პროცესს ,  1 მაისს საერთაშორისო ნორმების დარღვევით იხსნება სოხუმის აეროპორტი, სადაც რამდენიმე დღის წინ საცდელი ფრენა განხორციელდა და მოსკოვი - სოხუმის პირველი რეისი შესრულდა 30 წლიანი ინტერვალის შედეგ.

„კრემლი აფხაზეთის  ანექსიისთვის ბოლო ნაბიჯებს დგამს“ -  ასე აფასებს შექმნილ სიტუაციას  პარტია  „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია, რომელსაც აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე და მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე  გავესაუბრეთ.

 - ბატონო პაატა, ქვეყანაში არსებულ  მწვავე პოლიტიკურ  კრიზისში  ყურადღების და რეაგირების  მიღმა რჩება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები.  სოხუმის აეროპორტში, რომლის გახსნაც 1 მაისს იგეგმება  30 წლის  შემდეგ განხორციელდა  პირველი საცდელი  ფრენა მოსკოვიდან,  ასევე მოახლოვდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები,  რომელშიც  რუსეთი  ღიად არის ჩართული და ლობირებს კრემლის კანდიდატს.  რა ხდება  დღეს  აფხაზეთში,  როგორი მდგომარეობაა  ე.წ. საპრეზიდენტო  არჩევნების წინ?

- შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა და იმ  პროცესებმა, რაც მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში ყურადღების მიღმა დატოვა  მნიშვნელოვანი მოვლენები აფხაზეთში,  სამწუხაროა, რომ ამასთან დაკავშირებით  არ არსებობს  არანაირი  ინტერესი არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების მხრიდანაც. მთავარი პრობლემა  ის არის, რომ ქართული მხარე სხვა რეალობაშია და ისე იქცევა, თითქოს აფხაზეთი ჩვენი არ არის. არავის არაფერი აინტერესებს, ერთი განცხადება არ გაკეთებულა საქართველოს ხელისუფლებისგან და ოფიციალური უწყებებისგან  იმ ყველაფერზე, რაც აფხაზეთში ხდება, სად სცალიათ  ამისთვის?! ისინი ებრძვიან მედიას, თავისუფალ საზოგადოებას, სტუდენტობას. დღეს  ხელისუფლება  ებრძვის ევროკავშირს,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ჩვენს პარტნიორებს, ამერიკას.  ასეთ დიდ „ომში“ მყოფ ხელისუფლებას, სად სცალია აფხაზეთისა და ცხინვალისთვის. ამ დროს   ვხედავთ, თუ  როგორ ანგრევს და ამტვრევს  ხერხემალში რუსეთი  აფხაზების ბრძოლას „დამოუკიდებლობისთვის“ და  როგორ ასრულებს თავის მიზანს - ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს. გასულ წელს აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასლან ბჟანია მოსახლეობამ   მოიშორა  იმის გამო, რომ ის ლობირებდა  კანონებს, რომელთა მიღებაც რუსეთის ინტერესებში იყო, რადგან ეს მათ  აძლევდა  შესაძლებლობას  გაზრდილიყო  რუსული ოლიგარქიის გავლენები  აფხაზეთში,  მაგრამ მოსკოვის მცდელობების  მიუხედავად, აფხაზეთში არ მოხდა მათი  რატიფიცირება, რუსეთმა დაიწყო ეკონომიკური სანქციები.  იმის გამო, რომ აფხაზეთმა არ მიიღო რუსული კანონები, მათ შორის „კანონი აპარტამენტების შესახებ“, 1 სექტემბრიდან  აფხაზებს შეუწყვიტეს დაფინანსება, ასევე  ელექტროენერგიის მიწოდება. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის ბიუჯეტის 90 %  რუსეთის დოტაციაზეა, ეს იყო ეკონომიკური ბლოკადა აფხაზეთის წინააღმდეგ.  მე თვეების წინაც ვამბობდი, რომ აფხაზები  ვერ გაუძლებდნენ ეკონომიკურ ზეწოლას და ფინანსების გარეშე დარჩენის პირობებში  მოხდებოდა მათი „მოგუდვა“.   ასეთ დროს  ნორმალური საზოგადოება გააკეთებდა არჩევანს  რუსეთს,  რომელიც მას უპირისპირდებოდა და ქართულ მხარეს შორის და  გააკეთებდა არჩევანს ქართულ მხარეზე  ურთიერთობის დალაგების თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ  აფხაზური  საზოგადოება დარჩა  ორიენტირებული,  იყოს რუსეთის მარიონეტი. სწორედ  ამ მიდგომამ გამოიწვია ის შედეგი, რაც  დადგა. აფხაზური ოპოზიცია რეალურად იბრძოდა იმისთვის, რომ  თავად მოქცეულიყო რუსული  ფულის წყაროების სათავეში და საკუთარი თავი  შეეთავაზებინათ  რუსებისთვის, რათა  მათზე  მომხრიყო  დაყრდნობა,  შესაბამისად არჩევანი კვლავ გააკეთეს რუსეთის მარიონეტობაზე. დღეს აფხაზეთში  შექმნილია უნიკალური შემთხვევა -  რუსეთის ბიუჯეტის რეკეტი სახელმწიფო დონეზე და  ბრძოლაც მიდიოდა  იმაზე, თუ ვინ იქნებოდა  რეკეტის სათავეში. 

ოპოზიციის გამარჯვების მიუხედავად, ყველაფერი  განაპირობა ეკონომიკურმა ბლოკადამ.   ჭკვიანური სვლები გააკეთა  ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ -მინისტრმა ალექსანდრე  ანქვაბმა, რომელსაც დიდი გამოცდილება და მოხერხება აქვს. ის  იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  მოადგილე   კომუნისტური  მმართველობის   დროს,  შესაბამისად  კარგად იცის საქართველო. ანქვაბი აფხაზეთში  ყველაზე ჭკვიანი  და გავლენიანი   პირია,  ამავდროულად  ჩვენი დიდი მტერი.  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დაინიშნა აფხაზეთში იყო რუსული სპეცსამსახურების ოპერაცია  ასლან ბჟანიას და  ალექსანდრე ანქვაბის მეთაურობით. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჰყოლოდათ ე.წ. პრეზიდენტობის  საკუთარი კანდიდატურა ბადრი გუნბა, რომელიც არის კრემლის ფავორიტი. ის ახლახან ჩასული იყო მოსკოვში და შეხვდა როგორც სერგეი ლავროვს, ასევე სხვა მაღალჩინოსნებს, მათთან ერთად განიხილა  ეკონომიკური, სატრანსპორტო, ტურისტული პროექტები.  დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრი გუნბა გაიმარჯვებს. საარჩევნო გარემო, რაც არის დღეს აფხაზეთში მთლიანად რუსეთის სცენარით  არის  გაწერილი. ოპოზიციის კანდიდატებს ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა,  ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ადგურ  არძინბა, აფხაზეთის „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი,  დე ფაქტო მთავრობის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, რომლის მიმართაც ხორციელდება დიდი  ზეწოლა. აფხაზურ  ოპოზიციაში იყვნენ  სხვა  კანდიდატებიც, რომელთა შორის არსებობდა  დიდი დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში გამოიკვეთა არძინბას კანდიდატურა, თუმცა ის  ვერ ახერხებს ხმების მოგროვებას, რადგან საზოგადოება გადატეხილია  ეკონომიკური ბლოკადით, უფულობით, უპენსიობით, უხელფასობით, ცხადია, რომ აუცილებელია სოციალური პაკეტების  საჭიროება. აფხაზურ საზოგადოებას კარგად ესმის, რომ არძინბას არჩევის შემთხვევაში რუსეთისგან ვერაფერს მიიღებენ.  ამ ფონზე დაიწყო  ფორსირებული  მუშაობა აეროპორტის მშენებლობაზეც, რითიც რუსეთი აჩვენებს აფხაზებს, რომ მათ გარდა სხვა გზა არ აქვთ.   იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა ბევრჯერ გადააგდო აფხაზები, რაც მათ სჩვევიათ და მათი აყვავებული არსად  არაფერი გვინახავს, დღეს რუსების მიზანია აფხაზეთში შევიდეს რუსული კერძო ბიზნესი. ისინი ვეღარ შედიან საფრანგეთში, იტალიაში, სხვადასხვა ცნობილ  კურორტებზე, შესაბამისად,  ახლა ისინი ყველაფერს  აკეთებენ, რომ თავიანთი ანკლავ-ოაზისი შექმნან  აფხაზეთში, სადაც  ამისთვის ყველაფერია.

- გასულ წელს    აფხაზური  საზოგადოება  სწორედ ამ თემებზე დაუპირისპირდა მწვავედ   რუსეთს.   შემოდგომაზე იყო   მოსახლეობის  გამოსვლები, გზების პიკეტირება და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ბლოკადის შემდეგ  აფხაზურმა საზოგადოებამ დათმო პოზიციები რუსეთთან? 

-ეს  ბრძოლა მთავრდება აფხაზური საზოგადოების მარცხით. ეს მოსალოდნელიც იყო.  თავად აფხაზებიც  ხვდებიან, რომ არანაირი მომავალი არ აქვთ.   ეს იყო  ბოლო მცდელობა „აფხაზური სახელმწიფოებრიობის“ შესანარჩუნებლად.   აფხაზური საზოგადოება მალე მიხვდება, რომ მიიღებს იმას, რასაც ებრძოდა -  მოხდება ის, რის გამოც გაუშვეს ასლან ბჟანია.   ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტთან შეხვედრაზე  უკვე იყო საუბარი  „რუსული კანონების“ გადახედვაზე,  ითქვა, რომ მათ ახალი ფორმით მიუდგებიან.  ეს იქნება იგივე  კანონები, რისი მიღებაც სურდა რუსეთს, თუმცა  გატანილი იქნება შელამაზებული, „დაკორექტირებული“  ფორმით.

დიდი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისარგებლა  აფხაზეთში შექმნილი კრიზისით,  რუსებთან  აფხაზური საზოგადოების დაპირისპირებით.  აქედან არ ყოფილა არანაირი მესიჯი, თუ რისი  შეთავაზება  შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენგან.  ამ მიმართულებით საერთოდ   არ მუშაობს სპეცსამსახურები,  პირიქით ისინი დღეს მთელ რესურსს ხარჯავენ იმაში, რომ  დასდევენ ოპოზიციის ლიდერებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებს, მოქალაქეებს,   დღეს არავის აინტერესებს რა ხდება აფხაზეთში.  აფხაზურ საზოგადოებას არანაირი დასაყრდენი არ ჰქონდა ჩვენგან, ამიტომაც იძულებულნი გახდნენ, წასულიყვნენ იმ გზით, რაც ჰქონდათ.   გუნბას გამარჯვების შემდეგ აუცილებლად გამწვავდება დაპირისპირება,  მაგრამ ოპოზიცია მაინც წაგებული დარჩება.  როგორც  ჩანს,  უკვე დასასრულისკენ მიდის   რუსების  მზადყოფნა - საბოლოოდ მიიერთონ აფხაზეთი.  მათ აფხაზეთში დანიშნეს ახალი კურატორი სერგეი კირიენკო,  რომელიც  რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და ძალიან გავლენიანი ადამიანია,  კრემლში  სწორედ ის  აკონტროლებს   რუსული  ოლიგარქატის საკითხებს.    მას აფხაზეთი მას შემდეგ ჩააბარეს, რაც  იქ ძალიან დაეძაბათ სიტუაცია.  კირიენკო აფხაზეთიდანაა, ის სოხუმში ცხოვრობდა და  სწავლობდა, მისი მშობლები სოხუმის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდნენ.  კირიენკომ  კარგად იცის როგორ ელაპარაკოს აფხაზებს,   შესაბამისად მისი გამოჩენა ჰორიზონტზე აფხაზეთის კონტექსტში, ცხადად მიანიშნებს ყველაფერს. კრემლმა გადაწყვიტა  ბოლომდე მიიყვანოს თავისი გეგმები. 

-არის დღეს აფხაზეთში ვინმე, ვისთანაც  შეიძლება ლაპარაკი  ქართულ-აფხაზური ურთიერთობები  გადავიდეს  ახალ ეტაპზე?  

-ახლა იქ ასეთი არავინ აღარაა. აფხაზეთში არ არსებობს პოლიტიკოსების ჯგუფი, ან ცალკეული პოლიტიკოსი,  ვისაც უნდა საქართველო.   იყვნენ ასეთი ხალხი სხვადასხვა დროს, მაგრამ არავინ  დარჩა, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება.   მე არ ვისაუბრებ  სპეცსამსახურების მუშაობის სპეციკიკაზე, მაგრამ ამ 30 წელიწადში   ქართულ სპეცსამსახურებს,  საბავშვო ბაღიდან რომ „აეყვანათ“ ვინმე და „გაეზარდათ“, დღეს ის იქნებოდა  ლიდერი,   ვისთანაც საუბარს  შევძლებდით.   როდესაც არ არსებობს არავინ,  ან უნდა „შექმნა“ ადამიანი, ვისაც უნდა ელაპარაკო, ან უნდა შექმნა პირობები ლაპარაკისთვის, მაგრამ ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია არც ერთი მიმართულებით.   სამწუხაროდ, უკვე გავლილია ის  პერიოდი, რომელიც  შეიძლებოდა გამოგვეყენებინა.  ჩვენ უნდა გვემუშავა ამ კუთხით. დღემდე  არ არსებობს სპეციალური სახელმწიფო პოლიტიკა და  სახელმწიფო სტრატეგია  აფხაზეთთან დაკავშირებით,  ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც.  როდესაც პარლამენტში ვიყავი მუდმივად ამ თემაზე ვაკეთებდი განცხადებებს, ვითხოვდი ამ პოლიტიკის შექმნას.  ერთადერთი რასაც  იმ წლებში მივაღწიეთ არის რეზოლუციები, აფხაზეთთან დაკავშირებული  18 რეზოლუციის ავტორი ვარ,  თუმცა ბოლო წლებში ესეც აღარ ხდება.    ხელისუფლებასთან ერთად  ეს  საზოგადოების ბრალიცაა.   სამწუხაროდ,  დღეს ქართული  საზოგადოებისთვის  აფხაზეთის თემა  აღარ არის პრიორიტეტული,  ჩვენი დამოკიდებულება არ  ცდება განცხადებებს, რომ  „ჩვენ ვართ დები და ძმები და უნდა ჩავეხუტოთ ერთმანეთს“.    არჩევნების პერიოდში გააქტიურდება ხოლმე მოწოდებები და გზავნილები, ხშირად არასწორი ფორმებით  და აქ მთავრდება ყველაფერი. ამის იქით არაფერი ხდება.  

გასულ წელს, როდესაც აფხაზეთში რუსებთან  დაპირისპირება გამწვავდა, ქართულ მხარეს უნდა შეეთავაზებინა მათთვის ის,  რაც მისაღები იქნებოდა აფხაზებისთვის. ეს იყო ერთგვარი შანსი.  სახალხო დოპლომატია, სპეციალური  ეკონომიკური სახელმწიფო პროგრამები  -  ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია.  ბრიუსელში ერთ-ერთი ვიზიტის დროს ევროკომისიაში პირდაპირ მითხრეს, რომ ძალიან დიდი თანხები იყო გამოყოფილი აფხაზეთთან დაკავშირებით. საუბარი იყო იმაზე, თუ  რა მიმართულებებით ჯობდა ამ თანხების წარმართვა. ჩემგან რეკომენდაციები შეეხო  ენერგეტიკასა  და განათლებას. ენერგეტიკის თემა პრინციპულია  იმ თვალსაზრისთ, რომ ჩვენ აფხაზებთან ერთად გვემუშავა ჰესების აღდგენის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობდა დაახლოების პროცესს,  ასევე მნიშვნელოვანი იყო საგანმანათლებლო პროექტები, რაც დაგვეხმარებოდა აფხაზი ახალგაზრდების „გადმობირებაში“  თუნდაც არა საქართველოს, არამედ  ევროპის მიმართულებით. მართალია  დღეს ჩვენ თავად გვაქვს პრობლემები ეროკავშირში გაწევრიანებაზე,  მაგრამ სანამ გამწვავდებოდა  სიტუაცია, შეგვეძლო და აუცილებლად უნდა  გვესაუბრა  აფხაზებთან, თუ  რა სარგებლობის მიღება შეეძლოთ მათ, თუ საქართველო  ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებოდა. 

ძალიან კარგია ის სოციალური, ჯანდაცვის პაკეტები, რაც დღეს მოქმედებს  და რისთვისაც გადმოდიან აფხაზეთიდან ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.  ამას უნდა დამატებოდა  სხვა სოციალური ბენეფიტებიც, უფრო  სისტემური გამხდარიყო ეს ყველაფერი, ერთ სტრატეგიაში მოქცეულიყო.   სამწუხაროდ, ქართულ მხარეს არ ჰყავს ადამიანი, ვინც აფხაზებთან ამ ყველაფერზე ისაუბრებს.  აფხაზურ  საზოგადოებასთან საერთო ენის გამონახვა  უნდა მოხდეს არა მხოლოდ ლოზუნგებით და ლაპარაკით, არამედ საქმის ჩვენებით.  აუცილებლად  უნდა გაღრმავებულიყო ეკონომიკური კავშირები. მაგალითად, როდესაც რუსები საუბრობდნენ ბიჭვინთის  და აფხაზეთის შავიზღვისპირეთის აღდგენაზე, ჩვენ უნდა გვეთქვა,  რომ მზად ვართ,  ეს პროექტი ჩვენ განვახორციელოთ.   მართალია რუსები ამას არ გაგვაკეთებინებდნენ, მაგრამ უნდა  გამოგვეხატა მზაობა აფხაზურ საზოგადოებასთან,  რომ მზად ვართ ეს  ქართველებმა  გავაკეთოთ თქვენთვის.    მათ თავადაც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ რუსეთი ანადგურებს აფხაზეთს, იქაურ  მოსახლეობას. აფხაზეთში უკონტროლოდ შედის ნარკოტიკი, რამაც დაღუპა  ახალგაზრდობა, რასაც რუსეთი სპეციალურად აკეთებს.  დაცლილია დიდი ქალაქები, ოჩამჩირე, ტყვარჩელი,  ძირითადად   სოხუმში  და გაგრაშია შერჩენილი ადგილობრივი  მოსახლეობა.    როგორც კი რუსეთიდან ფულის დიდი ექსპანსია მოხდება, საუბარი მაქვს რუსული ოლიგარქატის ფულზე,  აფხაზეთში აფხაზური არაფერი აღარ დარჩება.   ქართულ რაიონებში ხომ მოხდა მოსახლეობის  სრული გარუსება, ასე  მოხდება სრულად.  რუსებს  20 წელიწადი სჭირდებათ  აფხაზეთში  ბოლო მოუღონ ყველაფერს, რისკენაც ისინი  მიდიან.        

-დღეს როდესაც უკვე დღის წესრიგში დგას სოხუმის აეროპორტის გახსნა, რა  შეუძლია  და რა უნდა გააკეთოს  საქართველოს ხელისუფლებამ?

- სამწუხაროდ ჩვენ  აღარ გვყავს პარტნიორები, გადავემტერეთ ყველას,  ვინც გვიჭერდა მხარს და ღიად გამოხატავდნენ პოზიციებს რუსული პოლიტიკის შედეგებზე ჩვენს ოკუპირებულ  ტერიტორიებზე.  როდესაც, სადაცაა დამთავრდება  სოხუმის აეროპორტის მშენებლობა, რის შემდეგაც საუბარია მის გაგრძელებაზე  მეორე აეროპორტის გაკეთებაზე, რომელიც გამოყენებული იქნება ტვირთებისთვის, რაც  განმუხტავს ტუაფსეს აეროპორტს, უნდა „დუღდეს“ საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო და წერილს წერილზე წერდეს იკაოს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რადგან სოხუმის აეროპორტის გახსნა ხდება საერთაშორისო ნორმების დარღვევით და უგულებელყოფით. მართალია დღეს რუსეთს  არაფრად მიაჩნია საერთაშორისო ნორმები და სამართალი, მაგრამ ოდესმე ხომ შეიცვლება  სიტუაცია?!  აეროპორტის გახსნა სერიოზული ნაბიჯი და დიდი გარღვევაა აფხაზებისთვის, ეს იყო მათი ოცნება.  დღეს  საქართველოს ხელისუფლება  მკვეთრად და მკაცრად უნდა  აფიქსირებდეს თავის პოზიციას ამ ყველაფერზე,  მაგრამ სამწუხაროდ, მათ  დღეს სხვა დღის წესრიგი აქვთ.  

თამუნა ნიჟარაძე

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way