USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოდან აწვდიან აზარტული თამაშების სერვისებს უცხოურ კომპანიებს სალიცენზიო გადასახადს გადაიხდიან
Date:  876

პარლამენტი დაჩქარებული წესით განხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც აზარტული თამაშების სექტორის რეგულირებას ამკაცრებს. კერძოდ, ცვლილება შეეხება საქართველოდან უცხოეთში აზარტული თამაშების სერვისების მიწოდებას, რომელიც ამჟამად რეგულირების მიღმა ექცევა. თუკი ამჟამად მსგავსი სერვისის მიმწოდებელი კომპანიები ნებართვის აღებას არ საჭიროებენ და არც შესაბამის სალიცენზიო გადასახადს იხდიან, კანონის ცვლილების შემდეგ ისინიც დაიბეგრებიან.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, ახალი კანონის მიღების შემდეგ ამ კომპანიებს არამხოლოდ ლიცენზიის მოსაკრებლის გადახდა, არამედ მარეგულირებლებისთვის საკუთარი სერვერების გახსნაც მოუწევთ, ხოლო თუ რომელიმე ფირმა ამ ვალდებულებაზე უარს იტყვის და ქვეყნიდან წავა, “ის მართლაც წასასვლელი ყოფილა”.

“ჩვენ მათ სერვერებზე დაერთება და მათი გაკონტროლება გვინდა, თუკი რომელიმე კომპანია შეიკავებს ამისგან თავს, ეს უკვე ეჭვებს აღძრავს. კონტროლის მიღმა არ შეიძლება დარჩეს ეს სფერო. მე არ მგონია, რომელიმე კომპანია წავიდეს საქართველოდან. მაგრამ, თუკი რომელიმე კომპანია წავიდა საქართველოდან იმის გამო, რომ ქართულმა სახელმწიფომ და ფინანსთა სამინისტრომ მისი გაკონტროლება და ინფორმაციის წამოღება გადაწყვიტა და ამის გამო წავიდა, ესეიგი ის მართლა წასასვლელი ყოფილა. მაგრამ არამგონი ასეთი რამ მოხდეს, პირიქით, დარწმუნებული ვარ უფრო მეტი ორგანიზაცია შემოვა და კონკურენცია გაიზრდება. 100,000 ლარი მოსატანიც კი არაა, როგორც რამე ტვირთი ამ სექტორისთვის, რომელსაც მილიარდობით ლარის ბრუნვა აქვს,” - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს ცვლილება ეხება ისეთ კომპანიას, როგორიცაა "ევოლუშენ გეიმინგი", რომელიც საქართველოში არსებული ოფისიდან აზარტული თამაშების სერვისებს უცხოურ კომპანიებს აწვდის. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამჟამად ქვეყანაში ამ სფეროში 13 კომპანია საქმიანობს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა მიხეილ დუნდუას ჰკითხა თუ აქვს სამინისტროს მომზადებული წინასწარი შეფასება თუ რა მოყვება ამ კანონპროექტის მიღებას. ასევე თუ ჰქონიათ მათ კერძო სექტორთან კომუნიკაცია. რაზეც დუნდუამ განაცხადა, რომ სამინისტრო არ ეთანხმება სერვისის მიმწოდებელი ფირმების პოზიციას რომ ისინი აზარტულ თამაშებში ჩართულ კომპანიებს არ წარმოადგენენ.

“შარშან საკანონმდებლო ცვლილებაში განსხვაზღვრეთ თუ რას წარმოადგენს აზარტული თამაშის მიწოდება. ამაში შედის როგორც თამაში ასევე შიდა არსებითი სერვისიც. ამ საქმიანობის ქვეყნის შიგნით განხორციელება და სერვისის მიწოდება ექვემდებარება ლიცენზიას და ქვეყანაში ვინც საქმიანობს ჩვეულებრივად იხდის ლიცენზიას. ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის გარეთ აწოდებდა ამ სერვისს რჩებოდა კონტროლს მიღმა, ამიტომაც ეს იყო უსამართლო იმ ორგანიზაციებთან მიმართებით, რომლებიც ქვეყნის შიგნით საქმიანობენ და უწევთ რეგულაციების ქვეშ ყოფნა, ხოლო არიან სხვა კომპანიები, რომლებიც ქვეყნის გარეთ ახდენენ საქმიანობის მიწოდებას, მაგრამ არ რეგულირდებიან.

რაც შეეხება დარგთან კომუნიკაციას, როდესაც ის კომპანია ამბობს, რომ ის არ არის სათამაშო ბიზნესი, ჩვენი თვალთახედვით ის სცდება,” - განაცხადა დუნდუამ.

როგორც ირკვევა, ფინანსთა სამინისტრო კანონის მიღების შემდეგ კომპანიების მონიტორინგს თავად არ განახორციელებს და ამისთვის ის გამოიყენებს კომპანია “რენდომ სისტემს ჯორჯიას” სერვისს, რომელსაც უწყება ამ ფირმების მონიტორინგს დაუკვეთავს

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way